ხელისუფლება ოპოზიციას მოსაფიქრებლად ერთ თვეს აძლევს - შეძლებს თუ არა „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებას?

ხელისუფლება ოპოზიციას მოსაფიქრებლად ერთ თვეს აძლევს - შეძლებს თუ არა „ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის შეკრებას?

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხი თებერვლამდე გადაიდო. ხელისუფლებამ ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი გადაავადა. მათთვის, ვინც სადეპუტატო მანდატზე უარი თქვა, ეს უარის თქმაც ძალაში თებერვლამდე ვერ შედის, ანუ თებერვლამდე ეს საკითხი გადავადებულია. ამიტომ არსებობს სივრცე იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და ხელისუფლება ოპოზიციას კიდევ აძლევს იმის შანსს, რომ კარგად დაფიქრდეს და მიიღონ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ოპოზიციის ნაწილი ამ ფაქტს მიესალმება და ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მოლაპარაკების სივრცე კიდევ დატოვა და მათ ეძლევათ საშუალება, რომ დროში შეზღუდვის გარეშე კონკრეტული პოზიციები შეათანხმონ. ნაწილი ოპოზიციითვის კი ეს მხოლოდ მორიგი ფარსია, რათა „ოცნებამ“ დეპუტატების გადაბირება შანტაჟით და ვაჭრობით შეძლოს. სხვა ქვეტექსტი მათი აზრით, ამ ქმედებაში არ იკითხება.

ანალიტიკოსებს კი for.ge-სთან ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად სწორ ტაქტიკად მიაჩნიათ და ვარაუდობენ, რომ ერთი თვის განმავლობაში, შესაძლოა, ბევრმა დეპუტატმა განაცხადი უკანაც კი გამოითხოვოს. ამიტომ არსებობს იმის შანსი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა შედგეს და ოპოზიციის ნაწილთან ხელისუფლება გარკვეულ შეთანხმებაზე წავიდეს.

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი მიმართულებაა. ხვიჩიას აზრით, ძალიან კარგი იქნება ეს იმისთვის, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსტრუქციული შეთანხმების სივრცე დარჩეს და კიდევ არსებობს იმედი, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვიღაც უფრო სახელმწიფოებრივად იფიქრებს და შეთანხმება მოხდება.

„წარმოდგენა არ მაქვს ხელისუფლებას რა ტაქტიკა აქვს ჩაფიქრებული იმისთვის, რომ მანდატებზე უარის თქმის პროცესი დროში კიდევ გაახანგრძლივა. ირაკლი კობახიძის მწვავე განცხადებები გვახსოვს და, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ამ რიტორიკით საუბარი მოლაპარაკებებს აზიანებს. ამიტომაც მივესალმები თუკი „ოცნება“ ერთი თვის ან თვენახევრის განმავლობაში მოლაპარაკების დასრულებამდე უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. კონსტიტუცია კარგად ვიცით და ვხვდებით კიდეც, რომ სანამ პარლამენტის მიერ ეს საკითხი კენჭისყრაზე არ იქნება გატანილი და დამტკიცებული, ყველა დეპუტატებად ვითვლებით. ამიტომაც მგონია, რომ მოლაპარაკების სივრცე ჯერ კიდევ არის.

ოპოზიციაში არ მომისმენია არც ერთი პოლიტიკოსისგან, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს და ისინი საუბარს წყვეტენ. შესაბამისად, თუ მოლაპარაკებაზე დადიხარ და იმედს იტოვებ, ხოლო ეს იმედი გამართლდა, მაშინ ავტომატურად გამოდის, რომ შეთანხმებაც შედგა. ამიტომ ეს დაწერილი განცხადებები ხომ უკან დასაბრუნებელია. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, სიტუაცია როგორ წავა, მაგრამ ამ ერთ თვეში ვიღაცამ გადაიფიქროს ან გადმოიფიქროს, ესეც შესაძლებელია“, - აცხადებს იაგო ხვიჩია for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე თუკი ხელისუფლება შეძლებს და 23 დეპუტატს ოპოზიციიდან პარლამენტში შესვლაზე დაითანხმებს, ხოლო 113-ხმას მოაგროვებს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭიროა, „გირჩი“ შევა თუ არა ასეთ შემთხვევაში პარლამენტში? ხვიჩია გვპასუხობს: „რა რასკვირველია, თუ კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესაძლებელი, ჩვენ ამისთვის პარლამენტში შევალთ. თუკი საკონსტიტუციო უმრავლეოსობის შექმნა იქნება იმისთვის საჭირო, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა მივიღოთ, ბუნებრივი ბარიერით ან მასთან მიახლოვებულით, ჩვენ, ცხადია, პირიქით, ჩვენს კოლეგებს მოვუწოდებთ პარლამენტში შემოვიდნენ და საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ ცვლილებების განსახორციელებლად შედგეს. უბრალოდ, ჯერჯერობით ხელისუფლებამაც სათანადო წინადადება მოლაპარაკების მაგიდაზე უნდა დადოს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია for.ge-სთან.

