რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!

რისთვის (და)იჭერენ გიგი უგულავას?!

ფაქტი ერთია - თბილისში დესტაბილიზაციის პროცესი დაიწყო და ბევრი ფიქრობს, რომ ეს მანამდე გაგრძელდება, სანამ გიგი უგულავა თავის პოსტზეა. მას შემდეგ, რაც იგი დაკითხვაზე დაიბარეს, უკვე ეჭვის ქვეშ დადგა ის საკითხიც, მიაღწევს თუ არა იგი თვითმართველობის არჩევნებამდე. 750 "ლევი" თანამშრომლისა და "მუსიკალური კვარტეტის" ოთხი ალპინისტ-დამსუფთავებლის შემდეგ, რა თქმა უნდა სხვა ბევრი ასეთი ოდიოზური ფაქტი გამოვა სამზეოზე. მაგრამ ის, რის გამოც უგულავა შესაძლოა დააკავონ, ბევრად სერიოზულ სეგმენტს განეკუთვნება. ეს გახლავთ მერიის მიერ ჩატარებული ტენდერები და საბიუჯეტო თანხების ხარჯვითი ნაწილი. ამ ეტაპზე შეისწავლება (ფაქტობრივად დასრულებულია) ფინანსური გენინსპექციის მიერ 2011 წელს თბილისში სამარშრუტო ტაქსების შემოყვანისა და ახალი მანქანებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი.

2011 წლის დასაწყისში თბილისის მერიამ ჩაატარა ტენდერი ყვითელი მიკროავტობუსებით დედაქალაქში მგზავრთა გადაყვანაზე. ტენდერში გაიმარჯვა ოთხმა კომპანიამ - შპს "ფაბლიქ ქარმა", რომელსაც ისანი-სამგორის ხაზის უზრუნველყოფა დაევალა, შპს "თბილ ლაინმა" ვაკე-საბურთალოს და გლდანი ნაძალადევის რაიონებში, შპს "კაპიტალ გრუპმა" ძველი თბილისისა და დიდგორის რაიონში და შპს "თბილ ქარმა" დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. ოთხივე კომპანია გამარჯვებიდან ერთ კვირაში თბილისის მერმა დაუქვემდებარა ერთ კომპანიას - შპს "თბილსის მიკროავტობუსებს", რომელსაც უნდა განეხორციელებინა ოთხივე ამ კომპანიაზე ზედამხედეველობა და კონტროლი. ამიერიდან, ტენდერში გამარჯვებული ეს ოთხი კომპანიაა "ქრება" და ყვითელი მიკროავტობუსების მართვის სადავეები ისე გადადის შპს "თბილისის მიკროავტობუსის" ხელში, რომ კაციშვილს არ უკითხავს, კი მაგრამ ეს "თბილისის მიკროავტობუსები" ვისი ტიკი-ტომარაოო? არც ტენდერში მიუღია მონაწილეობა, არც ტენდერამდე განუსაზღვრავს მისი მაკონტროლებლის ფუნქციები ვინმეს და ახლა ვინ შემოიყვანა თამაშშიო? ვინ და პატივცემულმა თბილისის მერმა, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ, პროკურატურის მასალებიდან.

სანამ ეს ოთხი კომპანია თავის დაფნის გვირგინებს ერთ კომპანიას გადასცემდა, მანამდე მათ ყვითელი მიკროავტობუსები შეუკვეთეს შპს "ჯი-თი მოტორსს". ეს გახლავთ "ფორდის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, რომელმაც ვითომდა 2011-2012 წლის მოდელები მიჰყიდა მათ აღჭურვილი 2,4 ტურბირებული დიზელის ძრავებითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფებით. მიკროავტობუსები თურქეთში გახლდათ დამზადებულია ქალაქ კოჩაელში.

ამის შემდეგ დაიწყო მძღოლებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ყველაზე მეტი მაშინ იყვირა "რესპუბლიკელმა" თინათინ ხიდაშელმა, რომელმაც თბილისის მერს სამარშრუტო ტაქსების მძღოლებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების გადახედვას და გაუქმება მოსთხოვა. მისი თქმით, "თბილისის მიკროავტობუსი"-ს მძღოლებთან გაფორმებული ხელშეკრულება მძიმე და კაბალურია. კერძოდ, ხელშეკრულების პირობებით მძღოლებს ათი წლის განმავლობაში უნდა გამოესყიდათ (შეეძლოთ კი არა, უნდა გამოესყიდათ) სამარშრუტო ტაქსები 50 ათასი ევროდ, მაშინ როდესაც ამ მიკროავტობუსების ღირებულება 18 ათას ევროს შეადგენდა. (დღეს-დღეობით, ფინანსური სამსახურის გენერალური ინსპექციის მასალებში მოიპოვება დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შესწავლას საჭიროებს ეს 18 ათას ევროს ღირებულების პრესიკურანტი, რაც სავარაუდოდ ასევე გადამოწმდება).

