„ქოცები“ და „ნაცები“ რვა წელია ეჩხუბებიან ერთმანეთს და ამ ჩხუბს ეწირება, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ იქნება“

„ქოცები“ და „ნაცები“ რვა წელია ეჩხუბებიან ერთმანეთს და ამ ჩხუბს ეწირება, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ იქნება“

„რევოლუცია-რევოლუციას“ რომ იძახი გამუდმებით, მერე ადამიანებს უკვე შენი აღარ სჯერათ. ამიტომ ამ სიტყვას როცა ახსენებ, უნდა აჩვენო, რომ შენ რაღაც გეგმა გაქვს, რომელიც გასაგები გახდება ადამიანებისთვისაც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

თქვენ აცხადებთ, რომ პატარა პარტიები „ქოცებისა“ და „ნაცების“ ომში გაიჭყლიტეთ. რას გულისხმობთ და ეს ხომ არ ნიშნავს ოპოზიციის ბოიკოტირების რეჟიმის სრულ აბსურდულობას?

- პატარა პარტიები ვერ ცვლიან საპარლამენტო ცხოვრების გარემოებას. იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს პარლამენტში, ორივე პარტიის წარმომადგენლებია საჭირო და ესენი ერთმანეთთან ჩხუბს, რომელიც ბოლო რვა თუ ცხრა წელია, გრძელდება, აყოლებენ იმას, რომ ქვეყანა ხდება ერთპარტიული. როგორც „ქართული ოცნებაა“ დესტრუქციული ამ პროცესში თავისი შინაარსით, არც „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ხელშემწყობი ამ მოლაპარაკებებში. შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ ისეთი დესტრუქციული არ არის, როგორც „ქართული ოცნება“, მაგრამ არც არის ხელშემწყობი ზოგადად ამ თვალსაზრისით. ამ ჩხუბს ეწირება ის, რომ პარლამენტი მათ გარეშე ვერ იქმნება, თუ ესენი არ შეთანხმდნენ და ვართ ამ სიტუაციაში.

გარკვეულწილად, თქვენი პოზიცია ხომ არ ესადაგება ალეკო ელისაშვილის სურვილს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით? რომ არ ყოფილიყო ე.წ. ბულინგი ელისაშვილის მიმართ, ალბათ, სხვა შედეგი დადგებოდა.

- მე არავის დავუბულინგებივარ, თუ ამას მეკითხებით. აქ ბულინგზე არ არის საუბარი, პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ იმდენი წევრია რაოდენობრივად, რომ რომელიმე მათგანი პარლამენტში თუ არ არის საერთოდ, ანუ საერთოდ არ არიან ნაცები და საერთოდ არ არიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ის არც არის პარლამენტი ფიზიკურად. წარმოიდგინეთ, ესენი ერთმანეთს ეჩხუბებიან მთელი რვა წლის განმავლობაში, ახლა სიტუაცია დადგა ასე, რომ ამ ჩხუბის ფარგლებში პარლამენტი რჩება ბოიკოტირებული ოპოზიციური პარტიის მიერ და ეს არის ძალიან ხელშეწყობილი „ქართული ოცნების“ მიერ. ამ ჩხუბს ეწირება ის, რომ ქვეყანაში პარლამენტი არ იქნება. დანარჩენი პარტიები შევლენ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. ეს ორი პარტია თუ არ არის პარლამენტში, პარლამენტი არ არის. ასე გადაწყვიტა ამ წუთას ქართველმა ხალხმა, თორემ მე კი არ მინდოდა, ასე ყოფილიყო.

პარლამენტში შესვლაზე რას ფიქრობთ?

- პარლამენტში შესვლა საჭიროა, ამიტომ ვიყავით არჩევნებზე, უბრალოდ, ის პარლამენტი უნდა იყოს, რომ შეხვიდე. შესვლას მარტო ელისაშვილი, მარტო „გირჩი“ ან ვიღაც არ აპირებს, ვიმეორებ, ყველაფერი ეწირება ამ ორის ბრძოლას, ამ ორის გარეშე პარლამენტი არ იქნება, გინდა შეხვიდე, გინდა, არა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ოცნება“ თავად კეტავს მოლაპარაკების კარს, მაგრამ, ამავდროულად, ისიც რეალობაა, რომ „ოცნებას“ არ აწყობს ერთპარტიული პარლამენტი. მაშინ გამოდის, „ქართული ოცნება“ თავად არის წინააღმდეგობაში და ამ ჩიხიდან გამოსავალი არ არსებობს?

- ძალიან რთულია ეს პროცესები, როცა „ქართული ოცნება“ საშინლად ექცევა მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომ ხალხს და ოპოზიცია ამ პროცესს უფრო მეტად ასხამს ცეცხლზე ნავთს იმით, რომ დაწერილი აქვთ განცხადება მანდატებზე უარის თქმის შესახებ. თანაც, ისმის ოპოზიციის კრიტიკა ელჩების მხრიდან. ზოგადად, მე ამ წუთას ოპტიმიზმის არანაირი საფუძველი არ მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გზა ჩაკეტილია და შეთანხმება 100%-ით ვერ შედგება. ასე არ არის. უბრალოდ, ეს პროცესი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობაზე“, ამ ხალხს წარმატება რომ უნდოდეთ, ეს არ გამოუხატავთ, ამიტომ ვარ პესიმისტური, განა იმიტომ, რომ სიტუაციიდან გამოსავალი არ არსებობს. დათმობაზე წასვლა ერთია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, დესტრუქციული მაინც არ უნდა იყო მოლაპარაკების პროცესში და შენით არ შლიდე იმ შრომას, რაც ამდენმა ადამიანმა ჩადო.

