„მოლაპარაკებების მთელი ეშხი ის არის, რომ პირველი, ვინც კარს გაიჯახუნებს, წაგებულია“

„მოლაპარაკებების მთელი ეშხი ის არის, რომ პირველი, ვინც კარს გაიჯახუნებს, წაგებულია“

ერთპარტიული პარლამენტის მიუხედავად, ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და აცხადებს, რომ ძალიანაც კარგია, რომ პარლამენტში არშესვლის მსურველი დეპუტატები არ დააბრკოლებენ საპარლამენტო ცხოვრებას და ბოკერია-გვარამია-სააკაშვილის მსგავსი პათოლოგიური ადამიანები მათ არ სჭირდებათ. რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან, ამის შესახებ for.ge-ს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ესაუბრა.

ვინ დარჩა ამ სიტუაციით საბოლოოდ გამარჯვებული-ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ეს არის ისტორიული დღე, რადგან მარტო დატოვეს „ოცნება“ საკუთარ თავთან, თუ ხელისუფლება, რომელმაც ვერ მოახერხა ვერავის გადაბირება ოპოზიციიდან და პარლამენტში შეყვანა?

- რასაკვირველია, „ქართული ოცნების“ რჩეულთა 80%-ისთვის, რომელთათვისაც პოლიტიკური დებატები, პოლიტიკური პოლემიკა უცხო ხილია, ერთპარტიული პარლამენტი უკეთესია. ისხდებიან თავისთვის, კაციშვილი ხმას არ გასცემს, არ შეეკამათება, უბრალოდ, უყურებენ იმ ღილაკს, იციან, რომელ ფერს უნდა დააჭირონ თითი და მორჩა. სხვა მოვალეობა მათ არ აქვთ, თვეში ერთხელ უნდა მივიდნენ, ხელფასი აიღონ, ხანდახან უცხოეთში წავიდნენ. მათ უმრავლესობას საკუთარი ბიზნესი აქვს და სულაც არ ადარდებთ, რა ხდება პარლამენტის კედლებში. მათ მხოლოდ ის ადარდებთ, რა ხდება საკუთარ ბიზნესში.

ახალი მოწვევის პარლამენტში მხოლოდ ბიზნესმენები არ არიან, არიან, ასევე, პიანისტებიც...

-კი ბატონო, ელისო ბოლქვაძე პიანისტია, მაგრამ ელისო ბოლქვაძეზე უკეთესი პიანისტები და მსოფლიო დონის მხატვრები ყოფილან, რომლებიც სიყვარულით არ წასულან ამ ქვეყნიდან. სალვადორ დალი გაიხსენეთ, მისი მსგავსი მხატვარი საუკუნეში ერთხელ იბადება, მაგრამ რა, ხალხის სიყვარული ჰქონდა? არა, გამოდიოდა და ბოლოს საბურავების რეკლამას აკეთებდა. თუ ჩვენს ინტერვიუს წაიკითხავს, ელისო ბოლქვაძეს შევახსენებ, რომ ჩემი სტუდენტობის დროს მოხდა ასეთი ფაქტი, გაეროს უშიშროების საბჭოში ამერიკის წარმომადგენელი იყო ბრწყინვალე მეცნიერი, ექსპერტი პატრიკი, ქალბატონი, რომლის ლექციებიც თანამდებობიდან მისი გადადგომის შემდეგ იმდროინდელი კურსით, 40 ათასი დოლარი ღირდა. საუბარია თითო ლექციაზე. მაშინ მან თქვა, რომ არის ამ ქვეყანაზე მშვიდობაზე უფრო მნიშვნელოვანი ბევრი რამ, იმ პერიოდში მე მოსკოვში ვსწავლობდი, ატყდა ერთი ამბავი, დადიოდნენ და სტუდენტებს ხელს აწერინებდნენ პროტესტზე, როგორ შეიძლება, მშვიდობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ იყოსო, მაგრამ რეალურად, არის მშვიდობაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ. ჯერ კიდევ ძველ რომში სპარტაკი აჯანყდა, რადგან მშვიდობიან მონობაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეც იყო. ამიტომ ეს ქალბატონი რომელ მშვიდობაზე გველაპარაკება? თითქმის ყველა მოწვევის პარლამენტში მქონდა შეთავაზება, თხოვნა, ტრაბახი არ მიყვარს, ამას ყველა დაიჯერებს ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მაგრამ საერთოდ არ გავკარებივარ პარლამენტს, რადგან ვიცი, კანონების წერა ჩემი საქმე არ არის. მე არ მესმის, სპორტსმენი რატომ თვლის, რომ მისი საქმეა კანონების წერა, ან პიანისტი რატომ თვლის ასე? გამოდის, რომ მას თავისი მთავარი პროფესია მობეზრდა. ვაკეში ვცხოვრობ დიდი ხანია, მეზობელი მყავდა პიანისტი და ღამე ვერ ვიძინებდი მის გამო. 8-9 საათი დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი მესმოდა, ამ ქალს, ელისო ბოლქვაძეს, ეტყობა, მობეზრდა პიანისტობა და ახლა პარლამენტარობა უნდა.

