„სამართლიანი არჩევნები“ ოპოზიციას ხავერდოვანი რევოლუციის მომზადებაში ეხმარებოდა

„სამართლიანი არჩევნები“ ოპოზიციას ხავერდოვანი რევოლუციის მომზადებაში ეხმარებოდა

ოპოზიციის რევოლუციური სცენარისთვის მომზადების ხელშეწყობა - ესაა ბრალდება, რომელსაც ხელისუფლება მესამე სექტორის წარმომადგენელს „სამართლიან არჩევნებს“ უყენებს. ორგანიზაცია უკვე რამდენიმე დღეა, რაც სერიოზულ სკანდალში გაეხვა, რადგან „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების ხელახლა გადათვლილი შედეგი ცესკოს მონაცემებს სულ რაღაც 1%-ით ცდება და ფაქტობრივად მის მონაცემებს ემთხვევა. არადა მანამდე ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ხელისუფლებამ, მათი დათვლის მიხედვით, არჩევნების 4% გააყალბა. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ ორაგნიზაციამ დათვლის დროს ბათილად ცნობილი ბიულეტინებიც მიათვალა. ეს მონაცემები კი ოპოზიციის მთავარ საყრდენად იქცა და ელჩებთან მოლაპარაკების დროს სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ.

ახლა კი ორგანიზაციის აღამასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე ამბობს, რომ ხმების დათვლის პროგრამა გარედან მოწვეულმა ექსპერტმა შეცვალა. თუმცა მოხდა თუ არა ეს მიზანმიმართულად მას ამაზე საუბარი უჭირს. ნიჟარაძე ამბობს, რომ მას მაინც ტექნიკური შეცდომის სჯერა. თუმცა ისმის კითხვა, რატომ გახდა საჭირო 25 წლის განმავლობაში არსებული პროგრამის შეცვლა, მით უმეტეს როცა ცესკოს ხმების დათვლის სისტემა არ შეუცლია.

დაკორექტირებული შედეგების საბოლოო სურათით კი მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი“ და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით - 0.1% გაზრდილია.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა, რომ ISFED-ისთვის რეპუტაციული ზიანი აერიდებინა, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მათ ამ მიდგომას არასათანადო პასუხი გასცა.

კობახიძის თქმით, გუშინ „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა კიდევ უფრო სკანდალური განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან უხეში ხარვეზის შესახებ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს ყველაფერი იცოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ PVT-ზე დაყრდნობით რადიკალური ოპოზიცია მთელი ვითარების კრიზისში შეყვანას მთელი ამ დროის მანძილზე ყოველდღიურად ცდილობდა, სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელი მომდევნო 2 კვირის განმავლობაში PVT-ს სიყალბეს საგულდაგულოდ მალავდა, რაც, დამეთანხმებით, უკიდურესად შემაშფოთებელია.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, არასამთავრობო ორგანიზაციისთვის აგვერიდებინა რეპუტაციული ზიანი, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის მიერ დაშვებული ხარვეზი გახდა რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის უმთავრესი საყრდენი, ჩვენ მაქსიმალურად რბილი განცხადებით გამოვეხმაურეთ სკანდალურ ინფორმაციას. თუმცა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩვენს თავაზიან მიდგომას დაუპირისპირა არასათანადო პასუხი. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში მან შეიტანა ორი ინფორმაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს, როგორც უხეშად მცდარი.

პირველი – განცხადებაში აღინიშნა, რომ თითქოს შესწორება არ ახდენს გავლენას მანდატების განაწილებაზე, მაშინ, როდესაც PVT-ის პირველადი მონაცემების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ ჯამურად 4-ით ნაკლები საპარლამენტო მანდატი ერგებოდა. მეორე, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მცდარი ინფორმაცია უკავშირდება ოქმებში დაფიქსირებულ დისბალანსს – კერძოდ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ განცხადებაში გავრცელებული შემდეგი მცდარი შეფასება: „გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს. ამასთან, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა“,- ეს არის მათი ციტატა“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი სამართლიანი არჩევნების დონორებს სთხოვს, „დაინტერესდნენ ორგანიზაციის მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“.

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელისგან მოვითხოვთ, უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იმ საარჩევნო უბნების (8%-ის) ჩამონათვალი, სადაც მათი მტკიცებით, ბიულეტენების სიჭარბე გამოვლინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა უნდა აღიაროს კიდევ ერთი უხეში ხარვეზი და ბოდიში მოუხადოს ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელებისა და რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის ხელშეწყობისთვის. PVT-ის გადამოწმების მსგავსად, ამ ხარვეზის გადამოწმებასა და შესაბამისი უბნების მონაცემების გამოქვეყნებასაც ზუსტად ერთი დღე ესაჭიროება.

