„ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ რომ გაილაშქრებ, მართლაც გიჟი უნდა იყო“, - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც ცნობილ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს სამარცხვინო, თავლაფდასხმული და ფულის მონა უწოდა.
„იყო სასახელო და საამაყო, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი - ნონა გაფრინდაშვილი. გახდა სამარცხვინო და თავსლაფდასხმული ჯერ ბადრის, მერე ბიძინას ფულის მონა გაფრინდაშვილი. ტრაგიკული გრადაციაა", - წერს თავის „ფესიბუკზე“ ნიკა გვარამა.
მისი ასეთი გაცხარება კი გამოიწვია ნონა გაფრინდაშვილის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარმა, სადაც ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს.
ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც 1978 წელს დიდოსტატის წოდება მიენიჭა. იგი არის მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი, 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. 1980-1986 წლებში იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე. 1997 წელს, ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით, დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი. თბილისში ჭადრაკის სასახლე ნონა გაფრინდაშვილის სახელობისაა.
„ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ რომ გაილაშქრებ, მართლაც გიჟი უნდა იყო, რადგან იგი არის ერის ღირსება და სიდიადე. ნონაზე დიდი გვყავს ვინმე ქართველებს, მითხარით? ერი რომელიც თავის სიდიადეს არ აფასებს, მის წინააღმდეგ ილაშქრებენ და შენ გაჩუმებელი ხარ, მართლაც „ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო". რაში სჭირდება მსოფლიოში ცნობილ მოჭადრაკე ქალს ან ბადრის, ან ბიძინას ფულები? მეტი რა ვთქვა, ხალხნო, სულ ტანში მაჟრიალებს", - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.
ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურნენ ცნობილი ქართველი მოჭადრაკეები და აპირებენ, რომ ნიკა გვარამიას სახელზე სარჩელი შეიტანონ სასამართლოში. ცნობილი ქართველი კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები რომ არ განმეორდეს, აუცილებელია პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლითაც დაცული იქნება ადამიანის ღირსება.
„ნონა გაფრინდაშვილი, რომელმაც მსოფლიოში გაიტანა საქართველოს სახელი, არასდროს გასცემს პასუხს ასეთ უმსგავსობას, რადგან მიზნად აქვს დასახული ღირსეულად იაროს თავის არჩეულ გზაზე. მე იურისტი არ ვარ და არ ვიცი სამართლებრივად როგორ ხდება ასეთი ქმედებების დარეგულირება და არც ის ვიცი, არსებობს თუ არა მსგავსი კანონები მსოფლიოში; მაგრამ, მომავალში რომ არ განმეორდეს ადამიანის ასეთი შეურაცმყოფელი ფაქტები, პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი ადამიანის ღირსების დასაცავად. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ქვეყანაში კულტურის თვალსაზრისით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ საბოლოოდ უკულტურო ერად არ ჩამოვყალიბდეთ“, - განაცხადა „რეზონნსთან“ მერაბ კოკოჩაშვილმა.