Agre vicis jakoma

Agre vicis jakoma

ჯიპიდან ველოსიპედზე გადამჯდარმა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ,,ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე ნიშნის მოგებით იკითხა: «ვინმემ ხომ არ დაითვალა, რამდენი მოქმედი საპროტესტო აქციაა დღეს ქვეყანაში?...»

ამის შემდეგ არ დაიზარა და აქციების ჩამონათვალიც შესთავაზა საკუთარ მეგობრებს:

* თბილისი, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ითხოვენ პრეზიდენტის გადადგომას და ცდილობენ, ცოცხალი ჯაჭვი შეკრან, რბილად რომ ვთქვათ, «არაცოცხალი» ხალხით;

* თბილისი, სამარშრუტო ავტობუსის მძღოლები ითხოვენ თითქმის ყველაფერს + «ნორკის შუბა»;

* წყალტუბო, «ქართული ოცნების» შიდა დაპირისპირება _ ვინ უნდა იყოს პარტიის თავჯდომარე?!

* ხონი, «ქართული ოცნების» შიდა დაპირისპირება _ რით ვართ წყალტუბოელებზე ნაკლები?!

* ქუთაისი, ყასბების პროტესტი _ სასაკლაოების მოწყობა ფული ჯდება, ბიძიკო!

* ლაგოდეხი, სტიქიით დაზარალებულთა აქცია _ 12 ლარი დაახვიეთ და გაიკეთეთ სადმე!

* ქუთაისი, 33-ე საჯარო სკოლა _ არ გვინდა ახალი სასწავლო ნაწილი, ძველი გვირჩევნია! თან ახალი დირექტორის ცოლის დაქალია!

* თბილისი, ორი აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან. სოციალურად დაუცველები ითხოვენ ბინების დაკანონებას, ზღვის ქუჩის მოსახლეობა _ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

* თბილისი, 51 სკოლასთან პედაგოგებისა და მშობლების აქცია _ ხელები შორს ჩვენი დირექტორისგან!

* რუსთავი, «სათნოების სახლის» ბენეფიციარების აქცია _ ნუ დაგვხოცავთ შიმშილით!

* თბილისი, დიდი ლილოს მოსახლეობა მოითხოვს, ეს ნაგავსაყრელი დაახვიეთ და გაიკეთეთ ისევ გლდანში!

«გააგრძელეთ, თუ რამე გამომრჩა»... _ წერს უმცირესობის წევრი.

ხაჩიძის დაწყებული საქმის გაგრძელება უმადური რამაა, მაგრამ ამ ჩამონათვალის გაგრძელება მართლაც შეიძლება. განა იმიტომ, რომ «ნაციონალების» ხელისუფლებიდან წასვლამ წარმოშვა პრობლემები, არამედ იმ მარტივი მიზეზით, რომ თავად ისინი წარმოადგენენ ამ პრობლემის მიზეზსა და სათავეს.

დღეს საზოგადოება იმაზე კამათობს, არის თუ არა ეს საპროტესტო გამოსვლები მართული. ვისგან შეიძლება ისინი იმართებოდეს, ეს საკამათო აღარ არის, თუმცა ხაჩიძეები ამტკიცებენ, რომ ახალი მთავრობა დანაპირებს არ ასრულებს და ხალხიც ამიტომ გამოთქვამს პროტესტს. თავის მხრივ, ახლები აქციებში «ნაციონალების» ხელს ხედავენ. ჭეშმარიტება, როგორც ყოველთვის, სადღაც ამ ორ პოზიციას შორის არის.

პროტესტის ანატომია არახალია და დეჟავიუს წააგავს. 2003 წლის გადატრიალებამდეც პერიოდულად პროტესტის კერები იფეთქებდა ხოლმე, მათ შორის ისეთი მიზეზებით, რომელთაც სინამდვილესთან არაფერი ჰქონდა საერთო. ერთ-ერთი ასეთი საპროტესტო ტალღა იმით იყო განპირობებული, რომ «შევარდნაძე პურის გაძვირებას აპირებს».

პური გაძვირდა, ოღონდ ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემდეგ, ვინც მაშინ პურის გაძვირების მათგანვე მოგონილ განზრახვას აპროტესტებდა. პარადოქსია, მაგრამ რეალურ გაძვირებას პროტესტი აღარ მოჰყოლია!

რატომო, იკითხავთ.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ «ვარდების» ხელისუფლებას ოპოზიცია ჯერ არ ჰყავდა, ხოლო როცა იგი გამოჩნდა, მას, ხალხისგან განსხვავებით, პურის კი არა, ხიზილალის საკითხი აწუხებდა.

მეორეც, საპროტესტო გამოსვლებზე ხალხს «დემოკრატიისთვის მებრძოლი» სააკაშვილის რეჟიმი იმთავითვე ძალადობით გაუსწორდა.

მესამეც, მთავარი ის კი არ არის, რაც სინამდვილეში ხდება, არამედ ის, რასაც «რუსთავი 1», «რუსთავი 2» და «რუსთავი 3» აჩვენებენ ეთერში.

