რისთვის სჭირდებოდა კრიმინალთან მებრძოლ ხელისუფლებას

რისთვის სჭირდებოდა კრიმინალთან მებრძოლ ხელისუფლებას "კალაშოვის შიში"?!

შეძლო თუ არა კალაშოვმა მერაბიშვილის ციხესიმაგრეში საკუთარი ქსელის გაბმა?

"სოდ-ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მანამდე თავს იწონებდნენ ქურდულ სამყაროსთან შეუპოვარი ბრძოლით, უცებ დაფრთხნენ და კალაშოვთან დაპირისპირებას მოერიდნენ"

რითი უნდა ემართლებინა თავი კოდუას, რომ "ბოსებს" სასჯელად მხოლოდ თანამდებობის შეცვლა ეკმარებინათ? ან იყო კი ეს სასჯელი?

როგორ (არ) ებრძოდა სააკაშვილის ხელისუფლება ქურდებს...

"დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ ევროპაში ზაქარია, იგივე შაქრო (მალადოი) კალაშოვისგან მოსალოდნელ საფრთხეზე ალაპარაკდნენ. ცნობილ კრიმინალს სასჯელის ვადა გაზაფხულზე ეწურება და ის, სავარაუდოდ, ესპანურ ციხეს დატოვებს. თუმცა, შესაძლოა, სამუდამო პატიმრად დარჩეს, თუ მის წინააღმდეგ ქართული პოლიცია ამოქმედდება და ესპანურ მართლმსაჯულებას ბრალის დამძიმებაში შეეშველება. ჯერ კიდევ 2009 წელს ქართული მხარე ესპანელებს კალაშოვის მიერ მძიმე დანაშაულების ორგანიზებასა და მათში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებების წარდგენას დაჰპირდა, ამასთან, ქართველებმა ამერიკის მოქალაქე ალექსანდრე კრეინის გატაცებისა და ქურდული სამყაროს წევრობის გამო წითელი ცირკულარით ძებნილი კალაშოვის საქართველოში ექსტრადიციაც მოითხოვეს. თუმცა, ვანო მერაბიშვილის უწყებამ, უფრო ზუსტად კი ერეკლე კოდუას დაქვემდებარებულმა სოდ-მა გადამწყვეტ მომენტში უკან დაიხია - ესპანურ მხარეს წერილობით აცნობეს, ევროპაში კრიმინალებთან დაპირისპირების გვეშინიაო(?!) ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ესპანურ მედიაში, თუმცა აჟიოტაჟმა საქართველომდე ვერ მოაღწია, რადგან ხელისუფლება მკაცრად აკონტროლებდა საინფორმაციო საშუალებებს, რათა ის, რაც მას ხელს არ აძლევდა, არ გახმაურებულიყო. სამწუხაროდ, ამ სკანდალური ფაქტის შესახებ საუბარს ძალოვან სტრუქტურებში დღესაც თავს არიდებენ.

EL PAIS "ესპანეთი რუსულ მაფიას ასამართლებს”

2009 წელს მადრიდში გამართულ სასამართლო პროცესზე კალაშოვის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად საქართველოს შსს-ს წარმომადგენლები (მიუხედავად დაპირებისა) არ გამოცხადდნენ, ამიტომაც იმავე წლის 13 დეკემბერს გაზეთი El Pais-ი სტატიაში "ესპანეთი რუსულ მაფიას ასამართლებს", წერდა:
"ესპანეთის სასამართლო პროცესზე არ განიხილებოდა შაქრო კალაშოვის კრიმინალური წარსული: ფულის გამოძალვა, მკვლელობა, იარაღით ვაჭრობა... არც ის, თუ როგორ აკონტროლებს წამყვან კაზინოებს მოსკოვში, არც მისი ფულის დაბანდების თემა იყო განხილვის საგანი, მაგალითად "ლუკოილში". ესპანეთის სასამართლოს წინაშე კალაშოვი პასუხს აგებდა მხოლოდ 7,5 მილიონი ევროს გათეთრების გამო. ყველასთვის თვალსაჩინო გახდა, რომ კალაშოვი მდიდრული ცხოვრებით ტკბებოდა ისე, რომ თავის სახელზე არავითარი ქონება გაფორმებული არ ჰქონდა - არ არის აქციონერი, არ ფლობს უძრავ ქონებას და აგრეთვე არ არსებობს მის სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშები. სწორედ ეს იყო სირთულე, რასაც ესპანეთის პროკურატურა მარტო ვერ გაუმკლავდა. კალაშოვის საქმის განაჩენს ევროპის მრავალი ქვეყნის პროკურატურა ელოდება, მაგრამ რუსეთის, საქართველოსა და ისრაელის პოლიციის ხელმძღვანელებმა პირობა გადათქვეს და განაცხადეს, რომ შიშის გამო სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებიან. საქართველოს შს სამინისტროს მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ წერილში მიზეზი შემდეგნაირად არის ახსნილი: "ესპანეთში სასამართლო პროცესზე ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენს კოლეგებს და მათი ოჯახის წევრებსაც როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ".

