მიხეილ ჯიბუტი: „საბჭოთა ანაბრები ჩხარტიშვილმა კი არა, ინფლაციამ შეჭამა“

მიხეილ ჯიბუტი: „საბჭოთა ანაბრები ჩხარტიშვილმა კი არა, ინფლაციამ შეჭამა“

დაკარგული საბჭოთა ანაბრების თემაზე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ჯიბუტი გვესაუბრება:

უპირველეს ყოვლისა დავავაკონკრეტოთ, რომ ჩვენი საუბრის საგანი არის ანაბრები, რომლებიც მოსალეობას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში შემნახველ სალაროებში ჰქონდა შეტანილი.საბჭოთა კავშირი იყო ერთიანი საბანკო სისტემა, ერთი შემნახველი ბანკი რომლის ცენტრალური ოფისი მდებარეობდა მოსკოვში. მოკავშირე რესპუბლიკებში კი იყო ფილიალები. ამით იმის თქმა მინდა რომ მოქალაქეებმა ეს თანხა ჩააბარეს საბჭოთა კავშირის საბანკო სისტემას.

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ადგილზე წარმოიშვა 15 დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც ამ ვალების მემკვიდრეები გახდნენ. საქართველოს სახელმწიფომ 1996 წელს აიღო ამ ვალის გასტუმრების ვალდებულება.

კი ბატონო მაგრამ ეს ანაბრები გაქრა....

– ანაბრები არ გამქრალა მაგრამ ძალიან დაპატარავდა. რუსეთთან კავშირის გაწყვეტამ გამოწვია ინფლაციური პროცესები, როელმაც მოიცვა ყველა ფული, მათ შორის ისიც რაც ანაბრებზე იყო. სალაროში შეტანილი ათასი მანეთი დარჩა ათას მანეთად, მაგრამ თუ ამ ფასად ადრე იყიდდი ერთ მაცივარს, მისი მყიდველობითი უნარი ერთი პურის ფასამდე დავიდა, ამიტომ თავდაპირველად ხალხს ბანკიდან ფული აღარც კი გამოქონდა. 1992 წლის დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ანაბრის გამოტანის საშუალებაც აღარ იყო, რადგან მოსკოვიდან ნაღდი ფული აღარ შემოდიოდა, ჩვენთან კი არ იყო საბანკო სისტემა და არ ხდებოდა ფულის ემისია. საქმე იქამდეც მივიდა რომ საცავში მხოლოდ ხურდა ფული დარჩა, ანაბრები კი არა ხელფასები და პენსიები აღარ გაიცემოდა. სახელმწიფო იძულებული იყო შემოეღო მანეთის სანაცვლო საშუალება –კუპონი. თავიდან ერთი მანეთი და ერთი კუპონი გათანაბრებული იყო, ანაბრებზეც არსებული 100 მანეთი 100 კუპონი გახდა. ამ დროს ვიღაცეებმა გამოტანეს თავიანთი ანაბრები, მაგრამ მალევე დაიწყო კუპონის ინფლაცია, იმიტომ რომ მის უკან არ იდგა ის ეკონომიკა რომელიც ამ ფულს გაამაგრებდა. ამ პერიოდს დაემთხვა აფხაზეთის ომიც. კუპონის ინფლაციამ ანაბარი კიდევ უფრო გააუფასურა.

კუპონის შემოღებამდე მოხდა სალაროში თანხის შეტანის მოწოდება.

რატომ მოხდა ეს? რა მიზანი ქონდა შევარდნაძეს, როცა მოსახლეობას სალაროში ფულის შეტანისკენ მოუწოდებდა და გაორმაგებას დაჰპირდა?

- ძნელი სათქმელია რამდენად სწორი იყო ეს. ბოროტი განზრახვით მოხდა თუ არა. ერთი რამ ვიცი, როგორც გითხარით, საცავებში ფული აღარ იყო და ამ მოწოდების მიზანიც ფულის ნიშნების შევსება იყო. შევარდნაძე იძულებული გახდა მოსახლეობისგან აეღო ვალი, დაჰპირებოდა თანხის გაორმაგებას, ჩემი აზრით, მაშინ არავის შეეძლო ეთქვა რომ კუპონის ასეთი გაუფასურება მოხდებოდა. მოგვიანებით კუპონი ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გამოცხადდა, ამ დროს მისი ინფლაცია გრძელდებოდა.

როგორც ბევრი ეკონომისტი ამბობს კუპონის გაუფასურება იყო მიზანმიმართული დანაშაულებრივი ფულად საკრედიტო პოლიტიკის შედეგი.

- გაუფასურების ბევრი სუბიექტურ ობიექტური მიზეზი არსებობდა. ფაქტია, ეს იყო მცდარი ფულად–საკრედიტო პოლიტიკის შედეგი. ამ დროს გაიცა დიდი ოდენობით კრედიტები, რაც არაფრით იყო გამართლებული. ამას ემატებოდა საბანკო სისტემის არარსებობა და ომი.