მძღოლებს ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანიის ანგარიშზე უნდა შეეტანათ საგარანტიო თანხა 500 ევრო, შემდეგ კი კომპანიისაგან იჯარით აიღებდნენ მანქანებს და თვეში 463 ევროს გადაიხდიდნენ. ავტომანქანასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი მძღოლებს საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფარათ.

როგორც ამბობენ, სწორედ აქედან იღებს გიგი უგულავას მიერ ნახსენები "ჩუკენობა" სათავეს, რომელიც მას სასულიერო ტერმინოლოგიიდან სულაც არ წამოუღია. როგორც კი მძღოლებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა აიძულეს, გიგი უგულავამ დიდი შლანგი მოიმარჯვა და კამერების წინ ერთი "ფორდ ტრანზიტი" თავიდან ბოლომდე გარეცხა, ზედ თავისი შარვალ-კოსტიუმი მიაყოლა და როდესაც შლანგს "მოიკის" ერთ-ერთ თანამშრომელს გადასცემდა, დაცვას ჩაულაპარაკა - "ძლივს არ მოვრჩი ჩუკენობასო?".

მეორე დღესვე, თბილისში ახალი "ფორდის" მარკის 36 მანქანა გამოჩნდა და იმავე დღეს 22 მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. რამდენიმეს გაეთიშა ტაბლო, ხოლო მძღოლებმა კვირის ბოლოს სპეციალური ნუსხა შეადგინეს, რომლის მიხედვითაც საწვავის ხარჯი ბევრად მეტი გამოსდიოდათ ვიდრე გერმანული წარმოების სპრინტერებსა და ფორდების შემთხვევაში იქნებოდა. იქ ასეთი სიტყვაც იყო ნახსენები - "თურქული ჯართი". მწყობრიდან გამოსული ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შესახებ საზოგადოებას ამცნო ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ. ასე და ამრიგად, 2011 წელსვე დასრულდა თბილისში ახალი მანქანებით ხაზების დაკომპლექტების პროცესი. სულ 2 464 ყვითელი ფერის სამარშრუტო ტაქსი იქნა შემოყვანილი, ხოლო 4 500 მძღოლს გაუფორმდა ხელშეკრულება. დღეს ამ ხელშეკრულებებს ფინანსურთან ერთად პროკურატურა სწავლობს.

2012 წლის დასაწყისისთვის სიტუაცია ასეთია - მძღოლებს ყოველ დღე იჯარის სახით 63 ლარის შეტანა ევალებოდათ. 25 ლარი სამარშრუტო ტაქსის ცვეთისთვის უნდა გადაედოთ, ამას დამატებული საწვავის თანხა - 100 ლარი საკუთარი ჯიბიდან. "თბილისის მიკროავტობუსების" განკარგულებით მძღოლებს ყოველი 10 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ (სჭირდებოდათ თუ არა) სამუხრუჭე ხუნდები და ზეთი უნდა გამოეცვალათ "ფორდის ცენტრში", სადაც მარტო სამუხრუჭე ხუნდების გამოცვლაში 205 ლარს იხდიდნენ. ცნობისთვის, აღნიშნული სახის მომსახურება სხვა სერვის-ცენტრებში 40-დან 60 ლარამდე მერყეობს დღესაც. მაგრამ, კონტრაქტში მითითებული პირობის თანახმად რამდენიმე წლის განმავლობაში მათ სხვაგან წასვლა ეკრძალებოდათ. გარდა ამისა, როგორც საფინანსოს მასალებიდან ჩანს, "მუხრუჭები" 10 ათასი კილომეტრის გავლამდე არ უნდა ცვდებოდეს, მაგრამ "ფორდის ცენტრში" მძღოლებს ყოველი 5000 კილომეტრის გავლის შემდეგ უწევდათ მისვლა, ვინაიდან სწორედ "ფორდის ცენტრის" მიერ შემოყვანილი, ე.წ. "ახალ" მიკროავტუბუსებში მუხრუჭები ორჯერ მალე ცვდებოდა. "თბილისის მიკროავტობუსების" ხელმძღვანელობა ურჩ და პროტესტის გამომხატველ მძღოლებს სამსახურიდან პირდაპირ ხსნიდა.

2013 წლის იანვარში მძღოლების საყოველთაო გაფიცვა დაიწყო. მძღოლების საინიციატივო ჯგუფის მხრიდან წამოყენებული იქნა ოთხი მოთხოვნა:

• მძღოლის ინდმეწარმის სტატუსის გაუქმება., რაზეც "თბილისის" მიკროავტობუსმა" განუცხადა, თუ საინიციატივო ჯგუფი შეაგროვებს მოიჯარე მძღოლების ხელმოწერებს ამ საკითხზე კონსულტაციებს დავიწყებთო. ანუ უარი!

