ვინ შეჭამა შემნახველ სალაროებში შეტანილი საბჭოთა ანაბრები, რატომ არ გამოიძია ეს საქმე არცერთმა ხელისუფლებამ და რატომ არ აღელვებს არცერთ ხელისუფლებას მეანაბრეთა ბედი? შესაძლებელია თუ არა საბჭოთა ანაბრების დაბრუნება? - ამ შეკითხვებზე თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე გვიპასუხებს:
- დიდი მადლობა „ასავალ დასავალს“ ქართველი ხალხისთვის სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი, 20 წლით დაკონსერვებული ტკივილიანი პრობლემის გაცოცხლებისთვის. 10 წელიწადზე მეტია ვსწავლობ დაზარალებული მეანაბრეების პრობლემას. დროთა განმავლობაში უამრავი ძალიან საინტერესო მასალა დამიგროვდა. რაც წლები გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ქართველი ხალხის მსოფლიოში „ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ“ დაყაჩაღებას ყველა ეტაპზე უშუალოდ წარმართავდა და ხელმძღვანელობდა ედუარდ შევარდნაძე. უფრო მეტიც, აფხაზეთის ომის დაწყების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ დაზარალებილი მეანაბრეების თემას უკავშირდებოდა.
- რა გაძლევთ ასეთი ხმამაღალი განცხადების გაკეთების საფუძველს?
- გავიხსენოთ უახლესი ისტორია. 1992 წლის ივნისში შევარდნაძემ ტელევიზიითა და პრესით მოუწოდა მოსახლეობას სახელმწიფო შემნახველ ბანკებში შეეტანათ ანაბრები, რომელსაც 1 წლის შემდეგ გაორმაგებულად დაუბრუნებდნენ. უნდა გითხრათ, რომ ჩემი უმცროსი ძმის, ლეგენდარული კალათბურთელის ზურაბ საკანდელიძის უდროოდ გარდაცვალებაში სწორედ ამან შეიტანა უდიდესი წვლილი, ედუარდ შევარდნაძის განცხადების შემდეგ ეშმაკი შემიჩნდა და მანამ არ მოვისვენე, სანამ ჩემს ცხონებულ ძმას შავი დღისთვის გადანახული 86000 მანეთი სალაროში მთლიანად არ შევატანინე. მოკლე ხანში მას მართლაც დაუდგა შავი დღე. ერთადერთი ბიჭი მძიმედ დაუავადდა, საზღვარგარეთ ძვირადღირებული ოპერაციებისა და ხანგრძლივი მკურნალობის ფული აღარ ჰქონდა და გარდაეცვალა. ეს უბედურება ვერ გადაიტანა და 60 წელს მიღწეული, უსახსრობითა და უწამლობით გატანჯული თავადაც გარდაიცვალა.
შევარდნაძის გადმოგდებულ ანკესს ჩემს მსგავსად ბევრი წამოეგო. შემნახველ სალაროებთან რიგები დადგა და როგორც ამბობენ, ამ პერიოდში შეტანილ იქნა 5 მილიარდი დოლარის ანაბრები. მოსახლეობის 5-მილიარდიანი დაყაჩაღებიდან 2 თვეში დაიწყო აფხაზეთის ომი. რატომ? ამით შევარდნაძემ მოიგვარა ორი პრობლემა. 1 - მან კარგად იცოდა, რომ აფხაზეთსა და სამეგრელოში სამართლიან ლეგიტიმაციას ვერასოდეს ეღირსებოდა, ამის გამო აფხაზეთი ჩააბარა რუსეთს, ხოლო სამეგრელოში შეიყვანა ბალტინის ჯარი. 2. - მან ასევე კარგად იცოდა, რომ მოსახლეობის მიერ მოტყუებით ბანკებში შეტანილი 5 მილიარდის ნაცვლად 1993 წლის ივნისში ვერაფრით გადაიხდიდა 10 მილიარდს, რის გამოც ხალხი აუჯანყდებოდა. საუკეთესო გამოსავალი იყო ომი, რომელიც ყველაფერს ჩამოწერდა. ამის შემდეგ, სწორედ იმ დროს, როცა დადგა დაპირებული 10 მილიარდიანი ვალის გასტუმრების ვადა, 1993 წლის აგვისტოში, შევარდნაძემ საქართველო გამოიყვანა სამანეთო ზონიდან, შემოიღო კუპონი და ამავდროულად უმაღლეს სიჩქარეზე ჩართო ჰიპერინფლაციური სპირალი.
-თქვენ ფიქრობთ, რომ შევარდნაძემ წინასწარგამიზნულად, მოტყუებით შეატანინა ხალხს ფული?
- სულ ვფიქრობდი, რატომ არ იმყოფინა შევარდნაძემ სალაროებში მანამდე არსებული 15-20 მილიარდიანი ანაბრების შეტყაპუნება და დამატებით კიდევ რატომ დააყაჩაღა მოსახლეობა 5 მილიარდით? ჩემს მიერ მოძიებული მასალებით დავადგინე, რომ იმ პერიოდში შემნახველ ბანკებში საბრუნავი ფული თითქმის აღარ იყო. ყველაფერი ჩუმად გაზიდეს მოსკოვში, სადაც გაუკეთეს კონვერტაცია და გადარიცხეს ევროპის სხვადასხვა კერძო ბანკებში.
