უმცირესობის რჩევა ეკლესიას და ეკლესიის რჩევა უმცირესობას

უმცირესობის რჩევა ეკლესიას და ეკლესიის რჩევა უმცირესობას

“განცხადება, რომ ""ის რაც მოხდა ... იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი" სრულიად მიუღებელია, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და წყალს ასხამს ოკუპან"ტი სახელმწიფოს წისქვილზე. მოვუწოდებთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული", - აცხადებენ სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე, რომლებიც ამ სიტყვებით პატრიარქის მოსკოვში ვიზიტს ეხმიანებიან.

"ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. ...მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი" - აცხადებენ დეპუტატები და მიწასთან გასწორებულ ქართულ ეკლესია-მონასტრებს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებასა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას იხსენებენ, როგორც ისტორიულ მაგალითებს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა აჟიოტაჟი მოყვა უმცირესობის დეპუტატების მიმართვას ქართულ საზოგადოებაში. ბუნებრივად გაჩნდა კითხვები - რას იტყვის ამაზე ეკლესია? რა რეაგირება ექნება ხელისუფლების სათავეში მყოფ პოლიტიკურ ძალას? და ბოლოს, რას ფიქრობს ხალხი?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ჯაფარიძე-რატიანის შეფასება არის ორი კაცის აზრი, რომელსაც მთელ საქართველოში შესაძლოა, 10 ადამიანი იზიარებდეს:

- იმ ახალგაზრდების მიმართვაზე კომენტარის გაკეთება მათთვის დიდი პატივი იქნება. მათ ირონიით კი არა, კეთილშობილური განწყობით მინდა მივმართო, - თავის წარმოჩენის სხვა გზებიც არსებობს, თუკი ეს მაინცდამაინც სამშობლოს სიყვარულით უნდათ ახსნან... პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის უარყოფითად შეფასება "ნაციონალების" პრობლემაა. ეს გულსატკენია, მაგრამ ტრაგედია ნამდვილად არ არის, რადგან ამ ბატონებს აუდიტორია დაუცარიელდათ და მათ შეფასებებს არც ისე ბევრი მსმენელი ეყოლება. მათ მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან გაბოროტებულნი, რადგან 9 წლის განმავლობაში მათ ამ საკითხების მოგვარების შესაძლებლობა ჰქონდათ, როდესაც უმრავლესობაში იყვნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ყოფილმა ხელისუფლებამ თავისი ქმედებებით სიტუაცია კრიზისში შეიყვანა. ასე რომ, ყველასთვის, როგორც მათთვის, ისე ქვეყნისთვის, ჯობია, რომ უმრავლესობას აცალონ. ისე კი, ჩვენ არც გვქონია ამბიცია, რომ პატრიარქის ვიზიტი ყველას მოეწონებოდა. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, შესაძლოა, ადამიანების ჯგუფიც, რომელსაც ეს არ მოეწონებათ. მაგრამ მინდა, დავამშვიდო ისინი, რომ დღეს უმრავლესობაში არ არიან და მათი შეფასებები ისეთი აქტუალური არ არის, როგორც მანამდე იყო.

- მამაო, ისინი პოლიტიკისა და რელიგიის გამიჯვნაზეც საუბრობენ...

- დიახ, მაგრამ აშკარაა, რომ მოუგვარებელი კონფლიქტები ადრე თუ გვიან, საზოგადოების მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. ამიტომაც, მიზანშეწონილი იქნება, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ხელისუფლების კვალდაკვალ ეკლესიამაც შეიტანოს თავისი წვლილი. ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან კონტაქტის დაწყება სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობის დაწყების შესაძლებლობას იძლევა.

აკაკი ბობოხიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:

- ქართულ-რუსულ ურთიერთობებს მართლაც განსაზღვრავენ პიროვნებები, მაგრამ საქმე ის არის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვა პიროვნებების გამო არ მომხდარა, საუკუნეების განმავლობაში ჩვენ რუსეთის სტრატეგიული ინტერესის სფეროს წარმოვადგენდით და ეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას წითელი ხაზივით გასდევს. თუმცა კი, პატრიარქის სურვილს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შერბილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა მივესალმები.

- თქვენი აზრით, რა შეიძლება შეიცვალოს ორი ქვეყანის ურთიერთობაში?

- მაინცდამიანც დიდ წინსვლებს არ ველოდები, მაგრამ კარგი იქნება რუსული ბაზარი მაინც გაიხსნას ქართული პროდუქციის თუნდაც მცირე ნაწილისთვის.ამით საქართველოს მოსახლეობა დაინახავს, რომ რუსული ბაზარი ქართული ეკონომიკის გადამრჩენელი არ ყოფილა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას არც 2006 წლამდე ჰქონდა სახარბიელო მდგომარეობა, - მაშინ ქართულ პროდუქციაზე ემბარგო არ იყო დაწესებული, მაგრამ თუ იმ წლებს გადავხედავთ, პრობლემები გვქონდა. არ ვიცი, რატომ ჰგონია ქართული საზოგადოების ნაწილს, რომ რუსულ ბაზარზე ქართულ მანდარინს ან ღვინონ აუცილებლადმაღალ ფასში შეისყიდიან.

დავით დარჩიაშვილი, სპარლამენტო უმცირესობის წევრი:

- როდესაც ქვეყნის მომავალისთვის გარკვეული განცხადებები თუ ნაბიჯები მიგვაჩნია საგანგაშოდ, ამაზე ღიად უნდა ვისაუბრით და აკრძალული თემები არ უნდა არსებობდეს. ჩვენი გუნდი არასდროს უპირისპირდებოდა, არ უპირისპირდება და არც დაუპირისპირდება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესის, როგორც ინსტიტუტს. ეკლესიას აქვს თავისი შეუცვლელი დანიშნულება... ადამიანი როდესაც ფიქრობს ღმერთზე, ამ ურთიერთობისთვის იყენებს ეკლესიას, მაგრამ როდესაც ეკლესია ან მისი წარმომადგენლები თავისი პირველადი დანიშნულების ნაცვლად საუბარს იწყებენ იმაზე, რომ პუტინისგან შეიძლება, სიკეთეს მოველოდეთ და ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესება გარკვეული პიროვნებების ბრალია, ეს არ არის სწორი და არ ეხმარება არც საქართველოს დამოუკიდებლობას, არც ეკლესიის ავტორიტეტს. ამიტომაც, ვიზიარებ ჩემი თანაგუნდელების აზრს...

გუგული მაღრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

- იმ დეპუტატებისგან ასეთი მიმართვების გაკეთება უბრალოდ არაზნეობრივია. მინდა ამ ბიჭებს გავახსენო, რომ პატიარქის მოვალეობა მხოლოდ ლოცვა კი არა, ქვეყნის კეთილდღეობაა და ამას ცდილობს ჩვენი პატრიარქი. ისე კი, ჩარევა იმ შემთხვევაში იქნებოდა, პატრიარქი მთავრობის შემადგებლობას რომ ნიშნავდეს, მაშინ არ იყო ჩარევა, როდესაც პატრიარქმა კონფლიქტის ზონიდან დაღუპული ბიჭების ცხედრები გამოასვენა? იმ ომის მიზეზიც მათი უგუნური ლიდერის უგუნური გადაწყვეტილებები იყო, მაგრამ ცხადია, მათ ამის აღიარება არ უნდათ.