"მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს"

"თუ რომელიმე ჩვენი თანაგუნდელი "ნაცმოძრაობის" დატოვებას გეგმავს, ხმამაღლა უნდა განაცხადოს. პარტიაში მართლაც არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ უმცირესობაში ყოფნა მომგებიანი პოზიცია არ არის, მაგრამ საბედნიეროდ, მათი რაოდენობა ცოტაა. ზეწოლა უმცირესობის წევრების უმეტეს ნაწილზე ხორციელდება. მარტვილის მაჟორიტარ ნაულ ჯანაშიას, რომლის წინააღმდეგ საკრებულოში სერიოზული სამუშაოები ხორციელდება, უთხრეს, პრობლემებს მოგიგვარებთ, თუ ჩვენთან ითანამშრომლებო. არა მგონია, ნაული ამ წინადადებას დათანხმდეს. ანზორ ბოლქ ვაძეს, გურამ მისაბიშვილს, გიორგი ფეიქრიშვილსა და რამაზ ნიკოლეიშვილსაც ველაპარაკე. მათ ერთგულებაში დარწმუნებული ვარ, თუმცა პოლიტიკაში არასოდეს უნდა თქვა "არასოდეს", - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "მიხეილ მაჭავარიანი პროკურატურაში დაკითხეს".

"რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ჩვენი გუნდის წევრების შეურაცხყოფისა და კვერცხების სროლის ფონზე მიმდინარეობდა. გაუგებარია, თუ ხელისუფლება მართალია, რატომ არ შედიოდა მათ ინტერესებში კანონპროექტის მშვიდ ვითარებაში განხილვა?! სერგო რატიანისგან ვიცი, რომ ოზურგეთში წესრიგის დამყარებას ერთი პოლიციელიც კი არ ცდილობდა. არადა, ხელისუფლებაში მოსვლამდე, ოპოზიციას ყველა პროცესში ჩართვის გარანტიას ჰპირდებოდნენ. ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, რომ შანტაჟის, დაშინებისა და დაკავების გზა კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ მაჭავარიანი.

"ოცნება" პოლიტიკური კრიზისის შიშზე დღემდე საუბრობს. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. ეს დავადასტურეთ, როცა არჩევნებში დამარცხება ვაღიარეთ. უბრალოდ ვამბობ, იქნებ სჯობს, კონსტრუქციულად მოვილაპარაკოთ და გადავწყვიტოთ, რა არის უკეთესი ქვეყნის მომავლისთვის! დღეს, ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ბევრად რეალურად მეჩვენება, რადგან არაერთი პროექტის შეჩერების გამო, სამუშაო ადგილები საგრძნობლად შემცირდა. ნიშნის მოგებით არ ვსაუბრობ. უბრალოდ, გული მწყდება - ამ ქვეყანას ცხრა წელი ვაშენებდით. ჩვენ ჩავიბარეთ 900-მილიონიანი ბიუჯეტი. კოალიციას კი ცხრა მილიარდამდე გაზრდილი ბიუჯეტი გადავაბარეთ. მაინტერესებს, ხადური რამდენჯერ გაზრდის სახელმწიფო ხაზინის რესურსებს. თუ ეკონომიკური კრიზისის შესახებ ჩვენი საუბრები არარეალურად გეჩვენებათ, კი, ბატონო, სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ციფრებს გადახედეთ. იქნებ ისიც მე და ვანო მერაბიშვილმა დავწერეთ?!" - განაგრძობს რესპონდენტი.

"ზურას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საკმაოდ თავშეკავებულ განცხადებებს ვაკეთებდი. მოდი, დაველოდოთ, რას იტყვის გამოძიება. მასალები, რომლებსაც გავეცანი, არ მიტოვებს ეჭვს, რომ დღემდე არსებულ ოფიციალურ ვერსიას არ დავეთანხმო. ახლა მასალებთან წვდომა არ მაქვს, შესაბამისად, ვერაფერს ვამბობ. სხვათა შორის, ზურას საქმესთან დაკავშირებით მეც დამკითხეს. მე, ხათუნა გოგორიშვილმა და მაია ნადირაძემ ზურა იმ დღეს ვნახეთ, როცა მოკლეს. შუადღისას, აუზზე წასვლამდე, წიგნი ვაჩვენეთ, სადაც მასზე იყო საუბარი. ზურას გვიან ღამეც ვურეკავდი - ერთ-ერთ ტელეკომპანიაში ვიყავი მიწვეული და რაღაც საკითხთან დაკავშირებით, მისი აზრი მაინტერესებდა. შესაბამისად, გარდაცვალების ღამეს ზურას ტელეფონზე ჩემი ტელეფონიდან განხორციელებული არაერთი ზარი დაფიქსირდა. დაკითხვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყო. მახსოვს, ოქრუაშვილი ითვლებოდა ზურას საქმეში მთავარ მოწმედ, თუმცა მან საკუთარი განცხადება ცოტა ხნის წინ შეცვალა. ამ საქმით ნამდვილად დაინტერესებული ვარ. დღესაც მუდმივად ვეკითხები უმრავლესობის წევრებს, რა ეტაპზეა გამოძიება. საქმის დახურვა გარკვეული გარემოებების გამო არ ხორციელდებოდა. ვიმედოვნებ, ახლა გაირკვევა უველაფერი", - დასძენს მიხეილ მაჭავარიანი.