ახლაც მთავარი ის კი არ არის, თუ რა აწუხებს ქუჩაში გამოსულ ხალხს, არამედ ის, თუ რას განაცხადებს ქვეყნის მთავრობიდან იმავე ხალხის მიერ დათხოვნილი ესა თუ ის ყოფილი დიდმოხელე. «ნაციონალები», რომლებიც ხალხთან ურთიერთობაზე 9 წელიწადი უარს აცხადებდნენ, დღეს ერთბაშად გამჭვირვალობისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაზე გადაერთნენ.

ქვეყნის «გაღლეტილ» ხერხემლად გამოცხადებული და «ნაციონალური მოძრაობის» გენერალურ მდივნად დანიშნული (არადა, წესდებით ყრილობაზე უნდა აერჩიათ!) ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ პარტიული მუშაობის ახალ ეტაპზე გადადის. ახალი ეტაპი კი კვლავ ვირტუალური სიმართლის შეთხზვას და ტირაჟირებას ითვალისწინებს. პარტიის ახალი ვებგვერდის პრეზენტაციაზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა: «ჩვენ გვინდა, ახალი ტექნოლოგიები დავნერგოთ ჩვენს პარტიულ და არა მარტო პარტიულ მუშაობაში. პარტიის ყველა ღონისძიება, მათ შორის – საპარლამენტო ფრაქციის, თბილისის მერიის, რუსთავის, ქუთაისისა და სხვა ყველა იმ საკრებულოსი, რომელშიც უმრავლესობა «ნაციონალურ მოძრაობას» აქვს, სრულიად გამჭვირვალე გახდება».

რას ნიშნავს ეს «არა მარტო პარტიული მუშაობა» და რატომ ხდება «ნაციონალური მოძრაობა» გამჭვირვალე მხოლოდ ახლა, უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ? თუმცა მივყვეთ მერაბიშვილის გულახდილ ნაუბარს: «საქართველოს ისტორიაში პირველად, «ნაციონალური მოძრაობა» გადადის საზოგადოებასთან კომუნიკაციის ახალ ეტაპზე. ამისთვის გამოვიყენებთ მთავარ საშუალებას – ინტერნეტს. დღეს გვაქვს ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია. იგი ყველაზე დინამიურია მათ შორის, რომლებიც ოდესმე პოლიტიკურ ორგანიზაციებს ჰქონიათ».

ასევე «საქართველოს ისტორიაში პირველად» არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე მიხეილ სააკაშვილი «ელექტრონული მთავრობის» შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, სასურველ მინისტრს დაელაპარაკოს: «ვთქვათ, გინდათ მინისტრთან ლაპარაკი სასწრაფოდ, გულის გადაშლა, დააჭერ ღილაკს და მინისტრი ამოვა 3D გამოსახულებით, ძალიან მოცულობითი, მაგალითად, მოცულობითი ზურაბ ადეიშვილი (არ ვიცი, რა მოემატება მოცულობაში, რაც არ უნდა დიდი გააკეთო, მაგრამ რაც იქნება) გამოჩნდება შენ წინ. ეს არ არის ფანტაზია.

ჩვენ გვყავს მინისტრები, ფეხმარდები და მკვირცხლები არიან, მაგრამ მთავრობები შეიცვლება და შეიძლება ყოველთვის არ იყოს ისეთი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მუდმივად სხვადასხვა ადგილზე იყოს. ბოლოს და ბოლოს, ჩვენც რომ დავდინჯდებით, შეიძლება ჩვენც აღარ ვიყოთ ეგეთები. ამიტომ აქედან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ იყოს ელექტრონული მთავრობა».

დღეს «ფეხმარდი და მკვირცხლი» 3D ზურაბ ადეიშვილი მართლმსაჯულებას ემალება (თუმცა მის სახელს კახეთში სტიქიით დაზარალებული გლეხების «სტიქიურ» გამოსვლებს უკავშირებენ), ხოლო დასადინჯებლად გამზადებულ დანარჩენ «ნაციონალურ» მთავრობას ხალხმა განაჩენი გამოუტანა. თუმცა ხალხის უმრავლესობა ინტერნეტში არ ცხოვრობს, იქ დაბუდებული პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი ტროლებისგან განსხვავებით.

ტროლები სიჩუმეს და იგნორირებას ვერ იტანენ. ინტერნეტში გააქტიურებული «ნაცმოძრაობა» უთუოდ მხარს აუბამს მათ პროვოკაციებს და კვლავაც ვირტუალურ საქართველოში გვაცხოვრებს. მიზანი ეს არის. თუმცა დღეს ინტერნეტშიც ისევე შეირყა მათი მონოპოლია, როგორც პოლიტიკაში. ისინი სულ უფრო ხშირად იღებენ დამსახურებულ პასუხს.

