სოსო ცისკარიშვილი:

სოსო ცისკარიშვილი: "საქართველოს სააკაშვილის სიტყვების აღარ სჯერა"

"ერთია დაპირებების შესრულების დაწყება, მეორე - ამ პროცესების ტემპი. მიმაჩნია, რომ უფრო რადიკალური უნდა ყოფილიყო საკადრო ცვლილებები, განსაკუთრებით, პროკურატურის სისტემაში. ბევრი თემა, რომელიც აღელვებს ჩვენს მოსახლეობას, დაკავშირებულია სამართლიანობის აღდგენასთან, თუმცა ამის პარალელურად ხდება პროკურატურის დისკრედიტაცია, რაც ამ პროცესს უშლის ხელს. არ გამოვრიცხავ, ეს ყველაფერი ორგანიზებული საბოტაჟის ნაწილი იყოს", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა" / "საქართველოს სააკაშვილის სიტყვების აღარ სჯერა".

"სოციალური ქსელები სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანებმა თავიანთი აზრი გამოხატონ, ამას საზოგადოებრივი აზრი ვერ დაერქმევა. ვფიქრობ, საქმეში ნაკლებად ჩახედულთათვის უნდა იყოს ალასანიას თემა ყველაზე მნიშვნელოვანი. ივანიშვილმა აქამდეც არაერთხელ თქვა, რომ ალასანიას თემა დახურულია. გულდასაწყვეტია ჟურნალისტთა იმ კლასის არსებობა, რომელსაც ეს თემა აინტერესებს, მაშინ, როდესაც ლაპარაკია მთავრობის მიერ განვლილი ასი დღის შეჯამებაზე. ალასანიას ივანიშვილმა ურჩია, თვითონ ისაუბროს ამ ვოიაჟზე, ჰოდა, დაველოდოთ განმარტებას ბატონი ირაკლისგან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

"ამ გაუგებრობის მიზეზი იყო ალასანიას მიერ საპრეზიდენტო კანდიდატად საკუთარი თავის წარმოდგენა, თუმცა ამას შეცდომად არ მივიჩნევ, შესაბამისად, არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ-მინისტრს რაღაც სხვა საბაბი ჰქონდეს ამგვარი განცხადებისთვის. ბუნებრივია, ამის საჯაროდ გარჩევა და აჟიოტაჟის ატეხა სასურველი არ არის. არ შემიძლია საჯაროდ არ გამოვხატო გაკვირვება ამ სავარაუდო დანიშვნაზე არა იმიტომ, რომ რამე პრეტენზია მაქვს კანდიდა¬ტის მიმართ - გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთი ღირსეული მოქალაქე და პროფესიონალია. უბრალოდ, განათლებისა და მეცნიერების წინაშე მდგომი უდიდესი პრობლემების გათვალისწინებით, მისი ახალი ვალდებულებებით დატვირთვა არასწორი მგონია. დღევანდელ მთავრობას ნამდვილად აკლია ვიცე-პრემიერი, რომელიც სხვა ფუნქციებისგან თავისუფალი იქნება. დარწმუნებული ვარ, მარგველაშვილი თვითონაც შეწუხებული იქნება ამ გადაწყვეტილებით", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ვადაგასული პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება ისეთ პატივში, როგორც წინა წლებში ხდებოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ უმცირესობაში დახვდება თავისი პოლიტიკური გუნდი, არამედ იმიტომაც, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს მისი პრეზიდენტობა უკანონოდ მიაჩნია. პროგნოზირება თემებისა, რომლებზეც სააკაშვილმა უნდა ილაპარაკოს, ადვილია. რასაკვირველია, მოვისმენთ იმას, რასაც ვისმენდით წინასაარჩევნო პერიოდში და ვისმენთ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ეს არის დემაგოგია, ცილისწამება და შეურაცხმყოფელი შეფასებები. შინაარსი იქნება ამგვარი: ქვეყანა ინგრევა, ეკონომიკა გაჩერდა, რუსეთის ინტერესები სრულდება, არის პოლიტიკური დევნა და ა.შ. ეს იქნება გაჯერებული სენტიმენტური გადახვევებით, მაგრამ საქართველოს სააკაშვილის სიტყვების აღარ სჯერა და არც მისაღებია მოსახლეობის უმრავლესობისთვის კონსტიტუციიდან ამოვარდნილი პირისგან ნოტაციების მოსმენა. პრეზიდენტს თუ გაქცევის საშუალება მიეცა, აუცილებლად გაიქცევა. ამას მოჰყვება ხმაური უმცირესობის მხრიდან და სხდომის ჩაშლის მცდელობა. ასეთ შემთხვევაში უმცირესობაც დატოვებს დარბაზს და უმრავლესობის ბრალდებებს მხოლოდ ტელემაყურებელი მოისმენს", - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.


"რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებას, ეს არის არა მხოლოდ მერაბიშვილის, არამედ მისი ყველა თანამზრახველის საჯაროდ გამხელილი ოცნება. შესაბამისად, იგი განკუთვნილია "ნაციონალური მოძრაობის" იმ ნამსხვრევებისთვის, რომელთა შეკოწიწებასაც ცდილობენ. ვერ გეტყვით, რომ რაიმე სერიოზული რესურსი დგას ამის უკან. დავით ბაქრაძე გონიერი ადამიანია და ასეთ სისულელეებს თვითონ ვერ გამოიგონებდა. სამწუხაროდ, იგი რჩება "ნაცმოძრაობის" იდეების აღმასრულებლად. ვფიქრობ, ბაქრაძემ სხვაზე უკეთ იცის, რომ არც ნატოს და არც ევროკავშირის დამფუძნებელ ქვეყნებს საკუთარ კონსტიტუციაში არსად უწერიათ, რომ ნატო და ევროკავშირი უნდა იყოს მათი ქვეყნის განვითარების ერთადერთი გზა. რაც შეეხება ზემოქმედებას, სააკაშვილი და მისი უმცირესობა, მათი გუნდის წევრებს ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს რომ სთხოვენ, ცდილობენ, ეს ზემოქმედებად წარმოაჩინონ. ისე, ბოლო ხანს აშკარად გაუჭირდათ, ადრე უფრო ნიჭიერად ატყუებდნენ მოსახლეობას", - დასძენს რესპონდენტი.