საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს, თავდაცვის სამინისტროს ესტუმრა. ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ალასანიამ უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრი დაათვალიერა. ბიძინა ივანიშვილმა ვიდეო კონფერენციის საშუალებით ავღანეთში, ISAF-ის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართული სამშვიდობო ქვედანაყოფების მეთაურებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ თქვენ სამშობლოს ემსახურებით. ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარები და თქვენ პირადად ჩართული ხართ საერთაშორისო უსაფრთხოების საერთო პროცესში. თქვენ ძალიან დიდ სამსახურს უწევთ თქვენს სამშობლოს და მთლიანად მსოფლიოს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა საქართველოში დისლოცირებულ სხვადასხვა სამხედრო ნაწილების მეთაურებსაც მიმართა. „საქართველოს მთავრობა და თქვენი მინისტრი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართველმა სამხედროებმა ღირსეული სამსახური შეძლონ“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.