„ჩემი ვარაუდით, რამდენიმე წევრი კიდევ წავა და ისინი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ კი არა, პოლიტიკას ჩამოშორდებიან“

„ჩემი ვარაუდით, რამდენიმე წევრი კიდევ წავა და ისინი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ კი არა, პოლიტიკას ჩამოშორდებიან“

„ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ მოულოდნელად დატოვა. მან საკუთარი გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალური ქსელით ამცნო.

„მე გადავწყვიტე დავტოვო ყველა დაკავებული თანამდებობა და გავიდე პარტიიდან... მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო...“, - დაწერა ვაშაძემ.

ექსპერტ გია აბაშიძის აზრით, გრიგოლ ვაშაძე სააკაშვილ-გვარამიას მიერ ელჩების თავდასხმას არ შეეგუა და პარტიის ექს-თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვებსაც გაიყოლებს. ექსპერტის თქმით, ვაშაძე პოლიტიკაში აღარ გააგრძელებს კარიერას, მან სტრატეგია - „სადაც არ სჯობს გაცლა სჯობს“ - აირჩია.

როგორ ფიქრობთ, რეალურად რა გახდა გრიგოლ ვაშაძის „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზი?

- ბატონმა ვაშაძემ, კარგი გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ხანია უნდა წამოსულიყო ამ პარტიიდან, რომელიც დაკავებულია დესტრუქციული გამოხტომებით. ვფიქრობ, ნიკა გვარამიას ბოლოდროინდელმა ტელემონოლოგებმა, ეს პროცესი ერთგვარად დააჩქარა. წარმოუდგენელია, ასე დაუსაბუთებლად, ყოველდღე ევროპისა და ამერიკის ელჩებს თავს ესხმოდე. ამას ყოველდღიურად ჟირინოვსკი არ აკეთებს, რასაც გვარამია აკეთებს. ასე რომ, ეს მოვლენა საკუთარ თავს დააბრალონ. სავარაუდოდ, პარტიაში რყევები კიდევ გაგრძელდება. ის დროა, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლაც სურს, რომ იყოს ოპოზიციაში, სააკაშვილ-გვარამიას ჩამოსცილდნენ. შექმნან რამე ახალი პარტია, ანდა სხვა ოპოზიციური სპექტრი გააძლიერონ. სააკაშვილთან ერთად პოლიტიკაში მუშაობა აღარ შეიძლება.

თქვენი აზრით ვაშაძე კიდევ ვის გაიყოლებს?

- ამაზე მარჩიელობა არ მინდა და ზოგ-ზოგიერთებს დავასწრო გადაწყვეტილების მიღებაში. ჩემი ვარაუდით, რამდენიმე წევრი კიდევ წავა. ისინი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არა, არამედ პოლიტიკას ჩამოშორდებიან. სააკაშვილ-გვარამიასთან ერთად შეუძლებელია პოლიტიკაში ყოფნა.

გრგოლ ვაშაძე კი, მაგრამ დანარჩენები მიხეილ სააკაშვილს ღიად არ უპირისპირდებოდნენ. თქვენი აზრით, ახლა ღიად იტყვიან რა ხდება პარტიაში და ვაშაძე ალაპარაკდება?

- გამორიცხული არაფერია, მაგრამ თუ როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ ახასიათებს და საჯაროდ ვაშაძის ბულინგი დაიწყეს, ის იძულებული იქნება კულუარული ამბები გარეთ გამოიტანოს. თუმცა, ვაშაძის წასვლა თუ ჩვეულებრივ გადაიტანეს, მაშინ გაჩუმდება. ვფიქრობ, ვაშაძე პოლიტიკაში არა, მაგრამ ბიზნესში, ან მეუღლეს შეუერთდება კულტურის სფეროში და იქ გააგრძელებს მუშაობას.

ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ის პარლამენტში არ შევა და არ დაუპირისპირდება იქიდან სააკაშვილს?

- ამ ადამიანმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოფნა აღარ უნდა. შესაბამისად, მას არც პარლამენტი აინტერესებს, არც მედიასთან ურთიერთობა და არც არანაირი პოლიტიკური საკითხები.

თქვენი აზრით, ის შეიძლება რუსეთში წავიდეს?

- გამორიცხული არაა. მას მჭიდრო კონტაქტები აქვს, ასევე სამეგობრო წრე ჰყავს. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ იქ წავიდეს და მეუღლეს კულტურულ სფეროში მიეხმაროს.

შეიძლება, რომ მიხეილ სააკაშვილს სწორედ რუსეთიდან დაუპირისპირდეს და რუსული კავშირები გამოიყენოს?

- არ მგონია, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ პრინციპი აირჩია. ვაშაძის გადაწყვეტილებაში ამას ვხედავ.

 

ლაზი ვაშაძეზე ამბობდნენ, კარგ ოჯახში გაზრდილია და კარგი განათლება აქვს მიღებულიო. მართალი ყოფილა.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე სულ ის მიკვირდა ვაშაძე როგორ ჩერდებოდა იქ სადაც იყო გაჩერებული?! )))
3 წლის უკან
არაგველი641 ვაშაძემ დაამთავრა კგბ-ს დავალებები და წავიდა.
3 წლის უკან