მთელი გასული კვირის განმავლობაში ის, რაც სააკაშვილის პროპაგანდისტული მანქანისგან დარჩა, კიოდა საქართველოს საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე და იმაზე, რომ ახალმა ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ არჩევანზე უარი თქვა. ამავე დროს, არაერთმა ანგარიშგასაწევმა ექსპერტმა სცადა, აღეწერა სიახლეები საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში და პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი ვარაუდი გამოეთქვა. ბოლოს კი ქართულ პოლიტიკაში უპრეცედენტო რამ მოხდა: ,,ნაცმოძრაობის» დეპუტატებმა _ ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც გააკრიტიკეს პატრიარქი მოსკოვში გაკეთებული განცხადებების გამო. ყველაფერმა ამან ერთად შექმნა შესაბამისი საინფორმაციო ფონი და გააჩინა საზოგადოების ნაწილში განცდა, რომ ჩრდილოეთის მიმართულებით რაღაც ძალზე მასშტაბური ხდება. ასეა ეს თუ არა? არსებობს თუ არა საფუძველი შორსმიმავალი დასკვნებისთვის?
ფსიქოზის ეროვნული თავისებურებანი
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დღევანდელ ეტაპზე და ზოგადად, საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრის დაწყებამდე, ალბათ, სასურველია, ორიოდე სიტყვა ვთქვათ იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ მას და რამდენად გვიშლიან ხელს სპეკულატიური ინტერპრეტაციები რეალობის აღქმაში; კოგნიტურ ფსიქოლოგიას შეუძლია ამ მხრივ კარგი სამსახური გაგვიწიოს. მის ფარგლებში კოგნიტური ხარვეზის ცნება არსებობს, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის ერთობ აქტუალური ჩანს. სპეციალისტების შეფასებით, მის მიერ გამოწვეული ეფექტი შეიძლება კომპიუტერული პროგრამის მოქმედებას შევადაროთ, რომელიც ინფორმაციის დამუშავების წესს განსაზღვრავს. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი შფოთავს და დევნის მანია უყალიბდება, ის გარესამყაროდან მომავალი ინფორმაციის უზარმაზარი მასივიდან მიზანმიმართულად არჩევს იმ სიგნალებს, რომლებიც საფრთხეზე მიუთითებს და უგულებელყოფს იმ ინფორმაციას, რომელიც მოწმობს, რომ მისი უსაფრთხოება დაცულია, ან კიდევ, თავდაყირა აყენებს მას და საფრთხეზე მიმანიშნებელ სიგნალად აღიქვამს.
ცნობილმა უკრაინელმა მკვლევარმა გიორგი პოჩეპცოვმა შეისწავლა კოგნიტური ხარვეზების გამოყენება პოლიტიკური პროპაგანდის მიზნებისთვის და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: «ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხელმძღვანელობთ არა სინამდვილით, არამედ მისი ინტერპრეტაციის წინასწარ განსაზღვრული სქემით» და იქვე ჩამოთვალა ის კოგნიტური ხარვეზები, რომლებიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მათ შორის, ჩვენთვის, ალბათ, ყველაზე აქტუალურია შერჩევითი აბსტრაგირება, როდესაც ერთი დეტალის შეფასების საფუძველზე ხდება მოვლენის შეფასება მთლიანობაში, დიქოტომიური აზროვნება, რომლის ფარგლებში ყველა მოვლენა აღიქმება, როგორც მხოლოდ შესანიშნავი ან საშინელი (თუ რომელიმე კოგნიტურ ხარვეზს შეიძლება «ერთიანი ნაციონალური» ეწოდოს, ალბათ, სწორედ ესაა) ზე გენერალიზაცია, როდესაც ცალკეული შემთხვევიდან ყოვლისმომცველი «კანოზომიერებების» გამოყვანა ხდება, და კატასტროფიზაცია, ანუ რომელიმე მოვლენის შედეგებისთვის გადამეტებული მასშტაბისა და მნიშვნელობის მინიჭება. ამას, ალბათ, უნდა დავუმატოთ გლობალური თემებზე მსჯელობის ზოგადეროვნული უნარი, ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობის, კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, იმ აუტანელი სიმსუბუქით, როგორითაც ამას საგიჟეთიდან გაქცეული კონსპიროლოგები აკეთებენ.