სხვათა შორის, იცის მობეზრება პირველადმა პროფესიამ. ასე დაემართა პაატა ბურჭულაძეს, ბუბა კიკაბიძეს...

- ან მობეზრდათ საკუთარი პროფესია, ან აღარ შეუძლიათ. ვთქვათ, სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი გახდება, მერე ხედავს, შანსი აღარ აქვს და მიდის პოლიტიკაში. მათთვის ეს არ არის ერთადერთი პროფესია, პოლიტიკოსისთვის კი პოლიტიკა უნდა იყოს ერთადერთი პროფესია. ჩვენი უბედურებაა, რომ პოლიტიკის სათავეში გვყავს არაპოლიტიკოსები. ორი დღეა, ვუსმენ ალეკო ელისაშვილს და ვფიქრობ, რა უნდა ამ ხალხს პოლიტიკაში?

ოპოზიციამ ხელი მოაწერა დოკუმენტს: „უარი საპარლამენტო მანდატს“, ეს არის ტაქტიკური გამარჯვება ოპოზიციის და, ზოგადად, პარლამენტის ბოიკოტირება რამდენად სწორია?

- ყველაფერი ძალიან მარტივია. თუ ოპოზიცია შეძლებს, შეინარჩუნოს ერთობა და იქ არ გამოჩნდებიან პოლიტიკური შტრეიკბრეხერები, რომელთა კანდიდატებსაც უკვე ვხედავთ, მაშინ ოპოზიცია იმას მაინც მოახერხებს, რომ ამ პარლამენტს ყოველგვარ შარმს დაუკარგავს და მთელ ცივილიზებულ მსოფლიოში საქართველოს პარლამენტს სერიოზულად არავინ აღიქვამს, გარდა იმისა, რომ ეს იქნება არასრულფასოვანი პარლამენტი. წაიკითხონ კონსტიტუცია, რას ნიშნავს პარლამენტი, სადაც 2/3-ით არ არის ადგილები შევსებული, სადაც 150-დან 100 ადგილი არ არის.

ოპოზიციას ერთადერთი ფსონი შეუძლია დადოს და ისიც ქუჩის აქციებზე, მაგრამ გაყოფილია კი ჩვენი საზოგადოება ორად და გაყვება ხალხი ულიდერო ოპოზიციას? თუ როგორც პრეზიდენტი ამბობს, ხალხი დაიღალა ქუჩაში დგომით?

