ოპოზიციიდან პარლამენტში შემსვლელი პირველი მერცხალი გამოჩნდა - „ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ოპოზიციას ყველა ტაქტიკური სვლა მოუგო“

ოპოზიციიდან პარლამენტში შემსვლელი პირველი მერცხალი გამოჩნდა - „ხელისუფლებამ ამ ეტაპზე ოპოზიციას ყველა ტაქტიკური სვლა მოუგო“

პარლამენტში ოპოზიციიდან შემსვლელი პირველი მერცხალი გამოჩნდა - უკვე დადასტურებული ინფორმაციით „პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შედის. ენუქიძე პარტიის შემომწირველი და დეკლარირებული მილიონერია.

თავად ენუქიძე for.ge-სთან ადასტურებს, რომ მანდატზე უარის თქმას არ აპირებს. თუმცა როდის შევა პარლამენტში, ჯერ არ გადაუწყვეტია. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ოპოზიციის ადგილი საკანონმდებლო ორგანოშია და პარტიებმა ეს ბერკეტი ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის უნდა გამოიყენონ, ამიტომაც ენუქიძე ამ შანსის  ხელიდან გაშვებას არ აპირებს.

ავთანდილ ენუქიძე შევარდნაძის დროინდელი მაღალჩინოსანი პოლიციელია. ის წლების განმავლობაში „პატრიოტთა ალიანსის“ დამფინანსებელი და შემომწირველია. ასევე შპს „არდიგში“ 30%-იანი წილის მფლობელი. ენუქიძე წილს ასევე არა ერთ კომპანიაში ფლობს. მან პარტიას 2016 წელს 60 ათასი ლარი შეწირა.

For.ge-ს ასევე ინფორმაცია აქვს, რომ შესაძლოა მის მსგავსად პარლამენტში შესვლაზე სხვა იმ დეპუტატებმა მიიღონ გადაწყვეტილება, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან, რომელიმე პარტიის კონკრეტული შემომწირველები არიან და მანდატს ფლობენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება ნაციონალების ბლოკში შემავალმა ცეზარ ჩოჩელმა და კახა ოქრიაშვილმაც მიიღონ.

„რა თქმა უნდა, „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად ვრჩები. თუმცა პარლამენტისთვსი ბოიკოტის გამოცხადება ბრძოლის სწორ ფორმად არ მიმაჩნია. ზუსტად როდის შევალ პარლამენტში, არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. პარტიაში ასეთი შეხედულება აქვთ, მე კი ასეთი. თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა. ამიტომ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც სწორად მიმაჩნდა“, - განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ for.ge-სთან.

„პატრიოტთა ალიანსს“ 4 მანდატი აქვს. ირმა ინაშვილმა და მისი პარტიული სიის კიდევ ორმა წევრმა სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით პარლამენტს ორი დღის წინ მიმართა.

გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო პარტიისთვის, სადაც ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. ენუქიძის გადაწყვეტილება გუნდში ახსნეს იმით, რომ როგორც ჩანს, ყველგან არსებობს პოლიტიკური და ბიზნეს განყოფილება, ენუქიძე კი, რომელიც დეკლარილებული მილიონერია, ბიზნესმა გადაწონა.

„მე, ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნეს შემადგენელი, ბატონი ავთო წლების მანძილზე ჩვენი პარტიის მხარდამჭერი და შემომწირველია, ის აფინანსებდა არჩევნებს, შესაბამისად ის თავისუფალია ქმედებებში“, - თქვა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიციას არ გაჰკვირვებია, რომ ცალკეული ბიზნესმენები პარლამენტში შესვლას ფიქრობენ. მათი აზრით, ივანიშვილმა, როგორც ჩანს, ისინი შეთავაზებით მოხიბლა. თუმცა სჯერათ, რომ პარლამენტში 1-2 ოპოზიციონერის შესვლა საერთო სურათს ვერ შეცვლის.

„ქართულ ოცნებაში“ უარყოფენ, რომ ავთანდილ ენუქიძესთან მათ რაიმე მოლაპარაკება ჰქონდათ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას მოლოდინი აქვს, რომ უახლოეს მომავალში არა ერთი და ორი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია შევა პარლამენტში.

