თუ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი აქვს და „მშვიდობიანი რევოლუცია“ უნდა, მაშინ მხადამჭერები არც „ოცნებას“ ჰყავს ნაკლები

თუ ოპოზიციას ამომრჩევლის იმედი აქვს და „მშვიდობიანი რევოლუცია“ უნდა, მაშინ მხადამჭერები არც „ოცნებას“ ჰყავს ნაკლები

ვადამდელი არჩევნები ან „მშვიდობიანი რევოლუცია“ - ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება, რომელიც ლეობორისტების ოფისში ორ საათიანი მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს. მათი თქმით, ეს იქნება პერმანენტული სახის აქციები, რათა ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობა დაანახონ. როგორც ჩანს, ოპოზიციას გათვლა გაზაფხულზე აქვს და შიდა დაპირისპირებაში რადიკალურმა ჯგუფმა მაინც იმძლავრა. დიდი ალბათობით ნაციონალები და ევროპელები ფიქრობენ, რომ 2003 წლის ხავერდოვან რევოლუციას გაითამაშებენ, რომლის შესახებაც სულ რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა: „პარლამენტიდან „ოცნების“ დეპუტატებს ხალხი გამოყრის“.

For.ge-სთან ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ოოზიცია ამ გადაწყვეტილებით ყველაფერზე მიდის, საიდანაც არაფერს მიიღებს და შესაძლოა, ის როგორც ოპოზიცია საერთოდ განულდეს. მათი აზრით, 2003 წლის სცენარი ვერ გათამაშდება, რადგანაც არსებული სურათი სრულიად სხვაა. ოპოზიციას არა აქვს ხალხის ამხელა მხარდაჭერა, ნაციოანლებს ქუჩაში არავინ გაყვება, ხოლო ამომრჩეველი „ოცნებასაც“ ბევრი ჰყავს, თანაც არანაკლებ მებრძოლი. ამიტომ ქუჩაში თუ საქმე ხალხის გამოყვანაზე მივა, ამის გაკეთება ხელისუფლებასაც შეუძლია. ეს კი ქვეყანაში დაპირისპირებას გამოიწვევს და ე.წ. „მშვიდობიანი რევოლუცია“ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიგვიყვანს. თუმცა ოპოზიციის გათვლა არაფერს ემყარება, რომელიც სტრესში ჩავარდნილი ადამაინების ქცევას ჰგავს. ანალიტიკოსები პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად მხოლოდ მოლაპარაკებას მიიჩნევენ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც მოლაპარაკებებს უშუალოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არ აწარმოებს. მისივე თქმით, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა, პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება და, შესაბამისად, არც მშვიდობა იქნება.

„მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რამე საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ბატონი ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ვადამდელ, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები - არ იქნება მშვიდობა. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება“, - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნუგზარ წიკლაური კი აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი.

როგორც ნუგზარ წიკლაური ამბობს, შექმნილ მდგომარეობას მოჰყვება უამრავი სახის კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში, ადამიანებს გამოიყვანს ქუჩაში და დაიწყება დაპირისპირება. წიკლაურის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ყველაფერს აკეთებს რათა ეს თავიდან აირიდონ.

„ჩვენ ვაპირებთ მოლაპარაკებებზე მისვლას, სანამ არსებობს რაიმე მბჟუტავი იმედი. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ამ კრიზისს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, ეს არის კიდევ უფრო მძიმე გაუცხოების კრიზისი, ამომრჩეველსა და ხელისუფლებას შორის იქნება გაუცხოება, ამას მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი, ამას საბოლოოდ კი მოსდევს ადამიანების ქუჩებში გამოსვლა და ქუჩებში დაპირისპირება, რომელიც არავის სურვილი არ არის. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან იყოს არიდებული, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ მთავრობამ მიიტაცოს არჩევნები.

