„როცა თავმჯდომარე ხარ და წუწუნებ, სუსტი ხარ, როცა 2 კვირის წასული ხარ და მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს - მატყუარა - შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“

„როცა თავმჯდომარე ხარ და წუწუნებ, სუსტი ხარ, როცა 2 კვირის წასული ხარ და მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს - მატყუარა - შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე უფრო ადრე წასულა პარტიიდან, ვიდრე აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდებოდა. ამის შესახებ, პარტიის წევრმა ზვიად კუპრავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

„როცა თავმჯდომარე ხარ და შიდა ამბებზე წუწუნებ - ე.ი. სუსტი ხარ. როცა 2 კვირის წასული ხარ და წასვლის მიზეზად 2 დღის ამბავი მოგაქვს - მატყუარა. შეცდომა იყავი, თავიდან ბოლომდე“, - წერს კუპრავა. პარტიის ექს-თავჯდომარეს თანაპარტიელი კი აკრიტიკებს, თუმცა for.ge-თან მასზე საუბარი აღარ ისურვა და გრიგოლ ვაშაძეს წარმატებები უსურვა. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს არ დაუმალავს, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევის მიზნით კონსულტაციები ექს-პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მიმდინარეობს.

ბატონო ზვიად, თქვენ სოციალურ ქსელში გრილოლ ვაშაძესთან დაკავშირებით დაწერეთ, რომ ის თავიდანვე შეცდომა იყო. რამ განაპირობა მისდმი ასეთი სტატუსის დაწერა?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პოსტში რაც მიწერია, იმის გარდა პრაქტიკულად არავისთვის არაფერი მითქვია. მაგრან, ერთი რომ დავაზუსტოთ, რათა გაუგებრობა არ იყოს - მე გრიგოლ ვაშაძის პირად ცხოვრებას არ ვეხები, ვგულისხმობდი პარტიულ ცხოვრებას, რაც ის 2008 წლიდან პარტიაში მოვიდა. გრიგოლ ვაშაძეზე დანარჩენ საკითხებზე კომენტარს არ ვაკეთებ.

ანუ, გრიგოლ ვაშაძესთან თავიდანვე დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა იყო?

- ამ თემას არ ვავრცობ. ის უკვე წავიდა და მორჩენილი ამბავია. ახლა სიახლეებზე და ახალი თავმჯდომარის არჩევანზე ვართ ორიენტირებული. შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძეზე საუბარი არ მინდა. წარმატებებს ვუსურვებ იქ, სადაც წავა.

კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ორი კანდიდტურა განიხილება - ნიკა მელია და ვანო მერაბიშვილი. ამ ორიდან რომელი შეიძლება ვიხილოთ პარტიის თავმჯდომარედ?

- არ ვიცი, ვნახოთ. პარტიას ჰყავს ძალიან ბევრი ლიდერი, რომელიც პარტიის თავმჯდომარეობას ღირსეულად შეძლებს. ეს ყრილობის გადასაწყვტია. ყრილობაზე ამომრჩეველი გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება თავმჯდომარე.

პარტიის ყრილობა როდის გაიმართება?

- ჯერ გადაწყვეტილი არაა. პირადად მე მხარს ვუჭერ, რომ რაც შეიძლება მალე გაიმართოს.

პარტიაში აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები დაწყებული გაქვთ და აზრთა სხვადასხვაობა თუ არის?

- რომ გითხრათ, ღრმა პროცესები არ გვაქვს. თუმცა, მსგავს პროცესებში უკვე შესულები ვართ. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, მსგავსი დისკუსია თავმჯდომარეობის კანდიდატზე ჯერ არ ყოფილა. თუ იქნება, იქნება ჯანსაღი დისკუსია, ცხადია, უნდა იყოს კიდეც. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება მისაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მიერ. საბოლოდ, ყრილობაზე გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ. თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე დისკუსია დაწყებული არაა, მაგრამ ველოდები, რომ მალე დაიწყება, რათა შემდეგ უზურპატორი ხელისუფლების პირობებში გავაგრძელოთ მუშაობა.

