"იქნებ ისინიც ბუნკერების გაუქმების მიზნით ატარებდნენ კონცერტებს?"
გასულ კვირას გიგი უგულავა პროკურატურაში დასაკითხად დაიბარეს. მიზეზი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებისა და აგიტატორების დაკითხვა გახდა, რომლებმაც აღიარეს, რომ ქალაქის ბიუჯეტიდან ანაზღაურებას პარტიული საქმიანობისთვის იღებდნენ. აგიტატორები შპს "თბილსერვისჯგუფში" იყვნენ გაფორმებული და წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, სინამდვილეში რა ევალებოდათ.
მოგვიანებით დედაქალაქის მერმა "ახსნა", - ეს ადამიანები მოსახლეობასთან ბუნკერების გაუქმების თაობაზე ურთიერთობდნენ და ხელფასებსაც ამიტომ ვუხდიდითო. "თბილსერვისჯგუფში" დასაქმებული აღმოჩნდნენ "თეატრალურის კვარტეტის" მომღერლებიც, რომლებიც სპეცალპინისტ-დამგველებად იყვნენ გაფორმებული(?!).
გასულ კვირას კორუფციასთან ბრძოლის სხვა ფაქტებიც იყო საინტერესო. მაგალითად, კეზერაშვილს ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოების ლობირების სანაცვლოდ, 12 მილიონის ქრთამად აღების ფაქტი ამოუქექეს. ეს უკანასკნელი ისრაელშია და, როგორც ჩანს, მშვიდადაც არის. რაც შეეხება უგულავას, მან ლამის ქოში ყარა, აქაოდა, "ნაცმოძრაობის" აქტივისტებს დევნიანო და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა. თუმცა, მის გარდა, სხვა აღშფოთებული და დასამშვიდებელი არავინ ყოფილა.
"კვირის პალიტრას" საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია ესაუბრა:
- "ნაციონალური მოძრაობა" თავის აქტივისტებს საბიუჯეტო თანხებით აფინანსებდა, ე. ი. ფულს თბილისელებს სძალავდა. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე "თბილსერვისჯგუფი" შეიქმნებოდა, ხელშეკრულებები იყო გაფორმებული "ნაცმოძრაობის" აქტივისტებთან და ისინი ბიუჯეტიდან იღებდნენ ფულს. როგორც ცნობილი გახდა, პროკურატურამ 700 აქტივისტი გამოავლინა, რომელთაც ეგონათ, რომ ფულს პარტიული საქმიანობისთვის იღებდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ორგანიზაცია იყო "თბილსერვისჯგუფი", რა სამუშაო უნდა შეესრულებინა მას. ახლა დედაქალაქის მერი კითხულობს, ხალხს თუ ვასაქმებდი, ეს ცუდიაო? დიახ, ცუდია, როდესაც დასუფთავების სამსახურში ასაქმებ ადამიანებს და მათ იციან, რომ თქვენგან ფულს პარტიული მუშაობისთვის იღებენ. ისიც ძალიან ცუდია, რომ ხალხს თვალში ნაცარს აყრით და ტყუილს დღემდე ვერ გადაეჩვიეთ.
თავის დროზე, როცა დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა გადაწყდა, "ნაცმოძრაობამ" დედაქალაქის საკრებულოში არგუმენტად ის მოიშველია, რომ დასუფთავების სფეროში 48 მილიონი იხარჯებოდა. ამიტომ თურმე იძულებული გახდნენ, გაეზარდათ გადასახადი. ახლა კი ირკვევა, რომ 5 მილიონი ლარი, რაც აქტივისტებზე დაიხარჯა, ტყუილად შეაწერეს თბილისელებს. მიაბეს თუ არა ნაგვის გადასახადი ელექტროენერგიის გადასახადს, "თბილსერვისჯგუფი" თვითდაფინანსებაზე გადავიდა(!). ამგვარად, ჩვენი ჯიბეებიდან ზედმეტად ამოღებული ფულით დააფინანსეს აქტივისტები. ვფიქრობ, დედაქალაქის მაფიოზი მერის ყველა დანაშაულებრივი ქმედება უახლოეს მომავალში გამოძიებული იქნება. ალბათ, იმასაც გავიგებთ, რა ფული იხარჯებოდა ზონდერების შესანახად. სხვათა შორის, "თბილსერვისჯგუფში" გაფორმებული აქტივისტები ისეთი ოდენობის თანხებს იღებდნენ, რაც საოცნებო იყო დასუფთავების სამსახურის სხვა თანამშრომლებისთვის.
ჩვენ დედაქალაქის ხელმძღვანელად გვყავს უკონტროლო მერი, რომელიც ჭირივით მოსაშორებელია. უგულავას დემაგოგიას საზღვარი არა აქვს. ასეთმა ადამიანებმა მხოლოდ ფულის მოპარვა იციან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თბილად და უზრუნველად იცხოვრონ, კახპებში გაერთონ და პირადი სიამოვნებისთვის ჩვენი ჯიბეებიდან ამოღებული ფული ხარჯონ. არადა, ხალხს ახსოვს როგორი სათნო და საქმიანი სახით იცის ხოლმე უგულავამ ხალხის დამოძღვრა, ეს მისი მეორე სახეა.
- უგულავამ განაცხადა, "თბილსერვისში" დასაქმებული აქტივისტები ნაგვის ბუნკერების გაუქმების მიზნით კომუნიკაციას ამყარებდნენ მოსახლეობასთანო.
- იქნებ გვითხრას, "თეატრალურის კვარტეტის" ბიჭები რატომღა ჰყავდა გაფორმებული დამლაგებელ-ალპინისტებად? იქნებ ისინიც ბუნკერების გაუქმების მიზნით ატარებდნენ კონცერტებს? ხალხო, ასეთი რამ სადმე გინახავთ?!
- უგულავამ ისიც განაცხადა, "ქართულ ოცნებასაც" ჰყავს დასაქმებული პარტიული ნიშნით აქტივისტები და მაშინ მათაც მიედავეთო.
- მან ლუკა კურტანიძე და კოკა გუნცაძე ახსენა, მაგრამ ამ უკანასკნელებმა იციან, სადაც მუშაობენ და რა საქმეს აკეთებენ. უგულავას აქტივისტებს კი წარმოდგენა არ ჰქონდათ, "თბილსერვისჯგუფი" რა ორგანიზაცია იყო. ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პოლიტიკური სამართლიანობის აღდგენაა. ამ პროცესების გამო საზოგადოება აღშფოთებული სულაც არ არის. ამიტომ გაურკვეველია, ვის და რატომ მოუწოდებს უგულავა სიმშვიდისკენ.
- კეზერაშვილს, ფინანსური პოლიციის ყოფილ შეფს ბრალად ედება ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოების ლობირება და დანაშაულებრივი ჯგუფისგან ქრთამის აღება.
- დიახ, მას 12 მილიონი აქვს ქრთამად აღებული. თუმცა, ალბათ, ეს არ არის სრული თანხა, რის გამოც შეიძლება გამოძიება მას მიედაოს. კარგად მახსოვს, "კვირის პალიტრა" წერდა კიდეც სხვა კორუფციულ ფაქტებზეც, ბიზნესმენებზე ზეწოლაზე, რომლის უკან კეზერაშვილი იდგა. ყველას ახსოვს "შირნჰოფერის" დაწიოკება, "ნიკორას" მესაკუთრისთვის წილის წართმევა და ა.შ. პროკურატურამ ყველა ეს ფაქტი უნდა შეისწავლოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფო მეწველი ძროხა არ არის.