- რით დაიღალა ეგ ქალი, ეს მაკვირვებს, შრომით დაიღალა? რამ დაღალა, თითი თითზე არ დაუდია, რაც პრეზიდენტი გახდა. წელიწადში ერთხელ მივა პარლამენტში, გამოვა სიტყვით და შეწყალების ფუნქცია, რაც აქვს, ამაზეც კი ხელი აიღო. რით დაიღალა, გახლეჩილი საზოგადოების შერიგებას შეეცადა? 3-მილიონიანი ქვეყანა გაყოფილია, უბრალოდ, ამომრჩეველთა მიხედვით ვიმსჯელოთ, 800 მილიონამდე ხმა მიიღო ოპოზიციამ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის ყველა მომხრე არ მისულა არჩევნებზე, ე.ი. მილიონამდე გამოდის. მილიონი ხმა აიღო მმართველმა პარტიამ. ეს ხომ არ არის ისე, რომ ერთ მხარეს მილიონი ადამიანი იყოს, მეორე მხარეს 5 ათასია, ე.ი. ქვეყანა გახლეჩილია, კრიზისია.

ისე, „ქართული ოცნების“ ბევრი მომხრეც არ მივიდა არჩევნებზე გულგატეხილობის გამო, ან, თუ მივიდნენ, ყველა გადახაზეს.

- დიახ, ძალიან ბევრია ისეთი, რომელსაც არც „ოცნება“ მოსწონს, არც ოპოზიცია. მაგალითად, მე არ მივსულვარ, ჩემი ნაცნობებიც მეცნიერთა წრიდან, რომელსაც მე ჩემს თავს ვაკუთვნებ, არ მისულან არჩევნებზე. გარდა ამისა, თუ ქვეყანაში სიღატაკე, პანდემიაა, არ შეიძლება, ყველაფერი დააბრალო იმ ფაქტს, რომ მთელ მსოფლიოში ასე ხდება და ჩვენც არ ვართ გამონაკლისნი. ეს არის ბოგანოებისა და ქსენია დიასახლისებისთვის. როდესაც ამერიკაში პოლიტიკური ნეოფიტი-რეიგანი მოვიდა ხელისუფლებაში, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იყო, „ოთხი წლის წინ თქვენ უკეთესად ცხოვრობდით?“ დღეს ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, როგორ ვცხოვრობდით 2012 წლამდე? ის, რომ ომი არ არის და მშვიდობაა, მშვიდობაში მოვკვდები თუ ომში, რა მნიშვნელობა აქვს, იქნებ, მე სამართლიან ომში მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე მშვიდობაში შიმშილისგან? მეცნიერს, რომელსაც წიგნი ვერ გამოუცია, ქაღალდი და კალმისტარი ვერ უყიდია, რომ წეროს, იმისთვის მშვიდობას რა ფასი აქვს?

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებიც სიებს არ ჩახსნიან. გამოდის, მოლაპარაკების რესურსიც „ჩახსნილია“?