რუსთაველის თეატრში დაბრუნებული რობერტ სტურუა «ფეისბუქის» საკუთარ გვერდზე წერს: «ვიღაც-ვიღაცები მაბრალებენ არაინტელიგენტური გამოთქმების ჭარბად გამოყენებას... ახლა ვუსმენდი ჩვენი ფიტულ-დიდის გამოსვლას და დაქალებულ «კმარას», ქართლის დედასავით ბავშვით ხელში რომ გაჰკიოდა რაღაც სისულელეს და გავიფიქრე: რა უსუსური, უფხო ინტელიგენტებივით ვექცევით ამ მოძალადეებს! არ კმარა?»

შემოქმედის თვალი სრულიად უმნიშვნელო დეტალში ხედავს ხოლმე მთავარს. ახალი ხელისუფლება სულ უფრო ემსგავსება ჯაყოს პირისპირ დარჩენილ თეიმურაზ ხევისთავს, რომელიც უტიფარ და ხარბ ჯაყოს წინააღმდეგობას ვერ უწევს.

ის კი მარგოსაც ეპატრონება, მის ქონებასაც და ინგლისურად პასუხობს: «Agre vicis jakoma»!

სათაურში გატანილი ამ ფრაზის ინგლისური ტრანსკრიპცია ისეთივე მართლწერითაა შესრულებული, როგორითაც ჩვენებური ნამინისტრალი ველოსიპედისტები გვიმასპინძლდებიან სოციალურ ქსელებში. ჯაყო კი ისევ ჯაყოდ რჩება, გინდ პარლამენტში დასვი და გინდ ველოსიპედზე!

ველოსიპედისტმა შემთხვევით არ მოაქცია საპროტესტო გამოსვლების ჩამონათვალში «ქართული ოცნების» ადგილობრივი ორგანიზაციების დაფუძნებისას მომხდარი გაუგებრობები. ამით გამჭვირვალედ მიანიშნებს, რომ ახალ ძალას საკუთარი მომხრეები უპირისპირდებიან. სხვაგვარად აუხსნელია, რა საერთო აქვთ მიკროავტობუსების მძღოლებს, სტიქიით დაზარალებულებს და სკოლის გათავისუფლებულ დირექტორებს. არადა, მათ საერთო ნამდვილად აქვთ _ ისინი, ყველანი «ნაციონალური» ხელისუფლების მიერ არიან დაზარალებულნი, ხოლო პროტესტის გამოხატვა მხოლოდ ახლა გაბედეს, რაკი იციან, რომ ახალი მთავრობა მათ ხელკეტებით, ტყვიებითა და მომწამლავი გაზით არ გაუმასპინძლდება.

ამ სტრიქონების ავტორი ზუსტად ერთი წლის წინ ამტკიცებდა, რომ «ქართულ ოცნებას» ძლიერი ადგილობრივი ორგანიზაციები უნდა შეექმნა, მაგრამ მაშინ ადგილებზე კოალიცია მასში შემავალ პარტიებს დაეყრდნო. ახლა, არჩევნების მოგების შემდეგ გამარჯვებულ ძალას ყველა აეტორღიალა (მათ შორის ყოფილი «ნაციონალებიც») და ეს ატორღიალებულნი, როგორც წესი, ბევრად უფრო აქტიურნი და შემტევნი არიან, ვიდრე «ოცნების» აქტივისტები, რომლებიც არჩევნებამდე თავსაც წირავდნენ და ახლობლებსაც.

ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა ჩაიხედოს რეგიონებში მიმდინარე ამ სკანდალებში და, მათ შორის, იმაშიც, რომ გამარჯვებული «ოცნების» კოორდინატორებს თუ საარჩევნო კომისიის წევრებს დღესაც არა აქვთ მიღებული ანაზღაურება. თუ მაშინ ამის ახსნა ჩასაფრებული მოგელაძით შეიძლებოდა, ახლა ეს ფაქტორი აღარ არსებობს და შესაბამისმა პირებმა უნდა განმარტონ, ამ იმედგაცრუებული ადამიანების ადგილებს რატომ იკავებენ არჩევნებამდე სხვა პარტიების რიგებში რიცხული ადამიანები.

ჯაყო მხოლოდ «ნაციონალებში» არ ეძებოთ. ჯაყოები სხვაგანაც მრავლად არიან _ პარლამენტშიც და მის გარეთაც; ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც. ჩვენი მეგობრები კი დასავლეთში შფოთავენ და კოაბიტაციისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მათ «ჯაყოს ხიზნები» არ წაუკითხავთ. შესაბამისად, არც ის იციან, რომ ჯაყოსთან კოაბიტაცია ყველაფრის დაკარგვას ნიშნავს. ამომრჩეველი კი, რომელსაც ველოსიპედისტი «კორექტულად» და «რბილად» რომ ვთქვათ, «არაცოცხალ» ხალხს» უწოდებს, გულისწყრომას ძლივს იკავებს.

და მაინც, რამდენი მოქმედი საპროტესტო აქციაა დღეს ქვეყანაში?

ერთი _ ხელისუფლებაში დარჩენილი და საკუთარი ხალხის მოძულე ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ!

ახალი მთავრობა ან ამ აქციის მხარეს უნდა დადგეს, ან თეიმურაზ ხევისთავის ბედს შეეგუოს!