ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის კრიმინალურ-კორუფციული ,,გრეხები’‘

ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის კრიმინალურ-კორუფციული ,,გრეხები’‘

როგორ ,,უტეხავდა’‘ სახელმწიფოს მილიონებს ჩოჩელ-მერაბიშვილის ტანდემი და რეალური მიზეზი, რის გამოც ,,ზედაზენისთვის’‘ რუსეთის ბაზარი გახსნა

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, 200 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სამართალდამცავებმა ჩოჩელს ბრალი ორი _ 337-ე და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს. გამოძიება ჩოჩელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გამო ედავება, რომელთან დაკავშირებითაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განცხადება გაავრცელა: ,,ცეზარ ჩოჩელს, როგორც საჯარო მოხელეს, კანონმდებლობით ეკრძალებოდა სამეწარმეო საქმიანობა და საწარმოს მართვაში მონაწილეობა. მიუხედავად აკრძალვისა, ის, ფაქტობრივად, ხელმძღვანელობდა შპს ,,ნიუ ენერჯის’‘, მფარველობდა და ხელს უწყობდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესრულებაში. 2009 წლის ნოემბერში, ცეზარ ჩოჩელმა ,,ნიუ ენერჯის’‘ მოსთხოვა, რომ სხვადასხვა პროექტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავლები, შპს ,,ბერტას’‘ საბანკო ანგარიშზე გადაერიცხა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მისი ძმა, იაგო ჩოჩელი იყო, თუმცა ამ ფირმასაც ცეზარ ჩოჩელი მართავდა. ,,ნიუ ენერჯიმ’‘ ჩოჩელის უკანონო მოთხოვნა დააკმაყოფილა და შპს ,,ბერტას’‘ 5 360 000 ლარი ეტაპობრივად გადაურიცხა. 2010 წლის ზაფხულში, ცეზარ ჩოჩელის მოთხოვნის საფუძველზე, შპს ,,ნიუ ენერჯიმ’‘, ჩოგბურთისა და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად, თურქეთიდან ჩამოიტანა 61 845 ლარის ღირებულების საჭირო ინვენტარი და თბილისში, სოფელ დიღომში, ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის საცხოვრებელი სახლის ეზოში დაამონტაჟა. გამოძიების მიერ მტკიცებულებების შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, ცეზარ ჩოჩელმა 5 421 845 ლარის შემოსავალი უკანონოდ მიიღო, რაც საჯარო მოხელის ყოველწლიურ ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავს’‘. მოკლედ, ცეზარ ჩოჩელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა გამოძიება გრძელდება... ,,ვერსიას’‘ კრგად ინფორმირებული წყარო დაუკავშირდა, რომელმაც ფულის გათეთრების კორუფციული სქემა დეტალურად გაიშიფრა. ინფორმატორის თქმით, ამ სქემაში ჩოჩელის ,,ნიუ ენერჯი’‘ მთავარი კომპონენტია, მაგრამ ყოფილი გუბერნატორი მარტო არ მოქმედებდა. ,,ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების კორუფციული სქემა ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის ,,ბიზნეს-ტანდემის’‘ შედეგია. ამ ტანდემს დროდადრო, თურმე, საქართველოს წინა მოწვევის პარლამენტის წევრები _ დავით ბეჟუაშვილი, კახა ოქრიაშვილი და დუშეთის ყოფილი გამგებელი ეხმარებოდა.