კითხვაზე, აქვს თუ არა ხელისუფლებას კომუნიკაცია რომელიმე მათგანთან, კობახიძე პასუხობს: „შეიძლება გვაქვს, შეიძლება არც გვაქვს“.

„ჩვენ ყველა შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, რომ არა ორი და სამი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ამის მტკიცების საშუალებას გვაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე მანევრირებისთვის, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. რადიკალურ ოპოზიციას მანევრირების არავითარი სივრცე არ აქვს. მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიყენეს საკუთარი თავი, რომ ახლა არჩევანი ცუდსა და უარესს შორის რჩებათ. მათთვის ცუდი არის შემოსვლა იმიტომ, რომ მაღლა აწიეს თამასა, ხოლო უარესი არის არშემოსვლა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტიის „კანონი და სამართალი“-ს დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი კი მედიასთან საკამოდ სკანდალურ განცახდებას აკეთებს. მისი მტკიცებით ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიის პოლიტიკოსებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარიგებებს სთავაზობენ. ჩარკვიანი ამბობს, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენელი მასთანაც იყო მისული და გარიგების სანაცვლოდ პარლამენტში შესვლა შესთავაზა. კითხვაზე, შესთავაზეს თუ არა მას მმართველი გუნდიდან პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ გარკვეული თანხა, ჩარკვიანი პასუხობს, რომ კონკრეტიკისგან თავს შეიკავებს.

თუმცა, კითხვას, სთავაზობენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები თანხას ოპოზიციური პარტიების წევრებს, ის პასუხობს, რომ „კი, რა თქმა უნდა, აბა რა“.

„ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებთან გარიგებებზე დადიან. ჩემთანაც იყო საუბარი ამ სამი კვირის წინ, ცოტა უფრო აქეთ. გარიგებას სთავაზობენ... ვისთვის თანხაა და ვისთვის რაღაც სხვა. შემოდით - ამაზეა საუბარი. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღირებულებებს არასდროს ვღალატობ და არც ამჯერად მიღალატია. სხვა პარტიებმა საკუთარ თავზე ისაუბრონ. მუშაობენ, რომ როგორმე ჯერ მოგსპონ და კედელთან მიგამწყვდიონ, მერე მოვიდნენ და ლაპარაკი დაგიწყონ შესვლა-არშესვლაზე. პიროვნულად ჩემს თავზე მაქვს საუბარი. კონკრეტული რაღაც შემომთავაზეს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, ეს არის ჩემი ინფორმაცია“, - აცხადებს ჩარკვიანი.

ჩარკვიანი არც იმას აკონკრეტებს, თუ ვინ მივიდა მასთან მმართველი გუნდიდან შეთავაზების გასაკეთებლად.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვა. ამიტომ, თუკი ოპოზიცია ამას აღიარებს კარგი იქნება. ხუხაშვილი ამბობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რა იქნება ჯერ უცნობია, თუმცა მოკლე დროში „ოცნებამ“ ყველა ტაქტიკური სვლა წარმატებით მოიგო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებას მათრახის და თაფლაკვერას მეთოდი აქვს არჩეული. ერთი მხრივ ოპოზიციაზე პრესინგს განახორციელებს, მეორე მხრივ კი მათთან მოლაპარაკებას ახორციელებს.

