„მთელ დიპლომატიურ კორპუსს შეუტიეს, მგონი, დეგნანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რუსეთის გავლენით მოქმედებდს“

„მთელ დიპლომატიურ კორპუსს შეუტიეს, მგონი, დეგნანს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი რუსეთის გავლენით მოქმედებდს“

სტრატეგიული მოკავშირეების წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმები და შეურაცხყოფის კამპანია; „ნაციონალურ მოძრაობაში“ მყოფი ოდიოზური ფიგურები; ხელმძღვანელობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეული ტაქტიკა და არარსებული პარტიული სტრატეგია“, – ეს არის იმ მიზეზების ჩამონათვალი, რატომაც გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია თავმჯდომარის გარეშე დატოვა. ვაშაძის გადაწყვეტილებას ამ დრომდე უკომენტაროდ ტოვებს პარტიის რეალური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, პარტიის წევრები კი, ვაშაძეს გადაწყვეტილების ფორმას და დროს უწუნებენ.

ვის ინტერესში შედის დიპლომატიურ კორპუსზე თავდასხმა – ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, როგორ შეიძლება აიხსნას დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ ასეთი ორგანიზებული შეტევა? განსაკუთრებით თავდასხმის ობიეტქია აშშ–ის ელჩი, ეს ის ელჩია, რომელზეც იგივე ნიკა გვარამია სიუჟეტებს ქმნიდა, რომ „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ბლოკავს დეგნანის საკითხს. მაშინ ძალინ დიდი მოლოდინი ჰქონდათ, მაგრამ დღეს ამ გვარამიას მხრიდან დეგნანი გახდა თავდასხმის ობიექტი, ვამბობ გვარამიას, ვგულისხმობ სააკაშვილს, რომელმაც პირველმა დაიწყო დიპლომატების კრიტიკა...

რამაზ საყვარელიძე: ეს კითხვის ნიშანი ძალიან ძნელი საპასუხოა. ვაშაძეც ისე წავიდა პარტიიდან, რომ ამ კითხვაზე პასუხი მასაც არ აქვს, რატომ დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ჯგუფმა დიპლომატებზე თავდასხმა. ლადო პაპავას ინტერვიუ მახსენდება – „რუსეთის წისქვილზე ნუ დავასხამთ წყალს“. მახსენდება იმიტომ, რომ ერთადერთ და ლოგიკურად გამართული ვერსია ეს გამოდის – რუსეთის დაკვეთას ხომ არ ასრულებს „ნაციონალური მოძრაობა“?

არ არის გამორიცხული, მით უფრო იმ ნაწილში, როდესაც სამიზნე ხდება აშშ–ის, გერმანიის და ევროკავშირის ელჩი...

– და ასევე, რუსეთის დაკვეთა ხომ არ არის ის, რომ საზოგადოებაში გააღვივოს ანტიდასავლური განწყობები? ან თუნდაც ის, რომ ამერიკული დიპლომატია მიიყვანოს იმ ვითარებამდე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება? მთელ დიპლომატიურ კორპუსს შეუტიეს, ამიტომ ჩნდება კითხვა – უფრო შორეული მიზნები ხომ არ აქვს ამ თავდასხმას? საქართველო არ არის განებივრებული მაღალი რანგის მქონე ელჩებით, პატარა ქვეყანა ვართ, მაინც და მაინც ბევრი ინტერესის ხაზი არ იკვეთება, მათ შორის არც ამერიკის.

მაღალი რანგის სამხედრო დიპლომატიის წარმომადგენელი არის კელი დეგნანი. ასეთი რანგის ელჩი, რა თქმა უნდა, არ არის გულუბრყვილო პოლიტიკაში. მე მგონი, ელჩს გაუჩნდა იმის ეჭვი, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება რუსეთის გავლენით მოქმედებდეს. ეს ის ელჩია, რომელიც დაგვპირდა, რომ თუკი რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, ეცდება ხელი შეუშალოს. არჩევნების შემდეგ ვნახეთ, რომ ელჩმა მაქსიმალურად სცადა, საქართველო არასტაბილურ ქვეყანად არ ჩამოყალიბებულიყო.

საინტერესოა ისიც, რომ აშშ–ის ელჩმა აუდიენცია გამართა გრიგოლ ვაშაძესთან და კობა ნაყოფიასთან. დღეს ვხედავთ, რომ ვაშაძე წავიდა „ნაციონალური მოძრაობიდან“. ეს დაბარებები და ვაშაძის წასვლა არის ერთმანეთთან კავშირში?

– თუკი ელჩს აქვს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ხდება ამერიკის საწინააღმდეგო ვითარება – დესტაბილიზაცია, თუ ეჭვი აქვს, რომ ამ დესტაბილიზაციას ახორციელებენ ვიღაცა ადამიანების ხელით, სავარაუდოა, რომ დაიბარა ეს ადამიანები და დაუდო დოკუმენტაცია, რომ იციან მათ ეს კავშირი რუსეთთან, ან იციან, რომ დესტაბილიზაციაზე მიდიან და, რომ არ გააღვივონ ეს ხაზი, ამ ფიგურებმა ხმა უნდა ამოიღონ. ნაყოფიას ამოღებული ხმა კაცს არ უნახია. რაც შეეხება ვაშაძეს, მან საერთოდ უარი თქვა პოლიტიკაში მონაწილეობაზე და ამით საერთოდ გაითავისუფლა თავი.

