„ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული“

„ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული“

მე-10 მოწვევის პარლამენტის 150-კაციანი დეპუტატის სია დღითიდღე მცირდება. საპარლამენტო მანდატზე პარლამენტს პირველად შალვა ნათელაშვილმა მიმართა, მას კი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასში შემავალი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მიბაძეს. შემდეგ იყო „ევროპული საქართველო“, რომელიც პარლამენტში 5 მანდატით იყო წარმომადგენელი.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, არმაზ ახვლედიანის განცხადებით, საქართველოში ერთი კაცის, ერთპარტიული დიქტატურა არ უნდა გაფორმდეს.

ახვლედიანისგან განსხვავებით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა სულ სხვანაირად ფიქრობს. როგორც მან for.ge-თან საუბრისას განაცხადა, ვიდრე ყველა მანდატს არ შეიწყვეტს, მანამდე ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება. კუჭავას თქმით, ოპოზიციის ქმედებით გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში ვის დასავლური პოზიცია აქვს და ვის რუსული.

ყოველდღიურად ოპოზიციური პარტიები პარლამენტში განცხადებით შემოდიან და მანდატებზე უარს აცხადებენ. ასე თუ გაგრძელდა, მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს. რამდენად მისაღები იქნება მმართველი გუნდისთვის ასეთ ვითარებაში მუშაობა?

- ერთპარიული პარლამენტი არ არსებობს და ეს ჩვენ კარგად უნდა განვსაზღვროთ. ეს პარლამენტი 14 პარტიული, 9 პოლიტიკური სუბიექტით არის წარმოდგენილი. უბრალოდ, პარლამეტში ერთი პარტია მუშაობს. თუ კარგად გახსოვთ, ბოლო ერთი წელი ისედაც ერთპარტიული ვიყავით. ყველა ოპოზიციური პარტია ბოიკოტს აცხადებდა. მაშინ რატომ არ გვეძახდნენ ერთპარტიულს?! თუ მანდატები საბოლოოდ დახიეს და გაუუქმდათ უფლებამოსილება, აი, მაშინ მართლაც იქნება ერთპარტიული. ამიტომ, ჯერ ამის თქმა არ შეგვიძლია და ვერც ვიტყვით. ეს არის აღქმა, რომელიც უნდათ რომ გაყიდონ, თითქოს-და ერთპარტიული პარლამენტი შეიქმნა. იმედს ვიქონიებ, რომ ზოგიერთი მათგანი პარლამენტს მალე დაუბრუნდება და საქმიანობას დაიწყებენ.

შალვა ნათელაშვილმა მოგმართათ უკვე მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით და სხვებიც ანალოგიურად აპირებენ მოქმედებას...

- აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუ ნათელაშვილმა და სხვებმა მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტს მომართეს, აღნიშნული საკითხი სესიაზე გამოვა განსახილველად. ნათელაშვილი ერთმანდატიანია და, ალბათ, პარლამენეტში მოღვაწეობის არსს ვერ ხედავს. თუ გავიხსენებთ მის 2008-2012 წლის მოღვაწეობას, ის ხელფასს და დაფინანსებას იღებდა, მაგრამ პარლამენტში არ ყოფილა.

დაფინანსება ახსენეთ და მანდატებზე უარის თქმის შემდეგ, პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს?

- საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში მუშაობენ, მაგრამ მათი მხრიდან ბოიკოტი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მაგალითად, წინა მოწვევის პარლამენეტის დროს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. თუმცა, თუ უფლებამოსილება შეუწყდებათ და პარლამენტიდან საბოლოო ჯამში გავლენ, მაშინ ეს საკითხი კარგად უნდა დაისვას. დაფინანსების პრინციპი რა არის? არის ის, რომ პარტიული საქმიანობა გააძლიერო. მით უმეტეს 2024 წლისთვის შეგიძლია შენი პარტია უფრო გააძლიერო. საპარლამენტო ცხოვრებაზე უარი თქვა, ნიშნავს, შენზე გამოცხადებულ ნდობაზე უარი თქვა. ამიტომ, ეს საკითხი მსჯლობის საგანი უნდა გახდეს.

აღნიშნულმა საკითხმა საზოგადოებაშიც გამოიწვია გაღიზიანება. თუ არ შედიან, რატომ უნდა მიიღო თანხები? აი, ასე ფიქრობს საზოგადოების დიდი ნაწილი...

