გასულ კვირას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ერთ-ერთ რუსულ ტელეარხზე გასულ გადაცემას, რომელსაც სახელად ერქვა "საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მილიონობით დოლარს დახარჯავს პორნოგრაფ მხატვარზე". ამ გადაცემაში კიდევ ერთხელ გაახსენეს საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის ხელოვნებით გატაცება და აუქციონებზე მის მიერ დახარჯული თანხები.
როგორც გადაცემის წამყვანებმა თქვეს, ივანიშვილის კერძო კოლექცია 1 მლრდ დოლარად არის შეფასებული და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს იმ ქვეყანაში ხდება, სადაც მოსახლეობის 31%-ს საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს შემოსავალი. აღნიშნეს ისიც, რომ ივანიშვილი ცნობილი ავსტრიელი ექსპრესიონისტის ეგონ შილეს დიდი თაყვანისმცემელია და მის ნამუშევრებზე სხვადასხვა აუქციონზე 40 მლნ დოლარი აქვს დახარჯული. შილეს კიდევ ერთი ტილო ამჟამად არის გამოტანილი "სოთბის" აუქციონზე და წამყვანებმა ივარაუდეს, რომ მასაც ივანიშვილი იყიდის.
ეს ახალი გატაცება სულაც არ არის. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილს ბორის ივანიშვილად მოიხსენიებდნენ რუსეთში, ის აბრამოვიჩსა და სხვა რუს ოლიგარქებთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კოლექციონერად მიიჩნეოდა. ალბათ საინტერესო იქნება, იმ ხელოვანებს გადავავლოთ თვალი, რომელთაც განსაკუთრებულად სწყალობს ივანიშვილი.
ასეთთა შორის, უპირველესია პაბლო პიკასო, საყოველთაოდ აღიარებული და პოპულარული მხატვარი. მის სურათში "დორა მაარი კატით", 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე ივანიშვილს 95,2 მლნ დოლარი გადაუხდია. ივანიშვილის ფავორიტთა შორისაა ასევე ეგონ შილე და დიდი ფროიდის შთამომავალი ლუსიენ ფროიდი. მათი და კიდევ რამდენიმე მხატვრის ნამუშევრები ივანიშვილის თბილისურ რეზიდენციაშიც ინახება და ლონდონშიც, სადაც, როგორც ამბობენ, მისი კოლექციის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი. თავად თბილისური რეზიდენცია ცნობილი იაპონელი არქიტექტორის შინ ტაკამაცუს დაპროექტებულია და მისი საერთო ფართობი 10 000 კვ.მ-ია. სახლის დეკორირებაზე კი, გავრცელებული ინფორმაციით, 1 მლრდ დოლარზე მეტია დახარჯული.
კოლექციისთვის თვალის გადავლების შემდეგ იოლად მიხვდებით, რომ ივანიშვილს თანამედროვე, თამამი, ავანგარდული და ექსპრესიული ხელოვნება ხიბლავს. რეზიდენცია მორთულია ანიშ კაპურის, დემიენ ჰერსტის, ჯეფ კუნსის, როი ლიხტენშტეინის ნამუშევრებით. კოლექციაში ასევე შედის ჰენრი მურისა და რობერტ ინდიანას ქანდაკებები.
ეგონ შილე
ეგონ შილე ავსტრიელი ფერმწერი და გრაფიკოსი იყო, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა. შილე ავსტრიული გამომსახველობითი ხელოვნების აკადემიის კურსდამთავრებული გახლდათ, გუსტავ კლიმტის მოწაფე. სწორედ კლიმტმა მიიწვია 1909 წელს, რომ მონაწილეობა მიეღო ვენის სამხატვრო გალერეის გამოფენაში. მისი ნამუშევრები კლიმტის, ვან გოგისა და ედვარდ მუნკის ნამუშევრების გვერდით გამოფინეს, რაც უკვე დიდი აღიარება იყო.
