საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მინისტრ ირაკლი ალასანიას რადიოსადგურ BBC-სთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:
- ჩვენ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე ვისაუბრებთ, რომელიც თქვენი თქმით, შესაძლოა და უნდა გაუმჯობესდეს. თუ შეიძლება, გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება რუსეთსა და აშშ-ის შორის "ცივი ომის" შესახებ?
- მე ამას ვერ დავარქმევდი ცივ ომს, მაგრამ ჩემი ქვეყნის პოზიციიდან, თუ აშშ-სა და რუსეთს შორის კარგი ურთიერთობა და მეტი კომუნიკაცია იქნება, ეს ყველასთვის უკეთეს შედეგს მოიტანს. სწორედ ამიტომაც, მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ამ ორ ზესახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას. ყოველთვის მხარს ვუჭერდი ობამას ადმინისტრაციის ინიციატივას, მისი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე ეტაპიდან. ამ ურთიერთობაში იყო კარგი და დაძაბული პერიოდებიც, თუმცა ზოგადად მათ შორის ურთიერთობა სწორი მიმართულებით მიდის.
- აშშ-ის პოზიციიდან, აშშ-ის კონგრესის პოზიციიდან გამომდინარე, რუსეთში ადგილი აქვს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. ამის მაგალითია, მაგნეტსკის აქტი. ასევე სხვა მაგალითებიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. თქვენს ახლა ფართო საზოგადოების წინაშე საუბრობთ. გაუზიარეთ მათ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით?
- მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ და ჩემი ქვეყნის 20% რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული. რა თქმა უნდა, მე ძალიან კარგად ვიცი, რა ხდება რუსეთში, როგორ ვითარდება ქვეყანა. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ პრაგმატულები უნდა ვიყოთ. ჩვენ, ახალი მთავრობა, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების გზით 1 ოქტომბერს მოვიდა, ვფიქრობთ, რომ მეტად პრაგმატული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ რუსეთთან. დიახ, ჩემი სამშობლოს ტერიტორიები ოკუპირებულია. ჩვენ გამალებით ვმუშაობთ, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს, მაგრამ ამავე დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ძალღონეს არ იშურებს, რათა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა დაამყაროს. ჩვენ ახლა მათთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაზეც. რუსეთის მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბიზნესისთვის კარგი იქნება რუსეთში განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენს შორის ძალიან რთული ურთიერობაა და რუსეთში არღვევენ ადამიანის უფლებებს. ისიც გავიხსენოთ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა, მისი სუვერენული ნაწილი აქვს ოკუპირებული და ეს პოლიტიკურად ძალიან სენსიტიური საკითხია.
- რას ნიშნავს პრაგმატულობა? თქვენ პირადი ტრაგედია გაკავშირებთ აფხაზეთთან. მამათქვენი ხომ აფხაზეთში დაიღუპა?
- დიახ, მამაჩემი აფხაზეთში მოკლეს 1993 წელს.
- პრაგმატულობა ნიშნავს უარი თქვათ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რომელიც მეორე ოკუპირებული რეგიონია საქართველოში?
- რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, პრაგმატულობა ნიშნავს დავანახოთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რომ საქართველოს სურს, ხელახლა წარმოაჩინოს საკუთარი თავი მათთან ურთიერთობაში. უნდა გავაგებინოთ, რომ ევროპულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვენ ერთად უფრო უკეთესად ვიქნებით, ვიდრე რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ სივრცე ნდობის აღდგენისთვის და რუსეთთან უფრო პრაგმატული ურთიერთობის დამყარება. პრაგმატულობა ნიშნავს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და სამხედრო რიტორიკის შემცირებას, რაც წინა ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილი იყო. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არ მივცემთ რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების არავითარ საბაბს. ეს არის პრაგმატული პოზიცია. ამ ახალ მიდგომას დრო გამოცდის. მაგრამ ვფიქრობ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. რადგან თუ არ ესაუბრები მათ, ზრდი ესკალაციის საფრთხეს რუსეთის ფედერაციის არმიასთან. როგორც თავდაცვის მინისტრს, არ მინდა, რომ რუსეთთან სამხედრო ესკალაციის საშიშროება არსებობდეს. მე მინდა, მყავდეს არმია, რომელიც შეძლებს პრობლემის წინასწარ აღკვეთას და არა ის ჯარი, რომელიც პრობლემებს ძალის გამოყენებით გადაწყვეტს. ჩვენ ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ამ პრობლემების მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობაზე. გვინდა, ეს პრობლემა მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.
- რა მდგომარეობაა ამჟამად საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე?
- ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვარს ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს. მადლიერები ვართ და იმედს გამოვთქვავთ, რომ ეს მანდატი კიდევ გაგრძელდება. ეს ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორია, რომელიც ამ მომენტისთვის გაგვაჩნია. ძალიან გვაღელვებს ის ფაქტი, რომ რუსები ევროკავშირის დამკვირვებლებს საზღვრის მეორე მხარეს არ უშვებენ მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის მანდატი გააჩნიათ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაძაბულობის შემცირებით, რუსეთსა და საქართველოს შორის რიტორიკის შეცვლით და რუსეთთან ვაჭრობის დაწყებით, ჩვენ შევძლებთ მათთან ურთიერთობის დაწყებას. მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე რუსეთში ცხოვრობს. ჩემი აზრით, მომავალში უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების. ისტორიულად, ჩვენს ქვეყნებს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, ეს ყოველთვის იყო სიყვარულისა და სიძულვილის ურთიერთობა. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ბირთვული იარაღის მფლობელია და ამას უნდა შევეგუოთ.
- და კიდევ ერთი საკითხი, რაც ამ კონფლიქტების უკან იდგა იყო რუსეთის შიში, რომ საქართველოს სურდა, ნატო-ში გაწევრიანება და პრეზიდენტი სააკაშილი ყოველთვის ღიად აცხადებდა ამის შესახებ...
- რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სურვილიც არის. საქართველოს ახალმა მთავრობამ დამატებითი ბატალიონი გააგზავნა ავღანეთში არჩევნების შემდეგ.
- ნიშნავს თუ არა პრაგმატიზმი ამ ამბიციაზე უარის თქმას?
- ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი გზა ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ მიდის, ჩვენ გვინდა მისი წევრობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთთან ბრძოლას ვაპირებთ, რომ არ შეგვიძლია მათთან სამუშაო ურთიერთობების დამყარება. რუსეთი ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანებასაც ეწინააღმდეგობოდა, თუმცა, მათ მაინც მოახერხეს ნატო-ში გაერთიანება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ განვახორციელებთ ჩვენს საგარეო პოლიტიკას და მივაღწევთ დასახულ მიზნებს, თუმცა, ამავდროულად, პრაგმატულები ვიქნებით რუსეთთან.