"როდესაც ხელისუფლებაში დაბრუნება-არდაბრუნების საკითხი დადგება, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ არჩევნების გზით. ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობდა არა იმაზე, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვალთ თუ არა, არამედ ვადაზე, ეს 4 წელიწადში მოხდება თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია. თეორიულად არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული. თუ პროცესები ქვეყანაში წავიდა არეულობისკენ, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ, თუ ეკონომიკა ჩამოიშალა, პოლიტიკური პროცესები შეიძლება უფრო სწრაფად განვითარდეს. არანაირ არაკანონიერ და არაკონსტიტუციურ გზას ჩვენ არ განვიხილავთ", - აცხადებს უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაზე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული".
"ჩვენთვის გაუგებარია ხელისუფლების კონფრონტაციული და ისტერიული რეაქცია უმცირესობის შეთავაზებაზე, რომ საგარეო კურსის შესახებ ჩვენი პოზიცია კონსტიტუციაში ასახულიყო. არადა, ბევრ ქვეყანას კონსტიტუციაში აქვს ასახული თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები. საქართველოს 1918 წლის კონსტიტუციაშიც წერია, რომ საქართველო ნეიტრალური და მიუმხრობელი ქვეყანაა. მაგალითად, ლიტვის კონსტიტუციაში წერია, რომ ის არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა გაერთიანებების წევრი. როდესაც არის მუდმივი კონფრონტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, უნდა ვეძებოთ თემები, სადაც შევძლებთ საერთო ენის გამონახვას. ერთ-ერთი ასეთი თემა საგარეო პოლიტიკაა. თუ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი გაკეთდება, ეს იქნება სიგნალი მეგობრებისთვის, რომ ჩვენი კურსი გრძელდება და ეს იქნება სიგნალი ჩვენი არამეგობრებისთვისაც, რომ მათ მუშაობას ჩვენი კურსის შეცვლისთვის აზრი არა აქვს. არ მინდა იმაზე ვიფიქრო, რომ ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის სანაცვლოდ აპირებს უარი Bთქვას ევროპაზე. თუ რუსეთი ამ მოთხოვნას დააყენებს, რა არგუმენტით უპასუხებს ჩვენი ხელისუფლება? არ არსებობს იმაზე უკეთესი არგუმენტი, ვიდრე უთხრას, რომ ჩვენთან საგარეო კურსის თაობაზე უკვე შედგა პოლიტიკური ძალების შეთანხმება, ეს პარლამენტმა ჩაწერა კონსტიტუციაში და ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა ეს წინადადება კონფრონტაციული?" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ბაქრაძე.
"კოჰაბიტაცია ძალიან რთული პროცესია. სწორედ ამიტომ უნდა ვეძებოთ ის თემები, რაშიც შევძლებთ საერთო ენის მონახვას, მაგრამ ხდება ისე, რომ ვიღაც ვიღაცას სიტყვაზე გამოეკიდება, ვხედავთ კონკრეტულ მოქმედებებსაც. რამდენიმე დღის წინ პარლამენტის წევრმა გიორგი ღვინიაშვილმა თქვა, რომ თურმე შეუთვალეს, თუ ხმას არ მისცემდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, პრობლემები შეექმნებოდა, დაიჭერდნენ და ამ ყველაფერს მისი მოადგილის დაკავებით დაიწყებდნენ. მისი მოადგილე ბატონი სიბაშვილი მართლაც დააკავეს. ვახტანგ ლემონჯავამაც განაცხადა, რომ მასაც უთხრეს, ან ხმას მისცემ საკონსტიტუციო ცვლილებებს, ან ფოთში შენი მერობის პერიოდში არსებულ დარღვევებს გამოვიძიებთ და პრობლემებს შეგიქმნითო. ძალიან ბევრი ასეთი მაგალითია უმცირესობაში", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დანაშაული გამოძიებული უნდა იყოს და დამნაშავე დასჯილი, მაგრამ როდესაც ამბობენ, თბილისის მერი იმიტომ არის დასაჭერი, რომ ხალხი ჰყავდა დასაქმებული და ხელფასებს გასცემდაო, ეს იმდენად აბსურდული ბრალდებაა, რომ ბევრ კითხვის ნიშანს ტოვებს. რამდენიც სჭირდებოდათ, იმდენი თანამშრომელი ჰყავდათ. იმაზე ხომ არ არის საუბარი, რომ ეს ხალხი ფორმალურად იყო აღრიცხული და მათ ხელფასებს მერია იღებდა. დანაშაულია, რომ მერმა იმაზე მეტი ადამიანი დაასაქმა, ვიდრე სჭირდებოდა? შეგახსენებთ ძალიან ცნობილ სტრატეგიას, რომელსაც მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა რუზველტმა ეკონომიკური დეპრესიის დროს. ის ერთ კაცს ავალებდა ამოეთხარა ორმო, მეორეს ავალებდა ორმოს მიწით ავსებას და ორივეს ხელფასს აძლევდა. ამ სტრატეგიით ეკონომიკური დეპრესიის დროს საბიუჯეტო სახსრებით სამუშაო ადგილები გააჩინა. დღეს უგულავას ბრალდება ის არის, რომ მას ჰყავდა დასაქმებული ხალხი და უხდიდა ხელფასს. არსად მსოფლიოში ასეთი ბრალდებით მთავრობის წევრი არ დაუჭერიათ. რა მნიშვნელობა აქვს, რა პოლიტიკური შეხედულების ხალხი დაასაქმა? იურიდიული არგუმენტი უგულავას მიმართ ისაა, რომ ხალხი ჰყავდა დასაქმებული და ხელფასს უხდიდა", - განმარტავს დავით ბაქრაძე.
"პოლიტიკოსმა ის უნდა ეძებოს, რაც აერთიანებს და არა ის, რაც ყოფს. პრეზიდენტმა ილაპარაკა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. შევეცადოთ ეს თემა გამოვიყენოთ ერთიანობისთვის და არა დაპირისპირებისთვის. საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პაკეტია შემოსული: პირველზე, რაც ქუთაისს უკავშირდება, ალბათ, შეთანხმება ვერ მოხერხდება, მაგრამ მეორე ცვლილება, რომელიც შეეხება მთავრობის დათხოვნის მექანიზმს, არის თემა, რაც მთავრობას აშფოთებს. თუ მთავრობას აწუხებს, რომ აპრილში რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას, მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ იმ ცვლილებას, რომლის თანახმად მთავრობას გარანტირებული ექნება, რომ აპრილში არაფერი მოხდება, მაგრამ ჩვენც გვინდა, რომ შეწყდეს ჩვენი დეპუტატების დაშანტაჟება და გვაქვს წინადადება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კვორუმი 3/4-მდე აიწიოს. ასეთი საკონსტიტუციო კვორუმი ოქტომბრის შემდეგ ისედაც ამოქმედდება, მაგრამ ხელისუფლებას ვთავაზობთ, ამოქმედდეს ახლავე, რადგან ახლა ძალიან მგრძნობიარე პერიოდში ვართ. თუ კვორუმი აიწევს, ეს ნიშნავს, რომ გამოირიცხება ზეწოლა უმცირესობის წევრებზე. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ძალზე კონსტრუქციულ წინადადებას ვთავაზობთ, სამაგიეროდ, ჩვენ მხარს დავუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება სწორედ კოჰაბიტაციის კლასიკური მაგალითი", - დასძენს რესპონდენტი.