შილეს მოდელი და მეგობარი კლიმტის ერთ-ერთი საყვარელი იყო - ვალერი ნოიზელი, რომელთან ერთადაც ვენის ბოჰემურ ცხოვრებას ჩეხეთში გაექცა, პატარა ქალაქ ნოილენგბახში, სადაც არასრულწლოვნის გარყვნის ბრალდებით დააპატიმრეს. ჩხრეკის დროს რამდენიმე გულახდილი ტილოც იპოვეს, რომლებიც პორნოგრაფიულად გამოაცხადეს.
სიცოცხლის ბოლო წლებში შილეს დიდი აღიარება ეწვია, მთელ მსოფლიოში გამოიფინა მისი ნამუშევრები, თუმცა პირადი ცხოვრება ვერ აეწყო. როგორც კი მისი ორსული ცოლი ედიტი გარდაიცვალა, სამ დღეში ევროპაში მოარულ
ეპიდემიას თავად მხატვარიც ემსხვერპლა. ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარზე,
"ოჯახი", მომაკვდავმა მხატვარმა ამ მძიმე ეპიდემიის სამი მსხვერპლი ასახა: საკუთარი თავი, ორსული ცოლი და მისი არდაბადებული შვილი.
როი ლიხტენშტეინი
პოპ-არტის წარმომადგენელი როი ლიხტენშტეინი ამერიკელი მხატვარი იყო. თავდაპირველად ხელოვნება მისთვის ჰობი გახლდათ, სკოლის დამთავრების შემდეგ კი ოჰაიოს უნივერსიტეტში ხელოვნებას უკითხავდნენ, რამაც ძალიან გაიტაცა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მთელი ათი წლის განმავლობაში იქვე მასწავლებლობდა, ხელოვნების მაგისტრის ხარისხიც მიიღო. პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში 1951 წელს გამართა. თუმცა პირველი სერიოზული წარმატება მოუტანა ნამუშევრებმა კომიქსების თემებზე და ასევე საჟურნალე გრაფიკამ. მხატვარი ირჩევდა რომელიმე ნახატს, ხელით ადიდებდა, დიდ ფორმატზე ხელახლა, თავისებურად ხატავდა, ამძაფრებდა ირონიისა და სარკაზმის ნიშნებს.
ლიხტენშტეინის ნახატებს 1980-იანი წლების ბოლოს დაედო ფასი. 1989 წელს მისი ერთ-ერთი ნახატი "კრისტის" აუქციონზე 5,5 მლნ დოლარად გაიყიდა, რაც მაშინდელი რეკორდი იყო და ლიხტენშტეინი ყველაზე ძვირად ღირებული ცოცხალი მხატვრების სამეულშიც მოხვდა. მის ნამუშევრებს არც გარდაცვალების შემდეგ მოჰკლებია ფასი. 2012 წელს მისი 1960-იანი წლების ნახატი "მძინარე გოგონა" 40 მლნ დოლარად შეფასდა.
ლუსიენ ფროიდი
ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ ინტერვიუ ლუსიენ ფროიდის ერთ-ერთი შედევრის ფონზე მისცა. ის მის საყვარელ მხატვრებს შორისაა.
ლუსიენი ცნობილი ბრიტანელი მხატვარი იყო, რომელიც ნატურალისტურ ჟანრში ხატავდა და თანამედროვე მხატვრებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ მხატვრად მიიჩნევა.
ლუსიენის მამის მამა ცნობილი ზიგმუნდ ფროიდი გახლდათ, მამამისი - არქიტექტორი ერნსტ ფროიდი. გარდაცვალებამდე მხატვარი ძირითადად იტალიასა და საფრანგეთში ცხოვრობდა და იქვე მოღვაწეობდა. მისი ერთ-ერთი ცნობილი ტილოა "კაცი ძაღლით", რომელიც ივანიშვილის სახლში ინახება.