რა მზადდება სამცხე-ჯავახეთში?

რა მზადდება სამცხე-ჯავახეთში?

2008 წელს, სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ომისას, ჩვენ კარგი შესაძლებლობა გვქონდა, სამცხე-ჯავახეთში ჩვენი ჯარი შეგვეყვანა", - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ეპიკური პოეზიის მკვლევარმა ვარდან სედრაქიანმა. მისი აზრით, ერევანს ამის გაკეთების საბაბიც ჰქონდა - საკუთარი მოქალაქეების დაცვა - თუმცა არ აკონკრეტებს, რა ასეთი მომაკვდინებელი საფრთხე ემუქრებოდა სომხეთის მოქალაქეებს საქართველოში 2008 წელს, რომ ისინი აუცილებლად სომხეთის ჯარს უნდა დაეცვა. როგორც მისი შემდგომი გამონათქვამებიდან ირკვევა, სამცხე-ჯავახეთში სომხეთის ჯარების შეყვანას სულ სხვა მიზანი ექნებოდა. "მაშინ საქართველო სომხური ჯარის გასაყვანად ჩვენთან უფრო მეტ დათმობაზე წამოვიდოდა, მათ შორის, ამ რეგიონის სტატუსზე. შეგვეძლო მიგვეღწია იმისთვის, რომ ყველა ადგილობრივ ორგანოში მმართველი სომეხი ყოფილიყო", - განაცხადა სედრაქიანმა.

სომხეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ მსგავსი შესაძლებლობა სომხეთს კიდევ მიეცემა. "ამ შანსის მოცემაზე მეტყველებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადება სომხებზე", - განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რეგნუმთან" ინტერვიუში სედრაქიანმა. ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სომხეთში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებები ნამდვილ "პანდორას ყუთად" გადაიქცა, რადგან ეს განცხადებები ყველა დაინტერესებულმა მხარემ სათავისოდ აღიქვა და თავისი ინტერპრეტაცია მისცა. სედრაქიანს არ დაუკონკრეტებია, ივანიშვილის რომელ განცხადებას გულისხმობდა. რუსულ გამოცემა The Moscow Post-თან სედრაქიანი იმეორებს ადრე გაცხადებულ ანტიქართულ პოზიციებს - რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის აღიარებს აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მას მიაჩნია, რომ აფხაზებისა და ოსების ბრძოლა საქართველოს შემადგენლობიდან გასვლისთვის ისევე სამართლიანია, როგორც მთიანი ყარაბაღის სომხების ბრძოლა აზერბაიჯანიდან გასასვლელად. სედრაქიანი პირდაპირ იმუქრება: "საქართველოს ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ახლანდელი საქართველოს სამხრეთი ნაწილი სომხებით დასახლებული ტერიტორიაა, სახელწოდებით ჯავახკი, სადაც, დაახლოებით, 250 ათასი სომეხი ცხოვრობს. ისინი საქართველოს შემადგენლობიდან გასვლისა და სომხეთთან შეერთებისკენ იღვწიან, თუ ამას დავუმატებთ თბილისის 300-ათასიან სომხურ მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადადგამს სომხეთის მიმართ... ჩვენ უნდა გავარღვიოთ ის სახმელეთო ბლოკადა, რომელიც საქართველომ და აზერბაიჯანმა მოგვახვიეს თავს. სხვა გზა ნორმალური სახელმწიფოს შექმნისათვის ჩვენ არ გვაქვს," - აცხადებს სედრაქიანი.

სამწუხაროდ, სედრაქიანი არ არის ერთადერთი სომეხი მოღვაწე, რომელიც ამგვარ პოზიციებზე დგას. მისი ამ განცხადებების ფონზე უფრო მეტ კითხვასა და შეშფოთებას იწვევს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება - სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი სეპარატისტული მიმართულების ორგანიზაცია "ჯავახკის" ლიდერ ვაჰაგნ ჩახალიანის ციხიდან გამოშვება ამნისტიის შედეგად. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მისი საკითხი ივანიშვილის სომხეთში ვიზიტის დროს განიხილეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჩახალიანმა განაცხადა, რომ იგი განაგრძობს ჯავახეთის სომხების უფლებებისთვის ბრძოლას.

რაც შეეხება სედრაქიანის გაპრეზიდენტების შანსს, გამოკითხვების თანახმად, ის პრაქტიკულად, ნულის ტოლია. სომხეთის დამოუკიდებელი სოციოლოგიური ცენტრის "სოციომეტრის" მიერ 18-19 იანვარს ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ 58%-დან, ვინც მზად არის არჩევნებში ხმის მისაცემად, 72% სომხეთის ამჟამინდელ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს
აძლევს ხმას, 20% - სომხეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, აშშ-ის მოქალაქე რაფი ოვანისიანს. 3,5% კი - გრანტ ბაგრატიანსა და პარუირ აირიკიანს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დღეს სომხეთში პოლიტიკური, ფინანსური და სახელმწიფო ძალაუფლება თავმოყრილია ე.წ. ყარაბაღის კლანის ხელში, რომელსაც ყოფილი საველე მეთაური სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს და რომელიც ძალაუფლების დათმობას ან განაწილებას არავისთვის აპირებს. სედრაქიანის იდეები და მისწრაფებები კი ამ კლანისათვის არ უნდა იყოს უცხო და მიუღებელი. საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში 18 თებერვალს გაიმართება.