ვინ გაიმარჯვებს ოპოზიციის კასტინგში?

ვინ გაიმარჯვებს ოპოზიციის კასტინგში?

არჩევნებიდან 4 თვე გავიდა, ხოლო სიტუაცია ქვეყანაში ვერა და ვერ დასტაბილურდა, რაც მოსახლეობის განწყობასა და ეკონომიკის პერსპექტივებზე უარყოფითად მოქმედებს. საქმე მხოლოდ სააკაშვილის ჯგუფის დესტრუქციულ ქმედებაში როდია; ის პრობლემები, რომელთაც «ნაციონალები» დღეს ქმნიან, ტაქტიკური ხასიათისაა და, სავარაუდოდ, მალე მოიხსნება. ამ პარტიის გავლენა სწრაფად მცირდება, ხოლო მისი დაბრუნება ხელისუფლებაში ისეთივე წარმოუდგენელი ჩანს, როგორც უკურნებელი სენის მეოთხე («ნაცმოძრაობის» შემთხვევაში, ალბათ, მეხუთე) სტადიაზე მყოფი პაციენტის გამოჯანმრთელება. მაგრამ სრული გაურკვევლობა სუფევს იმასთან დაკავშირებით, რა სისტემა შეიქმნება მათი, პრაქტიკულად გარანტირებული, პოლიტიკური ანიჰილაციის შემდეგ და რამდენად სტაბილური იქნება ის. ვინ დაიკავებს «მთავარი ოპოზიციური ძალის» ნიშას? რა პროცესები განვითარდება ივანიშვილის კოალიციის შიგნით? გაუძლებენ თუ არა მისი წარმომადგენლები იმ ცდუნებებს, რომლებმაც, თავის დროზე, «ნაციონალები» პოლიტიკური დეგრადაციის გზით წაიყვანეს? რაც უფრო მკაფიო პასუხებს მიიღებს საზოგადოება ამ კითხვებზე, მით უფრო იმედიანად შეხედავს მომავალს; ეს, ერთი შეხედვით, არამატერიალური, ფსიქოლოგიური ფაქტორია, თუმცა ქვეყნის აღორძინებისთვის მას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

როდის იწყება თავდავიწყება?

არ არსებობს კარგი ხელისუფლება კარგი ოპოზიციის გარეშე, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უამრავი სხვა ქვეყნის ისტორია ადასტურებს. ძნელი სათქმელია, ცუდი ოპოზიცია ეყოლება ივანიშვილის ხელისუფლებას თუ კარგი, თუმცა ფაქტია, რომ მის ფორმირებაში ჩართული იქნებიან: ა) ის პარტიები, რომელებიც (რეალურად თუ ფორმალურად) სააკაშვილის რეჟიმის ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ კოალიცია «ქართული ოცნების» შემადგენლობაში არ შევიდნენ; ბ) ის, რაც «ნაცმოძრაობისგან» უახლოეს მომავალში დარჩება; გ) ჯგუფები, რომლებიც დროთა განმავლობაში კოალიციას გამოეყოფიან. სრულიად ახალი, ძლიერი გაერთიანების მოულოდნელ გამოჩენას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ.

