მიხეილ სააკაშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის მთელი დრო (გამოყოფილ რეგლამენტსაც გადააჭარბა) საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური კურსის მწვავე კრიტიკას დაუთმო. ევროსაბჭოს მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ქვეყანა წარსულში დაბრუნდა, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და ა.შ. სააკაშვილის ამ გამოსვლაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სააკაშვილმა დაამტკიცა, რომ ერთადერთი ქართველია, რომელიც "მაშასადამე ევროპელი" არ არისო. ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილს ჰკითხეს, რას ეტყოდით თქვენს ოპონენტებს, რომლებიც ამ გამოსვლის გამო გაკრიტიკებენო. სააკაშვილმა, რომელიც საკუთარ პერსონას ხშირად უცერემონიოდ ადარებს დიდ ქართველებს, დავით აღმაშენებელსა თუ ილია ჭავჭავაძეს, განაცხადა - თავის დროზე ილიაზეც ასე ამბობდნენო და მისი სტრიქონები წარმოთქვა:
"ჩემზედ ამბობენ: "ის სიავეს ქართვლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს, ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!"
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს, -
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილი, როგორც სჩვევია, არასწორად ციტირებს. ილია ამბობს: "კარგი გული კი მაშინვე სცნობს", და არა - "გრძნობს". ამასთანავე, პრეზიდენტმა აქვე, ჩვეული რიხით გააგრძელა საუბარი მისი პოლიტიკური გუნდის "საგმირო საქმეებზე":
წლების განმავლობაში საქართველოს რეპუტაცია ავაშენეთ; რამდენიმე წლის წინ საქართველოს არავინ იცნობდა, არავინ აღიქვამდა არათუ ევროპულ ქვეყნად, არამედ რაიმე იმედისმომცემ კუნძულადაც კიო.
სააკაშვილის მიერ საკუთარი ქვეყნის ამგვარმა დამამცირებელმა, როყიო შეფასებამ ჩვენც დიდი ქართველი პოეტის, მუხრან მაჭავარიანის ცნობილი სტრიქონები გაგვახსენა:
"საქართველო კუნძულიკა
კი არაა რომელიღაც!
საქართველო ქვეყანაა, -
იმერითა, - ამერითა!
მზისკენ ისრებრ მიწყივ მფრენი, - ხან ლურჯათი! -
ხან მერნითა!"