ქართველი ძალოვნები, სოდ-ის მაღალჩინოსნები, რომლებიც მანამდე თავს იწონებდნენ ქურდულ სამყაროსთან შეუპოვარი ბრძოლით, უცებ დაფრთხნენ და კალაშოვთან დაპირისპირებას მოერიდნენ. წერილის პირველ ნაწილში ქართული მხარე თავს იმით იმართლებს, რომ თურმე მოწმეებად გასაგზავნი სოდ-ის ორი ჩინოსანი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სპეციალურ ოპერაციებში იყო ჩართული და მათი საქმისგან მოწყვეტა ქვეყანას დააქცევდა. ამავე დროს, წერილის მეორე ნაწილში თავს იკატუნებენ, კიდეც რომ გამოვუშვათ ეს ხალხი, ევროპაში დამნაშავეები ვერ გაგიკონტროლებიათ, ქართველები თავის ჭკუაზე დაპარპაშებენ, რა ვიცით, რას დამართებენ ჩვენს ბიჭებსო?! ამიტომაც ესპანური El Economista-ს ინტერნეტგამოცემა ფაქტობრივად, დასცინოდა მაშინდელ სოდ-ს: "საქართველოს შსს გაუმართლებლად თვლის ესპანეთში ქართველი მოწმეების ყოფნას, თან აღნიშნავენ, რომ თურმე ესპანელების დასახმარებლად მზად არიან" (აშკარად იგრძნობა სტატიის ავტორის ირონიული ტონი).

ციხე ციხიდან გატყდა?!

ვის უნდა ემხილებინა კალაშოვი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში, ვინ იყო ის ორი მოწმე, რომელთა სასამართლოზე გაგზავნასაც ქართული მხარე დაპირების მიუხედავად მოერიდა? სამწუხაროდ, ესპანელები მათ ვინაობას არ ასახელებენ, ქართულ-ესპანური შეთანხმების ჩაშლის დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრის" სახელით ოფიციალური წერილით მივმართეთ ესპანეთის გენერალური პროკურატურის, განსაკუთრებულ საქმეთა მთავარ პროკურორს, მაფიასა და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სექციის ხელმძღვანელს, კალაშოვის საქმის მცოდნე ხოზე გრინდას. თუმცა მან სატელეფონო საუბრისას მხოლოდ თავისი ვინაობა დაგვიდასტურა, საქმის დეტალებზე საუბარი არ ისურვა.
სამწუხაროდ, ქართულ-ესპანური მიმოწერის და სოდ-ელი მოწმეების ვინაობის გახმაურებისგან თავი შეიკავა საქართველოს შსს-მაც (თუმცა, სანდო წყაროების ცნობით, წერილებს გრიფი "საიდუმლო" არ ადევს.) ამასთან, განაცხადეს, რომ თუ საკითხი თანამშრომლობის შესახებ კვლავ დადგება, სამინისტრო ამისთვის მზად არის.