ლეიბორისტებმა და ქრისტიან-დემოკრატებმა ჯერჯერობით ვერ იპოვეს «გენერალური ხაზი», რომელიც ახალი რეალობის მიმართ ადაპტირებაში დაეხმარებათ; ორივე პარტიაში რღვევაა, როგორც ზედა, ისე ქვედა რგოლებში. «მემარჯვენეებზე» თითქმის არაფერი ისმის. როგორც ჩანს, პარტიამ ჯერჯერობით «ვერ გადახარშა» ის ფაქტი, რომ მისმა ლიდერებმა ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში უკვე მეორედ წამგებიანი, არაპოპულარული არჩევანი გააკეთეს და პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჯერ კიდევ ათიოდე წლის წინ გაჩენილი ეჭვი, რომ დავით გამყრელიძე, შესაძლოა, კარგი ექიმი და მეწარმეა, მაგრამ არამც და არამც პოლიტიკოსი. როგორც ჩანს, ჯერჯერობით გაურკვევლობაში იმყოფებიან ედპ, გიორგი თორთლაძის გარშემო გაერთიანებული ჯგუფი და სხვა შედარებით მცირე შესაძლებლობის მქონე პარტიები; ლოგიკურად თუ მივუდგებით, დღეს ისინი არ უნდა აჩქარდნენ, რყევების დასრულებას უნდა დაელოდონ და ახალ სისტემაში საკუთარი, პირველ ეტაპზე ფრიად მოკრძალებული ნიშის მოძებნა სცადონ. ყველაზე ოპტიმისტური ამ შემადგენლობიდან, იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც ბოლო დროს თავს დაატყდა, მაინც შალვა ნათელაშვილის პერსპექტივა ჩანს, უპირველესად, იმ პოზიციის გამო, რომელსაც ის «ისტორიულად» მარცხენა ფლანგზე იკავებს, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მძიმე გარდამავალ პერიოდში ადეკვატურად იმოქმედებს.

ნინო ბურჯანაძის მდგომარეობა განსხვავებული და განსაკუთრებულია, მას შეუძლია ახალი სისტემის ფორმირებაში უშუალო მონაწილეობა მიიღოს. კომენტატორები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ბურჯანაძეს შესაძლებლობა აქვს მოიზიდოს საკმაოდ მრავალრიცხოვანი ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს «ოცნების» (და მითუმეტეს «ნაცმოძრაობის») სწორხაზოვანი სწორება ნატოსა და აშშ-ზე. მაგრამ განსხავებული ხედვა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, სრულფასოვანი ალტერნატივის ფორმულირებისთვის საკმარისი არაა, საჭიროა დამატებითი, საშინაო პოლიტიკასთან დაკავშირებული ფაქტორი და, ბურჯანაძის საბედნიეროდ, ის ნამდვილად არსებობს.

საქმე ისაა, რომ «ქართული ოცნების» ბევრ ამომრჩეველს არ მოსწონს ის ცერემონიები, რომლითაც ახალი ხელისუფლება ყოფილ მაღალჩინოსნებს ეპყრობა. ეს ადამიანები «ნაციონალურ მოძრაობას» ფაშისტურ ორგანიზაციად თვლიან, მოითხოვენ მის ამოშანთვას ქართული პოლიტიკიდან და მისი თავკაცების დასჯას იმ დანაშაულისთვის, რომელიც, მათი აზრით, ზედაპირზე დევს (ბოლო დროს ისინი საინტერესო ლოზუნგს იყენებენ: «მე კოაბიტაციისთვის ხმა არ მიმიცია!»). ეს გარემოება ნინო ბურჯანაძეს რადიკალიზმის კარტის გათამაშების შესაძლებლობას აძლევს. მას შეუძლია უთხრას ამ ხალხს, რომ «რევოლუციას ბოლომდე მიიყვანს» (ის, რაც საქართველოში 1 ოქტომბერს მოხდა, არსებითად რევოლუცია იყო) და, ვოლტერის თქმის არ იყოს, «გველს თავს გაუჭეჭყავს». ძნელი სათქმელია, რამდენად დამაჯერებლად შეასრულებს ნინო ბურჯანაძე ტერუან დე მერიკურის როლს, მაგრამ ერთი ფაქტია: სივრცე (ნატოს მოწინააღმდეგეები+ «ანტინაციონალი» რადიკალები), სადაც მას შეუძლია წარმატებული თამაში აწარმოოს, ნამდვილად არსებობს. საინტერესოა, რომ ყოველივე ეს ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიულ გეგმებში შეიძლება სავსებით ლოგიკურად ჩაჯდეს.