დავუშვათ, რომ ვიღაც მამაკაცმა საყვარელ ქალს აწყენინა, დაბადების დღეზე ყვავილები არ აჩუქა, ისე როგორც წარმოედგინა. ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული სიტუაციაა, მაგრამ არაერთი ფსიქოლოგი დაადასტურებს, რომ ხშირად სწორედ ასეთი ეპიზოდები ახდენს ზემოთ ნახსენები «პროგრამების» აქტივირებას, რომლებიც ინფორმაციას ობიექტის (ან პროცესის) შესახებ «წინასწარ განსაზღვრული სქემის» მიხედვით ახარისხებს. ხშირად სვლა არაკორექტული (და არსებითად _ შიზოფრენიული) გლობალური დასკვნებისკენ _ «ყველა მამაკაცი არამზადაა» და «არავის ვუყვარვარ», სწორედ ასეთი უწყინარი ეპიზოდებიდან იწყება. თუ ადამიანს არ ძალუძს, კოგნიტური ხარვეზების ზეგავლენისგან გათავისუფლდეს და რეალობა ადეკვატურად აღიქვას, მისი ცხოვრება, საბოლოო ჯამში, ერთ დიდ მენტალურ აშლილობად გადაიქცევა.
კარგი იქნება, თუ ყოველივე თქმულის გათვალისწინებით, თვალს გადავავლებთ გასულ კვირას მედიასა და სოციალურ ქსელებში გაკეთებულ, მართლაც კოსმოსური მასშტაბის მელოდრამატულ დასკვნებს კურსისა და ლამის ორიენტაციის შეცვლის თაობაზე, რომელთაც საფუძვლად არ ედო არაფერი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებისა და იმ ფაქტის გარდა, რომ დავოსში ბიძინა ივანიშვილი დიმიტრი მედვედევს, ხოლო მოსკოვში ილია II ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ჩვენ, დიდი ალბათობით, მივალთ დასკვნამდე, რომ როგორც «პროამერიკელები», ისე «პრორუსები» (ეს დაყოფა ძალზე უხეში და პირობითია, თუმცა ამ კონტექსტში ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) შერჩევითი აბსტრაგირების, ზეგენერალიზაციის და ა.შ. საფუძველზე, ხშირად ძალზე არაკორექტულ, სამამულო წარმოების კონსპიროლოგიით გაჟღენთილ დასკვნებამდე მიდიოდნენ. არადა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან მიმართებაში საჭიროა ობიექტურთან მაქსიმალურად მიახლოებული ხედვა და აღწერილი ხარვეზებისგან მეტ-ნაკლებად თავისუფალი გონება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისევ ავცდეთ რეალობას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში და უახლესი ისტორიის სხვა საბედისწერო ეპიზოდებში მოხდა.
დღეს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში ნორმალიზაციაზე ორიენტირებული პირველი ნაბიჯები იდგმება. ხელის ჩამორთმევა, კეთილი ნების გამოვლენა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრები _ ყოველივე ეს აუცილებელი დიპლომატიური უვერტიურაა დიალოგის დაწყების წინ და ჯერ არავინ იცის, იქნება ის ნაყოფიერი თუ პირიქით _ წარუმატებელი. მიუხედავად ამისა, ქართულ საინფორმაციო სივრცეში ატეხილია დიდი ხმაური საგარეო ორიენტაციის შეცვლაზე. სოციალურ ქსელებში იმართება მეგადისკუსიები თემაზე «უნდა ეწოდებინა თუ არა პატრარქს რუსებისთვის ძმები, მას შემდეგ, რაც 2008-ში მოხდა?», «ნაცმოძრაობის» დეპუტატები ჯაფარიძე და რატიანი ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: «ვთვლით, რომ შეუძლებელია, რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში... მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი; რუსეთი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დაწყებული სტალინის ეპოქიდან, ე.წ. მშვიდობის პოლიტიკას იყენებდა საკუთარი აგრესიული პოლიტიკის და უკვე განხორციელებული ოკუპაციების გადასაფარად, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობითაც. ეს საქართველოს ნებისმიერ, საერო თუ სასულიერო ლიდერს მუდამ უნდა ახსოვდეს, როდესაც საუბრობს სამარადჟამო «ძმობაზე» იმპერიასთან...» და არავის აზრად არ მოსდის, გადაიკითხოს სტენოგრამა, რათა ნახოს, რა თქვა სინამდვილეში ილია II-მ და რა საინტერესო ქვეტექსტი ჩადო თავის ნათქვამში; ეს ძალზე საგულისხმო მაგალითია და მის განხილვას, ალბათ, ორიოდე წუთი უნდა დავუთმოთ.
