პარტიების დაფინანსების საკითხმა ეუთო-ოდირის რევიზია უნდა გაიაროს

პარტიების დაფინანსების საკითხმა ეუთო-ოდირის რევიზია უნდა გაიაროს

პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმების შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუცა მომდევნო განხილვები შეჩერდება.

ინიციატივით კანონმდებლებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მიმართა. ირაკლი კობახიძემ თანაპარტიელებს შესთავაზა, ცვლილებები სამართლებრივი დასკვნისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ. თუმცა, ვიდრე მმართველი პარტია კანონპროექტების განხილვის გადადების და მისი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის ინიციატივით გამოვიდოდა, მანამდე კანონპროექტში რამდენიმე ცვლილება შევიდა და დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.

„იმისათვის, რომ არავის დარჩეს დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმეზე საუბრის საბაბი, მე გთავაზობთ, რომ დავიცადოთ რამდენიმე კვირა და გავგზავნოთ ეს საკანონმდებლო პაკეტი ვენეციის კომისიაში ან ოდირში. შევაჩეროთ კანონპროექტების განხილვა იანვრის ბოლომდე და მეორე მოსმენამდე დაველოდოთ მათ პოზიციას და შემდეგ განვაახლოთ განხილვები.

ანალოგიურად შეიძლება მოვიქცეთ მეორე კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას იმ პარტიისთვის, რომლის ლიდერიც არ აკმაყოფილებს საკონსტიტუციო ცენზს. ასეთ შემთხვევაში არანაირი კითხვა არ დარჩება ამ კანონპროექტების კრიტიკისთვის. დღეს ვუყაროთ კანონპროექტებს კენჭი პირველი მოსმენით და შემდეგ დაველოდოთ შეფასებებს“, –განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „პარტიების დაფინანსების შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა „ქართული ოცნების“ ტაქტიკური წინსვლაა, ვინაიდან ოპონენტები ახლა აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში. როგორც ოხანაშვილი აცხადებს, ოპოზიციას ახლა, ვენეციის კომისიის დალოდება მოუწევს.

„ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობას არ ადგენს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აკეთებს რეკომენდაციებს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, სამართლიანი, ეს არის საბიუჯეტო სუბსიდირების მიზნობრიობაზე გათვლილი პროექტი. თუმცა, თუ არის რაღაც კიდევ რესურსი იმისა, რომ კონსესუსის საფუძველზე შევთანხმდეთ, ვკითხოთ ოპონენტებს, დაინტერესებულ პირებს – გავგზავნოთ ეს პროექტი, გვაქვს ამის სურვილი?! თუ ამის რესურსი იქნება, მზაობას გამოვთქვამთ. ეს არის ტაქტიკური წინსვლა, ვინაიდან ოპონენტები ახლა აღმოჩნდებიან უხერხულ მდგომარეობაში. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი პროექტი და მოუწევთ მათ ვენეციის კომისიის დალოდება. ვნახოთ, რა შეფასებებს გააკეთებენ, რამდენად გაიზიარებენ ისინი იმას, მათთვისაც თუ არის ეს მისაღები“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა.

„ამიტომ მე ვფიქრობ, რომ პარტიების დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებული ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის გადადება არის უკან დახევა. თვითონაც მიხვდნენ, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგეს. არ შეიძლება, ქმნიდე მოლაპარაკებების გამართვის ილუზიას და ამავე დროს უზარმაზარი პრობლემები შეუქმნა შანტაჟის გზით მას, ვინც მოლაპარაკების მაგიდასთან ზის. ეს წარმოუდგენელია და უკანონოა. მოვუწოდებ მმართველ გუნდს, რაციონალურად შეხედონ პროცესს. ასეთი ტიპის ბერკეტის გამოყენება ოპოზიციაზე ზეგავლენას ვერ ახდენს. ისინი ახლა გამოსავლის ძიებით უნდა იყვნენ დაკავებულები“, – ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თვლიან, რომ დაფინანსებისა და რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტები თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებაზე ოპოზიციას კონსენსუსი აქვს. ხატია დეკანოიძის განცხადებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი, როდესაც ერთს საუბრობს, როგორც სამართლებრივ ჩარჩოში არსებული ადამიანი, რომელიც გაცდენილია ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს, მას არ გააჩნია პოლიტიკური ლიდერშიფი.

