რუსეთში მოღვაწე ქართველმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა შარშან, სექტემბერში, "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, ორ კვირაში საქართველოში ჩამოვალო, მაგრამ... რამ შეუშალა სამშობლოში ჩამოსვლაში ტელეწამყვანს ხელი, ამის გასარკვევად თინას მოსკოვში დავუკავშირდით. თინა ამ საკითხის გარდა, სხვა საინტერესო თემებზეც გვესაუბრა:
- საქართველოში ჩამოსვლა არ გადამიფიქრებია. უბრალოდ, ჩემმა კომპანიამ რეკლამა გაუწია რუსული ტექნოლოგიების ახალ ბრენდს და სწორედ ამ პროექტზე ვიმუშავე ნოემბერსა და დეკემბერში, შემდეგ საზღვარგარეთ გავემგზავრე და როგორც კი დავბრუნდი, ბარემ საიდუმლოსაც გაგიმხელთ, დავიწყე ახალ სატელევიზიო შოუზე მუშაობა, რომელსაც დაახლოებით ორ კვირაში ტელეკომპანია ენ-ტე-ვე-ზე წავიყვან. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, საქართველოში, დაახლოებით, სამ კვირაში მიხილავთ.
- მას შემდეგ, რაც ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, საჯაროდ შესთავაზეთ თქვენს სახლში ცხოვრება, რის გამოც საზოგადოება კიდევ ერთხელ აალაპარაკეთ...
- ეს ყველაფერი ხუმრობა იყო. რასაც დავწერ ან ვიტყვი, საზოგადოება რატომღაც ყველაფერს სერიოზულად ეკიდება. როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქე ხდები, საჭიროა, ბინაშიც იყო ჩაწერილი, ჰოდა, მეც ვიხუმრე და ჟერარ დეპარდიეს შევთავაზე, ლეგალურად რომ იცხოვრო რუსეთში, ჩემს ბინაში ჩაგწერ-მეთქი (იღიმის).
- ჟერარ დეპარდიეს უცხო ქალის ბინაში ჩაწერის მცდელობა უკვე ჰქონდა, თუ გავიხსენებთ ფილმ "მწვანე ბარათს", სადაც მსახიობ ენდი მაკდაუელის გმირის ბინაში ცდილობს ჩაწერას, მწვანე ბარათი რომ მიიღოს...
- (იცინის) აი, ხომ ხედავთ, თქვენც დადექით ხუმრობის განწყობაზე. ასევე ვიხუმრე მეც, მაგრამ რატომღაც ხალხი ყველაფერს პირდაპირ იღებს.
- თინა, საქართველოში კვლავ დაძაბულია პოლტიკური ვითარება. ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა; "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს დაკითხვაზე იბარებენ, რამდენიმე მაღალჩინოსანი დააპატიმრეს კიდეც...
- ამის შესახებ ჯერ კიდევ როდის ვამბობდი - სააკაშვილის ხელისუფლება თუ დაემხო, ციხე არ ასცდებათ-მეთქი. მიყვარს, როდესაც ჩემი ვარაუდი მართლდება...
- თუმცა მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ფარ-ხმალს მაინც არ ყრიან...
- მიხაილ ნიკალაევიჩი ყოველთვის აგრესიული ადამიანი იყო და ამიტომაც ატარებდა აგრესიულ პოლიტიკას. მას არასდროს უზრუნია ქართველ ხალხზე და არც ახლა ზრუნავს. შეიძლება ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ სულაც არ აინტერესებს, როგორ ცხოვრობს ხალხი საქართველოში. ის მხოლოდ თავისი ქონების გადარჩენაზე ზრუნავს. ხელისუფლების შეცვლამ და მისი გუნდის უმცირესობაში გადანაცვლებამ სააკაშვილი კიდევ უფრო აგრესიული გახადა. მიხაილ ნიკალაევიჩს მსოფლიოსთან შესანიშნავად აქვს კომუნიკაცია აწყობილი და კარგად არის გაწვრთნილი ამ საქმეში, რასაც ბიძინა ივანიშვილზე ვერ ვიტყვით, რადგან ახალი ფიგურაა პოლიტიკაში. სააკაშვილს სწორედ ეს კოზირი უჭირავს ხელში.
- ახლახან რუსეთის და საქართველოს პატრიარქები მოსკოვში შეხვდნენ ერთმანეთს. რას მოუტანს ეს შეხვედრა ჩვენს ქვეყანას?
- ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს ერთადერთია, ვისაც შესწევს ძალა, ქართველ და რუს ხალხს შორის აღადგინოს ურთიერთობა, რადგან სახელისუფლებო დონეზე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა შეჩერებულია. მხოლოდ მართლმადიდებლური გზით თუ მოგვარდება ეს პრობლემა, ამის გაკეთება კი ჩვენს პატრიარქს შეუძლია, მას უდიდესი მისია აკისრია. მწამს, რომ ჩვენი უწმინდესი ამას მოახერხებს.
- თინა, საქართველოში, გარდა იმისა, რომ ახლობლებისა და შენი ქალაქის მოსანახულებლად ჩამოდიხარ, კიდევ თუ გაქვს სხვა გეგმები?
- გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ნამდვილად მაქვს გეგმები ტელეპროექტების განხორციელების შესახებ, ვისთან და რატომ, არ მკითხოთ, თორემ ხომ იცით, ხალხი ხუმრობას ვერ იგებს და შეიძლება ამ ამბის გამჟღავნების შემდეგ დამაბრალონ, რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ყიდვას აპირებსო. ასე რომ, ჩამოვალ, ზუსტად გავერკვევი ყველაფერში და შემდეგ გიამბობთ დაწვრილებით.
- გაზეთ "ყველა სიახლესთან" ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადე, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან არ წავა, საქართველოში ჩემი ფეხი არ იქნებაო...
- მაინტერესებს, რამდენი ქართველის პრეზიდენტია მიხეილ სააკაშვილი? მართლა საინტერესოა, რამდენი ქართველი უწოდებს მას პრეზიდენტს. მე მას 2007 წლიდან საქართველოს პრეზიდენტად კი არა, საქართველოს მტრად მივიჩნევ. ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მტერია. ასე რომ, სააკაშვილის არსებობა არ მიშლის ხელს, ჩემს ქვეყანაში ჩამოვიდე.