კახი კახიშვილი - "ჩახალიანი რომ წინა ხელისუფლებისთვის საშიში ყოფილიყო, მას ნაკლებად მძიმე მუხლით არ გაასამართლებდნენ"
"ოპოზიციამ ყველაფერი იღონა ახალი ხელისუფლებისთვის პრობლემების შესაქმნელად. გავიხსენოთ სააკაშვილის გამოსვლა თუნდაც სტრასბურში, სადაც განაცხადა, რომ ინვესტიციების ჩადება აღარ შეიძლება საქართველოში, საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა პუტინის მთავრობა, ორიენტაცია იცვლება, ბიზნესზე ტერორია და ა.შ. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ახალმა ხელისუფლებამ კონტაქტები გააღრმაოს დასავლეთში, რადგან პირადი ურთიერთობები გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე პროტოკოლური. სააკაშვილი სწორედ ამის წყალობით ცდილობს დღევანდელი მთავრობის იმიჯის შელახვას. ამიტომ, რაც უფრო ხშირი იქნება ახალი მთავრობის დავოსის ფორმატში ვიზიტები, რაც უფრო ხშირად შეხვდება ივანიშვილი დასავლეთის წარმომადგენლებს, მით უკეთესი. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ - თითოეული ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ კარგად უნდა იყოს ორგანიზებული და შესაბამისი მასალები დროულად წარდგენილი პრემიერისთვის. რადგან ახალი მთავრობა ნაცმოძრაობას საგარეო ასპარეზზე სრულ ოპონირებას ვერ უწევს, სააკაშვილის მთავრობა საზღვრებს გარეთ ამკვიდრებს აზრს, რომ საქართველოში დემოკრატიის გარანტი მხოლოდ თვითონ არიან, რომ მოვიდა ვამპირების ხელისუფლება და საშიშროება შეუქმნა ახალგაზრდა დემოკრატიას მიხეილ სააკაშვილის და ნაცმოძრაობის სახით", - აცხადებს არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "რატომ არ უნდა უნდოდეს მიშას ერთაოზობა, რა აკლია?!".
"ამის გასაღვივებლად მთელი ინსტიტუტებია შექმნილი. სოკოებივით მრავლდება ნაცმოძრაობის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელშიც თავმოყრილნი არიან ყოფილი ხელისუფლების სახელმწიფო პირები. პრეზიდენტმა მათ მილიონი ლარი გადაურიცხა. გარდა ამისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, შავი ფულიც შევიდა ამ ორგანიზაციების გასაძლიერებლად და ამ ყველაფრის წყალობით შეიქმნება ვეებერთელა მანქანა, რომელიც საქართველოს შესახებ დასავლეთს მიაწვდის არასრულ ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემა შეუქმნას ახალ მთავრობას. ამიტომ ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერს ოპონირება უნდა გაუწიოს, დაამყაროს დასავლეთთან კონტაქტები, გამართოს კონფერენციები და ა.შ.", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"ქართული ოცნება" არ იყო გამარჯვებისთვის მზად. ეს იმითაც დადასტურდა, რომ მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისას მწვავე პოლემიკა გაიმართა ძირითად თანამდებობებზე, განსაკუთრებით საგარეო და ეკონომიკურ საკითხებში. მინისტრთა კაბინეტსაც თუ გადავხედავთ, ზოგიერთმა გამოამჟღავნა, რომ არ არის კვალიფიციური კადრი, არ აქვს მენეჯმენტში გამოცდილება. ზოგი თეორიულად განათლებული იყო, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ პრაქტიკაში მოახერხებდნენ ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღებას. პიარის კუთხით საქართველოს ახალი ხელისუფლება ნამდვილად მოიკოჭლებს. არადა, სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში პოლიტიკა პიარისა და ლობისტების გარეშე წარმოუდგენელია. ამასთანავე, ახალ მთავრობაში აღინიშნება არაპროფესიონალიზმი, მნიშვნელოვანი შეცდომები საკადრო პოლიტიკის კუთხით. ზოგიერთს თავი ისევ ოპოზიციაში ჰგონია, პასუხისმგებლობაც კი ვერ გაათვითცნობიერა, რას ნიშნავს ამხელა თანამდებობაზე მისი თითოეული სიტყვა. ისეთი მინისტრი, რომლის მიერ ნათქვამ სამსიტყვიან წინადადებას ხუთფურცლიანი განმარტებითი ბარათი სჭირდება, "ნაცმოძრაობის" ოპონირებას რომ ვერ გაუძლებენ, ფაქტია. ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ ამ საკითხებს მოაგვარებენ და აქცენტს პიროვნებებზე კი არა, პროფესიონალიზმზე გააკეთებენ, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის დახვეწაზე იზრუნებენ. "ნაცმოძრაობას" სათავისოდ კარგი პრინციპი აქვს არჩეული - ყველაფერს აბრალებს ახალ მთავრობას, ახალი მთავრობა კი თავს იმართლებს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"საქართველოს კონსტიტუცია განმარტავს, რომ მასში ნებისმიერი ცვლილების შეტანისთვის აუცილებელია ერთთვიანი განხილვის ფილტრი. უმცირესობამ, პროტესტის ნიშნად, ამაზე უარი თქვა. თუ "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საკუთარ მოსახლეობასთან სალაპარაკო აღარ აქვთ, მათი უფლებაა... სამართლებრივი კუთხით ეს პროცესს ხელს არ უშლის. "ნაცმოძრაობა" არჩევნებში დამარცხების დღიდან დაჩაგრულის როლს თამაშობს. ამაზე მთელი პიარკამპანია აქვთ წამოწყებული, თუ როგორ ჩაგრავენ მუმიები და პუტინის მიერ დაკომპლექტებული ხელისუფლება ახალგაზრდა დემოკრატიულ ფრთას. ამ მანტიის მორგებას ცდილობენ და დიდი ფულის და პირადი კონტაქტების მეშვეობით ამ აზრის დამკვიდრებას საერთაშორისო საზოგადოებაში ნაწილობრივ ახერხებენ კიდეც", - განმარტავს კახი კახიშვილი.