იმედი გვაქვს, წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ამ მონაცემების გასაჯაროებასა და უხეში ხარვეზის აღიარებას ისინი 3-4 კვირას არ მოანდომებენ. ორგანიზაციის დონორებს ვთხოვთ, დაინტერესდნენ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ კიდევ ერთი უხეშად მცდარი ინფორმაციის გავრცელების მიზეზითა და მოტივით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძეს კი „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე გამოეხმაურა. „ჩვენ არ ვთვლით, რომ ბოდიში გვაქვს მოსახდელი. ზოგადად, არ გვაქვს ბოდიში მოსახდელი იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტი გამჭვირვალობის, ობიექტურობის“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, ხმის პარალელური დათვლის შედეგების შესწავლა და ხარვეზის გამოვლენა ორგანიზაციის მაღალი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია:

„ჩვენი შეფასებით ეს არანაირ გავლენას არ ახდენდა იმ შედეგებზე, რაც ყველასთვის მნიშვნელოვანია, კონკრეტულად მანდატების რაოდენობაზე და ამ შემთხვევაში ჩვენი და ცესკოს მონაცემები აბსოლუტურად ერთმანეთს ემთხვეოდა, პირველი ტურის შედეგებზეა ამ შემთხვევაში საუბარი, ამაზე განსხვავებული პოზიცია არც ყოფილა, რომ საზოგადოებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია. საზოგადოებას ჰქონდა უფლება სცოდნოდა, რომ რაღაცა ხარვეზი არის დაშვებული. შესაბამისად გვესმის, რომ ძალიან მძიმე იქნებოდა საზოგადოებისთვის ამ ინფორმაციის მიღება, ძალიან არასასიამოვნო მოსასმენი, ვიღაც გაბრაზდებოდა, ვიღაც იმედგაცრუებული დარჩებოდა, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ეს არის მთავარი სტანდარტი“, - განაცხადა ნიჟარაძემ.

მისი თქმით, ორგანიზაციის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც ხმის პარალელური დათვლის ხარვეზთან დაკავშირებით არსებობს.

კობახიძეს ასევე ოპოზიციიდანაც ეხმაურებიან. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ISFED-ის პარალელური დათვლა აქამდეც არ იყო მათთვის მთავარი ინდიკატორი არჩევნების გაყალბების. ოპოზიციის თქმით, გაყალბების მთავარი ინდიკატორი იყო ჩაყრილი ბიულეტების რაოდენობა.

„ISFED-ის დასკვნაში არ შეცვლილა ის მდგომარეობა, რომ არჩევნები გაყალბდა და 8% დისბალანსია და გადასათვლელია, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე. ერთ კომპონენტში, რასაც აკეთებს იგივე ქალბატონი თამარ ჟვანია, მისი პარალელური გადათვლა მოხდა და ჩვენ არასოდეს მთავარ არგუმენტად ეს არ მოგვიტანია“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

იგივეს ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე და ამტკიცებს, რომ ოპოზიციისთვის ამ ორგანიზაციის მონაცემები მთავარი დასაყრდენი არ ყოფილა.

„ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ არასოდეს ყოფილა პარალელური დათვლის რიცხვები მთავარი მანიშნებელი და ინდიკატორი გაყალბების. გაყალბების მთავარი ინდიკატორი იყო ჩაყრილი ბიულეტენების რაოდენობა, რომელიც მეტია, ვიდრე წინა არჩევნებზე, „კარუსელების“ რაოდენობა, მოსყიდვის ფაქტები, ძალადობა. ეს ქმნის გაყალბების სურათს და არა პარალელური დათვლა“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ საკმაოდ უცნაური და გაუგებარია, 25-წლიანი სტაჟის მქონე ორგანიზაციას მსგავსი შეცდომა რატომ უნდა დაეშვა და ამხელა სკანდალში რატომ უნდა გახვეულიყო. საყვარელიძე ამბობს, რომ ეჭვები ჩნდება რელურად არის თუ არა ეს მექანიკური შეცდომა თუ მიზანმიმართულად შეცვლილი ციფრები, რათა ქვეყანაში ხავერდოვანი რევოლუციური სცენარი მომზადებულიყო. ხოლო ამის საფუძველი საკმაოდ სანდო და ავტორიტეტულ ორგანიზაციას მიეცა.