რუსი გენერლის ჯვარი
23 იანვრის შეხვედრის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ილია II-ს იმისთვის, რომ ის «აკეთებს ყველაფერ შესაძლებელს ორ ჩვენს მოძმე ერს (ბრატსკიმი ნაროდამი) შორის ჰუმანიტარული, სასულიერი კულტურული კონტაქტების შენარჩუნებისთვის». ამის პასუხად კი პატრიარქმა ბრძანა: «მინდა გადმოგცეთ დიდი მოკითხვა ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრისგან. ის აკეთებს ყველაფერს აუცილებელსა და შესაძლებელს, რათა დაალაგოს ურთიერთობები ყველასთან. ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს, მოიხსნება და ჩვენ კვლავინდებურად ძმები ვიქნებით». ჩვენ ვხედავთ, რომ საუბარი ძმობაზე პირველმა ვლადიმერ პუტინმა დაიწყო, უწმინდესმა კი ისეთი პასუხი გასცა, ბევრ ექსტრაკლასის დიპლომატს რომ შეშურდებოდა. მან მიანიშნა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ შეიძლება განხილებოდეს, როგორც ურთიერთობები ძმებს შორის, მაგრამ ამავე დროს არ უარყო თანამოსაუბრის მიერ შემოთავაზებული ტერმინოლოგია (რაც ამ კონტექსტში ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის ტოლფასი იქნებოდა), დაუკავშირა რა ის წარსულის გამოცდილებას და რაღაც იდეალურ მდგომარეობას მომავალში, რომლისკენაც მხარეები, იდეაში, უნდა ისწრაფვოდნენ. ბოლო წლების განმავლობაში არც ერთ ქართველ დიპლომატს ასე ოსტატურად, ერთ წინადადებაში არ უთქვამს უარი სტატუს-კვოს აღიარებაზე, კეთილი ნების გამოვლენის პარალელურად, თანაც იმ დისკურსის ფარგლებში, რომელიც თანამოსაუბრემ აირჩია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს, ილია II ხაზგასმით საუბრობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე.
ამ ეპიზოდის დაკვირვებამ შეიძლება გაგვახსენოს 2008 წლის დეკემბრის მოვლენები, როდესაც პატრიარქმა მიაღწია იმას, რომ რუსულმა ჯარებმა სოფელი პერევი დატოვეს. მაშინ ბევრს უკვირდა _ როგორ მოახერხა უწმინდესმა განრისხებული დათვის დათანხმება ამაზე? სამწუხაროდ, იმ მოლაპარაკებების სტენოგრამა ხელმისაწვდომი არაა და ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ილია II-მ დიალოგი მაშინაც ისეთივე იუველირული სიზუსტით წარმართა, როგორც გასულ კვირას მოსკოვში. მაშინ, 2008 წლის დეკემბერში ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა გააფუჭა, როცა შეეცადა, «პერევის გათავისუფლების» ხმაურიანი პიარაქცია მოეწყო, რის შემდეგაც რუსები სოფელში დაბრუნდნენ. დღეს კი მისი აპოლოგეტები სოციალურ ქსელებში უწმინდესს ტალახს ესვრიან იმის გამო, რომ რუსებს ძმები უწოდა. პატრიარქს ამით, ცხადია, ვერაფერს დააკლებენ, მაგრამ მთლიანობაში ეს სურათი ძალზე დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ტოვებს. მათ არც ომი იციან, არც დიპლომატია, არც ალტერნატიული სტრატეგიის შემუშავება შეუძლიათ და აბსოლუტურად გაუგებარია, ვინ არიან და რა უნდათ საერთოდ.
ან ის მაინც გაიხსენონ, როგორ შევიდა ილია II 2008 წლის აგისტოში კონფლიქტის ზონაში და ჩვენი დაღუპული სამხედროების ცხედრები გადმოასვენა, რომლებიც ხელისუფლებამ და სარდლობამ ბრძოლის ველზე მიატოვა და მათ გადმოსვენებაზე არც უფიქრია. იქნებ იმისთვის გააკრიტიკონ, მაშინ გენერალ ბორისოვს ჯვარი რომ ჩამოჰკიდა? მოლაპარაკებების ერთ-ერთმა მონაწილემ, ლეონარდო დევდარიანმა, ის შეხვედრა «კვირის პალიტრასთან» საუბარში ასე აღწერა: «პატრიარქმა ბორისოვს უთხრა: «აბა, შენ იცი, მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი დაუშავო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მოუარე ჩვენს ხალხსო». მერე უბეში ხელი ჩაიყო და პაკეტი ამოიღო. «აი აქ 20 ათასი დოლარიაო», და გაუწოდა ბორისოვს. ბორისოვი გაშეშდა... «ამას გაძლევ იმიტომ, რომ გორში ყველაზე გაჭირვებულებს და უმწეოებს მოუარო და შენი ხელით გაუნაწილო ეს თანხაო...». შემდეგ კი ომების ისტორიაში სრულიად უპრეცედენტო რამ მოხდა. დევდარიანის თქმით, გამარჯვებული ჯარის სარდალმა, რომლის ხელში იმ მომენტში ათიათასობით, სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უპატრონოდ, ყოველგვარი ევაკუაციისა და დაცვის გარეშე მიტოვებული ქართველის ბედი იყო, «ფული გამოართვა, დაეცა მუხლებზე, კალთაზე აკოცა და უთხრა, გეფიცებით, უწმინდესო, ყოველი კაპიკი მივა გაჭირვებულ და უმწეო მოსახლეობასთან, ყველა კაპიკზე ჩაგბარდებათ სრული ანგარიშიო».