26 დეკემბერს ახალი „გირჩის“ შექმნას აპირებს ზურაბ ჯაფარიძე. თქვენ აანონსებთ, კონკურენტები ვიქნებითო. რა სახის კონკურენცია იქნება თქვენს შორის და ეს ხომ არ იქნება ორი „გირჩის“ მიერ ერთმანეთის გადაფარვა, რადგან „გირჩი“ მაინც თავდაპირველად ზურაბ ჯაფარიძესთან ასოცირდებოდა? ხომ არ ჯობდა, „გირჩის“ ნაცვლად სხვა სახელი მოფიქრებულიყო?

-ეს კითხვა ჩემთან არაა, ეს კითხვა ზურაბ ჯაფარიძესთანაა. მე იმავეს ვაგრძელებ, რასაც ვაკეთებდი აქამდე, ჩემი გეგმები არ შეცვლილა. კონკურენციას როცა ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ახალი პოლიტიკური პარტია რომ იქმნება, ისედაც ავტომატურად არსებობს კონკურენცია. სხვა ადამიანები რას დაარქმევენ საკუთარ პარტიას, ეს მათი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკური ლიდერი პარტიიდან წავიდა და არ საუბრობს იმ განსხვავებებზე, რაც განასხვავებს თანამებრძოლებთან. ადამიანები, რომლებისთვისაც დამაჯერებელი იქნება ზურა ჯაფარიძის იდეები, მას დაუჭერენ მხარს. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ოპოზიციონრები აპირებენ, რომ გაზაფხულზე, როდესაც ჩაივლის კორონაპანდემია, ხალხს ქუჩაში გამოიყვანენ და სამოქალაქო აქტივის მობილიზებას მოახდენენ. „გირჩის“ პოზიცია ცნობილია, რომ ისინი არ აპირებენ ქვის სროლაში მონაწილეობას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოპოზიციაში ორი ფრთაა-რადიკალური და არარადიკალური?

- მე უბრალოდ რევოლუციის აზრს ვერ ვხედავ, ამ წუთის მოცემულობით ამას ვერ ვგრძნობ. გაზაფხულზე შეიძლება ქუჩაში მართლაც გამოვიდნენ გაბრაზებული ადამიანები და ბევრმა პარტიამ ისარგებლოს იმით, რომ რევოლუციური მიმართულება მისცეს ამ პროცესს, მაგრამ ამ წუთისთვის მე ვერ ვხედავ გზას, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ მოუწოდონ ამომრჩევლებს და იმდენი რაოდენობით გამოიყვანონ ხალხი, რამდენიც რევოლუციის მოწყობას სჭირდება. თანაც, „ქართული ოცნება“ ამ ხალხს რომ ნახავს, თურმე გადადგება, ან დათმობს ძალაუფლებას. ჯერჯერობით არ ჩანს ამის გზა. მე სულ მოვითხოვ ოპოზიციისგან და მათ ვეუბნები, გეგმა მაჩვენეთ. კაცო, რევოლუცია კი არ არის პრობლემა, როცა არჩევნებს გპარავენ, ყველაფერი შეიძლება იყოს ლეგიტიმური, მაგრამ „რევოლუცია-რევოლუციას“ რომ იძახი გამუდმებით, სულ რევოლუცია არ უნდა იძახო, იმიტომ, რომ მერე ადამიანებს შენი არ სჯერათ. ამიტომ როცა ამ სიტყვას ახსენებ, უნდა აჩვენო, რომ შენ რაღაც გეგმა მაინც გაქვს, ის გეგმა, რომელიც გასაგები გახდება ადამიანებისთვისაც. არ ვიცი, ახლა სიტყვა „რევოლუციას“ საქართველოში პოლიტიკოსები ბევრი გაგებით იყენებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე რევოლუციის მოწყობას აპირებს. ოპოზიციაში ვინმე რევოლუციის მოწყობას რომ აპირებდეს, წესით, მე გავიგებდი, ან ყურს მაინც მოვკრავდი. შეიძლება, ვინმე საუბრობს რევოლუციის შესახებ, მაგრამ ეს გამოხატვის თავისუფლებაა და არა რევოლუციის მოწყობა.

Aburjga Tasmanieli რად გვინდა ასეთი პარლამენტი სადაც ასეთი ჭკუაგაღუნულები ითათბირებენ საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიურ დღისწესრიგზე?! ეს ხომ სრული აბსურდია?! აი სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა რაღაც სულელულურმა ნარატივმა დემოკრატიის განვითარების აუცილობლაზე!
3 წლის უკან