• გეგმების (საგზურის გადასახადის) შემცირება, რაც ავტომატურად გამოიწვევდა ტარიფის 80 თეთრიდან 50 თეთრამდე ჩამოსვლას, რაზედაც "თბილისის მიკროავტობუსმა" პირდაპირ უთხრა "არაო"!

• მიკროავტობუსების ტექნიკური მომსახურება არა "ფორდის ცენტრში", არამედ მძღოლებისათვის სასურველ ადგილას. ამაზე შპს "თბილისის მიკროავტობუსმა" შპს "ჯითი მოტორსის" ("ფორდის" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში) უსაფრთხოების გარანტად დაასახელა და თბილისელი მგზავრების სიცოცხლეს სხვას ვერავის ვანდობთო.

• გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე აღდგენა, რაზევ "თბილისის მიკროავტობუსებისგან" მიღებულ იქნა პასუხი, რომ გათავისუფლებული მძღოლების სამარშრუტო ხაზებზე უპირობოდ დაბრუნებას კომპანია არ განიხილავს. "ეს საკითხი შესაძლებელია მხოლოდ გადაწყდეს ინდივიდუალურად, თითოეული მოიჯარე მძღოლის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე". ცნობისთვის, მოიჯარე მძღოლის დარღვევის ხარისხი ნიშნავდა "დაუმორჩილებლობის" ხარისხს.

ასე და ამრიგად, ვერც ერთ პუნქტში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მძღოლებმა გაფიცვა გააგრძელეს, ხოლო შემოსავლების სამსახურმა დაიწყო იმ კომპანიებისა და კონტრაქტორი ფირმების შემოწმება, რომლებიც მძღოლთა საინიციატივო ჯგუფის სარჩელში იყვნენ მითითებული, როგორც მერიასთან გარიგებაში მყოფი კომპანიები. აი, აქედან ვითარდება მოვლენები ძალიან საინეტრესოდ. როგორც კი, აღნიშნული საკითხებით მაკონტროლებელი ორგანოები დაინტერესდნენ, მძღოლებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებაში ჩაერთო თბილისის მერია და მძღოლებს ინდ, მეწარმის სტატუსის გაუქმებას შეპირდა ყოველთვიური ფიქსირებული გადასახადით არაუმეტეს 10 ლარისა. მაგრამ, უგულავამ დაიგვიანა - 2011 წელს ჩატარებული სატენდერო კონკურსის გადახედვა უკვე დაწყებული იყო და შესაბამისი დოკუმენტაციაც გამოთხოვილი. 1 თებერვალს პროკურატურაში გიგი უგულავა დაიბარეს, რომელზეც იგი არ გამოცხადდა. როგორც "კვირის პალიტრისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, მასთან აქვთ შემდეგი სახის კითხვები:

1. ვინ არის "თბილისის მიკროავტობუსის" 100%-იანი წილის მფლობელი დავით ასანიძე?
2. სად გაიცნო უგულავამ იგი?
3. როგორ მოხდა, რომ "თბილისის მიკროავტობუსის" 100%-იანი წილის მფლობელს დავით ასანიძეს 2011 წლამდე ფაქტობრივად არაფერი არ გააჩნდა 2002 წელს ჩამოაყალიბებული ინდ. მეწარმის გარდა, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არაფერი არ არის ცნობილი?
4. როგორ მოხდა მერიის ტენდერში გამარჯვებული ოთხი კომპანიის ერთ კომპანიად ჩამოყალიბება?
5. ვინ გადააჯგუფა გამარჯვებული კომპანიები?
6. რატომ ჰქონდათ ტენდერში გამარჯვებულ ოთხივე კომპანიას ტენდერამდე 100-100-ლარიანი საწესდებო კაპიტალი, ხოლო სამი თვის შემდეგ 3 მილიონი ლარის საგარანტიო თანხა წარმოადგინეს?
7. როგორ მოხდა, რომ "თბილისის მიკროავტობუსმა" 18 თვის განმავლობაში ბიუჯეტში 20 000 000 ლარი შეიტანა?

საერთო ჯამში, მხოლოდ "თბილისის მიკროავტობუსის" საშუალებით 7 890 000 ლარის უმისამართო "გადაქაჩვაა" დაფიქსირებული, სავარუდოდ უგულავას ჯიბეში.

ერთი პატარა დეტალიც: მძღოლთა საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ არის. მათ დროებით განაახლეს მუშაობა მხოლოდ იმიტომ რომ უგულავას დაკითხვის, სავარაუდოდ მისი შემდგომი დაკავების პროცესს ხელი არ შეუშალონ.