- სხვათა შორის საზოგადოების მხრიდან ეს ძალიან კარგი ჟესტია. ზოგადად, ამ პროცესმა ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა. ოპოზიცია ჯერ აპელირებდა, რომ არჩევნები გაგვიყალბესო, შემდეგ ელჩებს გადაუარეს. მათი თქმით არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებენ. ამ ყველაფერს ხალხი ძალიან კარგად ხედავს, მათი უაზრო სიტყვებითა და უაზრო ნაბიჯებით ყველა დაიღალა. მით უმეტეს, მათივე კვლევების მიხედვით კარგად იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ უმრავლესობით მოდიოდა. ამიტომ, მათი მხრიდან გაუგებარია ეს ნაბიჯები. პლუს ამას დავამატოთ ისიც, რომ იძახიან პარლამენტში არ შევალთო, თუმცა, დაფინანსებაზე მოთხოვნა შეიტანეს. ოპოზიცია ბოლო დროს რასაც აკეთებს, ბევრისთვის ამოუხსნელი რამაა. მგონი, თავადაც არ იციან რას აკეთებენ.

როდემდე გააგრძელებენ ბოიკოტს და ამისთვის როგორ ფიქრობთ, იყენებენ თუ არა ქვეყანაში შექმნილ პანდემიასა და ლოქდაუნს, ანუ ამ ლოქდაუნის ფონზე, გაზაფხულამდე დრო ხომ არ გაყავთ?

- საპროტესტო აქციების გამართვა შეუძლიათ, პირველი სესიის გახსნის დროსაც, მათი გარკვეული ჯგუფი მოსული იყო. ზამთარში აქციების გამართვა ისედაც არ არის მარტივი, თან 21:00 საათის შემდეგ „ლოქდაუნია“ გამოცხადებული. „ლოქდაუნამდე“ რა ჩაატარეს, ძალიან მაინტერესებს. მათ ეგონათ, რომ ქუჩაში ბევრ ადამიანს გამოიყვანდნენ, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ჩვენი მოსახლეობა კარგად ხედავს ვინ რას წარმოადგენს - ვის უნდა მუშაობა და ვის უნდა უბრალოდ, სტატუსის გამოყენება. ამ პერიოდში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ვინ არის პროდასავლელი და ვინ პრორუსული. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ დასავლეთის ელჩებს ასე მოიხსენიებენ, რაც არ უნდა მოგწონდეს, ეს თავისთავად საზოგადოებაში გაღიზიანებას გამოიწვევს.

გიგა ბოკერიას პარლამენეტში ისედაც ვერ მოხვდა. ამბობენ, რომ მას წნეხის ქვეშ ყავს ოპოზიციის ნაწილი. რა გავლენა აქვს ბოკერიას ასეთი?

- იცით, ამაზე დეტალურად ვერ გესაუბრებით, რადგან არ ვიცი მათთან შიგნით რა ხდება. მაგრამ, მე ვიცი გარეთ გამოსული ინფორმაციები. ფაქტი ერთია და სასაცილოც არის, რომ უმანდატო დეპუტატი ითხოვს, მანდატიანი დეპუატებისგან იმას, რომ მანდატები დაყარონ და პარლამენტიდან გავიდნენ. მთლიანად ეს პარტია არის დამარცხებული - თუ წინა პარლამენეტში 21 მანდატი ჰქონდათ, ახლა 5-ზე ჩამოვიდნენ. რაც მთავარია, ბაქრაძის გარდა, ვერც ერთი მათი ლიდერი ვერ მოხვდა პარლამენტში. პოსტერზე ვხედავთით ბაქრაძე-უგულავა-ბოკერიას და მარტო ბაქრაძე მოხვდა. რა თქმა უნდა, ეს დიდი მარცხია და ამის გადაფარვას ბოკერია ცდილობს ხელისშეშლით, რათა სხვა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოვიდეს. ამიტომ არაფერი მიკვირს, ყველა ხედავს რა რეალობაა.

დაბოლოს გიორგი გახარიას პარლამენტში ვინ ჩაანაცვლებს და საკანონმდებო ორგანოდან მთავრობაში თუ წაიყვანს ვინმეს?

- პარლამენეტიდან მთავრობაში გიორგი გახარიას გარდა არავინ გადაინაცვლებს. ეს არის საპარლამენტო გუნდი, რომელიც მუშაობას გააგრძლებს. ხოლო, სიაში შემდეგია ლევან მგალობლიშვილი, რომელიც გიორგი გახარიას ჩაანაცვლებს.