პოლიტპატიმრები საქმეებზე გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნას მოითხოვენ

პოლიტპატიმრები საქმეებზე გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნას მოითხოვენ

ამნისტიის შედეგად 13 იანვრის შემდეგ ციხიდან გათავისუფლებულმა პოლიტპატიმრებმა 4 თებერვალს, პირველად, კინოს სახლში მოიყარეს თავი და პარლამენტის სახელზე 9 მოთხოვნისგან შემდგარი მიმართვა გაავრცელეს. მთავარ მოთხოვნებს შორისაა მათ საქმეებზე გრიფი ”საიდუმლოს” მოხსნა, მათი სრული რეაბილიტაცია, პოლიტპატიმრების საქმეებში მონაწილე პროკურორებისა და მოსამართლეების დასჯა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ მათი საქმეების საჯარო განხილვა. პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ადამიანები პარლამენტს სთხოვენ დაიწყოს მოსამზადებელი სამუშაოები პრეზიდენტ სააკაშვილის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად. 8 იანვარს კი ქუთაისში პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში უნდა წარუდგინოს.

კინოს სახლის დარბაზი პოლიტიკურ პატიმრებად ცნობილი ადამიანებით არის სავსე. დარბაზში არიან პოლიტიკური ნიშნით გასამართლებული სხვა ადამიანებიც (ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი, ცოტნე გამსახურდია და სხვანი), რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსი ჯერ არ მინიჭებიათ და შეხვედრაზე სწორედ ამ მოთხოვნით არიან მოსულები. ახალ ხელისუფლებასთან მათ სხვა არაერთი მოთხოვნაც აქვთ, თუმცა მათგან ცხრა, მთავარი, საგანგებოდ მომზადებულ მიმართვაში ჩაიწერა:

”მათი მთავარი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების საქმეებს აეხსნათ გრიფი ”საიდუმლო” და მათი საქმეები გახდეს საჯარო, რათა ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია, თუ როგორ დევნიდნენ მათ პოლიტიკური ნიშნით. ასევე მათი მოთხოვნაა ყველა გადაწყვეტილების მიმღები პირი, - პროკურორი, მოსამართლე, - ვინც დააკანონა ეს უსამართლო განაჩენი, დაისაჯოს და აგოს პასუხი”, - გვეუბნება ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის”.
პოლიტპატიმრად ადამიანის აღიარება რეჟიმის აღიარებას ნიშნავს, რეჟიმის არსებობა კი ნიშნავს, რომ ეს იყო აღმოსავლური, დანაშაულებრივი, ტირანიის ტიპის რეჟიმი ...
ლევან გოგიჩაიშვილი

დარბაზში საზოგადოებისათვის ბევრი კარგად ნაცნობი სახეა. ყველა მათგანი ეთანხმება იდეას, რომ თბილისის #1 საპყრობილე, რომლის დემონტაჟის გადაწყვეტილება წინა ხელისუფლებამ მიიღო, არსებული სახით დარჩეს და მასში ”წამების მუზეუმი” განთავსდეს.

პოლიტპატიმრები მოითხოვენ პარლამენტმა ხელი შეუწყოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მათ პირისპირ შეხვედრას, რათა თავად მოუთხრონ ციხეში არსებული ვითარების შესახებ.
ერთსულოვნებაა 8 თებერვალს პარლამენტის პიკეტირების გადაწყვეტილებაშიც...

რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილიც:

”პოლიტპატიმრად ადამიანის აღიარება რეჟიმის აღიარებას ნიშნავს, რეჟიმის არსებობა კი ნიშნავს, რომ ეს იყო აღმოსავლური, დანაშაულებრივი, ტირანიის ტიპის რეჟიმი. ჩვენ სწორედ ამ რეჟიმის როგორც პოლიტიკურ, ისე სამართლებრივ გასამართლებას მოვითხოვთ”.

ასევე ყოფილმა პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაიასაიამ კი ერთი კვირის წინ უკვე შეიტანა ოფიციალური განაცხადი მის საქმეზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის მოთხოვნით:

”მოხსნიან თუ არა ”საიდუმლო” გრიფს ჩემი საქმის მასალებს, მე მაინც ვაპირებ, რომ ჩემი საქმის დეტალები საჯარო გავხადო. მე არაფერზე ხელი არ მომიწერია, რაც ამის გაკეთებას ამიკრძალავდა”.

შეხვედრაზე ყოფილმა პოლიტპატიმარმა გია სალუქვაძემ ისიც თქვა, რომ მის დაკავებასა და გასამართლებაში მონაწილე ყველა პირი კვლავაც თანამდებობაზე რჩება. ზოგი მათგანი, მისი თქმით, დაწინაურებულია. ეს ის ხალხია, ვის გამოც, მისი თქმით, არაერთი ადამიანი უკანონოდ იხდიდა სასჯელს გაუსაძლის პირობებში. ამ პირობების გადმოსაცემად პატიმრობიდან გამოსული ადამიანები ციხეში ხელახლა შევიდნენ და იქ არსებული ვითარება ვიდეოფირზე აღბეჭდეს. 4 თებერვალს კინოს სახლის დარბაზში თავმოყრილმა ყოფილმა პოლიტპატიმრებმა კიდევ ერთხელ იხილეს ციხე შიგნიდან:

წლების შემდეგ პირველად ვნახეთ მეცხრე საპყრობილის კადრები - ე.წ. „კრიტში“, დახურული რეჟიმის დაწესებულებაში, არსებული პირობები, ნესტისგან სველი კედლები, ცელოფანაფარებული ჭერი, საიდანაც წვიმა ჩამოდის, სველი წერტილი, რომელიც ტუალეტიცაა, აბაზანაც და ჭურჭლის სარეცხი ადგილიც.

პოლიტპატიმართა პირველ გაფართოებულ შეხვედრას მათი მიმართვის ერთ-ერთი ადრესატიც ესწრებოდა - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ეკა ბესელია. ბესელიამ ყოფილ პოლიტპატიმრებს საკუთარი საქმეების გასაჯაროებისაკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იზიარებს მათ მოთხოვნებს პასუხი აგონ იმ მოსამართლეებმა, ვისაც პოლიტიკური გადაწყვტილებები გამოჰქონდა, რომ საქმეებს უნდა მოეხსნას გრიფი ”საიდუმლო” და რომ იმ ადამიანებმა, ვისაც აქამდე არ ჰქონდათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ეს სტატუსი მიიღონ. ყველა ამ საკითხზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მუშაობს, თქვა ეკა ბესელიამ.

შეხვედრაზე მისულმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი განაცხადა, რომ საპატიმროებიდან გათავისუფლება ხანგრძლივი ბრძოლის დასასრული კი არა, დასაწყისია, რაც ყოფილი პოლიტპატიმრების რეაბილიტაციით და გამართლებით უნდა დასრულდეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით დარჩიაშვილისათვის რიტორიკულად რჩება კითხვა: თუ საქმეებს გრიფი „საიდუმლო“ ედო, მაშინ როგორ დაადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ ადამიანების პოლიტპატიმრობა?

დარჩიაშვილი მზად არის მონაწილეობა მიიღოს სერიოზულ მსჯელობაში, თუ აღნიშნულ საკითხებზე ასეთი მსჯელობა საერთოდ გაიმართება, მაგრამ ბესელიას და კაკაბაძის ინიციატივით შექმნილი კომისია მისთვის და მისი გუნდის წევრებისათვის ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება.