"კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და როდესაც ადამიანი კანონს დაარღვევს, პასუხიც უნდა აგოს დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ასეა ყველა შემთხვევაში, თუნდაც კანონის დამრღვევი თბილისის მერი იყოს და ეს არ არის პოლიტიკური დევნა. ბატონი უგულავა არ არის შეჩვეული, რომ სახელმწიფოში ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილება განაწილებულია. მას ვერ წარმოუდგენია, რომ მთავრობის რომელიმე პირი ან პრემიერი პროკურატურის საქმიანობაში არ ერეოდეს. ჩემი აზრით, დღეს მთავრობა აკეთებს თავის საქმეს, უგულავა კი - თავის საქმეს. ოღონდ უგულავა ამას შეჩვეული არ არის, იმიტომ, რომ ადრე ყველა მსგავსი "საქმე" ანუ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებული იყო. უგულავას, ალბათ, ვერ წარმოუდგენია, რომ რაიმე "ზემოდან" დაკვეთის გარეშე მოხდეს. არადა, დღეს ერთადერთი დაკვეთაა - ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა - დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ. რაც უნდა თქვას უგულავამ, საქმე მაინც წინ წავა და ყველაფერი ისე იქნება, როგორც სამართალი მოითხოვს", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს გამარჯვებით თრობასთანაც" / "დღეს ერთადერთი დაკვეთაა ხალხის სურვილი, აღდგეს სამართლიანობა".
"მართალი ყოფილა ეგ ექსპერტი. სხვათა შორის, მე უფრო ადრე ველოდებოდი კეზერაშვილზე საქმის აღძვრას. ვიმეორებ, - ასეთი საქმე კიდევ მრავლად იქნება და ბევრ საინტერესო ამბავს გავიგებთ. რა თქმა უნდა, პოლიტიკური დევნის თაობაზე "ნაციონალების" განცხადების მთავარი ადრესატი დასავლეთია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აუცილებელია. "ქართულმა ოცნებამ" უნდა აღადგინოს კავშირი ლობისტებთან და გაათმაგებულად იმუშაოს. არ შეიძლება ამ პროცესების თვითდინებაზე მიშვება, რადგან ეს ახალი ხელისუფლების საკრალური შეცდომა იქნება. ჩვენ ძალიან გვჭირდება აშშ-ის, ევროკავშირის თუ ნატოს მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო პიარის ამუშავება. ისე, პიარი (პროპაგანდას არ ვგულისხმობ) ახალ ხელისუფლებას, ალბათ, არც ქვეყნის შიგნით აწყენდა. აგერ, კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის 100 მილიონის დარიგება დაიწყო და ვითომ განსაკუთრებული არაფერი ხდება. ამაზე ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონებმა, მათ შორის პრემიერმაც უნდა თქვას სათქმელი. ხალხთან ყოველდღიური დიალოგი აუცილებელია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"ვფიქრობ, სააკაშვილის აქტიურობა თვითგადარჩენის ტექნოლოგიაა. მას, ალბათ, ეყოფა გამჭრიახობა, რომ მთავრობა და პარლამენტი არ დაითხოვოს. შედეგი სავალალო იქნება და შესაძლოა, სააკაშვილი ხალხის რისხვას ფიზიკურად ვერ გადაურჩეს. რაც შეეხება ვერსიას წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, "ნაციონალების" რეიტინგი ნულია. მათ აღარ აქვთ პოლიციური, ადმინისტრაციული თუ სხვა რესურსი და ვერც ექნებათ, თუ მთავრობა და მოქალაქეები ფხიზლად იქნებიან. ამიტომაც, რასაც სააკაშვილი აკეთებს, ამის მიზანი თვითგადარჩენაა. საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ არის. მთავარი ის არის, ვინ სჩადის დანაშაულს - ის პირები, რომლებიც კანონით "ამნისტიის შესახებ" გათავისუფლდნენ თუ ის მკვლელები, რომლებიც თავის დროზე შეიწყალა პრეზიდენტმა? როგორც ამბობენ, ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ მკვლელები, ქურდები და ბანდიტები გამოუშვა პრეზიდენტმა იმ პირობით, რომ მათ 200-200 ხმა მიეტანათ. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამნისტიის პარალელურად, მოქმედებს პრეზიდენტთან არსებული შეწყალების კომისიაც, რომელიც ციხიდან უშვებს და უშვებს პატიმრებს. ჩემი აზრით, დანაშაულის გახშირება უკავშირდება პრეზიდენტისგან შეწყალებულ პირებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ჩემი აზრით, კოალიციაში ჩვეულებრივი შიდა პროცესები მიმდინარეობს და საგანგაშო არაფერია. საპრეზიდენტო არჩევნებამდე კოალიციის დაშლას გამოვრიცხავ. შემდეგ კი რა მოხდება, ამაზე საუბარი ნაადრევია. საგანელიძის განცხადებაში საკვირველი არაფერია. "ნაციონალებს" ყველა სტრუქტურაში თუ ორგანიზაციაში ჰყავდათ აგენტი ჩანერგილი. აგენტი კი ყოველთვის რეზიდენტის ბრძანებას ასრულებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი უთანხმოება კოალიციის ერთიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს. საზოგადოდ, მე საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე ვარ, სადაც პრეზიდენტი საზოგადო მოღვაწე იქნება და არა ისეთი ტიპის პოლიტიკოსი, როგორიც სააკაშვილია, რომელიც ერთი მხრივ აცხადებს, რომ პრეზიდენტია, მეორე მხრივ კი თურმე ოპოზიციაშია. ეს ნონსენსია. ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს წარმომადგენლობითი ფიგურა, რომელიც მთელი საქართველოს პრეზიდენტი იქნება. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის პარტიულ კუთვნილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მისი უფლებამოსილებები შეზღუდულია. დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებაში" ამაზეც მიაღწევენ კონსენსუსს", - განმარტავს სანდრო თვალჭრელიძე.
"როგორც ვიცი, ბუკიკიომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოიწონა. მან ქართულ მხარეს სთხოვა, შეაჩეროს სასამართლოს რეფორმა თებერვლის ბოლომდე, სანამ ვენეციის კომისიის დასკვნა არ გამოქვეყნდება. ბუკიკიოს ასეთი პოზიცია გGასაგებია. არადა, დროა, დავიწყოთ დამოუკიდებლად მუშაობა, რადგან სუვერენული სახელმწიფო ვართ და ყველას არ უნდა დავეკითხოთ ყველაფერი. კი ბატონო, სასამართლო რეფორმაზე საინტერესოა ვენეციის კომისიის აზრი, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც სახელმწიფოს სჭირდება და არა ვენეციის კომისიას. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. კერძოდ, ევროკავშირი დღეს უცნაურ მდგომარეობაშია. ოღონდ რაიმე გაეკეთებინათ სააკაშვილისთვის და მოიწონა ძველი ხელისუფლების დროს შექმნილი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც არაფრად ვარგა. დღეს, როდესაც ახალი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა იქმნება, ევროკავშირი უხერხულ მდგომარეობაშია. კარგ კანონს ვერ დაიწუნებენ, მაგრამ ძველის უვარგისობა რომ აღიარონ, თავიანთი თავისვე გაკრიტიკება მოუწევთ", - დასძენს რესპონდენტი.