პრემიერ-მინისტრის მიერ ახალი ხელისუფლების 100-დღიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ბრიფინგის შესაფასებლად "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
- ბატონო რამაზ, პრემიერ-მინისტრმა ახალი ხელისუფლების მუშაობის 100 დღე შეაჯამა, ისაუბრა ბიუჯეტის 1 მილიარდი ლარით გაზრდაზე, პენსიების ზრდაზე, ფასების კლებაზე, ჯანდაცვასა და განათლებაში დაფინანსების გაზრდაზე, სოფლის მეურნეობაში საგაზაფხულოდ დაგეგმილ უპრეცედენტო გეგმებზე. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურად აფასებს პრემიერი ახალი ხელისუფლების საქმიანობას?
- რამდენად ასახავს რეალობას ჩვეულებრივი ადამიანისთვის, მითუმეტეს ეკონომიკაში გაუთვითცნობიერი მოქალაქეებისთვის, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ იყო თვალშისაცემი - ამ ტიპის მოხსენებები ადრეც მოგვისმენია, მაგრამ არ მახსენდება ეკონომიკით ასე დატვირთული ანგარიში. მოხსენებაში ლომის წილი სწორედ ეკონომიკურ საკითხებზე მოდიოდა. ეკონომიკაზე საუბარი საკმაოდ გასაგები იყო. მას ციფრებზე გადაჭარბებულად არ უსაუბრია და ძირითადი აქცენტი გადატანილი იყო მათი რეალიზაციის მექანიზმებზე. რამოდენიმე ტიპის ფონდი სწორედ ის მექანიზმია, რომლითაც უნდა განხორციელდეს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. საინტერესოა, რომ სრულიად გასაგები იყო, რა პირინციპის საფუძველზე აპირებს და გეგმავს ის წინსვლას. როგორც ჩანს, ივანიშვილს მომავალი მიღწევები სწორედ ეკონომიკაში ესახება, რისი დასტურიც მისი ანგარიში იყო.
ერთადერთი სეგმენტი, სადაც მოსახლეობის ინტერესი უფრო დიდია, ვიდრე პრემიერმა თავის მოხსენებაში დრო დაუთმო, ეს გახლავთ ის, რასაც სამართლიანობის აღდგენის პროცესი გქვია. პრემიერმა კი თქვა, ეს პროცესი მიდისო, მაგრამ მოსახლეობას სწორედ იმასთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია, რომ იგი მიდის ნელა, ხდება არადამაჯერებელი და არამყარი ნაბიჯებით. პრემიერი შეეცადა, ამ სიღრმეებისთვის თავი აერიდებინა. ეს კი სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ თავადაც ამ პოზიციაზეა.
- პრემიერის შემაჯამებელ პრესკონფერენციამდე ოპოზიციამ არაერთხელ გამოთქვა პრეტენზიები ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე. თქვენ რამდენად დაგაკმაყოფილად ივანიშვილის განცხადებებმა საქართველოს ევროპულ და ატლანტიკურ არჩევანთან და იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ ხელისუფლებას საგარეო ასპარეზზე წარმატებულ პოლიტიკას ახორციელებს?
- როგორც მას ხშირად სჩვევია, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით უფრო გულახდილი ფორმულირება იპოვა, ვიდრე ჩვეულებრივ აკეთებენ ხოლმე. მისი აზრით, საქართველოს ევროპაზე ორიენტაცია იმიტომაც ექნება, რომ ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ევროპული ორიენტაცია მომგებიანია. საგარეო კურსის მთავარ ამოსავლად მომგებიანობა გახადა. თუ გავა 100 წელი და რომელიმე სხვა გეოპოლიტიკური არეალი იქნება ჩვენთვის მომგებიანი, საქართველო მერე იფიქრებს იმ პოლიტიკური სივრცისკენ მოძრაობაზე. მან საგარეო კურსი მომგებიანობას დაუკავშირა და თუ ამ ნიშნით ამოვალთ, საქართველოსთვის რუსეთი და მითუმეტეს სხვა მიმართულებები არ არის მომგებიანი.