"სააკაშვილმა ხელისუფლების უზურპაციის პირველივე დღეებში მოშალა თითქმის ყველა ტელევიზია. გაიხსენეთ, "იბერვიზიის" დახურვის, "მზის" და "რუსთავი 2"-ის წილების გადაფორმების ამბები. "იმედზე" შეტევა, "მაესტროს" გათიშვის მცდელობა, სიხშირეების აბსოლუტური კონტროლი, ანძის უჩუმრად გაყიდვა და ამ ყველაფრის ავტორი დღეს ლაპარაკობს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაურკვეველი საშიშროების შექმნაზე, რაც ძალიან სასაცილოა. სააკაშვილს დაუჩემებია, როგორ გაბედა ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი არხის შემოწმებაო. ის კი დაავიწყდა, მისი საგადასახადო პოლიციის მუშაკები გაზეთის ჯიხურის გამყიდველსაც კი ჯიბეში რომ უძვრებოდნენ და ბოლო თეთრებს ართმევდნენ. როდესაც სახელმწიფო ამდენ მილიონს ურიცხავს საზოგადოებრივ მაუწყებელს, ახალ ხელისუფლებას არ აქვს ამ ტელევიზიის შემოწმების უფლება?", - ამბობს რესპონდენტი.
"სააკაშვილის უსაფუძვლო განცხადებებმა ისეთი რეკლამა გაუკეთა ჩახალიანს, რომ ვერასდროს ინატრებდა. მას ბრალი ედებოდა ნაკლებად მძიმე დანაშაულში, როგორიც არის ხულიგნობა და იარაღის უკანონო ტარება, მის საქმეში არც ჯაშუშობა ფიგურირებდა და არც სხვა მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. მას ამნისტია შეეხო როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩამდენს. თუ სააკაშვილის ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჩახალიანი სეპარატისტული მოძრაობის წევრი იყო, ეს მის ბრალსა და მტკიცებულებებში რატომ არ იყო დადასტურებული? ევროპული მართლმსაჯულება ხომ ამას ითხოვს, რომ ნებისმიერი ადამიანის ბრალი დასაბუთებული იყოს უტყუარი მტკიცებულებებით. ჩახალიანი რომ წინა ხელისუფლებისთვის საშიში ყოფილიყო, მას ნაკლებად მძიმე მუხლით არ გაასამართლებდნენ. სააკაშვილმა ეს კარგად იცოდა, მაგრამ პოლიტიკური სპეკულაციისთვის გამოიყენა და განაცხადა, რომ ჩახალიანის გათავისუფლება პრემიერის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. არადა, ვინმეს გათავისუფლების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. სააკაშვილი გადასულია ანტიპიარზე. მაგრამ, უბედურება ის არის, რომ პრეზიდენტის ასეთმა განცხადებებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ამა თუ იმ რეგიონში არეულობის დაწყებას. ის ახსენებს ჯავახეთში სეპარატისტული დაჯგუფების არსებობას, სამეგრელოზეც მსგავსი რამ აქვს ნათქვამი, ქუთაისზე ამბობს, პარლამენტის თბილისში გადმოტანის შემდეგ ქალაქი სიბნელეში აღმოჩნდებაო... მთავარია "ქართულმა ოცნებამ" პრევენციულად იმოქმედოს, რომ პრობლემა არ შეექმნას ნებისმიერ კუთხეში, მათ შორის ჯავახეთში", - დასძენს კახი კახიშვილი.