ესპანურ და რუსულ მედიაში ბევრი დაიწერა იმაზეც, თუ როგორ ახერხებდა კალაშოვი, კავშირი დაემყარებინა კორუმპირებულ ძალოვან ჩინოსნებთან იმ ქვეყნებში, სადაც საკუთარი ინტერესის გატარება სურდა. შეძლო თუ არა ესპანეთში, ციხეში მყოფმა "შაქრო მალადოიმ" მერაბიშვილის ციხესიმაგრეში საკუთარი ქსელის გაბმა? ამ კითხვას, ალბათ, მიუკერძოებელი გამოძიება უპასუხებს, კალაშოვს კი ნამდვილად არ აძლევდა ხელს საქართველოდან მის წინააღმდეგ არსებული უმძიმეს ბრალდებათა "არსენალი" გამოეყენებინათ. მოვლენებიც სწორედ ისე განვითარდა, როგორც მას სურდა. ესპანელებს არ სჯერათ, რომ კალაშოვს, უბრალოდ, გაუმართლა.
წწწ.პოლიცე.გე-ზე დღესაც დევს რამდენიმე წლის წინ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "კანონიერი ქურდები", სადაც შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ კანონიერმა ქურდებმა საქართველოში გავლენა დაკარგეს. "სანამ ხელისუფლებას, სამართალდამცველი ორგანოების ხელმძღვანელებს არ ექნებათ სურვილი, გარიგებაში შევიდნენ ქურდებთან, ისინი ვერ შეძლებენ ციხეებში, ადმინისტრაციასა და ქვეყანაში თავისი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა უცხოელ კოლეგებთან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, უკრაინასთან, ავსტრიასთან, საფრანგეთთან და ესპანეთთან, რომ აღვკვეთოთ კანონიერი ქურდების მუშაობა და გავლენა საქართველოში დარჩენილ კრიმინალურ სამყაროსთან და იმ ქვეყნებში, სადაც ისინი დღეისათვის არიან", - ამბობს მერაბიშვილი, რომელიც ესპანელებთან სკანდალის შემდეგ, ალბათ, უნდა დაეჭვებულიყო, ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა სამართალდამცველმა ხომ არ მიჰყიდა სული ეშმაკს და კანონიერ ქურდებთან ბრძოლის სტრატეგიას ამოფარებულმა ფულის კეთება და იდუმალი კორუფციული ხლართების გაბმა ხომ არ დაიწყო...

კალაშოვი სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარდაჭერისთვის დააჯილდოვა?!

ესპანური წყაროების თანახმად, საქართველოდან გაგზავნილი წერილი სოდ-ში დაიწერა, ე.ი. სოდ-ის მაშინდელმა უფროსმა ერეკლე კოდუამ ყველაფერი იცოდა. მის გარეშე მოწმეებიც ვერ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ესპანეთში წასვლა-არწასვლის შესახებ. ეს ამბავი მაშინ არ გახმაურებულა, მაგრამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია კოდუას კრიმინალური პოლიციის უფროსად გადაყვანამ, რაც საზოგადოებამ მის დაქვეითებადაც აღიქვა. ძნელი სათქმელია, მერაბიშვილს კოდუა-კალაშოვის შესაძლო კავშირზე გაუჩნდა ეჭვი, თუ სპეციალურ ოპერაციათა პოპულარული ორგანიზატორი დაუდევრობისთვის დასაჯა?! ან დასაჯა კი? კოდუას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდა ესპანელებთან თავის მოჭრის დამაჯერებელი მიზეზი მოეფიქრებინა. ამბობენ,ვანო მერაბიშვილს კიდეც რომ დაეხუჭა თვალი კოდუას უფლებამოსილების გადამეტებაზე, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს არ გამოეპარებოდა სოდ-ის მიერ ესპანელებისთვის გამზადებული სამარცხვინო შინაარსის წერილი, რომელიც ბიუროკრატიული მექანიზმის გამო, სწორედ პროკურატურის გავლით უნდა გაგზავნილიყო.

