"სააკაშვილი თვითონ არის "დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი" პოლიტიკოსი. რუსეთის ინტერესებში თვითონ სააკაშვილი შედის, იმიტომ, რომ მან სერიოზული რუსული კაპიტალი შემოიყვანა საქართველოში, რუსული ჯარი ჩაგვიყენა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, მოსკოვი კი აიძულა, ცხინვალისა და სოხუმის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. თანაც, სააკაშვილი კონსტიტუციურად ჩვენი პრეზიდენტი უკვე აღარ არის, მას მითვისებული აქვს ეს წოდება, რადგან საპრეზიდენტო ვადა 20 იანვარს გაუვიდა. რაც შეეხება აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, ჩემი დამოკიდებულება უშუალოდ ამ რკინიგზის მიმართ უარყოფითია, რადგან მის აღდგენას მოჰყვება რუსეთის როლის გაძლიერება კავკასიაში და, ამასთანავე, სომხეთის ინტერესების რეალიზაციაც. მართალია, ჩვენ კეთილმეზობლური დამოკიდებულება გვაქვს სომხეთთან და მზად ვართ, მისი ინტერესები დავიცვათ რეგიონში, მაგრამ საკითხი ასე დგება: რას მოუტანს საქართველოს ეს რკინიგზა? თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ-რუსული სავაჭრო ურთიერთობები სრულად აღდგენილი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ეკონომიკას ის დიდად არ წაადგება. ამ რკინიგზამ შეიძლება ეფექტი მოგვცეს მხოლოდ ერთი მიმართულებით: ეს არის "ბორჯომის" ტრანსპორტირება. რაც შეეხება ღვინოს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ღვინის ექსპორტმა იმ დონეს მიაღწიოს, როგორიც 2006 წლამდე იყო. ეს განპირობებულია იმით, რომ რუსეთის ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, ხოლო რუსი მომხმარებელი მაინცდამაინც არ არის ღვინოზე ორიენტირებული. ამასთანავე, ამ რკინიგზის გახსნამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას ჩვენს პარტნიორებთან", - აცხადებს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ეკონომისტს, რომლის სახელი და გვარი ვანო მერაბიშვილია, მე არ ვიცნობ" / "ვინ არის დაინტერესებული აფხაზეთის რკინიგზის აღდგენით?!".
"აზერბაიჯანულმა არასამთავრობო სექტორმა, რომელიც ძალიან ახლოსაა ოფიციალურ წრეებთან, ამ ინიციატივის გახმოვანებისთანავე მკვეთრად უარყოფითი განცხადება გააკეთა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ სომხეთი არ არის ეკონომიკურ ბლოკადაში: მას აქვს რუსეთთან ავტოსატრანსპორტო კავშირი საქართველოს გავლით და სარკინიგზო და საზღვაო კავშირი, რომელიც გადის ფოთის პორტიდან. ჩვენ დაგვჭირდება დეტალურად ავუხსნათ აზერბაიჯანელებს, რომ სომხეთი ბლოკადაში ისედაც არ არის და ეს რკინიგზა არ შეეხება სომხეთის ბლოკადის მოხსნას. სამაგიეროდ, ამ რკინიგზის გახსნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისა და სომხეთისათვის, ვინაიდან სომხეთი რუსეთის მთავარი ფორპოსტია ამ რეგიონში - ამას თვითონ რუსებიც აღიარებენ. რუსეთი აკონტროლებს სომხეთის ეკონომიკის უმეტეს ნაწილს. იქ თითქმის ყველა მსხვილი ობიექტის მესაკუთრენი რუსული კომპანიები არიან. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სომხეთის რკინიგზა დღეს უკვე რუსეთის ხელშია. რუსეთმა სახელი შეუცვალა ამ რკინიგზას და "სამხრეთ კავკასიის რკინიგზა" დაარქვა. საქართველოს რკინიგზას კი ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან თუ ჩვენი ქვეყანა არის სატრანსპორტო დერეფანი, არ შეიძლება მის რკინიგზას ვინმე სხვა აკონტროლებდეს. გარდა ამისა, საკითხი შესათანხმებელია ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან - სურთ კი მათ, რომ ჩვენს რეგიონში რუსეთის როლი გაძლიერდეს? თანაც, რუსეთ-საქართველოს რკინიგზის გახსნით დაზარალდება ფოთი - სარკინიგზო ტვირთები, რომელიც დღეს ფოთიდან გადის, ფოთის პორტზე აღარ გაივლის. თუ ამ ყოველივეს გავითვალისწინებთ, საქართველოსთვის ეს რკინიგზა უფრო ზარალის მომტანია, ვინაიდან დაძაბავს ურთიერთობას ისეთ მნიშვნელოვან პარტნიორთან რეგიონში, როგორიც აზერბაიჯანია, და გლობალურ პარტნიორთან, როგორიც არის აშშ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"როგორც გითხარით, მისი აღდგენით, პირველ რიგში, ერევანი და მოსკოვი არიან დაინტერესებული, მაგრამ თბილისისთვის ის შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ წარმატებული პროექტი, თუკი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის სანაცვლოდ გაიხსნება. ახლა ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობაზეც ვისაუბროთ: როგორ უნდა შეუწყოს ამ რკინიგზამ ხელი ჩვენს ურთიერთობებს, როცა ოკუპაციის შესახებ კანონში საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები გვაქვს შეტანილი? ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ოკუპაციის კანონზე, მაგრამ ადამიანების გადაადგილების რეჟიმი უნდა შეიცვალოს. ეს საკითხი თუ არ გადაწყდა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს რკინიგზის აღდგენა კი არა, ვერაფერი უშველის. სხვათა შორის, მე დეკემბერში გახლდით ლონდონში, სადაც ქართულ-აფხაზური შეხვედრები იმართებოდა. იქ აფხაზები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ამ რკინიგზის გახსნა ქართველების ინტერესებშია. იქ მე მკაფიოდ განვუცხადე, რომ ეს ქართველების ინტერესი არ არის. რომ შევაჯამოთ, ამ რკინიგზის უპირობოდ გახსნა ძალიან დიდი შეცდომა იქნება თუნდაც იმიტომ, რომ ამით დაინტერესებული არიან მოსკოვი, ერევანი და თეირანი, სამაგიეროდ, ამ საკითხზე კითხვები აქვს სოხუმს, აღიზიანებს ბაქოს და ჯერჯერობით ბუნდოვანია ვაშინგტონის პოზიციაც", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე საქართველოში თითქმის ყველა ეკონომისტს ვიცნობ, მაგრამ ეკონომისტს, რომლის სახელი და გვარია ვანო მერაბიშვილი - არა. მკითხველს უნდა შევახსენოთ, რომ გასული წლის ზაფხულში, როცა პარლამენტში ვანო მერაბიშვილის მთავრობის ნდობის საკითხი იხილებოდა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მერაბიშვილმა განაცხადა, სტატისტიკას, რიცხვებს არ ვენდობი და არ ვიყენებო. გასაოცარია, პრემიერ-მინისტრ მერაბიშვილს თურმე სტატისტიკა არ სჭირდებოდა, ხოლო ოპოზიციონერი მერაბიშვილი სტატისტიკის ენით ალაპარაკდა! დღეს საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა არის შედეგი იმ მმართველობისა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა. ეკონომიკას გარკვეული ინერციულობა ახასიათებს, აქ არ არსებობს ისეთი ჯადოსნური ჯოხი, რომლის ერთი დაქნევით ვითარებას რადიკალურად შეცვლი. "ქართული ოცნება" მთავრობაში მოვიდა მხოლოდ 25 ოქტომბერს, ანუ 2012 წლის წინა 10 თვეს საქართველოს მთავრობაში იყო "ნაციონალური მოძრაობა". ქვეყანაში არის ძალიან ბევრი ფირმა, რომელიც ჩამოკიდებული იყო ბიუჯეტზე, ეს კომპანიები "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირდება. ბუნებრივია, ამ "წურბელა-კომპანიების" ბრუნვა შემცირდა. საერთაშორისო სტანდარტი ასეთია: თუკი ეკონომიკური ვარდნა უწყვეტად მიმდინარეობს ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში, მხოლოდ ამ შემთხვევას ჰქვია ეკონომიკური რეცესია, რომელსაც კრიზისამდე მივყავართ. ერთი და ორი თვის მაჩვენებელი კი ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა, იანვრის მონაცემებით, პესიმიზმის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. მე მაოცებს ის, რომ როცა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასეთი განცხადება გააკეთა, მარტო ნოდარ ხადური გამოვიდა, ის აკეთებს კომენტარს თითქმის ყველა საკითხზე. ვიცი, რომ ის კარგი მაკროეკონომისტია, მაგრამ სხვა მინისტრებიც ხომ არსებობენ? მთავრობის წევრების პასიურობა ჩემთვის გაუგებარია. კარგი იქნებოდა, რომ ჩვენი მთავრობის ეკონომიკური ბლოკის სხვა მინისტრებიც აქტიურობდნენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს უფრო ინტენსიურად აშუქებდნენ", - დასძენს ლადო პაპავა.