- ივანიშვილის შეფასებით, ოპოზციაში გადაბარგებული "ნაცმოძრაობა" ხელისუფლებასთან ჯანსაღ ოპონირებას ვერ ახერხებს, ამიტომ პოლიტიკურ აქტიურობასთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა და მოუწოდა, "დინჯად, გააზრებულად და გაგებით მოეკიდნონ ოპოზიციის მცდელობას, სიცრუეში ამყოფონ ხალხი". მან ასევე კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლება უარს ამბობს, პინ-პონკი ეთამაშოს ოპოზიციას. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს საზოგადოება პრემიერის მოწოდების სწორად გაგებას? და კიდევ, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან საჯარო სივრცეში ოპონენტების ბრალდებებზე უარის თქმა და რამდენად გასაგები და კანონზომიერია ახალი ხელისუფლების ოპონენტებთან ურთიერთობების ამგვარი ტაქტიკა?
- გეთანხმებით, რომ დაკვეთით ამგვარი რამ არ კეთდება ხოლმე. როცა კითხვები ჩნდება, ისინი პასუხის გაცემას მოითხოვენ. მე მაინც მგონია, რომ ე.წ. პინკ-პონკის ფორმულაზე უარის თქმა, საზოგადოებისთვის უფრო ორიენტაციის მიცემას ისახავდა მიზნად. პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან საუბარში არაერთხელ უთქვამს, რომ ქართული ჟურნალისტიკა, უმეტესწილად, წინ იმ თემებს წამოწევს ხოლმე, რომელთაც რეალობასათან საერთო ნაკლებად აქვთ, მაგრამ მათი მთავარ თემად ქცევა "ნაცმოძრაობას" სურს და მისსავე ინტერესებშია. სწორედ ამგვარი მოქმედებებით აღწევს ოპოზიცია, უმეტესწილად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ჩემი აზრით, ოპოზიციის სიცრუებსა და სიყალბის შეფასებებზე უარის თქმით ცდილობს ხელისუფლება, არ მიიღოს მონაწილეობა "ნაცმოძრაობის" პიარაქციებში. ამასთან ერთად, მან სურვილიც კი გამოთქვა, რომ ოპოზიციის კრიტიკა უფრო საქმიანი იყოს.
- გასაგებია, რომ ხელისუფლება "ოპოზიციის სიცრუის პროპაგანდაში აყოლას არ აპირებს," მაგრამ პოლიტიკა მხოლოდ საჯარო სივრცეში კეთდება ხოლმე და ასე როგორ იქნება?
- ხელისუფლებას მაინც მოუწევს საჯარო სივრცეში მონაწილეობა. ვიმეორებ, ეს უფრო ის ფორმულა იყო, რომელიც საზოგადოებისთვის მოწოდებას წააგავდა, ვიდრე - პოლიტიკურ ბრძოლაზე რეალურად უარის თქმას. თავის დროზე, "ნაცმოძრაობამ" ანალოგიური მიზეზით უარი თქვა პოლიტიკურ ოპონენტებთან ნებისმიერ დიალოგზე. მაშინ ამით "ნაცმოძრაობამ" წააგო. პინ-პონკზე საუაბრი ივანიშვილის მხრიდან უფრო დამოკიდებულების ჩვენება იყო, ვიდრე რეალურად ოპოზიციის ქმედება და შეფასებებზე უარის თქმა. არა მგონია, რომ "ნაცმოძრაობის" შეცდომები, ანუ დიალოგზე პრინციპული უარი ივანიშვილმა გაიმეოროს. თუმცა, ისიც ცხადია, რომ კოალიცია "ნაცმოძრაობის" ტყუილისა და სიცრუის შემცველი ინფორმაციები ურიაქციოდ დატოვებს. მან საზოგადოებას მოუწოდა, მარტო მის სიტყვას არ ენდნონ და თავად შეაფასონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. თუ საზოგადობამ თავად არ შეაფასა, რეალურად რა ხდება ქვეყანაში და შესაბამისი დასკვნები არ გააკეთა, იგი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ტელევიზიის საშუალებით იოლი სამართავია, რაც ძალიან სამწუხარო იქნება.
- ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაზე აქტიურად საუბრობდა და ამტკიცებდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად პრობლემა არ შეექმნება. დავით საგანალიძისა და ივანიშვილის განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა საპარალამენტო ოპოზიციისთვის მორალურ-ზნეობრივი არჩევანის შეთავაზება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიცია ივანიშვილის შეგონებას შეისმენს და, თქვენი აზრით, საზოგადოება საკონსტიტუციო ცვლილებების მიუღებლობას ხელისუფლების სისუსტედ აღიქვამს თუ არა?
- ფაქტია, რომ ივანიშვილი დამთმობი პოლიტიკოსი არ ჩანს. აღმოჩნდა, რომ მისთვის ოპოზიციასთან კომპრომისისთვის ოპოზიციის მხრიდან მოთხოვნების დაყენება მიუღებელი იყო. მას რომ ეთქვა, ოღონდ კონსტიტუციაში ცვლილებები მივიღოთ და დათმობებზე წავიდეთო, ეს მოსახლეობაში ამ ცვლილებებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას გააჩენდა. ასე რომ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საზოგადოების მხრიდან ორ უარყოფით დამოკიდებულებას შორის ივანიშვილმა ბრძოლა არჩია და არა - კომპრომისი.
ჩვენ არ ვიცით, რა პროცესები მიდის პარლამენტის კულუარებში. არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის მკაცრმა ტონმა ამ პროცესზე გარკვეული გავლენა იქონიოს და ამ შესწორების ავტორებს ის ხმები მისცეს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად საჭიროა.
- მერაბიშვილმა ხელისუფლების ცვლილება უკვე დაანონსა. ივანიშვილმა ექსპრემიერის მუქარაზე განაცხადა, რომ ქვეყანას ამ თვალსაზრისით საფრთხე არ ემუქრება. პრემიერ-მინისტრმა უგულავზე განაცხადა, რომ იგი "მშიშარა კაცი აღმოჩნდა" და დაწყებული გამოძიებების გამო ჩიხში აღმოჩენილ წინა ხელისუფლებას სხვა გზა არა აქვს, თუ არა ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე აპოკალიფსური სურათის დახატვა და მტკიცება, თითქოს ქვეყანა განსაცდელშია. თქვენი აზრით, რამდენად შეძლო პრემიერმა იმის ახსნა, რომ ქვეყანა არანაირი საფრთხის წინაშე არ დგას? და კიდევ, რამდენად დამაჯერებელი იყო წინა ხელისუფლების ქმედებების მოტივების დასაბუთებაში?
- ივანიშვილმა თქვა, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერები პანიკაში არიან და მათ უნდათ, მთელი ქვეყანა ჩაითრიონ ამ პანიკურ განწყობილებებში. ალბათ მეტი დამაჯერებლობა სჭირდებოდა იმ არგუმენტებს, თუ რატომ არ არის ქვეყანა რეალური საფრთხის წინაშე. ჩემი აზრით, ამგვარი სიცხადე ივანიშვილის განმარტებას აშკარად არ ჰქონდა.
- რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე პრემიერ-მინისტრის მიერ უკანსაკნელ პერიოდში კოალიციის მომავალთან და ალასანიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარებმა?