რითი უნდა ემართლებინა თავი კოდუას, რომ "ბოსებს" სასჯელად მხოლოდ თანამდებობის შეცვლა ეკმარებინათ? ან იყო კი ეს სასჯელი? მართლაც რომ დაესაჯათ კოდუა, უცნაურია, მერაბიშვილი მომდევნო სამი წლის განმავლობაში რატომ არ შეეცადა კალაშოვის ბედის ბორბლის უკუღმა დატრიალებას? რისთვის სჭირდებოდა საერთაშორისო ტერორიზმთან და კრიმინალთან მებრძოლ საქართველოს ხელისუფლებას "კალაშოვის შიში"? ვითომ არავინ დაფიქრდა იმაზე, რომ ეს უცნაური "მოკრძალება" შეიძლებოდა საეჭვო ყოფილიყო? რაც შეეხება კოდუას დასჯას, როგორც ამბობენ, უფრო მისი ოჯახი "დაისაჯა", რომელსაც ხელისუფლებისთვის გვარიანი თანხის გაღებამ მოუწია. დავით კოდუას კორტების ტერიტორია სწორედ იმ პერიოდში აყიდვინეს და მალევე სახელმწიფოსთვის უფასოდ დაათმობინეს იუსტიციის სახლის ასაშენებლად. შეგახსენებთ, კალაშოვი-შსს-ს ამბები იმ პერიოდს ემთხვევა, როდესაც თბილისში ოპოზიცია "საკნების ქალაქით" ბობოქრობდა. მაშინ ხმები დადიოდა, რომ მთავრობის მოწინააღმდეგეებს აწ გარდაცვლილი "დედ ჰასანი" დაჰპირდა ფინანსურ დახმარებას, რასაც, თურმე, კალაშოვი შეეწინააღმდეგა და კოლეგას შეუთვალა, "ობშჩიაკიდან" ამ საქმისთვის ფული არ გავაო. რა გამოდის - კალაშოვი სააკაშვილის ხელისუფლებამ მხარდაჭერისთვის დაასაჩუქრა? ფაქტია, ესპანეთში მოწმე პოლიციელები არც დაპირებისამებრ ჩასულან და არც მერე უმოქმედია ვინმეს დამნაშავეთა წინააღმდეგ.

არასასურველი მოწმე

ფილმში "კანონიერი ქურდები" ზაქარია კალაშოვის შესახებ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ლევან გურგენიძე საუბრობს. ამიტომაც გამიჩნდა ეჭვი, რომ ესპანეთში გასაგზავნ მოწმეთაგან ერთ-ერთი სწორედ ერეკლე კოდუას "მარჯვენა ხელად" ცნობილი ლევან გურგენიძე უნდა ყოფილიყო, რომელიც ჟურნალისტებს ექსკურსიებს უტარებდა კალაშოვის წყნეთის სასახლეში. უცნაურია - გურგენიძის შესახებ ინტერნეტში, ფაქტობრივად, მასალა აღარ მოიპოვება, არადა, თითქმის ყველა გახმაურებულ საქმეს ის ხელმძღვანელობდა და სოდ-ის პრესსპიკერის ფუნქციაც კი ჰქონდა შეთავსებული. გურგენიძის ასავალ-დასავალი არც მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა იციან და არც მშობლებმა, რომლებიც ამბობენ, რომ მათი შვილი 2010 წლიდან უცხოეთშია. გურგენიძის გაუჩინარებას ადასტურებენ მეზობლებიც, რომლებიც ოჯახის წევრებისგან განსხვავებით, კერძო საუბრისას აცხადებენ, რომ იგი უფროსობამ აიძულა, საქართველო დაეტოვებინა და უკან დაბრუნების უფლება არ მისცა. ამასთან, ხელში ჩამივარდა ფოტო, რომელზეც გაუჩინარებული მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, ესპანეთში საქმიანი ვიზიტით ყოფნის დროს არის გადაღებული ესპანელ სამართალდამცველებთან ერთად, რაც ადასტურებს ეჭვს, რომ კალაშოვის წინააღმდეგ ჩვენება სწორედ გურგენიძეს უნდა მიეცა. თუ მან საკუთარი ნებით აარიდა თავი კალაშოვის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოცხადებას, ესე იგი, უარი თქვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დავალების შესრულებაზე, გამოიჩინა, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა, რომელიც გენერალური ინსპექციის მოკვლევის საგანი უნდა გამხდარიყო.

რა მოხდა სინამდვილეში? სად გაქრა სოდ-ის დანაშაულთან მებრძოლი სამმართველოს ყოფილი უფროსი? კრიმინალებს გაექცა, სამსახურს, თუ მართლა ხელმძღვანელობამ აიძულა გაქრობა, სანამ კალაშოვი ციხეშია?! ის ხალხი, ვინც გურგენიძის იძულებით გაქრობაზე ლაპარაკობს, ვარაუდობს, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსად გადასულ კოდუას გურგენიძის შს ორგანოებიდან გაქრობით შეეძლებოდა დაეცვა კალაშოვი! ამბობენ, რომ კოდუასა და გურგენიძეს შორის უფსკრული გაჩნდა. კოდუა ეჭვობდა, რომ შსს-ს სტრუქტურებში დარჩენის შემთხვევაში მოწმე - გურგენიძე თვითნებურად გადასცემდა მტკიცებულებებს ესპანელებს.