როგორ დაიწყო ,,ჩოჩელების ეპოპა’‘ კონფლიქტის რეგიონში

კარგად ინფორმირებული წყარო გვიამბობს, რომ ცეზარ და იაგო ,,ჩოჩელების ეპოპეა’‘ მაშინ დაიწყო, როცა ჩრდილო კავკასიელმა, უფრო ზუსტად, ვლადიკავკასიელმა მოჭიდავეებმა, ძმებმა ხადარცევებმა, ჩოჩელებს 300 000 აშშ დოლარის ინვესტიცია გამოუყვეს. ამ თანხით, ჩოჩელებმა ახალგორში, პირველი ლუდის ქარხანა ,,ლომისი’‘ ააშენეს. წყაროს ინფორმაციით, ქარხანაში 50%-ს ხადარცევები, დანარჩენ 50%-ს კი, ჩოჩელები ფლობდნენ, მოგებაც ასე უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ჩოჩელებმა ხადარცევების გადაგდება მოინდომეს, ვლადიკავკასიელები განზრახვას მიუხვდნენ და ინვესტირება შეწყვიტეს. ამ წინააღმდეგობის გამო, ჩოჩელები ქარხნის სრულ მეპატრონეებად იქცნენ, მაგრამ ხადარცევებმა ლუდის ქარხანა მას შემდეგ დაიბრუნეს, რაც რუსეთმა საქართველოს ანექსია განახორციელა _ 2088 წლის საომარი მოქმედებების დროს, ხადარცევები რუსებთან ერთად შემოვიდნენ, ,,ლომისის’‘ სრული დემონტაჟი განახორციელეს, ტექნიკა, ასევე მანქანა-დანადგარები 21 მანქანაზე დატვირთეს და სამხრეთ ოსეთის გზით, ყანჩავეთის გავლით, გაიტანეს. სამართალდამცავებმა ცეზარ ჩოჩელი 24 იანვარს დააკავეს, ამასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააპატიმრა ადამიანი, რომელიც ომის დროს, კონფლიქტის რეგიონის მოსახლეობას საკუთარ სახლში იფარავდა და მფარველობდა. მეტიც, ცეზარ ჩოჩელი დევნილ მოსახლეობას ფინანსურადაც ეხმარებოდაო. ,,ვერსიის’‘ წყარო კი, სულ სხვა ინფორმაციას ფლობს: ,,თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ჩოჩელების უპასუხისმგებლო საქციელის გამო, ლუდის ქარხანა, რომელიც ახალგორში სრული დატვირთვით მუშაობდა და ქართულ პროდუქციას ქმნიდა, ინვესტორებმა უკან წაიღეს. 2008 წელს, როდესაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი იწყებოდა, ცეზარ ჩოჩელმა მოსახლეობა კი არ გააფრთხილა, რაც მისი, როგორც გუბერნატორის უშუალო მოვალეობა იყო, არამედ, ზრუნვა საკუთარი ქონების გადარჩენაზე დაიწყო _ მთლიანად დაცალა საკუთარი სახლი და 1 500 სული ძროხა, ლომისის უღელტეხილისა და მლეთის გავლით, თეთრი არაგვის ხეობაში, ხევსურეთის მთებში, უსაფრთხო ადგილზე გაიყვანა. გარდა იმისა, რომ მოსახლეობა მოსალოდნელ უბედურებაზე არ გააფრთხილა, როცა საომარი მოქმედება სერიოზულ, ღრმა ფაზაში შევიდა, ცეზარ ჩოჩელმა ადგილობრივები აიძულა, ქართული სოფლები დაეტოვებინათ. ახალგორში რუსეთის ჯარი საომარი მოქმედებებით არ შესულა, მაგრამ მოსახლეობა იმისთვის გამოიყენეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ძალიან დიდი რაოდენობით თანხა გამოიყო. კორუფციული სქემის საშუალებით კი, ეს თანხა ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის ტანდემმა აითვისა’‘.

