"ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპული ე.წ. "ბოევიკების საქმე ხელახლაა გამოსაძიებელი, თუ ცხედრების ექსჰუმაცია არ მოხდება, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, ანუ ზაფხულამდე, მერე უკვე შეუძლებელი იქნება თითოეული მათგანის სიკვდილის მიზეზის დადგენა. თუ რა ხდება ამ საქმის ირგვლივ, ამის შესახებ "ალიას" ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი ესაუბრება", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "ლაფანყურის ოპერაციის დოკუმენტაცია განადგურებულია?".
"მე დავინტერესდი ექსპერტიზის დოკუმენტაციით, მაგრამ იმ კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვების გარდა, ყველაფერი შეუძლებელია, რადგან ძირითადი დოკუმენტაცია და ფოტომასალა განადგურებულია. საერთოდ, გარეგნული დათვალიერება ხდება უიშვიათეს შემთხვევებში, ავიაკატასტროფებისა თუ სხვა მასობრივი უბედურების დროს. ამ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო გვამების სრულფასოვანი გამოკვლევა", - აცხადებს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ყოფილი დირექტორი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"როგორც კი ეს უბედურება მოხდა, მეორე დილას კუდისა და სოდის თანამშრომლები შევიდნენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ყველა ექსპერტის კომპიუტერი შეამოწმეს, ეძებდნენ ფოტოებს. სადაც ნახეს, ყველგან წას ალეს ან წააშლევინეს სრულად და ამის შემდეგ ცხედრები წაიღეს, დამარხეს და შემდეგ მისცეს პატრონებს უფლება, საფლავები ამოეთხარათ. ეს არის წარმოუდგენელი რაღაც. ფაქტობრივად, ფოტომასალა აღარ არსებობს. ახლა უკვე ვეღარ დადგინდება სროლის მიმართულება, სიკვდილის მიზეზი და ასე შემდეგ. დასკვნები არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულ დათვალიერებას ეხება, გამოკვლევები არ არსებობს. თუ საქმის გამოძიება გაგრძელდება, შედეგი იქნება ნული. აქ შეგნებულადაა მასალები განადგურებული, ახლა ექსჰუმაციის გარეშე არაფერი გამოვა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილი.
"ექსჰუმაცია სასწრაფოდ არის ჩასატარებელი. ზამთარგამოვლილი ცხედრები კიდევ დაიტოვებს იმ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება გამოძიებისთვის. თუ ზაფხული გავიდა, მერე ჩათვალე, რომ სიკვდილის მიზეზები ვეღარ დადგინდება, ძალიან რთული იქნება. ამავე დროს, სასწრაფოდაა შესანახი გარდაცვლილების ტამსაცმელი. მე პიროვნულად არც ერთ ექსპერტს არ ვეხები, მაგრამ ყველამ იცის, ისინი რა საშინელ მდგომარეობაში არიან, მათ საკუთარი დასკვნის დაცვის საშუალებაც კი არ აქვთ. დღეს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასე თუ ისე, მაინც პრემიერ-მინისტრის ხელშია, სასამართლო, ფაქტობრივად, ოპოზიციაა, მაგრამ არ გაინტერესებს, ვის ექვემდებარება ექსპერტიზის ბიურო? ეს უკვე კურიოზული შემთხვევაა, ის პირადად ექვემდებარება მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რატომღაც დღესაც პრეზიდენტია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ფოტომასალის განადგურება სააკაშვილის დუმილისა და თანხმობის გარეშე არ მოხდებოდა. მე ვერ წარმომიდგენია, ვადაგასული პრეზიდენტის გარეშე ექსპერტიზის ბიუროში კუდ-ის კუნთმაგარი "ვაჟკაცები" შევარდნილიყვნენ, ყველა დაეწიოკებინათ და ყველაფერი გაენადგურებინათ. იმ პერიოდში ბაჩო ახალაია იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც სააკაშვილისგან მინიჭებული ჰქონდა განუზომელი უფლებები. არ შეიძლება, ექსპერტიზის ბიურო გაუწონასწორებელ პრეზიდენტს ექვემდებარებოდეს. ალბათ, ვერავინ წარმოიდგენს, ეს რამხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აუცილებელ მტკიცებულებებზე, მივდივართ აბსურდამდე. ამიტომაც ხდება, რომ იჭერს პროკურატურა, უშვებს სასამართლო. მოდი, დავაკვირდეთ, როცა საქმე მიდგება სასამართლო განხილვებსა და მტკიცებულებებზე, მერე ნახავთ, რაც მოხდება. იქ იქნება ექსპერტიზის უამრავი დასკვნა, რომელიც, ასე ვთქვათ, მიშას ხელიდან გამოვა. დღეს არც ერთმა ექსპერტმა არ იცის, რაზე აქვს ხელი მოწერილი, რადგან შემდგომში შეჰქონდათ ცვლილებები", - დასძენს მაია ნიკოლეიშვილი და შეკითხვას - "მიშას ვინ უნდა წაართვას ბიურო, პარლამენტმა?" - პასუხობს:
"იუსტიციის მინისტრი უნდა შევიდეს საკანონმდებლო ცვლილების მოთხოვნით პარლამენტში. ეს სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს, თორემ ცოტა ხანში ძალიან ცუდი რაღაცეები მოხდება. დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო თავიდან ბოლომდე ეკუთვნის "ნაციონალურ მოძრაობას" და იმართება ერთპიროვნულად".