„ხელისუფლება ახლა ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი გზაა ოპოზიციაზე პრესინგი განახორციელოს, მეორე გზაა მოლაპარაკება. ეს მოლაპარაკება მიდის, როგორც საჯაროდ ასევე კულისებში. რა თქმა უნდა, კულისებში უფრო საინტერესოა ვის რას სთავაზობენ და როგორ ითანხმებენ. ვფიქრობ, კულისებიდანაც რაღაც საინტერესო სიუპრიზებს უნდა ველდოთ. გარდა ამისა, ხელისუფლება ცდილობს, რომ პატარა პარტიები შეიყვანოს და „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დატოვოს. თუ მისი ელექტორალური გაქრობა პოლიტიკური რუკიდან ვერ შეძლეს, მაშინ ამ ტრიუკით იქნებ მოიშორონ. ახლა „ოცნების“ მთავარი საფიქრალია, რომ როგორმე პარლამენტში 23 კაცი შეიყვანოს და საკონსტიტუციო უმრაველსობა მიიღოს. სიმართლე ვთქვა, გრძელვადიან პერსპექტივას ვერ ვხედავ. მოკლე ვადაში, კი ბატონო, ოპოზიციას ყველა ტაქტიკური სვლა მოუგო“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას სხვებისგან განსხვავებით ნამდვილად აქვს ის უნარები რომ უფრო წინ გაიხედოს. ამიტომაც მის განცხადებებში კარგად ჩანს, რომ ის ხვდება მომავალში ქვეყანაში რა პრობლემები შეიძლება გაჩნდეს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ კობახიძე მხოლოდ ივანიშვილის თარგზეა მოჭრილი, ამიტომაც ის ერთ დღეს, ერთს ამბობს, მეორე დღეს კი მეორეს. ივანიშვილი ძალიან კარგი ტაქტიკოსია და კონკრეტული ამოცანებით მოქმედებს. ეს კობახიძის განცხადებებიდანაც ჩანს.

„ივანიშვილს აქვს ასეთი ამოცანა, რომ ნებისმიერ პარტნიორობის შემთხვევაში, მორალური უპირატესობა ჰქონდეს. ის არავისთან თანაბარ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ქუჩაში ოპოზიციის ასე ღიად დარჩენა ძალიან რთული იქნება. კი ბატონო, მათ აქვთ ჯერჯერობით ერთიანობა, მაგრამ სამომავლოდ რა იქნება ხომ არ ვიცით. ქუჩაში კუნთები და ძალაა საჭირო. ასეთი კუნთები კი ოპოზიციის სხვა ყველა პარტიისგან განსხვავებით მხოლოდ ნაციონალებს აქვთ. პატარა პარტიები კი, მის ტყვეობაში, უნდათ თუ არა, აღმოჩნდებიან. ახლა კი არ არიან, როგორც ამას ელისაშვილი ამბობს, არამედ პროცესში აღმოჩდებიან. ამის რისკი კი ყოველდღიურად იზრდება. პარლამენტში რომ შესულიყვნენ, იქ აქტიურობით და პარლამენტის მუშაობის ბლოკირებით უფრო მეტს შეძლებდნენ და ეს ქვეყანასაც წაადგებოდა. ახლა კი ქუჩაში ბუნდოვანი სცენარის განვითარების პირობებში, ეს პატარა პარტიები ვერც კი გააკონტროლებენ, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გამწევი ძალა ნაციოანლები არიან“, - აცახდებს გია ხუხაშვილი for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli თაკო ჩარკვიანისათვის "თანხა" რომ შეეთავაზებინათ, თუნდაც 20 თეთრი, რახანია პარლამენტში იქნებოდა გამოჭიმული!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე ის პარლამენტი რა ვთქვი სადაც ბოკერია, უგულავა, ბაქრაძე, თაკო ჩარკვიანი, ზურა გირჩი, თინა ბოკუჩავა, ელენე ხოშტარია და კიდევ მრავალი მისთანანი იქნებიან წარმოდგენილი, როგორც საქართველოს დეპუტატები!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა ვერ გაამართლეს ხალხის ნდობა. პარლამენტში არ შესვლით გვერდით დაუდგნენ ბოკერიას და სააკაშვილს. სიტყვით ვითომ ემიჯნებიან, მაგრამ საქმით გვერდით უდგანან!!!!!!!!!!!!!!!!
3 წლის უკან
maia dadia Aburjga Tasmanieliგეთანხმებით სამწუხაროდ ესენიც საკუთარ ამომჩევლებზე "მაღლა" დადგნენ.შედეგებს მიიღებენ შემდგომ არჩევნებზე.
3 წლის უკან
არაგველი641 ნამდვილად, მეც დიდი იმედი მქონდა "პატრიოტების", მაგრამ ხალხი "გააცურეს" და საკუთარი თავი ბოკერია-სააკაშვილებს მიჰყიდეს.
3 წლის უკან