„როგორც კი ვინმე კრიტიკაზე მაღლა დგება, იმის მხრიდან შეცდომების დაშვების შანსი უფრო მეტია, ამიტომ ალბათ უპრიანია, რომ კრიტიკის მანქანა ოღონდ ძალიან კორექტულად და სწორად დაწყობილი, არასამთავრობოს მიმართაც იყოს გამოყენებული,"- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა" გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხმის პარალელურ დათვლაში ხარვეზი დაფიქსირდა, რაზედაც „ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება" „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელისგან მოითხოვს, რომ უმოკლეს ვადებში იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალიწარმოადგინოს, სადაც ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. მისივე თქმით კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ბოდიში მოუხადოს.
"როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა" გაავრცელა სკანდალური განცხადება და აღიარა უხეში ხარვეზი ხმის პარალელურ დათვლაში, ე.წ. PVT-ში. გუშინ ამ განცხადებას დაემატა ორგანიზაციის ხელმძღვანელის კიდევ უფრო სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ამ დროის მანძილზე ვითარების კრიზისში შეყვანას ყოველდღიურად ცდილობდა, „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მომდევნო ორი კვირის მანძილზე PVT-ის სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელი ფაქტია.
„ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას.
„სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის."- განაცხადა კობახიძემ.
არჩევნებთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზების გამო კი „სამართლიანი არჩევნების" ხელმძრვანელი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ პირადი პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ხედავს.
„ამ შემთხვევაში, ჩემი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს ვერ ვხედავ, რადგან ამ სიტუაციაში მაქსიმალური გავაკეთე. მე, რაც მევალებოდა როგორც დირექტორს, რომ ჩაგვეტარებინა, მგონია, რომ ძალიან კარგად ჩავატარეთ. ორგანიზაციამ ძალიან მაღალ დონეზე გაართვა ამას თავი. კითხვის ნიშნები გაჩნდა, ჩავატარეთ აუდიტი, დავადგინეთ, რომ ხარვეზი გვქონდა და გადავწყვიტეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის გაგვეცნო.
„ჩვენ პროგრამაში დაშვებული გვქონდა მცირე ხარვეზი, რამაც 3 პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია ჩვენსა და ცესკო-ს მონაცემებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცდომილება იმდენად მცირე ხარისხის იყო, რომ გავლენა არ მოუხდენია მანდატების რაოდენობაზე არცერთი იმ პარტიის მიმართ, რომელმაც ზღვარი გადალახა."- განაცხადა ნიჟარაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ შეცდომა არ დაუშვას, რომლებთანაც კრიტიკის თვალსაზრისით საზოგადოებას ფრთხილი მიდგომა აქვს, კორექტული და ფრთხილი კრიტიკა სასურველი იქნებოდა, რომელიც მისი აზრით, შეცდომების დაშვების შანსს შეამცირებდა.
„საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ფრთხილი ურთიერთობა შემოგვრჩა, რომ კრიტიკის შემთხვევაში პოლიტიკოსების მხრიდან მათი დაჩაგვრის წახალისება არ მოხდეს, მაგრამ როგორც კი ვინმე კრიტიკაზე მაღლა დგება, იმის მხრიდან შეცდომების დაშვების შანსი უფრო მეტია, ამიტომ კრიტიკის მანქანა ოღონდ ძალიან კორექტულად და სწორად დაწყობილი ალბათ უპრიანია, რომ არასამთავრობოს მიმართაც იყოს გამოყენებული.
„მითუმეტეს, რომ მაგ მხრივაც საზოგადოება გაყოფილია, საზოგადოების ერთი ნაწილისთვის არასამთავრობოები რბილად რომ ვთქვათ ხშირად ქვეყნისთვის საზიანო ინტერესების გამტარებლები არიან და ამ ტიპის პოზიციასაც, რომ პასუხი გაეცეს, გამოძიებაა საჭირო, თან მითუმეტეს, რომ გამოძიება საჭიროა იმისთვისაც, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყოს გარკვეული თუ რა მოხდა.
„რადგან არასამთავრობოების პოლიტიკაში მონაწილეობა, რომელზეც დიდი ხანია ეჭვია, გავიხსენოთ არასამთავრობოები ვარდების რევოლუციაში მაშინდელი რევოლუციონერების პოლიტიკურად აქტიურ მხარეს იკავებდნენ.
„გულუბრყვილოდ, მარტო იმიტომ, რომ მათ არასამთავრობო ჰქვიათ, ყველაფერ, რასაც ისინი აკეთებენ, რომ დასაშვები გახადო, შესაძლოა ამ საერთაშორისო ფონზეც მართებული არ იყოს და როგორც ყველას მიმართ, მათ შორის ხელისუფლების მიმართაც გადამოწმების პრინციპი უნდა მომქედებდეს, ძალიან სასიამოვნო იქნება თუ გადამოწმება არასამთავრობორბს გაამართლებს და ის ხალხი ვინც ეჭვით უყურებს ამ ეჭვისგან გათავისუფლდება.
კითხვაზე ის ხარვეზი, რაც „სამართლიანი არჩევნების" არჩევნების შედეგებზე მუშაობაში დაფიქსირდა, არის თუ არა იმისი საფუძველი, რომ მისი ხელმძღვანელის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, საყვარელიძემ განაცხადა: „ეგ მათმა დამფუძვნებლემბა უნდა გაარკვიონ, თუმცა „ენ-დი-აი"-ზე და „აირაიზეა" ხოლმე საუბარი და ვხედავთ, რომ ამ ორგანიზაციებმა საქართველოში გამოკვლევები არაერთხელ ჩაატარეს და ვერცერთის შედეგმა რეალობას ვერ გაარტყა, მაგრამ როგორც ჩანს, მათი პატრონები ასეთ შეცდომას თავიანთ ორგანიზაციებს პატიობენ და დასაშვებად მიაჩნიათ, რადგან დასაშვებად მიაჩნიათ, ეს უკვე მათი ნებაა."