- თუ უნდათ, თავი გაიმასხარაონ, დასხდნენ და ალეკო ელისაშვილსა და ლევან იოსელიანს, ამ ორ კაცს ელაპარაკონ. რაც შეეხება საქართველოში მოღვაწე დიპლომატებს, საერთოდ, ევროპელების სტილია, რომ ბოლომდე მიყვებიან ამ მოლაპარაკებებს. დღეს ერთდროულად ევროპელები ორ ფრონტზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს - საქართველოსა და ბრიუსელში. ეს შედარება ცოტა ხელოვნურია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ბრიუსელში უკანასკნელი მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო ბრექსიტთან დაკავშირებით. ჯონსონი ჩავიდა ბრიუსელში ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ამ გერმანელ ქალბატონს შეხვდა გასვლის პირობებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, პირველი იანვრიდან ინგლისი საბოლოოდ უნდა გავიდეს ევროკავშირიდან, ფორმალურად უკვე გასულია. ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ორივე გამოვიდა და განაცხადეს, ჩვენ იმდენჯერ შევხვდებით, რამდენიც აუცილებელი იქნება, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს არის ევროპული დიპლომატიის სტილი. ამიტომ საქართველოშიც ევროპელი დიპლომატები არასოდეს იტყვიან, მორჩა, ჩვენ უძლურნი ვართო. ისინი მხარეებს შეხვდებიან მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ იტყვის, მე აღარ მინდა მოლაპარაკება. ევროპელი დიპლომატები ბავშვები არ არიან, რომ ელისაშვილს და იოსელიანს დაუსხდნენ, რადგან რაზეც არ უნდა შეთანხმდნენ, ამას ძალა არ ექნება. ამიტომ მოლაპარაკებები, ჩემი აზრით, გაგრძელდება. ეს არის მოლაპარაკებების მთელი ეშხი, რომ პირველი, ვინც კარს გაიჯახუნებს, ის უკვე წაგებულია. ამიტომაც ვართ ჩვენ ჟენევის ფორმატში, რამდენჯერ იყო მოწოდებები, გამოვიდეთ, რად გვინდა, თავი დავანებოთ, არაფერს არ იძლევა, მართლაც არაფერს არ იძლევა ჟენევის ფორმატი, არაფერზე არ თანხმდება რუსეთი, მაგრამ არ შეიძლება პირველი ჩვენ გამოვიდეთ იქიდან, რადგან მერე ავიკიდებთ ძალიან მძიმე ტვირთს, რომ თურმე ჩვენ ჩავშალეთ მოლაპარაკება. აქაც ასეა, არც „ოცნება“, არც ოპოზიცია თავის თავზე არ აიღებს ტვირთს, რომ არაფერი გამოდის მანამ, სანამ ჩვენი შუამავლები არ იტყვიან, რომ მორჩა, თქვენთან ლაპარაკი არ შეიძლება. ელჩებს რა დაღლით, ხელფასს ამაში იღებენ, თუ თვეში 3-4-ჯერ შეხვდებიან და 2-3 საათს დაკარგავენ პოზიციასთან და ოპოზიციასთან დიალოგში. ეს მათთვის ტრენინგია და უკეთესად იცნობენ იმ მხარეს, სადაც იმყოფებიან. ალბათ, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი მემუარების წაკითხვა, რომ იტყვიან, ამ პითეკანტროფებთან რა გვინდოდაო.

 

 

 

Aburjga Tasmanieli 800 მილიონი ხმა მიიღო ოპოზიციამ?! და კიდევ ზოგიც არ მისულა არჩევნებზო... მოკლედ 1 მილიარდ ხმამდე ოპოზიციას ბევრი აღარაფერი დააკლდა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონი სოსო ამბობს, იმის გამო რომ ოპოზიციამ და პოზიციამ თითთქმის თანბარი რაოდენობის ხმები მიიღეს ქვეყანა გახლეჩილიაო! და იგულისხმება ასე არ ვარგაო. აბა როგორ უნდა იყოს, 80% მაინც უნდა ჰქონდეს ერთ მხარეს და მეორეს ჰა, ჰა 15%. მაშინ ხომ კონსტიტუციური უმრავლესობა ექნება იმ ბუნთულა მხარეს?! ესეც რომ არ ვარგა?! ახლა 90-60-ზეა და მცირე მხარე ყაბულს არ არის!
))) მოკლედ ეს დემოკრატია თავისი არსით არის დიდი ბითურობა! რა ვქნა კი მეხათრება თქვენი, პლატონიც ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება ასეთია და რა ვქნა?! )))
3 წლის უკან
ლაზი ეგერ ძლივს მოიგო პრეზიდენტობა. მოიგო თუ არა ახლაც ამას არკვევენ, მაგრამ სამ კვირაში სავარძელში ჩაჯდება და მორჩა. იმიტომ რომ იქ კანონია უზენაესი. აქ კი ქუჩა.
რამდენიმე ხმით გამარჯვებულებიც გვინახავს. ე.ი. იქაც გახლაჩილია და კრიზისია? ამან სულ აურიაააააააააააააააააააააააააა
3 წლის უკან
Maverick ურიკინებს აი!
დემაგოგობს.
ე.ი. უმრავლესობა უმციორესობას უნდა დაეჭყანოს, არიქა ანტრე ბატონო პარლამენტშიო, შენ ზევით მე ქვევითო... მერე მეც ზევით და შენც ზევითო... შენი გული, ჩემი გული ჯაჭვით არი გადაბმულიო და გავახაროთ სოსო ბაბუაო.................... აბააააა!
3 წლის უკან