მეანაბრეებისთვის ეს არ არის მთავარი, მთავარი ის გახლავთ რომ ანაბრების ოდენობა  გახდა სიმბოლური– მილიონი მანეთი იქცა მილიონ კუპონად. ამ პერიოდში საქართველოში არც ბანკი არსებობდა და არც არავინ გამდიდრებულა. აქ დასრულდა ანაბრების გაუფასურების ეპოპეა. აქ საკამათო არაფერია.

ახლა მთავარი გასარკვევი არის ის, როგორ ასრულებს სახელმწიფო აღებულ ვალდებულებას, რატომ არ გადაიხადა ეს თანხა დღემდე.

საკამათო არის ის, რომ შეიქმნა „გაერთიანებული ქართული ბანკი“, რომლის ხელმძღვანელები იყვნენ ვანო ჩხარტიშვილი და ზაზა სიორიძე. ეს ბანკი საქართველოში საბჭოთა კავშირის შემნახველი ბანკის ფილიალის სამართალმემკვიდრე გახდა და მისგან მიიღო მთელი ქონება ფულადი რესურსით.

– აქ უნდა ვიკითხოთ, რა თანხა გადავიდა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ანგარიშზე? ეს იყო ანაბრებზე არსებული თანხა, ის გაუფასურებული მილიონი მანეთი, რომელიც მილიონი კუპონი გახდა. რეალურად, საბჭოთა შემნახველი ბანკის მემკვიდრე საქართველოში არც ერთი ბანკი არ ყოფილა. მთელი აქტივი, რაც შეიძლება იქ გადასულიყო, ეს იყო შენობები, გამზადებული ინფრასტრუქტურა და ის თანხა, რაც, ფაქტობრივად, აორთქლებული გახლდათ. ფულადი რესურსი, რაც, „გაერთიანებულმა ქართულმა ბანკმა“ მიიღო, მხოლოდ ფიქტიურ ჩანაწერებს წარმოადგენდა, რომელსაც არავითარი ძალა არ ჰქონდა. მილიონის მანეთის პატრონს მილიონი კუპონი შერჩა. მილიონი კუპონი შემდგომ ერთი ლარი გახდა!

ანაბრების მითვისება რატომღაც ყოველთვის დაკავშირებული იყო ვანო ჩხარტიშვილის სახელთან.

– ჩხარტიშვილის ამ თემასთან მიბმა არაობიექტურ ფაქტორებთან არის დაკავშირებული. შენობა, რომელშიც შემნახველი ბანკი არსებობდა, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ გახდა, ამ შენობაში გაგრძელდა საბანკო საქმიანობა, ეს ადამიანი გამდიდრდა... მოკლედ, ეს ყველაფერი შავი პიარის ასაგორებლად ხელსაყრელი და ადვილად დასაჯერებელი იყო. დღეს კამათი მიდის არასწორი მიმართულებით. რომ ჩხარტიშვილი გამდიდრდა და ანაბრები შეჭამა. ანაბრები არ გამქრალა, ის გაუფასურდა, ჩხარტიშვილმა კი არა, ინფლაციამ შეჭამა!

ახლა, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს, მოახდენს თუ არა გაუფასურებული ანაბრების ინდექსირებას, რაიმე სხვა ვარიანტს შესთავაზებს მოსახლეობას თუ საერთოდ არ გადაიხდის... ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში სამივე პროცესი განვითარდა. მაგალითად, ბალტიისპირეთმა საბჭოთა კავშირიდან გასვლისთანავე გამოაცხადა, ეს არის ჩვენი პოლიტიკური ფასი დამოუკიდებლობისთვის და ამ საკითხს ვალდებულებად არ განვიხილავთ. საქართველომ, როგორც გითხარით, 1996 წელს ეს ვალი ვალდებულებად აღიარა, მისი გადახდის სქემა შეიქმნა და დარიგებაც დაიწყო. ამის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ შეიტანა არჩელი, რომ სქემა არ იყო სწორი და ეს საკითხი გაჩერდა. ფინანსთა სამინისტროში შეიქმნა კომისია, რომელსაც თავიდნ უნდა დაეთვალა თანხები და შეემუშავებინა ახალი სქემა. ამის შემდეგ შეიცვალნენ მთავრობები და ეს საკითხი არ დაბრუნებია განხილვას.

აი, ეს ამ ისტორიის შინაარსობრივი მხარე. მე, როგორც მეანაბრეს, სახელმწიფოს გარდა სხვა ვინმესთან არ შეიძლება პრეტენძია მქონდეს.

დღევანდელ ხელისუფლებასთან შეიძლება პრეტენზია გვქონდეს?

ხელისუფლება ვალდებულია, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. ასე რომ, დღეს მაინც გვითხრან, სად არის ის კომისია, რომელასც უნდა დაეთვალა ვალის რაოდენობა და, საერთოდ, რა სტუქტურისაა ეს ვალები? ეს თანხა არის სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულება. ან თქვან, რომ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, ან უნდა იზრუნონ მის დაბრუნებაზე. მაქვს შენი ვალი, მაგრამ არ მოგცემ – არასწორი მიდგომაა!