რეალისტური, დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის გატარება უფრო მოსახერხებელია მაშინ, როდესაც ოპოზიციური ჯგუფები ერთმანეთისგან დიამეტრალურად განსხვავებული კურსის გატარებას მოითხოვენ. ზომიერი საშინაო პოლიტიკის გატარება კი (მაგალითად, სამართლიანობის აღდგენის საკითხში), მაშინ, როდესაც ერთნი ამბობენ «საერთოდ არ შეეხო» (უფრო სწორად, «არ შეგვეხო»), მეორენი კი ყვირიან «ყველანი გილიოტინაზე!». მარტივად რომ ვთქვათ, თუ ძალები ამ სქემით გადაჯგუფდებიან, ბიძინა ივანიშვილი ორი დაპირისპირებული მხარიდან ერთ-ერთის ლიდერის ნაცვლად, ერთგვარი «უმაღლესი არბიტრი» გახდება, რომელიც «ოქროს შუალედის პოლიტიკას» გაატარებს, რაც მისთვის მომგებიანია. ამან შეიძლება მიგვიყვანოს დასკვნამდე, რომ ბურჯანაძისთვის რეზერვირებულია არცთუ უმნიშვნელო ადგილი ავანსცენაზე და ის დაიკავებს მას, თუ აქტიურად და ადეკვატურად იმოქმედებს. ნინო ბურჯანაძის პოზიცია ცნობილი, სავარაუდოდ, მალე გახდება, მას შემდეგ, რაც მისი ასდღიანი ნებაყოფლობითი მორატორიუმის ვადა ამოიწურება, რომელმაც, არსებითად, აუცილებელი ტაქტიკური პაუზა შენიღბა (საინტერესოა, შევა თუ არა მასთან გრძელვადიან ალიანსში კახა კუკავა, არა იმიტომ, რომ მისი პარტია ძლიერია, უბრალოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს საკმაოდ საგულისხმო სიგნალი იქნება).

ქარწაღებულნი და წყალწაღებულნი

მსჯელობა ოპოზიციური პარტიების პერსპექტივებზე ადრე თუ გვიან ახალი საპარლამენტო არჩევნების იდეამდე მიგვიყვანს. არსებული პარლამენტი არჩეულია პირობებში, როდესაც ხელისუფლება ამომრჩეველზე უპრეცედენტო ზეწოლას ახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა, ჩვენ მაინც არ გვაქვს შესაძლებლობა, ვთქვათ, რომ ადგილების განაწილება პარლამენტში ამომრჩეველთა პოზიციას ადეკვატურად ასახავს.

საქმე მხოლოდ «ნაცმოძრაობის» უზომოდ გაბერილ (ძალადობით მოპოვებული ხმების ხარჯზე) წარმომადგენლობაში როდია; დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები მოითხოვს, რომ ქვეყანას ზეწოლისგან თავისუფალ პირობებში არჩეული პარლამენტი ჰყავდეს. თუმცა ეს არ სჭირდება არც «ნაციონალებს» და არც იმ პარტიებს კოალიციიდან, რომლებიც არჩევნებზე დამოუკიდებელად ან სუსტი ბლოკის შემადგენლობაში გასვლის შემთხვევაში ძალიან ცოტა ხმას მიიღებენ.

ურიგო არ იქნება თუ პარლამენტის პრობლემას ზემოთ ნახსენები «კარგი ოპოზიციის» ძიებას დავუკავშირებთ; შეიძლება თუ არა «ნაცმოძრაობის» წიაღიდან რაიმე გამოსადეგი გამოვიდეს?