პარტია „მოქალაქეების“ კიდევ ერთი წევრი და დეპუტატი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება სწორია. მისი აზრით, მოლაპარაკების წინ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია და ვიღაცას მაინც უნდა ეყოს გონიერება, რომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგას. არც იოსელიანი გამორიცხავს, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში იმ დეპუტატებს, რომლებიც მოლაპარაკების გაგრძელების მომხრეები არიან, გამბედაობა ეყოთ და მანდატზე უარი აღარ თქვან. მისი აზრით, ეს პერიოდი ორივე მხარისთვის კარგი საშუალებაა, რათა სიტუაცია ცოტა განელდეს და პოლიტიკოსებმა კიდევ უფრო პრაგმატულად იფიქრონ.

„კარგია, რომ მოლაპარაკების სივრცე კიდევ უფრო გაიზარდა. თუკი შესაძლებელია, რომ მოალაპარაკება წარმატებით დასრულდეს, დროში შეზღუდული არ იყოს. მე-5 რაუნდი იქნება თუ შემდეგ კიდევ მე-6 რაუნდი, მხარეებმა შეძლონ, რომ პოზიციები კარგად მოამზადონ და მოსაფიქრებლად დროც დარჩეს. არ მგონია, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა მხოლოდ 23 კაცის შეგროვება უნდა იყოს, როგორმე საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს. მათი მთავარი მიზანი მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და სახელმწიფოსთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს. მიუხედავად ერთი და მეორე მხრიდანაც ხისტი პოზიციისა, მგონია, რომ მოლაპარაკებას აზრი მაინც აქვს. შეიძლება რაღაცა კომპრომისული ვარიანტი მოიძებნოს. ამიტომაც ვართ ჩვენ ამ მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეები. კარგია, რომ ხელისუფლება მიხვდა და მაინც დატოვა გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და დროში შეზღუდულები არ ვიყოთ“, - აცხადებს იოსელიანი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მანდატებზე წინასწარ მოლაპარაკების პერიოდში უარის თქმა მიუღებელია. ეს მოლაპარაკების კარის გაჯახუნების ტოლფასია. ამიტომაც იოსელიანი ამბობს, რომ თუ მოლაპარაკებაზე დადიხარ, მაშინ ასეთი რადიკალური ქმედებები დაუშვებელია. ხოლო თუ მოლაპარაკება არ უნდათ ხალხს პირდაპირ გააგებინონ და ამაზე ღიად ისაუბრონ. დეპუტატის აზრით, საბოლოოდ ხალხმა ოპოზიციის გეგმები უნდა იცოდეს, ვინ რას და როგორ აპირებს, რა გეგმით ხელმძღვანელობენ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება მანდატებზე უარის თქმა თებერვლამდე გადავადდეს, ლოგიკური და პოლიტიკურად გამართლებული ქმედებაა. მისი თქმით, ჯერ ერთი, ოპოზიციამ კარგად იცოდა, რეგლამენტის და პროცედურების მიხედვით, მანდატებზე უარის თქმა, რომ პარლამენტმა დააკმაყოფილოს, დრო სჭირდება. ამიტომ, ეს პროცედურა ერთი თვე, თვენახევარი მაინც გაგრძელდება. მანამდე კი, დიდი ალბათობით, ოპოზიციის შიგნითაც გამოჩნდება რა პროცესები წარიმართება და მათი ერთიანობა სადამდე შენარჩუნდება. ასევე ბევრი დეპუტატი მიხვდება, რომ გადაწყვეტილება ემოციურად არ უნდა მიიღოს და მუხტის განელებასთან ერთად, უფრო პრაქტიკულ გადაწყვეტილებასაც მიიღებს. ამიტომ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, აქვს იმედი, რომ 23 დეპუტატს მაინც შეიყვანს და საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. დიდი ალბათობით, მას გათვლა ისევ პატარა პარტიებზე აქვს და არც ის არის გამორიცხული, ვინმესთან კულუარულადაც საუბრობდეს.

„რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო, რომ მანდატებზე უარის თქმის პროცედურა თვენახევარი მაინც გაგრძელდებოდა. ამიტომ ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, რომ სანამ პარლამენტი კენჭისყრაზე ამ საკითხს არ დააყენებს და ოფიციალურად უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, მანამდე ყველა დეპუტატია და ჩვეულებრივად ყველა უფლებით სარგებლობენ. ხელისუფლება სწორად იქცევა, როცა მოლაპარაკების წინ ამას არ აკეთებს. მას დიპლომატიურ კორპუსთან ყველანაირი გასამართლებელი საბუთი ხელში უჭირავს. ის მოლაპარაკებისთვის სივრცეს კიდევ ტოვებს და ეს კარგია.

არაა გამორიცხული, რომ 23 დეპუტატი მაინც დაიყოლიოს და პარლამენტში შეიყვანოს. ამით კი საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს. ამიტომაც ხელისუფლების მოქმედება საკმაოდ სწორი და ლოგიკურია. დანარჩენი, ალბათ, მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული. შესაძლოა, ამ ერთ თვეში პოლიტიკური პროცესები განელდეს და პარლამენტში ბევრი დეპუტატი ვიხილოთ“, - აცახდებს ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან.