„ოპოზიცია არც მე-9 მოწვევის პარლამენტში გამოირჩეოდა თანამშრომლობით, მაგრამ უმარავი საჭირო რეფორმა განვახორციელეთ“

„ოპოზიცია არც მე-9 მოწვევის პარლამენტში გამოირჩეოდა თანამშრომლობით, მაგრამ უმარავი საჭირო რეფორმა განვახორციელეთ“

ქართულ პოლიტიკაში ვითარება დღითიდღე რთულდება. ამას კი ემატება მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებები. დათმობაზე არც ერთი მხარე არ მიდის.

საით წავა ეს პროცესები? ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შუღლი ჟენევის მოლაპარაკების ფორმატზე რამდენად იმოქმედებს, აღნიშნულ საკითხზე, მმართველი გუნდის წევრს, ნინო წილოსანს ვესაუბრეთ.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა დღითიდღე მატულობს. ეს სიტუაცია როდემდე გაგრძელდება?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა განსხვავებული იქნება, ვიდრე ეს ერთი კვირის წინ იქნებოდა. შევეცდები ფართოდ გაგცეთ პასუხი. ერთი კვირის წინ ასეთი მოცემულობა გვქონდა - ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად კონსტრუქციული ნაბიჯები იყო გადადგმული, რათა რადიკალიზაციის მაღალი ხარისხი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის არ ყოფილიყო. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, რომ ოპოზიციას ყველანაირი მოტივაცია ჰქონოდა პარლამენტში მუშაობის. ჩვენ ვიყავით მაქსიმალურად კონსტრუქციული და გამოვხატეთ მზაობა თანამშრომლობის. თუმცა, ერთი კვირის წინაც ვხედავდით, რომ ოპოზიცია ორ ნაწილად იყოფოდა.

ეს არის განსაკუთრებით ყველანირ ხაზებს იქით გასული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვისთვისაც ერთადერთი მიზანი იყო არჩევნებში გამარჯვება ყველანაირი საშუალებით. მათთვის სრულებით არ ჰქონდა მნიშვნელობა არც ამომრჩევლის ნდობას და არც სხვა რამეს, ამას თავად აცხადებდნენ. ერთ-ერთი ოპოზიციის წარმომადგენლის სიტყვებს ვციტირებ: „არ მაინტერესებს გამარჯვება“.

ხოლო, ოპოზიციის მეორე ნაწილისთვის, თავად პროცესი იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ საინტერესო რეფორმებზე დაგვეწყო მუშაობა, რათა ოპოზიციის პარლამენტში მუშაობას ჰქონოდა განსაკუთრებული დატვირთვა. ეს მოცემულობა ერთი კვირის წინ გვქონდა.

დღევანდელი მოცემულობა კიდევ უფრო საინტერესოა და ჩვენთვის პოზიტიური. დღეს დადასტუდა, რომ ის ერთადერთი რითიც აპელირებდა ოპოზიცია, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, იყო პარალელული დათვლის შედეგები, ხოლო პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით, თავად ორგანიზციის მხრიდან იქნა დადასტურებული, რომ პარალელური შედეგები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს. ეს კი, კიდევ ერთხელ გვაძლევს მყარ არგუმენტაციას, რომ ჩვენი მხრიდან გაწეული ყველა სამუშაო იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ, როგორც საზოგადოების, ასევე ქვეყნის წინაშე მართალი. ამ მოცემულობას კარგად ხედავს საერთაშორისო თანადგომა, რომლის მხრიდანაც მყარი მხარდაჭერა გვაქვს.

დღეის მდგომარეობით, დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციის ყველაზე არარადიკალი ნაწილი პარლამენტში შემოვა. ამის შემდეგ, პარლამენტში გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი ამომრჩევლების ინტერესები დავიცვათ.

რადიკალური ოპოზიციია ახსენეთ და როგორ ამბობენ, ოპოზიციის ამ ნაწილს „ნაციონალური მოძრაობა“ აბულინგებს და არ აძლევს მათ პარლამენტში შემოსვლის საშუალებას.