მისი ფრაქციის (და ზოგადად პარტიის) მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ვარაუდები გამოითქმის. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს უკიდურესად დესტრუქციული ოპოზიციაა; საგულისხმოა, რომ მისი ბოლოდროინდელი განცხადებები აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გააკრიტიკა: «მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მთავრობას ჰქონდეს საშუალება, მართოს ქვეყანა, რადგან საზოგადოება ელოდება შედეგს, ვითარების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლობით მოეკიდოს მთავრობის კრიტიკას და მისი მხრიდან მთავრობის კრიტიკა არ გახდეს თვითმიზანი». როგორც ჩანს, «ნაციონალების» დღევანდელი ქცევა ამერიკელებისთვის სასურველი კოაბიტაციის ჩარჩოებში არ ჯდება. თუმცა ზოგიერთი კომენტატორი მიიჩნევს, რომ პარტიის (და ფრაქციის) ძირითადი ნაწილი, ფანატიკურად განწყობილი «ნეომიშისტების» გამოკლებით, მალე «ქრისტიან-დემოკრატიზაციის» (აქ იგულისხმება გიორგი თარგამაძის გამოცდილება და არა შესაბამისი იდეა) გზას დაადგება. კაცმა რომ თქვას, «კარგ ოპოზიციამდე» არც ერთი გზა არ მიდის _ არც ყოვლისმომცველი შეურიგებლობა «თალიბანის» სტილში, არც ფსევდო-კონსტრუქციულობა, რომელიც ხშირად ბანალურ პოლიტიკურ პროსტიტუციას ნიღბავს.

რაც შეეხება, «ერთიანი ნაციონალური სხეულიდან» ე.წ. ლიბერალთა ჯგუფის შესაძლო გამოყოფას, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება გვაქვს ამ ადამიანების წარსულის და შეხედულებების მიმართ, ეს, ალბათ, მაინც დადებითი მოვლენა იქნება, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცემათ, ნაწილობრივ გათავისუფლდნენ ტაქტიკური კონიუნქტურისგან და ჩამოაყალიბონ ერთობა იდეის და არა ხელისუფლებაში მყოფი ბელადის გარშემო. საუბარი ამ ჯგუფის რამდენადმე სერიოზულ პერსპექტივაზე მომავალ ათწლეულში (აბსოლუტური მაქსიმუმი მათთვის, სავარაუდოდ, ხმების 5-7% იქნება, თანაც რამდენიმე წლის შემდეგ) არასერიოზულია, თუმცა, თქმულის მიუხედავად, ეს, ალბათ, მაინც სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი გახდება.

პარადოქსულია, მაგრამ ის სავარძლები პარლამენტში, რომელთაც «ნაციონალების» დიდი ნაწილი თავის თავდაცვით ზღუდედ, ერთგვარ «მაჟინოს ხაზად» განიხილავს, სინამდვილეში კისერზე ჩამოკიდებული დოლაბია, რომელიც ფსკერისკენ მიაქანებს და გადარჩენის შესაძლებლობას ართმევს.

განშორების დღე ახლოვდება

ვიდრე «ნაციონალური რევანშის» თუნდაც თეორიული საფრთხე არსებობს, ოპოზიციაში გადასვლა კოალიციაში შემავალი ნებისმიერი პარტიისთვის რეიტინგის განულების ტოლფასია. მაგრამ მაშინ, როდესაც ეს საფრთხე მოიხსნება (იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება «ნაციონალური ბუას» ხელოვნური გამოკვება და შენარჩუნება; კაცმა რომ თქვას, ესეც ერთ-ერთი შესაძლებელი ტაქტიკაა, თუმცა ძლიერ არაკეთილსინდისიერი) ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ძალების ერთი ქოლგის ქვეშ დარჩენა ფრიად არაბუნებრივი გახდება. იმ ფაქტის კონსტატაციაში, რომ კოალიციის დაშლა გარდაუვალია, არაფერი კატასტროფული არ არის, ეს სავსებით ნორმალურია და, სავარაუდოდ, «ნაცმოძრაობის» სრული მარგინალიზაციისა და კრახის შემდეგ მოხდება.