ფულის გათეთრების კორუფციული სქემის დეტალები

ამ ეტაპზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს 5 421 845 ლარის უკანონო შემოსავალს ედავება, მაგრამ წყაროს ინფორმაციით, ფულის გათეთრების შედეგად, ჩოჩელებისა და ვანო მერაბიშვილის ჯიბეში ბევრად უფრო მეტი თანხა დაილექა: ,,ცეზარ ჩოჩელმა და ვანო მერაბიშვილმა შექმნეს კომპანია ,,ნიუ ენერჯი’‘ და დაიწყეს სახელმწიფო დაკვეთების შესრულება. მეტიც, ეს კომპანია აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებდა, რის შემდეგაც, სახელმწიფო დაკვეთების შესასრულებლად, ქვეკონტრაქტორებად სხვადასხვა ორგანიზაციას ასაქმებდნენ. ეს ორგანიზაციებიც მათი დაფუძნებული იყო. პირველი მსხვილი სახელმწიფო დაკვეთა წეროვანსა და მის შემოგარენში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის სახლების, ანუ კოტეჯების მშენებლობის პროექტი იყო. ამ კოტეჯების მშენებლობაზე, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო სტრუქტურა დახურული ციკლით მუშაობდა. ყველაფერი ასე დაიწყო: თავდაპირველად, წეროვანსა და მის შემოგარნში მიწა ძალიან დაბალ ფასად შეიძინეს _ 280 ჰექტარ მიწის ნაკვეთში მხოლოდ 280 000 ლარი გადაიხადეს, რაც მიზერულია. ჩოჩელმა და მერაბიშვილმა სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, პრაქტიკულად, უფასოდ ჩაიგდეს და მერე ისევ სახელმწიფოს მიყიდეს, ოღონდ 221 000 000 ლარად! აი, ამ მიწაზე დაიწყო დევნილებისათვის კოტეჯების მშენებლობა ჩოჩელისა და მერაბიშვილის ,,ნიუ ენერჯისა’‘ და ასევე, ჩოჩელის კუთვნილი ბეტონის ქარხანა ,,ლუქსორის’‘ საშუალებით. ამავე მშენებლობაში იყო ჩართული ჩოჩელის კიდევ ერთი კომპანია ,,ნიუ პლასტი’‘, რომელიც დევნილების კოტეჯებისთვის სხვადახვა ზომის მილებსა და სახურავებს ამზადებდა. მეტიც, კოტეჯების მშენებლობაში ჩოჩელის საკუთრებაში არსებული ქვის სამტვრევი, ასევე ინერტული მასალების სარეცხი ობიექტებიც გამოიყენეს. ეს ობიექტები ახალგორში მდებარეობდა, მაგრამ რუსებსა და ოსებთან გარიგების შედეგად, აგვისტოს ომის დამთავრებიდან 6 თვის შემდეგ, ახალგორიდან ნელ-ნელა გამოიტანეს. ეს ობიექტები ქსანსა და ავჭალაში დაამონტაჟეს, საიდანაც დევნილების კოტეჯების ასაშენებლად, საჭირო მასალები მიჰქონდათ. გარდა ამისა, ,,ნიუ ენერჯიმ’‘ ტენდერი მოიგო ავტობანის მშენებლობაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ცეზარ ჩოჩელი და ვანო მერაბიშვილი უზარმაზარ თანხას ,,ნიუ ენერჯისა’‘ და ,,ლუქსორის’‘ საშუალებით ათეთრებდნენ’‘. წყარო იმასაც გვიამბობს, რომ შპს ,,საქართველოს რკინიგზის’‘ საკუთრებაში არსებული რკინა-შპალის ქარხანა, რომელიც მუშა მდგომარეობაში იყო, ცეზარ ჩოჩელმა და ვანო მერაბიშვილმა გააჩერეს, გააკოტრეს და ბოლოს, თვითონვე შეიძინეს. ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეს, რომ იმ პერიოდში, კომპანია ,,ნიუ ენერჯიმ’‘ ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი მოიგო. სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო რკინა-ბეტონის განძელები კი ჩოჩელი-მერაბიშვილის საკუთრებაში არსებული რკინა-შპალის ქარხანაში დამზადდა. წყაროს ინფორმაციით, ყარსი-ახალქალაქის 700 000 000 აშშდოლარიან ობიექტზე მთელი რიგი სამუშაოები ჩოჩელი-მერაბიშვილი ,,ნიუ ენერჯის’‘, ,,ლუქსორისა’‘ და რკინა-შპალის ქარხნის საშუალებითYშესრულდა.