- ფაქტია, რომ პირველი ტურის შემდეგ, გარკვეული პირთა ჯგუფმა პროცესების მართვა თავის ხელში აიღო. მათ მაქსიმალურად სწრაფად შეძლეს რაღაც პროცესებში ოპოზიციის შეთრევა. ამ პროცესიდან გამოსვლა, რეალურად საჭიროებს გამბედაობას. იმედი მაქვს, რომ ეს გამბედაობა ეყოფა იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ სწორი პოლიტიკა აკეთონ და არ იყვნენ შესულნი ამ რაღაც შანტაჟის პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ჩემი გადმოსახედით ისინი გარკვეული ზეწოლისა და შანტაჟის ქვეშ არიან. მარტო ოპოზიციის ნაწილი კი არა, სახელმწიფოა შანტაჟის ქვეშ. საპარლამენტო რესპუბლიკაში, პარლამენტის მუშაობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომლის ირგვლივ ყველა სხვა პროცესი ტრიალებს. აქედან გამომდინარე, პარლამენტის შანტაჟი ნიშნავს სრულიად სახელმწიფოს შანტაჟს. იმედი მაქვს, რომ ამას ბოლოს და ბოლოს წერტილი დაესმევა.

თქვენი აზრით ოპოზიციის რომელ ნაწილს ეყოფა გამბედაობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყოს და პარლამენტში შემოვიდეს?

- სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოიკვეთა. კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს შევიკავებ. თუმცა, ლოგიკურად ყველა მიხვდება, თუ ვის სურს ჭაობიდან ამოსვლა. რა თქმა უნდა, მე მივესალმები ყველა იმ ადამიანის გამბედაობას, რომელიც შეძლებს ძალით შექმნილი ოპოზიციური კრიზისიდან გამოვიდეს.

ქალბატონო ნინო, თქვენმა თანაგუნდელმა, ირაკლი კობახიძემ ISFED -ის ხელმძღვანელს მოუწოდა, რომ ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რადიკალური ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განხორციელებაში ხელს უწყობს...

- ჩემთვის ISFED-ის მონდომება გასაგებია. ამდენწლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციაა. ის ჩვენი პარტნიორების თანხებით ფინანსდება და წესით, უნდა ჰქონოდა საკმაოდ დიდი ლეგიტიმაცია. ამის პარალელურად, ძირეული ხარვეზის გაშვება ხდება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ძალიან დიდი ბზარი პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, რომ არა ჩვენი დიდი ძალისხმევა, ეს შეიძლება ასეც მომხდარიყო. ერთი, რაც თამამად შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი მხრიდან გაჟღერებულ პოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს - საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს.

დღევანდელი მოცემულობით პარლამენტში მხოლოდ მმართველი გუნდია წარმოდგენილი და როგორ წარმოგიდგენიათ მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობა?

- საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ცნობილი იქნება, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე ფაქტობრივად მარტო ვმუშაობდით. ვგულისხმობ იმას, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებოდა. წინა ორი წელიც მათი მხრიდან იყო მინიმალური თანამშრომლობა. ყველა იმ მნიშვნელოვან რეფორმაში, რასაც ჰქვია საკონსტიტუციო, საარჩევნო თუ შრომის კოდექსის რეფორმა, ოპოზიცია მონაწილეობას არ ღებულობდა - მათი ჩართულობა ნული იყო. ამ კუთხით გულისწყვეტა შემიძლია გამოვხატო, რადგან ეს არ არის ჯანსაღი სიტუაცია. პარლამენტი არის იმისთვის, რომ აზრების დისკუსიის შედეგად მივიღოთ კანონები და საუკეთესო პოლიტიკა შევქმნათ. თუმცა, ისინი არც მე-9 მოწვევის პარლამენტში გამოირჩეოდნენ თანამშრომლობით. ამის მიუხედავად უმარავი საჭირო რეფორმა განვახორციელეთ. ჩვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს ბოლომდე მივიყვანთ.

ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი მარტში გაიმართება. ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის ჩამოგდებული შუღლი ხელს არ შეუშლის ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს?

- ჟენევის ფორმატს თავისი მკაფიო მიმართულება აქვს. როგორც ჟენევის ფორმატს, ისევე სხვა საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატს არ შეუშლის ხელს ის ფაქტი, რომ ოპოზიცია არის უპასუხისმგებლო და არ ასრულებს მათ მიერ აღებულ ვალდებულებას. ეს ხელს ვერ შეუშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებს, ვერც შიდა და ვერც ქვეყნის გარეთ მოლაპარაკების ფორმატებში.