თამაშის წესების არქონას არავინ არ შეეგუება დღეს, რადგან 30 წელი იმისათვის არ უბრძოლია ჩვენ ხალხს, რომ 30 წლისთავზე მიიღონ შეუზღუდავი დესპოტია რუსეთიდან ჩამოსული ოლიგარქის. გააცნობიერონ ეს საფრთხე, თორე ამ უმძიმესი ზამთრის შემდეგ მოვა გაზაფხული. როგორი იქნება ჩვენი ხალხის განწყობა რთული გამოსაცნობი არ არის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მთავრობა ანგრევს იმ ყველაფერს, რასაც ჩვენი ხალხი ცოდვით და დიდი გაჭირვებით აშენებს“, - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები აუცილებლად იქნება. ნიკა მელიასვე თქმით, „დაიწყება მზადება სამოქალაქო პროტესტისთვის“.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახალი არჩევნები ქვეყანაში აუცილებლად ჩაინიშნება. ნებით ჩაინიშნება ეს თუ ძალდატანებით ჩანიშნავს ბიძინა ივანიშვილი ეს უკვე, ფაქტობრივად, მნიშვნელობის მატარებელი აღარ არის. ფაქტია, რომ ახალი არჩევნები იქნება იმიტომ, რომ არ არსებობს ბუნებაში გამოსავალი გარდა ახალი არჩევნებისა, რომელიც დაძლევს ამ კრიზისს. ჩვენ იმ ფუფუნებას ვერ მივანიჭებთ ვერავის, რომ თქვან ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკებების პროცესი. ამიტომ მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდება, ჩვენ იქ ვიქნებით წარმოდგენილი, მაგრამ პარალელურად სამოქალაქო პროტესტის მზადება დაიწყება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნის გარშემო, ეს არის ახალი არჩევნები“, - ამბობს ნიკა მელია

ოპოზიციის გადაწყვეტილებას კი ხელისუფლება გამოეხმაურა. არც ერთ ხელმოცარულ პოლიტიკოსს, რომელიც პირადი ბოღმისა თუ სხვა ინტერესების გამო პოლიტიკურ სივრცეში აქტუალური აღარ არის და ხალხის დაშინების და დაჩაგვრის ბერკეტი აღარ აქვს, არ მივცემთ რადიკალური პროცესების მართვის საშუალებას“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, თუკი ვინმეს მშვიდობა არ სურს და ახორციელება დესტრუქციას, ეს ის რადიკალური ჯგუფები არიან, რომლებიც ემზადებოდნენ არა არჩევნების დღისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი სცენარისათვის.

„მათ სურთ შექმნან სურათი, რომ ფაქტები არაფერს ნიშნავს - მთავარია აღქმა და მთავარია ის, რაც მათ სურთ. ჩვენი საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს კარგად აფასებს. ამის შედეგია ის, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. საბედნიეროდ, დამთავრდა დრო, როცა ჩვენი ქვეყნის განვითარება ამ რადიკალური ჯგუფების გადასაწყვეტი იყო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ბერკეტი ისაა, რომ არიან მართლები და ფაქტები და არგუმენტები მათ მხარესაა, ხოლო მეორე მხარეს არის მხოლოდ დესტრუქცია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი ოპოზიცია რევოლუციური სცენარისკენ წავა, მაშინ ის საკუთარ თავს თავადვე გაინადგურებს და როგორც ოპოზიცია განულდება. მისი თქმით, „ოცნებასაც“ არანაკლები მებრძოლი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც რაოდენობით არცთუ ისე ცოტაა, როგორც ეს ოპოზიციას ჰგონია. მეორეც საყვარელიძე ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ევროპელებს ხალხი ქუჩაში არ გაჰყვება, ამიტომაც მიდიან ყველაფერზე, სადაც არაფერს მიიღებენ. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოზიცია სტრესშია და ის ინსტიქტურად მოქმედებს. ანალიტიკოსი მათ ურჩევს, რომ სანამ დრო კვლავ არის, მოლაპარაკების მაგიდიდან მიიღონ ის, რაც ქვეყნისთვის და ხალხისთვის უკეთესი იქნება.

„მშვიდობიანი რევოლუცია მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ იარაღი არაა გამოყენებული, თორემ ქუჩაში ძალადობა ყოველთვის არის. ყველა ხავერდოვან რევოლუციას მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლებაზე სხვადასხვა სახით ქუჩაში გამოსვლის დროს წნეხი მიაქვს. ვიღაცა გამარჯვებულია და ვიღაცა დამარცხებული. ამიტომაც ყველა რევოლუცია, რაც არ უნდა დავარქვათ, მაინც ძალადობრივია. თუმცა მას ხალხის რაოდენობა და მხადაჭერა სჭირდება.

