ბიძინა ივანიშვილი - 2016 წლისთვის იგეგმება, რომ საქართველოს პროფესიული არმია ჰყავდეს

ბიძინა ივანიშვილი - 2016 წლისთვის იგეგმება, რომ საქართველოს პროფესიული არმია ჰყავდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლებისგან სამინისტროს გრძელვადიანი განვითარების გეგმა მოისმინა. 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ალასანიასთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თათბირი საინტერესო იყო, რომელზეც მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა სამინისტროს გრძელვადიანი განვითარების გეგმა და სამომავლო ხედვები წარუდგინეს.

პრემიერის ინფორმაციით, 2016 წლისთვის იგეგმება, რომ საქართველოს ჰყავდეს პროფესიული არმია, რაც მისასალმებელია. "ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ ქვეყანა ნატო-სკენ მიისწრაფვის. შიდა რესურსის ეკონომიის ხარჯზე ირაკლიმ უკვე მოახერხა, რომ სამხედროების 89 პროცენტს ხელფასები 25 პროცენტით გაუზარდა. ანაზღაურება გაეზარდათ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებსაც. საკმაოდ გააზრებულად მიმდინარეობს არმიის განათლებაზე ზრუნვა, თუმცა ინფრასტრუქტურის კუთხით საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა დაგვხვდა, მაგრამ ირაკლის ჩვენც დავეხმარებით და ვეცდებით მოვიძიოთ დამატებითი თანხები, რომ ეს ყველაფერი ადამიანურ დონეზე მოვიყვანოთ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, სამინისტროში ბევრ საკითხთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობა იყო. ამავდროულად პრემიერმა აღნიშნა, რომ 600 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა კვებაზე, რომლის ხარისხიც დღეს გაცილებით მაღალია.

პრემიერმა-მინისტრმა დღევანდელ შეხვედრაზე ირაკლი ალასანიასგან საჩუქრად სუვენირიც მიიღო. ეს არის თავდაცვის სამინისტროს ლოგო, რომელიც პრემიერმა მოიწონა. "ვფიქრობთ, ქართული ჯარი საქართველოსთან ერთად მოახერხებს, რომ განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში ჩავდგეთ და საქართველოს ეყოლება ღირსეული ჯარისკაცები, რომლებიც დაიცავენ სამშობლოს ღირსებას", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

პრემიერისა და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში საათზე მეტხანს გაგრძელდა.