- ამ შემთხვევაში განმეორდა ის, რაც ხშირად ისმის როგორც პოლიტიკურ კულუარებში, ისე ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორისაც. არავის არ უნდა "ნაცმოძრაობის" წისქვილზე წყლის დასხმა და სწორედ ამიტომაა ბევრი ჩუმად. ივანიშვილმა ბრძანა, რომ სანამ "ნაცმოძრაობა" ქვეყნისთვის სახიფათო რისკის ფაქტორად რჩება, იქამდე კოალიციის ერთიანობა უპირობოა. ხოლო როცა რისკის ფაქტორი მოიხსნება, იგი შემდეგ ვარაუდობს იმ სიტუაციის შექმნას, რომ ამ კოალიციიდან გაჩნდეს მრავალპარტიული სპექტრი.
- როგორ შეაფასებდით ვიცე-პრემიერად გიორგი მარგველაშვილის დანიშვნის შესახებ პრემიერ-მინისტრის გაკეთებულ განცხადებას?
- ეტყობა, ივანიშვილისთვის მისი პოლიტიკაში ყოფნის ამ პერიოდში არის ის, რომ მას არ უნდა პარტნიორებისგან სიურპრიზებს ელოდოს. ალასანიასთან გაუგებრობა, როგორც მან თავად დაარქვა, ერთ-ერთი მოულოდნელი სიურპრიზი იყო, რამაც შემდეგ ვიცე-პრემიერობის ვაკანსია გააჩინა. რაც შეეხება შემდეგ ამ ვაკანსიის შევსებას, ერთ-ერთი ნიშანი ის გახლდათ, რომ ივანიშვილი გიორგი მარგველაშვილისაგან ამ ტიპის სიურპრიზებსა და შეუთანხმებლობას ურთიერთობებში არ ელოდება. ამ თვალსაზრისით, მარგველაშვილი უაღრესად პატიოსანი ადამიანია და, როგორც ჩანს, ივანიშვილისთვის იყო ერთ ერთი მოტივი ამ გადწყვეტილების მისაღებად.
- 8 თებერვალს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წარსდგენასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს. ეს მოლოდინი თავად პრეზიდენტმა თავისივე განცხადებებითა და დავით აღმაშენებლის დაბადების დღეს პარლამენტში მისვლის გადაწყვეტილებით გააჩინა. პრემიერმა თქვა, "არა გვგონია, რომ ეს დიდი მოვლენა იყოს," თუმცა იქვე დასძინა, რომ იგი თავად ინტერესით ელოდება ამ დღეს. თქვენი აზრით, როგორ ჩაივლის პრეზიდენტის პარლამენტში მოხსენება? და კიდევ, ხომ არ არსებობს ალბათობა, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმაზე ადრე შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ბევრი ექსპერტი კრიზისის დადგომას საქართველოში გაზაფხულზე ვარაუდობდა?
- ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვინაიდან ძალიან რთულია ჩვენი პრეზიდენტის ქცევის პროგნოზირება. შეიძლება მივიღოთ ძალიან ხავერდოვანი პრეზიდენტი, დაახლოებით ისეთი, კოჰაბიტაციის შუქურად რომ იყო ქცეული არჩევნების შემდეგ. თუ ასე იქნა, ეს სასიამოვნო მოულოდნელობა იქნება, მაგრამ უმრავლესი ჩვენგანი პარლამენტში სააკაშვილის შემდეგ ნერვიულ ატმოსფეროს ელოდება.
- საზოგადოების ნერვიულობა იმასაც ხომ არ უკავშირდება, რომ წინა მოწვევის პარლამენტში პრეზიდენტმა ერთი ჯონდი ბაღათურია ვერ აიტანა და ახლანდელ პარლამენტში სულ მცირე 85 "ბაღათურია" დახვდება?
- შესაძლოა, იმის გამო, რომ ახლა პარლამენტში პრეზიდენტს 85 "ბაღათურია" დახვდება, მან სტრატეგია იმ დღისთვის შეცვალოს და პარლამენტში ოპონენტებს ხავერდოვანი პოზიცია შესთავზოს. ეს სულაც არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში გამოსვლის მეორე დღესვე იგი მოქმედების თავის ჩვეულ სტილს დაუბრუნდეს.