არ ვიცი ოპოზიციას რისი და ვისი იმედია ქვს, მაგრამ რამდენი ხალხიც გამოიყვანეს ვნახეთ. ასევე ნაციონალებს მოსახლეობა ქუჩაში არ გაყვება. ჩვენ კარგად ვიცით მათ მიმართ როგორი ზიზღია. როგორც გინდა ოპოზიციამ იძახოს დამოუკიდებლად ვწყვეტთ რამესო, ნაციონალების ფრთის და გავლენის ქვეშ არიან. ვაშაძის წასვლა პარტიიდან ამის მანიშნებელი იყო, რომ ეს ხალხი რადიკალურ გზას დაადგებოდა. თუმცა ნაკლები რაოდენობის და ბრძოლისუნარიანი ამომრჩეველი არც „ოცნებას“ ჰყავს. თუ საქმე ქუჩაში გასვლაზე წავიდა, მაშინ ისინიც გამოვლენ, რაც საკამოდ მძიმე სურათს მოგვცემს. თუმცა სცენარის აქეთ განვითარებას ნაკლებად ველი, რადგან ამ პარტიას ხალხი არ აყვება. რევოლუციური მუხტი ასე არ გორდება. დასავლეთის მხადაჭერაც არ არის და ვიცით, მათი კომენტარებიდან რა აზრისაც არიან. ამიტომ ოპოზიცია თუ ყველაფერზე წავა, ვერფერს მიიღებს. როგორც პოლიტიკური ძალა, უბრალოდ, განულდება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან ამ კრიზისიული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავლად ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და კონკრეტულ შეთანხმებამდე მისვლას მიიჩნევს. ჩიტაძე ამბობს, რომ თუკი ორივე მხარეს სახის შენარჩუნება უნდა და თან ქვეყანაში სახელმწიფოებრივი კრიზისის თავიდან აცილება, მაშინ არჩევნების ჩატარებაზე 2022 წელს უნდა შეთანხმდნენ. ოპოზიციაც პარალმენტში შევა და თავის ამომრჩევლისთვის გასამართლებელი საბუთიც ექნება.

„ოპოზიციას რევოლუციის მოსაწყობად ორი მნიშვნელოვანი რამ სჭირდება - ერთი, რომ ხალხის მხადაჭერა ჰქონდეს და მეორე - ამაზე მწვანე შუქი დასავლეთიდან მიიღოს. ახლა დასავლეთს არ სურს, რომ ის გაყალბება დაინახოს, რაც არჩევნების დროს იყო. მას საქართველოში დღეს დესტაბილიზაცია, არეულობა და დაპირისპირება არ სჭირდება. ამიტომაც ოპოზიციას იმის რესურსი - წავიდეს ქუჩის აქციების გზით და მიიღოს 2003 წლის სცენარი - არ აქვს. შევარდნაძის დროს მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილი იყო. მას თავის გარემოცვაშიც კი მხარდამჭერები აღარ ჰყავდა. „ოცნებას“ კი ვინმეს უნდა თუ არა, საკამოდ ბევრი ამომრჩეველი ჰყავს და ეს სოციოლოგიური გამოკითვებითაც ჩანს. ამიტომ, თუ ოპოზიციას თავისი მხადამჭერების იმედი აქვს, აქვე უნდა იფიქროს, რომ ხელისუფლებასაც არცთუ ცოტა მხადამჭერი ჰყავს. მეორე, ივანიშვილის შიდა გარემოცვა შევარდნაძესავით მოშლილი და სუსტი არაა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ძალოვანი სტრუქტურებია.

ასეთ რევოლუციას ვერავინ მოაწყობს, თუ შიდა დაპირისპირება ძლიერი არაა. ივანიშვილს ყველა ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელობა ერთგული და ძლიერი ჰყავს. ამიტომაც ასე ადვილად არაფერი გამოვა. ერთადერთი გამოსავალია არჩევნების ჩატარება 2022 წელს მოხდეს. ამისთვის ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციაში ცვლილება მოხდეს. ხოლო არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდეს. ამით ე.წ. კარუსელების პრობლემა, ძველი ბიჭების საარჩევნო უბნებთან მისვლა. ხმების დათვლის დროს შეცდომების დაშვება და გადასწორება გამოირიცხება. ამით ყველაფერზე მანიპულირებას ორივე მხრიდან წერტილი დაესმება. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია იქნება თუ სხვა ვინმე, უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება“, - აცხადებს ჩიტაძე for.ge-სთან.