დღეს კოალიციის ხელმძღვანელობა მასში შემავალ პარტიებს და ცალკეულ პოლიტიკოსებს თამაშის მკაცრ (ზოგიერთი შეფასებით, ზედმეტად მკაცრ) წესებს სთავაზობს. ირაკლი ალასანია, ალბათ, ვერ წარმოიდგენდა, რომ თანაპარტიელებთან პრეზიდენტობის კანდიდატზე საუბარს შეცდომად ჩაუთვლიდნენ და საჯაროდ გაკიცხავდნენ (რაც არ უნდა შევალამაზოთ, არსებითად, ეს გაკიცხვა იყო), ხოლო მის პარტიაში «ჩანერგილი ხალხის» თემა საყოველთაო განხილვის საგანი გახდებოდა. ამ ეპიზოდში განსაკუთრებით საგულისხმო იყო დავით საგანელიძის მიერ «ჩანერგილების» სიის სამართალდამცავებისთვის გადაცემა, შეიძლება პარტიიდან გარიცხვა, გვარების სააშკარაოზე გამოტანა და «ამხანაგური სასამართლოს» მოწყობა, საზოგადოებაში ისეთი განწყობის შექმნა, რომ ეს ადამიანები არც ერთმა პარტიამ არ მიიღოს, მაგრამ სადაური წესია შსს-სთვის სიის გადაცემა?! 1937 წელია თუ რა ხდება?

დავით საგანელიძემ ძალზე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს სულაც არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ირაკლი ალასანიას; მისი პარტია, ლიდერის კარგი სასტარტო პოზიციების მიუხედავად, კოალიციაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და მცირერიცხოვანი იყო და მისი სასწრაფოდ გაძლიერების იდეით შეპყრობილმა ხელმძღვანელობამ, კოლეგებისგან განსხვავებით, ახალი წევრების მიღება პრაქტიკულად ყოველგვარი ფილტრაციის გარეშე დაიწყო. დღევანდელი მოვლენები ამ პოლიტიკის შედეგია.

დისციპლინა კარგია და აუცილებელია ომში, მის გარეშე კოალიცია ვერც არჩევნებს მოიგებდა და ვერც ხელისუფლებას შეინარჩუნებდა. მაგრამ ომი მალე დასრულდება; მოწინააღმდეგის მარცხი გარდაუვალი ჩანს (დღეს «ქართული ოცნების» ბევრი მხარდამჭერი დაახლოებით ასეთ განწყობაზეა _ «აგერ _ ბერლინი, აგერ _ რაიხსტაგი, რაღას ველოდებით?!»). შემდეგ კი დაიწყება ახალი ცხოვრება, რთული, წინააღმდეგობებით აღსავსე, მაგრამ მშვიდობიანი; ქართული პოლიტიკა შეიცვლება, ხოლო შიდაკოალიციური (და ზოგადად, პოლიტიკური) თამაშის წესები, რომლებიც ადეკვატური, მეტიც, ერთადერთი შესაძლებელი იყო 2012-13 წლების სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების დროს, ბევრისთვის დამთრგუნველი და მიუღებელი გახდება (განსაკუთრებით, უცხოელი პარტნიორების დაჟინებული რჩევებისა და შემდგომი თანადგომის შემთხვევაში). მიჩნეულია, რომ ის პარტიები, რომლებიც კოალიციას დატოვებენ აპრიორი, უპირატეს მდგომარეობაში იქნებიან «არასაპარლამენტო» კოლეგებთან შედარებით (საპარლამენტო ფრაქცია, მასმედიის ყურადღების კონცენტრირება და ა. შ.), თუმცა ყველაფერი ფარდობითია და განშორების ფორმასა და დროზეა დამოკიდებული.

ძველი რომაელების თქმის არ იყოს, დრო იცვლება, მაგრამ საინტერესოა, შევიცვლებით თუ არა მასთან ერთად ჩვენ, ცნობილი ანდაზის მეორე ნაწილის თანახმად? ჩვენ ხომ დაგვავიწყდა (ან არ ვიცით), როგორ გამოიყურება და რა შეგრძნებებს უკავშირდება პოლიტიკური და სამოქალაქო მშვიდობა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მასზე სრულიად საქართველო ოცნებობს.