ანალიტიკოსის თქმით, ეჭვებს კიდევ უფრო ის აღრმავებს, რომ არჩევნებისთვის გარედან სპეციალისტის მოწვევა მოხდა, რათა პროგრამა შეცვლილიყო, რომელიც წლებია მონაცემებს ერთიდაიგივე მეთოდით ითვლის. მით უმეტეს, როცა დათვლის მეთოდი თავად ცესკოს არ შეუცვლია. „სამართლიანი არჩევნები“ კი ზუსტად იმისთვის არის შექმნილი, რომ საზოგადოებამ ცესკოს სანდოობა გაზომოს. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უწყების გამზომავი ორგანიზაცია, გაყალბებაში თავად არის ეჭვმიტანილი. ეს კი ყველა მსგავს არასამთავროო ორგანიზაციის საქმიანობას და მის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომაც ამ ორგანიზაციის პარალელურად სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების კეთილსინდისირება ეჭვის ქვეშ დგება.

„საკმაოდ მძიმე სურათი მივიღეთ, რადგან ორგანიზაცია, რომელმაც ცესკოს სანდოობა უნდა გაზომოს, საბოლოო ჯამში არაკეთილსინდისიერებაშია ეჭვიმიტანილი. არ ვიცი, ზუსტად ვერ ვიტყვი, იყო თუ არა ეს ტექნიკური ხარვეზი, თუ ვიღაცის მიერ მიზანმიმართულად გაკეთებული. თუმცა ფაქტი ერთია, რომ მსგავსი ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით შესაძლოა ხავერდოვანი რევოლუციური სცენარის მომზადებაც კი მომხდარიყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ ხელისუფლებამ „სამართლიანი არჩევნების“ დონორი ორგანიზაციებისგან სასწრაფო აუდიტის ჩატარება მოითხოვეს. გადამოწმების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ შეცდომა იყო დაშვებული.

არ არის მყარი არგუმნტები ის, რომ წლების განმავლობაში რა პროგრამითაც ხელმძღვანელობდი მას მოულოდნელად ცვლი და გარედან ამისთვის ექსპერტი მოგყავს. ასევე, საკმაოდ მძიმედ გამოიყურება ის ფაქტიც, რომ მესამე სექტორი პოლიტიკურად მიკერძოებულია. ამიტომაც ცუდ სიტუაციაში არა მარტო ეს ორგანიზაცია, არამედ მთელი მესამე სექტორი აღმოჩნდება. ყველა მათგანის რეპუტაცია კითხვის ქვეშ დადგება. არადა დასავლეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ყოფილიყო. ამიტომაც სასწრაფოდ დონორმა ორგანიზაციებმა „სამართლიანი არჩევნების“ ირგვლივ დაწყებული სკანდალი უნდა გადაამოწმონ. სიღრმისეული მოკვლევა უნდა დაიწყოს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის პოზიციები საკამოდ დასუსტებულია და ამ ორგანიზაციის მიერ დაკორეტქირებულმა მონაცემებმა ზიანი პირველ რიგში მათ მიაყენა. ისინი სწორედ ამ ციფრების მეშვეობით ამტკიცებდნენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ახლა კი ეს საყრდენი ხელიდან გამოეცალათ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მეტად „სამართლიანი არჩევნების“ ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ მომხდარის ირგვლივ ჭეშმარიტება დადგინდეს. ანალიტიკოსისთვისაც გაუგებარია, 25 წლის განმავლობაში ავტორიტეტული გავლენის და ნდობის მქონე ორგანიზაციას რაში დასჭირდა, რომ გარედან ექსპერტი მოიწვია, როდესაც ცესკოს დათვლის წესი არ შეცვლილა. ანლიტიკოსი ამბობს, რომ ამ ყველაფრით ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები ზიანდება, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც დასავლეთის საკუთარ სიმართლეში დარწმუნებას ცდილობს. ახლა კი ამ შეცვლილი მონაცემებით, დასავლეთთან პოზიციებს ისევ ხეელისუფელბა იმყარებს და ამ თამაშის რაუნდიც ისევ „ოცნებამ“ მოიგო.

„ოპოზიცია ახლა საკამოდ მძიმე მდგომარეობაშია. იმაზე საუბარი, რომ ამერიკა საბჭოთა კავშირი ყოფილა, ყველაზე მეტად ისევ მათ დააზიანებთ. ოპოზიციის დარწმუნებას უკვე ერთი თვეა ვცდილობ, რომ მცდარი ტაქტიკა აქვთ არჩეული. ორივე მხარის მთავარი ამოცანა ახლა ისაა, რომ როგორმე დასავლეთი საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოს. „ოცნებამ“ ახლა ამ შეცვლილი მონაცამებით პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. ოპოზიცია მოლაპარაკებაზე „სამართლიანი არჩვენების“ მიერ დათვლილი მონაცემებით მანიპულირებდა. ამით ამტკიცებდა, რომ არჩვენები გაყალბდა. ახლა კი ეს საყრდენიც ხელიდან გამოეცალა. ამიტომაც არის, რომ ელჩების კრიტიკა ოპოზიციის მიმართ კიდევ უფრო ძლიერდება. არასწორი თამაში აქვთ არჩეული. ოპოზიცია ლაპარაკობს იმას, რაც თავად სურს და არა იმას, რაც რეალობაა. რეალობა კი ისაა, რომ არც დასავლეთს და არც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჯერ არ გადაუწყვეტია. დასავლეთისთვის „ოცნების“ ხელისუფლება როგორი მიღებელიც არ უნდა იყოს, ის მის ჩასანაცვლებლად სხვა ალტერნატივას ჯერჯერობით ვერ ხედავს. ამიტომაც ოპოზიცია წაგებულ თამაშს თამაშობს, როცა პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