,,ზედაზენის’‘ საგადასახადო აფერა რუსეთის ბაზარზე

2012 წლის შემოდგომაზე, ქართული პროდუქციისთვის ჩაკეტილი რუსეთის ბაზარი ექსკლუზიურად ,,ქართული ლუდის კომპანიისთვის’‘ ანუ ,,ზედაზენისთვის’‘ გაიხსნა, ოღონდ მოსკოვსა და მის შემოგარენში ქართული ლუდი კი არა, მხოლოდ ,,ზედაზენის’‘ ლიმონათი შედიოდა. ,,ვერსიაში’‘ უკვე ვწერდით, რომ ,,ქართული ლუდის კომპანიას’‘ ცეზარ და იაგო ჩოჩელები ფლობენ და ამიტომ გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, თუ რატომ გაიხსნა რუსეთის ბაზარი მხოლოდ ერთი კომპანიისთვის. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩოჩელებმა ეს კომპანია დმანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილისა (მის საკუთრებაშია ,,პე-ეს-პე ფარმა’‘ და ,,ნიუ ჰოსპიტალსი’‘) და ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის’‘ მონაწილეობით დააფუძნეს. ამ კორპორაციის 100%-იან წილს შპს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი’‘ ფლობს, რომელიც თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ბეჟუაშვილის საკუთრებაშია... ,,ვერსიის’‘ წყარო კი იმ საგადასახადო აფერაზე გვიამბობს, რომლითაც ,,ზედაზენის’‘ ლიმონათი რუსეთის ბაზარზე ხვდება და რის გამოც, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს კარგავს: ,,დავიწყოთ იქიდან, რომ ძირითადი აქციონერები ვანო მერაბიშვილი, ცეზარ ჩოჩელი და დავით ბეჟუაშვილი არიან. ახლა კი, იმ კორუფციულ სქემაზე გიამბობთ, რომლითაც ,,ზედაზენის’‘ ლიმონათი რუსეთის ბაზარზე გადის: არსებობს სომხური ფირმა ,,სპაიკა’‘, რომლითაც ლიმონათის ექსპორტს ახორციელებენ. საექსპორტო ლიმონათს სომხეთის ტერიტორიაზე, ოღონდ სომხურ ფირმებზე აფორმებენ, ცარიელ მანქანებს ლუქავენ და საქართველო-სომხეთის საზღვარზე ასე მოდიან. ,,ზედაზენის’‘ ტერიტორიაზე, ამ მანქანებს ხსნიან, ლიმონათით ტვირთავენ და ისევ ლუქავენ, ოღონდ უკვე გაფორმებულსა და ბეჭედდარტყმულს. საქართველოდან კი, ჩრდილო კავკასიის მიმართულებით, დაახლოებით, 250 მანქანით გააქვთ და ასე ხვდება ,,ზედაზენის’‘ ლიმონათი რუსეთის ბაზარზე. ქართული პროდუქცია, პრაქტიკულად, დაბეგვრის გარეშე შედის რუსეთში, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტი ასეულობით მილიონ ლარს კარგავს. ამ კორუფციულ სქემაში, დუშეთის ყოფილი გამგებელი ოდიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მოგვიანებით, ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელად გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ყოფილ გამგებელს ,,ქურდული მანტია’‘ ჰქონდა მოსხმული და დუშეთს უსტატუსოდ განაგებდა. ეს იყო დანაშაულებრივად შეკრული, მაფიოზური ჯგუფი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობდა’‘. ვერსიის’‘ წყაროს ინფორმაციით, ცეზარ ჩოჩელისა და ვანო მერაბიშვილის საკუთრებაშია სოფელ ნატახტარში მდებარე, ლუდის ქარხანა ,,ნატახტარი’‘, რომელიც მოგვიანებით თურქულმა კომპანიამ ჩოჩელებისგან 70 000 000 აშშ დოლარად შეიძინა, ნატახტარის ხორც-კომბინატი და წეროვანში მდებარე ფხვნილებისა და სარეცხი საშუალებების კომპანია ,,ბერტა’‘. წყარო გვიამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისა და მისი ბიზნესმენი მეგობრის, ქიბარ ხალვაშის ქვეყნიდან განდევნა ბაზარზე ,,ბერტას’‘ გამოჩენას უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაში ,,პროქტერ ენდ გემბელი’‘-ს ოფიციალური წარმომადგენელი იყო საქართველოში, რომელიც ბაზრის 7-%-ს ფლობდა. ეს იყო მიზეზი, რის გამოც დაიჭირეს ხალვაში, დაუწვეს საწყობი, ბაზრიდან განდევნეს და მის სანაცვლოდ, საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ,,ბერტა’‘, რომელმაც იგივე პროდუქციის გამოშვება დაიწყო წეროვანში, ჩინური დანადგარების საშუალებით.