პარტიის თავმჯდომარის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან თუ იმართება?

- მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერია. მასსა და პარტიას შორის ზღვარი არ არსებობს. სააკაშვილი პარტიასთან სინქრონულად მუშაობს. როგორც გითხარით, ამ თემაზე აქტიური დისკუსია არ არის დაწყებული. თუმცა, როგორც კი დაიწყება, მიშასაც საკუთარი პოზიცია ექნება. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს. მიხეილ სააკაშვილი იმ კანდიდტურას დაუჭერს მხარს, რომელსაც ამომრჩეველი გადაწყვეტს.

ხშირად ახსენებთ, რომ ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს პარტიის თავმჯდომარე ვინ იქნება და რეფერენდუმის გამართვას ხომ არ აპირებთ?

- არა, ხალხში ვგულისხმობ ყრილობას. ყრილობა სახალხოა.

დაფინანსებაზეც მინდა გკითხოთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართა. „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კი განაცხდა, რომ ვინც მანდატებზე უარს იტყვის, მას დაფინანსება შეუწყდება. აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია რა არის?

- „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან უკან დახევა გამორიცხულია. ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი დავწერე, ვიცი, რომ ცენზურის გამო მას ვერ გამოიყენებთ ამიტომ, როგორც მედიას, იგივე ცენზურის გამო არ მინდა გითხრათ.

გასაგებია, რასაც გულისხმობთ, მაგრამ დაფინანსების თემაზე გკითხეთ, დაფინანსების გაუქმება პარტიის განვითარებასა და მუშაობას ხელს არ შეუშლის?

- საერთოდ, მგონია, რომ ამ კანანონსაც ვერ გაიტანენ, მაგრამ გაიტანე თუ ვერ გაიტანენ, ჩვენი მხრიდან უკან დახევა არ იქნება. ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ, გეგმის მიხედვით მივდივართ. ერთპარტიული პარლამენტი ჩვენი არჩევანი არ იყო, ეს იყო „ქართულ ოცნების“ არჩევანი. სურთ ერთპარტიული პარლამენტი, - ისინი ამას მიიღებენ. ერთპარტიულს კი არა, ერთი კაცის პარლამენტს მიიღებენ.

მოლაპარაკების მეხუთე რაუნდისგან რას ელით და გამოიღებს ეს მოლაპარაკებები შედეგს?

- აქამდე ვნახეთ, რომ მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია. როგორც ასეთი, მოლაპარაკების წინააღმდეგები არ ვართ. ამავდროულად, იმასაც ვფიქრობ, რომ აზრი არ აქვს, რადგან კობახიძის შემადგენლობის ხელში - აზრი არ აქვს.

შეიძლება რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დღის წესრიგში დაფინანსების საკითხიც დადგეს?

- ჩვენ დაფინანსებაზე ორიენტირებულნი არ ვართ. ეს არის მე-10 ხარისხოვანი. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ იმაზე, რომ დემოკრატიული პროცესები იყოს. დაფინანსების მოხსნა კობახიძის გადასაწყვეტიც არაა. ეს არის საბუჯეტო დაფინანსება, რომელიც კანონითაა გაწრილი და რომელიც ყველა პარტიას ეკუთვნის. პარტია დაფინანსებას იმის მიხედვით მიიღებს, თუ რამდენ ხმას აიღებს. თუ კობახიძე ამ გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიღებს, ჩვენგან პასუხი ცალსახა იქნება. მისი დაფინანსება არავის სჭირდება.

დაფინანსების გაუქმება შეიძლება პატარა პარიტებისთვის უფრო მტკივნეული იყოს და ეს სულაც არ აწყობდეთ...

- დაფინანსება დიდი პარტიებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, რადგან დიდ პარტიებს დაფინანსება გაცილებით უფრო მეტი აქვთ. სად 2 მილიონი ლარი და სად 80 ათასი ლარი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ღირებულებები გაცილებით მნიშვნელოვანია.