 

Aburjga Tasmanieli მ ახლგაზრდა ქალის ეს ლაყბობა არის დემოკრატიის როგორც სიტემის კრახის დამადასტურებელი. უკვე იმდენი საკითხი დაგროვდა, ისეთი საკითხები რომლებითაც ადრე, ძველ საზოგადოებებში სოციალური სისტემები, და საერთოდ საზოგადოება არ ოპერირებდა, რომ სრულიად შეუძლებელი შეიქმნა რაღაც მოვლენების გამიჯვნა და შესაბამის ლინგვისტურ კატეგორიებში მათი განთავსება! მსგავსი სიტუაცია შეიქმნა ფიზიკაში და საერთოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როცა აღმოჩენილ მოვლენებს არსებული სიტყვები აღარ შეესაბამებოდა. მაშინ ყველა მოწინავე მეცნიერითანხმდებოდა იმაზე როიმ ეს სერიოზული პრობლემა იყო. იმართებოდა საჯარო სჯა-ბაასი, კონგრესები... მონაწილეობდნენ იმ დროში მოღვაწე უთვალსაჩინოესი მეცნიერები, ფილოსოფოსები... საკითხი ბოლომდე ვერ გაირკვა.
ვფიქრობ ახლაც მსგავსი სიტუაციაა, დღევანდელი საზოგადოების მოქმედების კატეგორიები ძველ ცნებებს დაშორდა, იმდენად დაშორდა, რომ უმრავლესი სიტყვის სათანადო გამოყენება თითქმის შეუძლებელია. მაგალითად სიტყვა - პასუხისმგებლობა!! რა იგულისხმება ახლა ამ სიტყვის ქვეშ?! მგონი ის ცარიელია! აგერ ეს ქალბატონი ნიჟარაძე თავის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს იმაში, რომ მისმა ორგანიზაციამ მცდარი მეთოდიკით იხელმძღვანელა, შეცდომები დაუშვა, პოლიტიკური ინტრიგნებისათვის ხელოვნურად შექმნა ჭიჭყნის საბაბი, ერთ თვეზე მეტი საზოგადოება შეცდომაში ამყოფა. ვერ შეძლო ოპოზიციამ თორემ ამ მონაცემებზე დაყრდნობით სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. ახლაც კი ე.წ. ოპოზცია რაღაცას ჩმახავს სწორედ "სამართლიანი არჩევნების" დადებული შედეგების საფუძველზე. ვერც ოპოზიცია, ვერც ეს ქალბატონი ვერავინ ვერავითარ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს!!! აბა ერთი დილით 4 საათზე მიაკითხოს ნკვდ-მ გვარამიას, მელაძეს, გრიგოლიას, ბოკერიას, უგულავს, დეკანოიძეს, ბობოხიძეს ... ასე 20-30 კაცს და "მაშვინ რომ შობოდენ" იგი ქნას ახლაც, მაშინ შესაძლებელია ბევრი სიტყვა თავის ჭეშმარიტ მნიშვნელობას დაუბრუნდეს. მაგალითად სიტყვები: მავნებელი, უტიფარი, უხამსი, ცრუ, შუბლის ძარღვ გაწყვეტილი და ა.შ.
3 წლის უკან
Aws FOR.GE-ს!
"რეალობა კი ისაა, რომ არც დასავლეთს და არც საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჯერ არ გადაუწყვეტია. დასავლეთისთვის „ოცნების“ ხელისუფლება როგორი მიღებელიც არ უნდა იყოს, ის მის ჩასანაცვლებლად სხვა ალტერნატივას ჯერჯერობით ვერ ხედავს."
ე.ი. ეს ძალად ექსპერტი აღიარებს რომ, დასავლეთი ერევა საქართველოს საშინაო საქმეებში,და ეს ნორმალურად მიაჩნია, ხმას არ იღებს!?
3 წლის უკან