ვაშაძემ თავის წერილში პრორუსულ ძალად გამოიყვანა „ნაციონალური მოძრაობა“. ვაშაძის პოზიციას იზიარებს სალომე სამადაშვილი, რომლისთვისაც ასევე მიუღებელია თავდასხმა დიპლომატებზე. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, რომ სამადაშვილიც გაყვეს ვაშაძის გზას, გაგრძელდება დაშლის პროცესი პარტიაში, რომელიც არ ელევა მიხეილ სააკაშვილს?

– არ ვიცი მარტო სააკაშვილში არის თუ არა საქმე. თუ ოპოზიციის არჩეულ სტრატეგიაში არის რუსული გავლენა, ანუ დიპლომატებზე თავდასხმის სტრატეგიაში, შეიძლება სააკაშვილი თვითონ არ იყოს აზრზე. ანუ, ქვედა სართულები მუშაობდნენ და ზედა სართულები აზრზე არ იყვნენ. თუმცა მეეჭვება, რომ ასე იყოს. იმიტომ რომ ერთ–ერთი პირველი ვინც შეუტია დასავლეთს, სწორედ, რომ სააკაშვილი იყო.

მე მგონი, მართლაც უფრო რთული სიტუაციაა შექმნილი, ვიდრე სააკაშვილის ვერშელევა. თუ აქ საგარეო გავლენებზე არის ლაპარაკი, მაშინ სააკაშვილი მხოლოდ ასეთი გავლენების აღმასრულებელი პერსონა გამოდის და მეტი არაფერი. იმიტომ, რომ თვითონ სააკაშვილი უკვე კაცის კაცია და კაცის კაცი, რა კაცია მოგეხსენებათ. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესს, მე თუ მკითხავთ დაშლილია. კი, შეიძლება ახალი თავმჯდომარე აირჩიონ, მაგალითად გუბაზ სანიკიძე, ან რომან გოცირიძე.

და არა ნიკა მელია?

– მელიას არ წყალობს იგივე მიშა. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ნაძალადევი არის იმ მხრივ, რომ გააჩნია რისთვის არის დაშლა–არდაშლა. ამ პოლიტიკური პროცესებისთვის რაც ახლა ხდება, პარტიის გავლენა ნულამდეა დასული. თვითონ კი გონიათ, რომ საპროტესტო განწყობის მატარებლები არიან და ამ საპროტესტო განწყობილებას ბოლომდე მიიყვანენ, მაგრამ ვის სჭირდება ასეთი საპროტესტო განწყობილება, ეს გაუგებარია. ფაქტია და ვაშაძის წასვლით გამოვლინდა, რომ ამომრჩევლის ნდობის პრობლემაც უდგას პარტიას. თუ ამას ვერ მიხვდებიან და კიდევ გააგრძელებენ იგივე რიხით აგრესიულობას, ბოლოს და ბოლოს ეს პარტია მართლა დავა სექტანტურ რაოდენობაზე. სექტა რაოდენობრივადაც ხომ უფრო მცირეა, ვიდრე სხვა ინსტიტუტები. ჩამოდნობის პროცესშია ეს პარტია, ვაშაძეს ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, დააჩქარებს ამ პროცესს, მაგრამ გადამწყვეტი უკვე ვაშაძეც აღარ არის.

ვაშაძეს წასვლა რამდენად მძიმე რეალობის წინაშე აყენებს თითქოსდა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციას?

– ოპოზიციამ თავისი თავი ჩააყენა მძიმე მდგომარეობაში, რადგან პრაქტიკულად ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი. მას ჰქონდა შესანიშნავი შანსი, რადგან ოპოზიცია პარლამენტის უმრავლესობას ფლობდა გაერთიანებული ოპოზიციის სახით, შესანიშნავი შანსი, გარდამტეხი როლი შეესრულებინა პოლიტიკურ პროცესებში და შეეცვალა ამ პროცესების პოლიტიკური ხაზი. მან ამისთვის პარლამენტი არ გამოიყენა, გადაწყვიტა ქუჩიდან პროცესის გამოყენება და ამით ნულამდე დაიყვანა თავისი შანსი. პოლიტიკოსთვის ნორმალური ცხოვრება არის პარლამენტის ტრიბუნა, სხვა არის არალეგალური გზა.

ვაშაძის წასვლამ რა გავლენა შეიძლება იქონიოს პარტიის ერთიანობაზე და როგორ ფიქრობთ, რამდენად გავლენიანი ფიგურა იყო პარტიის თავმჯდომარე? ვხედავთ, რომ რეალური მმართველი არის მიხეილ სააკაშვილი, შემდეგ ნიკა გვარამია, სწორედ ამის შემდეგ მოდიან იგივე ვაშაძე, მელია და სხვები...

– გეთანხმებით, რომ ვაშაძე არ არის ის ფიგურა, რომლის წასვლა რადიკალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ვაშაძის წასვლამ შეიძლება წასვლის პრეცედენტი შექმნას და ეს იქნება მძიმე შედეგის მომტანი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რადგან ვაშაძე წავიდა, ე.ი. თითოეულს შეუძლია აიღოს გუდა–ნაბადი და წავიდეს, ასეთი მაგალითით უკვე თავისთავად იქნება დაშლის პირობა. ასეთი ნაბიჯი შეუძლიათ გადადგან ვაშაძისნაირმა პიროვნებებმა.