„ნაციონალების შიგნით ვერავინ ბედავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, გამოხატვას და მით უფრო ამ აზრის განხორციელებას“

„ნაციონალების შიგნით ვერავინ ბედავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, გამოხატვას და მით უფრო ამ აზრის განხორციელებას“

საპარლამენტო არჩევნებმა ჩაიარა და „ნაციონალურ მოძრაობიდან“ შესაძლოა პარტიის წევრების გადინება დაიწყოს. პირველი ვინც ეს ნაბიჯი თამამად გადადგა, პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეა. მან წასვლის მიზეზად, პარტიაში სტრატეგიის არქონა, ოდიოზური ფიგურების ყოფნა და ელჩებთან დაპირისპირება დაასახელა და თანაგუნდელებს წარმატებები უსურვა.

როგორც for.ge-თან „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის შიშით, პარტიის შიგნით ვერავინ ბედავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას და მით უფრო ამ აზრის განხორციელებას. ამის გასაკონტროლებლად კი, სააკაშვილს ნიკა გვარამია და ნიკა მელია ყავს დანიშნული. ამ ფონზე, ექსპერტისთვის გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლა რას უკავშირდება?

- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გრიგოლ ვაშაძე, როგორც პარტიის თავმჯდომარე თავიდანვე მოლაპარაკების ინიციატივით გამოვიდა. მის ამ ქმედებას, გვახსოვს პარტიაში რამხელა პროტესტი მოჰყვა. მისი ეს იდეა თითქმის ყველამ დაგმო. მანამდეც შეგვიძლია გავიხსენოთ და სხვადასხვა საკითხები განვიხილოთ, სადაც მისი ხედვები, პარტიის ხედვას არ ემთხვეოდა. ზოგადად, ბევრჯერ მოვესწარით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს, საკუთარი ლიდერის გონივრულ გადაწყვეტილებაზე. მათი გაქცეული ლიდერის სტრატეგია დესტრუქციაზეა აგებული. სააკაშვილს უნდა, რომ ქვეყანაში მუდმივად დესტაბილიზაცია იყოს და ქვეყანაში სიტუაცია მაქსიმალურად დაიძაბოს. ეს არის სააკაშვილის სტრატეგია. საერთოდ, იცით, სააკაშვილ-გვარამიას სტრატეგია და ამ სტრატეგიაში მოლაპარაკება არ ჯდება. თუმცა, პირველი დარტყმის შემდეგ, სხვა ოპოზიციის ლიდერებიც მოლაპარაკების მაგიდასთან ვაშაძეზე ადრე გაიქცნენ. ვაშაძემ დასავლურ პარტნიორებთან დაკავშირებით სწორი განცხადება გააკეთა, რადგან ისინი ჩვენ დიალოგისკენ მუდმივად გვიბიძგებენ. ეს გზა სწორი აღმოჩნდა, მაგრამ ვაშაძე ამ პოზიციის გამო ძალიან დაისაჯა. შემდეგ, მოლაპარაკების პროცესების დროს რამდენჯერმე აღარ გამოჩენილა. ბოლო პერიოდში გვახსოვს გვარამიამ მელია როგორ დაკითხა და მინიშნება - თუ სად იყო ვაშაძე. ადამიანი პარტიის თავმჯდომარე იყო და გუნდის შიგნით მისი „მოცილება“ ყველას უნდოდა. მისი ასეთი ტიპის განცხადებების გამო, სახეზე იყო ღია დაპირისპირება. დღეს კი, მისი პარტიის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძე პარტიის არჩეული თავმჯდომარე იყო, მას პოლიტიკის გატარების საშუალება არ ეძლეოდა. დისკუსია ყველა პარტიას სჭირდება, მაგრამ ეს ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გვინახია. ჩვენ ვნახეთ ადამიანების ბულინგი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარის მიმართაც. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი სრულიად მოსალოდნელი იყო.

როგორ ფიქრობთ ვაშაძე სად გააგრძელებს საქმიანობას?

- არ ვიცი, ვაშაძე სად და როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას. არ ის ვიცი, პარლამენტში შევა თუ არა.

თქვენი აზრით გრიგოლ ვაშაძეს სხვები გაჰყვებიან?

- კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ვაშაძის მსგავსი პოზიცია სხვებსაც ჰქონდათ. ზოგიერთის საჯარო განცხადებებიც მოვისმინეთ და ელჩების შეურაცხყოფა დაგმეს. თუმცა, საპირისპირო განცხადებებიც ვიხილეთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისა, ასევე მათი ტელევიზიის ლიდერის, ნიკა გვარამიას მხრიდანაც. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს. მარტო პარლამენტში შესვლა არშესვლაზე არაა საუბარი, საუბარია დესტრუქციულ გზაზე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ დაადგა. კარგია, რომ საზოგადოებამ მათ რევოლუციის განხორციელების საშუალება არ მისცა და მუდამ ასე იქნება.

თქვენ თვლით, რომ ვაშაძეს პარტიაში საკმაოდ დაძაბული ვითარება ჰქონდა და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილთან?

- მისი განცხადებიდან რაც წავიკითხე, იქ იკითხება, რომ ფაქტობრივად, 2017 წლიდან, როდესაც პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული, იმ დღიდან მოყოლებული, კლასიკური გაგებით, ის პარტიის თავმჯდომარე არ ყოფილა. თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო. ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი გადაწყვეტილება არ გვინახავს, რომელიც ვაშაძეს დამოუკიდებლად ჰქონდა მიღებული. ადამიანი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო და მაშინაც მისი განცხადებები არ ემთხვეოდა სხვა ლიდერების განცხადებებს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი ის პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას აპირებს თუ არა, მით უმეტეს პარლამენტში შესვლას. მაგრამ, ამ განცხადებაში იკითხება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც დემოკრატიაზე აქვს პრეტენზია, სინამდვილეში, მთელ ქვეყანაში ავტორიტალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარაა, ახლა ავტორიტარიზმი პარტიის შიგნით აქვს ჩამოყალიბებული. მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არაა და პოლიტიკური საქმიანობა ეკრძალება, პარტიის შიგნით ვერავინ ბედავს განსხვავებული აზრის დაფიქსირებას, გამოხატვას და მით უფრო ამ აზრის განხორციელებას. ამის კონტროლად მას დანიშნული ყავს ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ჩემი აზრით, გრიგოლ ვაშაძის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

თქვენი აზრით, ვაშაძის მხრიდან პარლამენტში შესვლა მართებული იქნება და ასე დაუპირისპირდეს ყოფილ თანაგუნდელებს?

- ეს უფრო გრიგოლ ვაშაძის გეგმებზეა დამოკიდებული. თუმცა, შეიძლება 36-კაციან სიიდან ვინმე მის მოსაზრებას იზიარებდეს და პარლამენტში შესვლა სურდეს, მაშინ მიშასთან ბრძოლას აზრი ექნება. თუმცა, თუ მარტო უნდა შევიდეს, მაშინ აზრი არ ექნება. გრიგოლ ვაშაძე, რომელიც პარტიიდან წავიდა, ახლა უკვე მის გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ვინ შეიძლება რომ გახდეს?

- სავარაუდოდ, ეს ნიკა მელია იქნება. ის პარალელულად პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა. როგორც ჩანს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობა, პარტიის თავმჯდომარეობაში გადავა. თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თავად ნიკა მელიასგანაც განსხვავებული მოსაზრებები არაერთხელ მოგვისმენია. მათ შორის სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც. მაინც, ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, ამას მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტს.

არაგველი641 კარგი იქნება თუ თავმჯდომარედ მერაბიშვილს აირჩევენ
3 წლის უკან