ჩემს მიერ მოპოვებულ მასალებს ადასტურებდა მეანაბრეთა ცნობილი უფლებადამცველი, აწ გარდაცვლილი ემზარ გრიგოლია. მან ჯერ კიდევ 2002 წლის 6-12 მაისის „ასავალ დასავალში“ განაცხადა: „ოთხი მილიონ ექვსასორმოცდაოთხი ათას ანაბარზე, სულ ცოტა, 42 მილიარდი დოლარი ირიცხებოდა. ეს თანხები ევროპის ბანკებშია გადასროლილი. ის საბჭოთა ფული, რაც საქართველოში შეგროვდა, მოსკოვში წაიღეს. იქ კონვერტაცია გაუკეთეს და ევროპის ბანკებში კერძო ანგარიშებზე გადაანაწილეს. ახალგაზრდა პიროვნებას, ვინც ეს ოპერაცია ჩაატარა, ჰონორარის სახით 2 მილიონი დოლარი მისცეს“. ბატონ ემზარ გრიგოლიას 68 სასამართლო პროცესი ჰქონდა მოგებული. მისი ამ წერილით ყველაფერი ნათელია, ერთის გარდა, რასაც რატომღაც აღარ ახსენებენ. ეს არის იმ პერიოდში წარმოება-დაწესებულებების საბანკო ანგარიშებზე რიცხული უზარმაზარი თანხები, რომელიც დატაცებული იქნა ანაბრებთან ერთად.
-ვინ დაიტაცა ხალხის ფული?
- ამ შეკითხვაზე პასუხი დღემდე გაუცემელია, თუმცა თითქმის ყველა ხელს იშვერს შევარდნაძისა და ვანო ჩხარტიშვილისკენ. ეს საკითხი გამოსაკვლევია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ მეანაბრეებს უღალატა მათივე არასამთავრობო ორგანიზაციამ „დაზარალებულ მეანაბრეთა ლიგამ“, რომელმაც 1999 წელს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში მიიღო, მაგრამ როდესაც სასამართლო სხდომაზე მიიწვიეს ლიგის თავმჯდომარე, მეანაბრეთა ლიგამ საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა. რატომ? არადა, ამ საქმის მოგება შესაძლებელი იყო.
- შესაძლებელია დაკარგული ანაბრების დაბრუნება?
- ჩვენს ასოციაციას აქვს უნიკალური პროექტი და მზად ვართ, ჩვენი ნამოღვაწარი ნებისმიერ დროს გადავცეთ ხელისუფლებაში მოსულ გუნდს, იმ პირობით, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს. პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან. ამ უნიკალურ პროექტში გამოყენებულია ზარალის ანაზღაურების ორიგინალური მექანიზმი, როცა დაზარალებული მეანაბრეები თავად ხდებიან წარმატებული მცირე მეწარმეები და თავიანთი მომგებიანი ბიზნესით, თანდათან, თავად ინაზღაურებენ ზარალს ბიუჯეტიდან გაცემული პირდაპირი ხარჯების გარეშე. სახელმწიფოს მიერ მეანაბრეებისთვის გასაცემი ვალი ტრანსფორმირდება უზარმაზარ ინვესტიციად. ეს რეფორმა მისაღებია როგორც მეანაბრეებისთვის, ისე სახელმწიფოსთვის, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსების გარეშე, თანდათანდ გაისტუმრებს მეანაბრეების ვალს. მეანაბრეებს კი ის შეღავათი ექნებათ, რომ გადასახადებს გადაიხდიან სახელმწიფოს მიერ მათთვის მიყენებული ზარალის იდენტური საგადასახადო ვაუჩერით. ეს კი მეანაბრეების ზარალთან ერთად 2-3 წელიწადში კომპლექსურად მოაგვარებს მცირე მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის აღმავლობის, დასაქმებისა და სიღარიბის დაძლევის დღემდე გადაუჭრელ პრობლემას.
პირდაპირ გეტყვით, მე არ მომწონს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მცირე მეწარმეებისა და მეანაბრეების პრობლემების არდანახვის პოლიტიკა. „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში მცირე მეწარმეობა ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიხსენიებოდა, მაგრამ 2013 წლის ბიუჯეტში 1 ლარითაც არ დაფინანსებულა. მეანაბრეთა პრობლემა ამ პროგრამაში ნახსენებიც არ იყო და ბუნებრივია, არც დაფინასნდებოდა. არადა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ მეანაბრეთა დაყაჩაღება არის დანაშაული, რომელსაც ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. გაერო ყველა დაზარალებულს, მათ შორის, მეანაბრესაც, აღიარებს მსხვერპლად და გაეროს წევრ ქვეყნებს ავალდებულებს 100 %-ით აუნაზღაურონ მათ ზარალი. თუმცა, ამას არც ახალი ხელისუფლება გააკეთებს, პირობას ვდებთ, რომ საქმეს აუცილებლად მივიყვანთ სტრასბურგამდე, სადაც მოგება გარანტირებული გვაქვს!