რა და საიდან მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოში

რა და საიდან მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოში

ოპონენტების ბოლოდროინდელი მწვავე კრიტიკის ფონზე, პრემიერ-მინისტრი დარწმუნებით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მისაღები ტემპით ვითარდება და რომ ყოფილი ხელისუფლება რეალობას შეგნებულად და ხელოვნურად ამუქებს. მთავრობის ხელმძღვანელი მოელის, რომ, ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შეთავაზების შედეგად, ინვესტიციების შემოდინებასაც ვერაფერი დაუდგება წინ. რამდენად ოპტიმისტურია ექსპერტების მოლოდინი?

”არავითარი პრობლემა ბიუჯეტში არ არსებობს, მცირე და საშუალო ბიზნესში 320 მილიონ დოლარზე მეტია ბრუნვა და, შესაბამისად, ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება”, - უთხრა ჟურნალისტებს 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, რომელიც პრობლემად არ მიიჩნევს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემს, რომ 2012 წლის დეკემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის ერთი პროცენტით შემცირდა. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ წინა ხელისუფლების მიერ მართული მსხვილი საწარმოების მუშაობა ამავე ძალამ შეაჩერა:

”მათში შემცირდა ბრუნვა და რაღაც შეფერხებებია... ამან რაღაც გავლენა იქონია, მაგრამ ვერავითარი კატასტროფული გავლენა ვერ იქონია. ამას მერაბიშვილი წინასწარ რომ აცხადებდა, გახსოვთ? რამდენიმეჯერ რომ გააკეთა განცხადება და მერე ვეღარ შემოვიდა დებატებში... იმიტომ, რომ თითონ კარნახობდა ამ კომპანიებს, როგორც ჩანს... მაგრამ ვერაფერიც ვერ მოახერხეს და ვერც მომავალში მოახერხებენ. ეკონომიკა ვითარდება ნორმალურად. ერთი პროცენტი და ისიც ერთ თვეში - ეს არაფრის მთქმელი არ არის. მე გარწმუნებთ, რომ საქართველოში ინვესტიციები გაიზრდება”.

პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმის მიუხედავად, საბიუჯეტო კრიზისის საფრთხეზე საუბარი არ შეუწყვეტია ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის გარდა, ამ თემატიკის განცხადებები ბოლო პერიოდში ყოფილი ხელისუფლების არაერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. როგორც 5 თებერვალს უთხრა რადიო თავისუფლებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ, შემაშფოთებელია დღგ-ის ბრუნვის მაჩვენებლები და, წინასწარი ინფორმაციით, შემაშფოთებელია ინვესტიციების მოზიდვის მაჩვენებლებიც, რის შესახებაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა. ინვესტიციების შემაფერხებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად, ხელისუფლების წარმომადგენელთა ორაზროვანი და უპასუხისმგებლო რიტორიკის გარდა, ზურაბ ჯაფარიძე მათ უმოქმედობას მიიჩნევს:

”2013 წლის 1 იანვრიდან დაგეგმილი იყო და ახლა უკვე შემცირებული უნდა ყოფილიყო საშემოსავლო გადასახადი თუ დივიდენდის გადასახადი და ეს შემცირება არ მოხდა, რადგანაც შეცვალეს საგადასახადო კოდექსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორები, რომლებსაც ჩადებული ჰქონდათ ფული ამ ქვეყანაში და მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ გადასახადები შემცირდება, ისინი მოვატყუეთ, ქვეყანამ მოატყუა ამ შემთხვევაში. და ცხადია, ამაზე რეაგირებას ახდენენ პოტენციური ინვესტორები”.

