„ის პოლიტიკოსი, რომელიც ემორჩილება ბულინგს, პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და აჯობებს, დროულად შეეშვას ამ საქმეს“

„ის პოლიტიკოსი, რომელიც ემორჩილება ბულინგს, პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და აჯობებს, დროულად შეეშვას ამ საქმეს“

„დააკვირდით, ვინ ახორციელებს ბულინგს ალეკო ელისაშვილზე, ყველა ესენი არიან გასვრილი ადამიანები, დამძიმებული ბიოგრაფიით, რატომ უნდა მიაქციოს ელისაშვილმა ყურადღება ვიღაცის ბულინგს, მით უმეტეს, ისეთი დისკრედიტებული ფიგურებისგან, რომლებიც თვითონ არიან ბულინგის ღირსნი?!“ - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

ერთპარტიული პარლამენტის შემხედვარე ოპოზიციონრებს სხვადასხვა ასოციაცია გაუჩნდათ. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ხავერდოვანი რევოლუცია მიმდინარეობს, ხოლო სააკაშვილის აზრით, ეს არის ოპოზიციის დიდი გამარჯვება და საბოლოოდ ოპოზიცია სულ მალე იჯდება პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, ერთპარტიული პარლამენტი ნამდვილად უფუნქციო იქნება, გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს და დიდხანს ვერ იარსებებს?

- ეს იყო ოპოზიციის გეგმა, როდესაც მათ ნახეს, რომ საპარლამენტო არჩევნები წააგეს, როგორც ჩანს, მათ გადაწყვიტეს, ასეთი გზით წასულიყვნენ. ეტყობა, მოითათბირეს სააკაშვილთან ერთად და გადაწყვიტეს, პარლამენტში არ შესულიყვნენ, რათა სიტუაცია მიეყვანათ რევოლუციურ განვითარებამდე იმ იმედით, რომ საზოგადოება, საერთაშორისო თანამეგობრობა ერთპარტიულ პარლამენტს არ მოითმენდა. მათი აზრით, ამის შემდეგ მომწიფდებოდა ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, ან ხელისუფლებას აიძულებდნენ, დაენიშნა ვადამდელი არჩევნები და აღიარებინებდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ან ქუჩიდან მოახდენდნენ პროცესების ინიცირებას და შემდეგ როგორც 2003 წელს, ისე დაეუფლებოდნენ ხელისუფლებას.

ეტყობა, ვერ გამოდის სააკაშვილი და იმ პროცესის ზოგიერთი მონაწილე 2003 წლის რევოლუციის ნირვანიდან. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი სცენარის ნაწილი, ამიტომაცაა, რომ ასე გამეტებით ებრძვიან იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც არ სურს გახდეს ამ თამაშის ნაწილი. ნახეთ, როგორი თავდასხმა და ბულინგი მოუწყეს ალეკო ელისაშვილს, იმავე ვაშაძეს, რომელშიც ეჭვი შეეპარათ, რომ პარლამენტში შედიოდა. ეს არის მათი გეგმა, ჩვენ ვნახეთ, როგორი ბედნიერი სახით გამოდიოდა სააკაშვილი და აცხადებდა, ჩვენ მივაღწიეთ მიზანს, ერთპარტიული პარლამენტი მივიღეთო. რაც შეეხება თქვენს კითხვას, იქნება თუ არა ეს პარლამენტი უფუნქციო. რა თქმა უნდა, როგორც არ უნდა შევხედოთ ამ პროცესს, ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო დონეზე არ გამოიყურება კარგად და აქვეითებს დემოკრატიულობის ინდექსს ქვეყანაში. საერთაშორისო შემფასებლები, დამკვირვებლები არ დაიწყებენ იმაში ჩაძიებას, თუ რატომ შედგა ერთპარტიული პარლამენტი, ან რატომ არის პარლამენტში წარმოდგენილი ერთი პარტია. მათთვის მთავარია შემდგარი ფაქტი. ოპოზიციას სწორედ ამ ფაქტის წინაშე უნდოდა დაეყენებინა საერთაშორისო თანამეგობრობა და იმედი აქვთ, მათ აზრს სათავისოდ შემოატრიალებენ. მართალია, ამ პარლამენტს შეუძლია გარკვეული კანონების მიღება, ჩვეულებრივად ფუნქციონირება, მაგრამ ის ვერ შეავსებს კომიტეტს, რადგან იქ უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, სპიკერატში უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია, ასევე, საერთაშორისო დელეგაციებში. გარდა ამისა, პარლამენტი 90 დეპუტატით ვერ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს და გარკვეული ტიპის ორგანულ კანონებს, რომელთაც სჭირდება 90-ზე მეტი დეპუტატი.

ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია პანდემიის დასრულებისთანავე ქუჩაზე გადაერთვება?

- ვფიქრობ, ახლა ოპოზიცია ელოდება იმას, რომ გაზაფხულისთვის პანდემიის ფონზე ქვეყანაში სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, ხალხის უკმაყოფილება წამოვა, მანამდე იმუშავებენ იმაზე, რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ შექმნან არჩევნების გაყალბების ისტორია, როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა ერთ- ერთ თავის გამოსვლაში. მამუკა მდინარაძემაც განაცხადა, ჩვენ არ ვაპირებთ შევირჩინოთ ეს ბრალდება, თითქოს არჩევნები გავაყალბეთო. ახლა წავა პოლიტიკურ- საინფორმაციო ბრძოლა იმისთვის, რომ დაარწმუნონ საერთაშორისო საზოგადოება, ადგილობრივი ამომრჩეველი და საკუთარ მხარეს გადმოიბირონ. ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ოპოზიცია საზოგადოების მობილიზებას. მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საზოგადოების რაღაც ნაწილს არ მოსწონდეს „ქართული ოცნება“ და ჩვენ ვნახეთ, რომ 48% აიღო „ოცნებამ“ ამ არჩევნებში, თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თეა წულუკიანმა თქვა, ჩვენ არ ვართ კმაყოფილნი ამ მაჩვენებლითო, შეიძლება ისინი მეტს ელოდნენ, ყოველ შემთხვევაში, მე მაინც არ მგონია, რომ დღეს საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს ან რევოლუციურ სცენარს, ან მასობრივად დაიჭიროს ოპოზიციის მხარე მინიმუმ ორი მიზეზის გამო: ოპოზიციის მხარეს არ დგანან ისეთი ლიდერები, რომლებიც საზოგადოების ნდობით და პატივისცემით სარგებლობენ. მეორეც, თუნდაც იმ ახლადშექმნილი პარტიების ამომრჩევლები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე და, ფაქტობრივად, გახდნენ ნაციონალების და სააკაშვილის თამაშის ნაწილი, უკმაყოფილებას გამოთქვამენ მათი არჩევანის გამო. სოციალურ ქსელებში პირდაპირ ჩანს მათი პოზიცია, რომ ისინი არ არიან კმაყოფილნი მათი მხრიდან პარლამენტის ბოიკოტით.

„ქართული ოცნება“ უნდა დაფიქრდეს იმაზე, რა ნაბიჯები გადადგას ამ დარჩენილ თვეებში, რომ მაქსიმალურად საკუთარ მხარეს შემოაბრუნოს საზოგადოების აზრი. ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

თქვენ ბრძანეთ, რომ ალეკო ელისაშვილს ბულინგი მოუწყვეს, ფიქრობთ, რომ ელისაშვილმა შეიძლება უკან დაიხიოს ისევე, როგორც რესპუბლიკელებსა და გირჩზე იყო ეჭვები, რომ შევიდოდნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი უკვე სტოიკურად დგანან. ანუ დაშანტაჟებამ თავისი შედეგი გამოიღო?

