კახი კახიშვილი:

კახი კახიშვილი: "ამ ეტაპზე, ირაკლი ალასანიას სახით, ოპოზიციის ლიდერი ხელოვნურად იკვეთება"

"მერიაში შექმნილი სქემა კარგად ასახავს "ნაციონალების" ხელწერას, როგორ ასაქმებდნენ პარტიის აქტივისტებს, თან ჩვენს მიერ გადახდილი ფულით. თბილისის ათ რაიონად დაყოფაც ამ მიზანს ემსახურება. სიტუაცია ბოლომდე რომ არ გაექცეთ, აქტივისტების შენარჩუნებას გაბერილ შტატებზე დასაქმებით ცდილობენ. საერთოდ, "ნაციონალებს" მხოლოდ ფინანსურად დაინტერესებული მხარდამჭერები ჰყავთ, ახლა კი, თანხები რთულად მოსაზიდია. არ მგონია, ბიზნესმენმა, საკუთარი ინიციატივით, "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე თანხა ჩარიცხოს, მათ კი, პირადი თანხებით აქტივისტების შენახვის სურვილი არ აქვთ. ერთი სიტყვით, პარტია სრულ ჩიხშია", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ივანიშვილმა ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა დაავალა?!".

"გიგი უგულავა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა და სერიოზული თანამდებობის პირია. ერთი მხრივ, "ნაციონალებმა" ხელისუფლების მიერ სამართლიანობის აღდგენის პროცესი პოლიტიკურ პრობლემად გადაქციეს. მეორე მხრივ, ხელისუფლებაც პრობლემის წინაშე დგას, რადგან ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემისას სერიოზული შეცდომა დაუშვა ან დააშვებინეს. კალანდაძის, გუნავასა და გვარამიას დაკავება ხელისუფლების შეცდომად უნდა ჩათვალოთ. გამორიცხული არაა, ის კადრები, რომლებიც წლების განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში წამყვან თანამდებობებზე მუშაობდნენ და თანამდებობებს, რატომღაც, დღესაც ინარჩუნებენ, "ოცნების" ზოგიერთი გამოუცდელი წარმომადგენლის შეცდომაში შეყვანას განზრახ ცდილობდეს. ფაქტია, "ნაციონალურ მოძრაობას" საჯარო სექტორში საყრდენი ძალა ჯერ კიდევ ჰყავს, რომლის დახმარებითაც სამართლის აღდგენის დისკრედიტაცია შეძლო და მთელი აქცენტი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.

"გიგი უგულავას დაკავება წმინდა წყლის პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილება იქნება, რადგან დიდი ხანია, პროცესი პოლიტიზირებულია, მით უმეტეს, გიგი უგულავა ერთ-ერთი ძირითადი სახეა, რომელიც ძველ ხელისუფლებასთან ასოცირდება. ამის მიუხედავად, არ გამოვრიცხავ, უგულავა დააკავონ და შემდგომში, მისი თანამდებობრივი საქმიანობის შეჩერებაც მოითხოვონ. მიკერძოებული სასამართლოს პირობებში, უგულავა წინასწარი დაკავების იზოლატორში, შესაძლოა, მხოლოდ სამი დღით ვიხილოთ. ვვარაუდობ, გიგი უგულავას საქმის გარდა, სასამართლო საკმაოდ ბევრ გახმაურებულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას გეგმავს, ამიტომ აუცილებელია თითოეული ნაბიჯის გათვლა, რათა სასამართლოს არ მიეცეს საშუალება, პროკურატურის მხრიდან არგუმენტაციის ნაკლებობის გამო, მისთვის სასურველი გადაწყვეტილება გამოიტანოს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის განცხადებას, ოთხ წელიწადში, არჩევნების გარეშე დაბრუნების მცდელობა მიანიშნებს, რომ მათ ხელისუფლების უზურპაციას აქვთ განზრახული. პოლიტიკოსისგან მსგავსი განცხადების გაკეთება საკმაოდ საშიშ ქვეტექსტს გულისხმობს, ხელისუფლების უზურპაციის ტექნოლოგიებს კი "ნაცმოძრაობა" უდავოდ ფლობს. ამას ემატება ის სამწუხარო ფაქტიც, რომ "ოცნება" ამის შანსს აძლევს - მრავალპარტიულ კოალიციაში შიდაკონფლიქტები უკვე იკვეთება და ნათელი ხდება, რომ საკუთარი პარტიის გაძლიერების მიზნით, პოლიტიკოსები არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და კოალიციის საერთო ინტერესზე ნაკლებად ფიქრობენ. არაპროფესიონალიზმი "ქართული ოცნების" ყველაზე დიდი პრობლემაა, რაც "ნაცმოძრაობის" წისქვილზე ასხამს წყალს. ის ეარ უნდა მოხდეს, ივანიშვილზე განაწყენებულმა მინისტრებმა, რომლებიც კოალიციაში პერსპექტივას ვერ ნახავენ, "ნაცმოძრაობის" სცენარით ითამაშონ და მათ ხელისუფლების უზურპაციის პროცესი გაუმარტივონ", - ამბობს რესპონდენტი.

"ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიას ის გავლენა აღარ აქვს, რაც ბიძინა ივანიშვილთან თავიდან ჰქონდა. ალბათ, გახსოვთ, პოლიტიკაში შემოსვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილმა ირაკლიზე გააკეთა აქცენტი, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, კოალიციაში სხვა ძალები გჰაძლიერდნენ. საერთოდ, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონფლიქტი ან რეალურად არსებობს და, სავარაუდოდ, ალასანიას მიერ კოალიციიდან წამოსვლას მალე ვიხილავთ, ან არ გამოვრიცხავ, ეს კონფლიქტი ინსპირირებული იმ მიზეზით იყოს, რომ თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სერიოზული ოპოზიციური ძალა შექმნას, რადგან დღეს ყველა საკითხზე მხოლოდ "ნაციონალები" აკეთებენ კომენტარს, სხვა ოპოზიცია ქვეყანაში ნაკლებად გავლენიანია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე, ირაკლი ალასანიას სახით, ოპოზიციის ლიდერი ხელოვნურად იკვეთება", - დასძენს კახი კახიშვილი.