ინვესტიციების მოზიდვის კუთხით განსაკუთრებული აქტივობა რომ არ არის, ამას ეკონომიკის სფეროს ექსპერტი ირაკლი ლექვინაძეც ამჩნევს, თუმცა, გამომწვევი მიზეზების ჩამოთვლისას ის სულ სხვა ასპექტებზე ამახვილებს ყურადღებას:

”ეს არის არჩევნები, რომელიც იყო საკმაოდ მწვავე, უპროგნოზო, შედეგი იყო საკმაოდ ბუნდოვანი განსასაზღვრი. ამან, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე მოახდინა გავლენა - როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებზე. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გარდამავალი პერიოდი იყო, თვე-ნახევრის განმავლობაში განსაკუთრებით. ასე რომ, ესეც თავისებურად აისახა ბიზნესგარემოზე და ინვესტიციებზე. თუ 4-კვარტლიან მონაცემებს შევხედავთ, ყოველთვის პასიურია პირველი კვარტალი, ვიდრე დანარჩენი სამი. ამიტომ ახლაც მაინცდამაინც დიდი აქტიურობა ამ კუთხით არ შეინიშნება. ბევრი დამოკიდებულია ხელისუფლების შეთავაზებებზე ინვესტორებისადმი”.

ინვესტორების დასაინტერესებლად საქართველოში, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე, ახალი სუვერენული ფონდი ამოქმედდება, რომელსაც, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ექნება 3 ძირითადი ფუნქცია: ის თავს მოუყრის სახელმწიფო აქტივებს და განახორციელებს სტრატეგიულ პროექტებს; ის შეასრულებს საერთაშორისო დივერსიფიკაციის ფუნქციას და ასევე მხარს დაუჭერს ახალგაზრდული პროექტების განხორციელებასა და, პარალელურად, შეასრულებს სხვა მომავალი ფონდების მართვის ფუნქციას. 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ინვესტორების მხარდამჭერი 2 მილიარდ დოლარიანი კერძო ფონდის დაარსების იდეას, სადაც, გამჭვირვალობის სრული დაცვით, პრემიერ-მინისტრმა შესაძლოა საკუთარი სახსრებიც ჩადოს:

”როცა უცხო ქვეყნიდან შემოდის ბიზნესმენი და მას ადგილობრივი კაპიტალი ხვდება გამზადებული და ის მზად არის პარტნიორობისთვის, ძალიან აიოლებს, გარწმუნებთ... პრაქტიკულად პარტნიორი ჰყავს ადგილობრივი. რამდენიც არ უნდა შემოვიდეს, იმდენი დახვდება პარტნიორი”.

თუკი ეკონომიკის ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, მსგავსი ფონდები ინვესტორების დიდ დაინტერესებას გამოიწვევს, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ხელმძღვანელის პაატა შეშელიძისთვის გაუგებარია ასეთი ფონდების სამომავლო დანიშნულება, რადგანაც ექსპერტი ასეთი მექანიზმების შექმნას საერთოდ არ მიიჩნევს მთავრობის საქმედ. პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მთავრობამ საინვესტიციო გარემოს სრულყოფაზე უნდა იზრუნოს და ასე უნდა უზრუნველყოს ინვესტორთა მოზიდვა.

პრემიერ-მინისტრი არ ასახელებს, თუ კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან და რა ოდენობის ინვესტიციის შემოდინებაა მოსალოდნელი საქართველოში. ის, უბრალოდ, ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესი გათავისუფლდა წინა ხელისუფლების მარწუხებისგან და, შესაბამისად, აწი ინვესტიციების შემოდინებაც არ დააყოვნებს. თუმცა, როგორც წლის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მისი სამუშაო გრაფიკის ნახევარზე მეტი ”ახალ ინვესტორებთან” შეხვედრას ეთმობა და ყველაზე მეტ ინტერესს ის ისრაელიდან, გერმანიიდან და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი მოელის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2013 წელს 2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

რაც შეეხება რუსეთს, პრემიერ-მინისტრი ნამდვილად ელოდება ინვესტიციებს რუსეთიდან. თუმცა, როგორც მან აღნიშნა 5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე, მეზობელი ქვეყნიდან ჯერ იქ მცხოვრები ქართველების ფული დაიძვრება. ”ქართველები დარაზმულები არიან და წამოსვლას აპირებენ”, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.