- მართლაც, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, ისეთი ადამიანებისგან მოდის ეს ბულინგი, რომ მათ აზრს რომ აქცევენ ყურადღებას, ესეც საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ცუდი სიმპტომია. დააკვირდით, ვინ ახორციელებს ამ ბულინგს, არ მინდა, გვარები ჩამოვთვალო, ზედმეტი პატივი იქნება მათთვის, ყველა ესენი არიან გასვრილი ადამიანები, დამძიმებული ბიოგრაფიით, რატომ უნდა მიაქციოს ელისაშვილმა ვიღაცის ბულინგს ყურადღება, მით უმეტეს, ისეთი დისკრედიტებული ფიგურებისგან, რომლებიც თვითონ არიან ბულინგის ღირსნი?! ამის გამო ხომ არ უნდა თქვა უარი შენს პოზიციაზე, შეხვიდე პარლამენტში, ზოგადად, შენი სახე ხომ უნდა შეინარჩუნო, როგორც პარტიამ, როგორც პოლიტიკოსმა? ის პოლიტიკოსი, რომელიც ემორჩილება ბულინგს და სხვისი მითითებით მოქმედებს, პოლიტიკაში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს და აჯობებს, დროულად შეეშვას ამ საქმეს. ახლა მათ აქვთ საშუალება, შევიდნენ პარლამენტში, გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, საპარლამენტო ცხოვრება იმისთვის, რომ საკუთარი პარტია გააძლიერონ, ამომრჩევლები შეიმატონ, ავტორიტეტი, გავლენა მოიპოვონ საზოგადოებაში. შენ თუ გარეთ დარჩი ქუჩაში ასეთ დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ძალასთან, სად იქნება შენი ადგილი? იქ ძირითადი პირველი ვიოლინო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“. დანარჩენი პოლიტიკური პარტიები, „ლელო“ და სხვები, ჩემს თვალში, როგორც ერთი ამომრჩევლის და ანალიტიკოსის, ჩანან, როგორც მათი სატელიტები. ვფიქრობ, ასეთად გამოიყურებიან ისინი საზოგადოების უმრავლესობის თვალშიც, ამიტომ სანამ ჯერ კიდევ დრო აქვთ, უნდა დაფიქრდნენ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე. ერთი წუთითაც რომ დავუშვათ, მართლაც შედგა ახალი არჩევნები, არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მიიღებენ თუნდაც იმ პროცენტებს, რაც მიიღეს ამ არჩევნებზე.

როგორც ჩანს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების რესურსს მაინცდამაინც ვეღარ ხედავთ?

- რესურსს რაც შეეხება, მე ვხედავ ერთ რამეს, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენელი განსხვავებულად ფიქრობს, იგივე ალეკო ელისაშვილი, „გირჩი“, პირობითად, გიორგი ვაშაძის პარტია და სხვები. ყოველ შემთხვევაში, არიან ოპოზიციაში წარმომადგენლები, რომლებიც მოლაპარაკებების მხარეს არიან. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ არის იმის იმედი, რომ მოხდება მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმების მიღწევა, პირდაპირ გეტყვით, ეს იმედი ძალიან მცირეა. რაც შეეხება „ლელოს“ განცხადებას, ჩვენ დიალოგზე უარი არ გვითქვამსო, კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ, თუკი მანდატები გაიწვიეთ, სია ჩახსენით, მაშინ რის შესახებ აწარმოებთ დიალოგს? ანუ მათ დიალოგი წარმოუდგენიათ მხოლოდ იმაზე, როდის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, „ქართული ოცნება“ კი ამაზე არ წამოვა, რადგან ამაზე დათანხმება, ფაქტობრივად, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის ეს პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი იქნება.

დაბოლოს, „ქართული ოცნება“ ისევ გიორგი გახარიაზე დებს ფსონს, მოქმედი პრემიერი შეინარჩუნებს სავარძელს, მაგრამ მთავრობის შემადგენლობაში ვინ იყო შედარებით სუსტი, ვინც არ უნდა დარჩეს თანამდებობაზე?

- პერსონალიებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მთავრობაში საკადრო ცვლილებები აუცილებელია, განსაკუთრებით, ეკონომიკურ და ფინანსურ ბლოკში. ლიტონი სიტყვებით საუბარი რომ არ გამომივიდეს, მაგალითად, აუდიტის სამსახური მერამდენე წელია, დებს დასკვნას, რომ წლის ბოლოსთვის დარჩა ათეულობით მილიონი აუთვისებელი თანხა. ეს რისი მაჩვენებელია? ანუ შენ გქონდა ფული და ეს ფული ვერ აითვისე, ეს ფული მოაკლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მოაკლდა იმას, რაც უნდა მომსახურებოდა ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. აქ უკვე მენეჯმენტის პრობლემასთან გვაქვს საქმე. მეორე საკითხია, ვის დანიშნავ თანამდებობაზე, მარტო მინისტრების სახელებისა და გვარების ცვლილება არაფრის მომტანია, მთავარია, დანიშნო ისეთი კადრი, რომელიც საქმეს გამოასწორებს და შედეგს დადებს. ჩვენ გვინახავს საკადრო ცვლილებები, რომელსაც არაფერი მოუტანია. რაც შეეხება გიორგი გახარიას, ის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფიგურაა „ქართულ ოცნებაში“, მან ეს არაერთხელ დაამტკიცა, მე ვერ ვხედავ მის ალტერნატივას და კონკურენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.