„მის გარშემო ყველა ადამიანი არის ერთი, ესენი არიან ერთი ადამიანის გზავნილების გამტარებელი, ბიძინა ივანიშვილის იდეოლოგები. ფაქტია, რომ ძალიან რეპრესიული კანონები დააანონსეს, მათ შორის რეგისტრაციიდან ჩახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ასეთი შინაარსობრივი სახე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეხედულება მათ იციან ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ამიტომ ეს თუნდაც შიდა ვაჭრობისთვის არ გამოვა, რადგან ჩვენ ჩვენი კონსენსუსი უკვე გვაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით, საკითხებთან, რომლებიც ეხება სწორედ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არმინიჭებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დაფინანსებას არ იღებს „ გირჩი“, ამიტომ, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებით პარტიისთვის არაფერი შეცვლილა. როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, ეს შეიძლება ერთგვარი მცდელობა იყოს, რომ ჩიხიდან გამოიყვანონ ის მოლაპარაკებები, სადაც ახლა შევიდნენ.

„ეს ნაბიჯი არ იქნება საკმარისი, მაგრამ თუ ამ მოტივით არის გადადგმული, იმედია, ტენდენცია გაგრძელდება და ჩვენ გვექნება ის პირობები, რომ განვაგრძოთ მოლაპარაკებები“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება დროის გაწელვას ცდილობს იმისთვის, რომ ოპონენტებთან შეთანხმება შედგეს.

„გარკვეულწილად, ამ ეუთო/ოდირში თუ ვენეციის კომისიაში მიმართვით, ისინი წელავენ ამ პროცესს, თან რაღაც რესპექტაბელური სახის ჩვენებაც უნდათ. ორ კურდღელს მისდევენ თითქოს, თუმცა ლოგიკა არ არის, იმიტომ, რომ შენ თუ გაინტერესებდა მათი აზრი, კანონპროექტის ინიცირებამდე გეკითხა და მერე დაგეწყო შარი–შური პარლამენტში“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ასე არ ფიქრობს სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელი, მამუკა არეშიძე, რომლის განცხადებით, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, რაც ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, სწორია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მიეცემა შეფასება. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ვენეციის კომისიიდან და ეუთო/ოდირიდან არ მოვიდეს ისეთი შეფასებები, როგორიც გაგზავნის ინიციატორებს წარმოუდგენიათ.

„ეს გაბედული ინიციატივაა თუ შეიძლება ასე ითქვას იმიტომ, რომ არ არის გამორიცხული იქიდან არ მოვიდეს ისეთი შეფასებები, როგორც წარმოუდგენია გაგზავნის ინიციატორებს. მე მგონია, რომ ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას განსხვავებული აზრი ექნება, მაგრამ თავისთავად სვლა არის სწორი. ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული, რომ შესწორება შესთავაზონ და არ არის გამორიცხული, რომ ვენეციის კომისიამ მოიწონოს ძირითადი ნაწილი.

გავიხსენოთ რა გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა 2008 წელს, მან ზუსტად ეს ნაბიჯი გადადგა – გამოიტანა დადგენილება, რომელიც გულისხმობდა პარტიების დაფინანსების გაუქმებას და რომ არა 2008 წლის ომი, ეს ასე დარჩებოდა და ახლა იგივე გზით მიდის „ქართული ოცნება“. უბრალოდ მე ვთვლი, რომ პოლიტიკური სპექტრისთვის ძალიან მძიმე დარტყმა იქნება და ძალიან გაჭირდება პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება იმ შემთხვევაში თუ მათ დაფინანსება არ ექნებათ. არ არის გამორიცხული, რომ ამ კანონპროექტებში ზოგიერთ პუნქტს, მიდგომას იქ სხვანაირი შეხედულება დახვდეს“, – აცხადებს მამუკა არეშიძე.