კულტურის სამინისტროს სხვადასხვა ღონისძიებაში ფულის არამიზნობრივი ხარჯვისთვის ხშირად აკრიტიკებდნენ. მიუზიკლების, მასშტაბური კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო არასოდეს ასაჯაროებდა. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სამინისტროსგან არაერთხელ მოითხოვა ინფორმაცია კულტურულ ღონისძიებებზე დახარჯული თანხების შესახებ, მაგრამ მისი მოპოვება მხოლოდ ახლა შეძლო, ისიც მხოლოდ 2012 წელს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შარშან სამინისტრომ კულტურულ ღონისძიებებში დახარჯა 11 მილიონ 385 ათას 690 ლარი, 519 ათას 185 ევრო და 280 ათას 408 დოლარი. 2012 წლის თებერვალში კულტურის სამინისტრომ ყველაზე მსხვილი თანხები გამოყო: რუსთაველის თეატრში მიუზიკლ "ქეთო და კოტეს" დადგმისთვის, კერძოდ, 385 500 ლარი; ბათუმში "ლუჩია და ლამერმურის" ოპერის დადგმისთვის - 412 ათას 812 ლარი, ჯაზ-ფესტივალისთვის - 460 ათასი ევრო. მარტში 310 ათასი ლარით დაფინანსდა ნინო ანანიაშვილის შემოქმედების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება. 8 ათას 800 დოლარი გადაირიცხა ბექა გოჩიაშვილის კონცერტისთვის, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა. ბექა გოჩიაშვილს ამავე კონცერტისთვის 978 დოლარი აპრილშიც გადაერიცხა, მაგრამ საინტერესოა, რა კონცერტი გაიმართა ნიუ-იორკში 978 დოლარად?!
მაისში კულტურის სამინისტრომ ყველაზე დიდი თანხა ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოყო. კერძოდ, 564 ათას 972 ლარი და 207 ათას 298 აშშ დოლარი. ამავე თვეში 500 ათასი ლარით დაფინანსდა მუსიკოს აჩიკო გულედანის მიერ ორგანიზებული ფესტივალი Tbilisi Open Air Altervision. კონცერტს კულტურის მაშინდელი მინისტრი ნიკოლოზ რურუაც დაესწრო.
ივნისში ყველაზე დიდი თანხით დაფინანსდა შარლ აზნავურის კონცერტი ახალციხეში, რაბათის ციხის გახსნაზე. ამ კონცერტის ორგანიზებისთვის "ისტერნ პრომოუშენს" 1 მილიონ 356 ათას 800 ლარი ჩაერიცხა. კონცერტს სააკაშვილიც დაესწრო მეუღლესთან ერთად.
ივლისი გამორჩეული იყო სხვადასხვა ღონისძიებისა და მსხვილი პროექტების დაფინანსების მხრივ. თბილისსა და ოზურგეთში მიუზიკლ "ვერის უბნის მელოდიების"
დადგმისთვის გამოიყო მილიონ 716 ათას 985 ლარი. მოცეკვავე ხოაკინ
კორტესის კონცერტი ბათუმში კი 550 ათასი ლარი დაჯდა.
ყველაზე საინტერესო შემთხვევაა ფიზიკური პირის, ყოფილ დეპუტატ გიორგი თორთლაძისთვის პროექტის, "საქართველო - ოკუპანტების გარეშე" ორგანიზებისთვის 350 ათასი ლარის გამოყოფა. ხელშეკრულებაში ერთ თვეში ცვლილებები შეიტანეს და მხარედ გიორგი თორთლაძის ნაცვლად მის მიერვე დაფუძნებული ააიპ "საქართველოს დეოკუპაციის ცენტრი" იქცა. როგორც ჩანს, 350 ათასი ლარი თორთლაძემ დაიმსახურა კილიმანჯაროს დალაშქვრისთვის და იმისთვის, რომ იქ გაშალა დროშა, წარწერით: "საქართველო ოკუპანტების გარეშე"!
უცნაურია, მაგრამ 2012 წელს კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ მომღერლებში მოხვდა რეპერი ლექს-სენი, იგივე ლექსო ქავთარაძე. ალბათ გახსოვთ, როგორ აკრიტიკებდა ის ხელისუფლებას და ამბობდა, რომ პოლიტიკური თვალსაზრისის გამო უბლოკავდნენ კონცერტებს. თუმცა გაირკვა, რომ 2012 წელს მას სამინისტრომ 208 ათას 4 ლარი გამოუყო, რითაც მან გადაიღო კლიპი, ჩაწერა 2 ახალი სიმღერა და 26 აგვისტოს ბათუმში კონცერტი გამართა.
P.S. გამოქვეყნებული მონაცემების შეფასება ლექს-სენს, ლექსო ქავთარაძეს ვთხოვეთ, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.