მოგვიანებით, ესპანეთში საქმის მოსაგვარებლად მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე აფრინეს. ესპანეთის ქართულ ემიგრაციაში დადის ხმები, რომ კალაშოვის წინააღმდეგ მოწმეების გამოყვანის ნაცვლად, შსს-მ ესპანელებს აბეზარი ქართველი კრიმინალების გასაკონტროლებლად ემიგრაციაში პოლიციური აგენტურის ჩანერგვა შესთავაზა, რომელთა საშუალებით ესპანელი სამართალდამცველები კარგად გააკონტროლებენ ვინ, სად, როდის და რას აკეთებსო(?!). სამწუხაროდ, ეკა ზღულაძესთან საუბარი ამჯერადაც ისევე, როგორც მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, შეუძლებელი აღმოჩნდა.

P.S. 2006 წელს ესპანეთის სასამართლოს მიერ მისჯილი შვიდი წელი კალაშოვს მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეწურება, რის შემდეგაც "შაქრო მალადოი", ალბათ, ახლებური შემართებით შეეცდება ძველი საქმიანობის გაგრძელებას. ესპანელები მიიჩნევენ, რომ კალაშოვზე უფრო საშიში დამნაშავე არ ჰყავთ. ამიტომაც ერთი წლის წინ გამოცემა Farodevigo წერდა: "კალაშოვი ესპანეთში ყველაზე უპრეცედენტო თვალყურის ქვეშ მყოფ პატიმრად იმყოფება, ყოველ შვიდ თვეში ციხეს უცვლიან, რათა თავიდან აიცილონ მისი გაქცევა, ციხის შიგნით რაიმე კრიმინალური დაჯგუფების შექმნა ან რომელიმე თანამშრომლის მოსყიდვის მცდელობა. მისი ციხიდან ციხეში გადაყვანის დროს იღებენ უშიშროების ისეთ ზომებს, როგორიც ჯერ არც ერთი პატიმრის - ტერორისტული დაჯგუფება ETA-ს ყველაზე საშიში დამნაშავეების შემთხვევაშიც კი არ გამოუყენებიათ".

მიუხედავად გაძლიერებული თვალთვალისა, 2010 წლის თებერვალში კალაშოვს აღმოუჩინეს მაჯის საათი, რომელზეც ტელეფონი იყო დამონტაჟებული. ამასთან, მან სცადა ციხის თანამშრომლის მოსყიდვა, რის გამოც ამ უკანასკნელმა პატიმარს უჩივლა.

P.P.S. ორიოდე თვის წინ აშშ-ში შაქრო კალაშოვი საერთაშორისო კრიმინალური ქსელის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ წარმომადგენლად აღიარეს. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დარტყმას მიაყენებს სააკაშვილის ხელისუფლებას იმის გამოაშკარავება, რომ აშშ-ის მიერ "პერსონა ნონ გრატად" გამოცხადებულმა კალაშოვმა რაღაც მანქანებით საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები შესაძლოა ფეხქვეშ გაიფინა. ამასთან, ქართულ სამართალდამცავ ორგანოებში, ალბათ, ისევ ძალაშია კალაშოვის წინააღმდეგ საქართველოში აღძრული სისხლის სამართლის საქმე და ბრალდებები, რის საფუძველზეც ცნობილი კრიმინალი სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს, დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა და 2009 წლიდან ითხოვდნენ ესპანეთის ციხეში სასჯელის მოხდის შემდეგ საქართველოში მის ექსტრადიციას. ამჯერად კი მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ "დედ ჰასანის" მკვლელობის შემდეგ ქურდული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ლიდერი "შაქრო მალადოი" (მას კრიმინალურ წრეებში "გრაფ მონტე კრისტოდაც" მოიხსენიებენ) ხდება. ამიტომაც გაზაფხულზე მასთან შესახვედრად ევროპაში კრიმინალური ავტორიტეტების მასობრივ მობილიზაციას” ელიან.