საინტერესოა, რას იტყვიან ამის თაობაზე ისინი, ვინც დღეს პატრიარქს აკრიტიკებენ? არ უნდა ჩამოეკიდებინა ჯვარი ბორისოვისთვის ან მისთვის მართლმადიდებელი ძმა არ უნდა ეწოდებინა, იმის იმედით, რომ ამით თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდა? იქნებ უნდა დაეწყევლა, რათა ბორისოვი განრისხებულიყო და გორელებისთვის თავები დაეჭრა, იმისთვის, რომ შემდეგ მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი ფოტოები გაეროში ეფრიალებინა?
თუმცა დისკუსიას ამ თემაზე აზრი, ალბათ, არ აქვს, ის ფსიქოლოგიური ხარვეზები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ხელს უშლის მათ, ვინც დღეს პატრიარქს აკრიტიკებს, გაიგონ თუ რაზეა საერთოდ საუბარი ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში. ისინი კონტექსტიდან არა მხოლოდ ცალკეული სიტყვების, არამედ ფაქტების ამოგლეჯას ახდენენ. მაგალითად, იმას, რომ ივანიშვილმა მედვედევს ხელი ჩამოართვა, რთული კონსპიროლოგიური წიაღსვლების მეშვეობით, საგარეოპოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის უტყუარ ნიშნად წარმოაჩენენ, ხოლო იმ ფაქტს, რომ ახალმა ხელისუფლებამ საგანგებო დადგენილებით დაავალდებულა საზოგადოებრივი მაუწყებელი, აწარმოოს აგიტაცია ნატოში გაწევრიანების სასარგებლოდ, ან არ ამჩნევენ, ან კიდევ ამბობენ, რომ ეს ორიენტაციის შეცვლის შენიღბვას ემსახურება. ყველაზე ტრაგიკული კი ისაა, რომ საქმე შეგნებულ პროპაგანდისტულ მანიპულაციასთან ყოველთვის როდი გვაქვს, ზოგი ამას უბრალოდ, კოგნიტური ხარვეზებით და სტერეოტიპებით დამძიმებული ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან და ინფორმაციის დახარისხების თავისებურებებიდან გამომდინარე აკეთებს. თუმცა ამ პრობლემატიკას თავი რომც დავანებოთ, შეიძლება გაჩნდეს საინტერესო კითხვა: შეიძლება თუ არა გამოიყენოს ოპოზიციამ ყველა თემა მთავრობის კრიტიკისთვის? ერთი შეხედვით, პასუხი ამ კითხვაზე დადებითია, თუმცა საინტერესოა, რომ ფინეთის გამოცდილება საპირისპიროზე მიუთითებს.
დღეს ყველანი ფინელები ვართ?
ფინელები ჩვენთან შედარებით გაცილებით ცუდ მდგომარეობაში არიან. ის ტერიტორიები, რომლებიც მათ ომის შემდეგ დაკარგეს, მოქცეულია რუსეთის ფედერაციის საზღვრებში და ეს ცვლილებები აღიარებულია მთელი მსოფლიოს მიერ. მიუხედავად ამისა, ფინეთში არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც დაკარგული მიწების დაბრუნებას მოითხოვენ, ხოლო ფინეთის ხელისუფლება ამ საკითხს მოსკოვში ძალიან ფრთხილად, ზემდეტი ხმაურის გარეშე პერიოდულად აყენებს. არსებობს ინფორმაცია 1946, 1955, 1963, 1965, 1967, 1968 წლების მოლაპარაკებების შესახებ, თუმცა, საკითხით დაინტერესებული მკვლევარების აზრით, იყო სხვა შემთხვევებიც. დროდადრო ფინეთის ხელისუფლება სთხოვდა კარელიის მიწების დაბრუნების იდეის გარშემო გაერთიანებულ ორგანიზაციებს, შეემცირებინა საკუთარი პროპაგანდისტული ძალისხმევა; როგორც წესი, მსგავსი თხოვნა წინ მოსკოვთან მოლაპარაკებების მორიგ უშედეგო მცდელობას უძღოდა წინ. საინტერესოა, რომ ეს აქტივისტები მთავრობას უჯერებდნენ, დროებით მშვიდდებოდნენ და, რაც ყველაზე, მთავარია, არ ატარებდნენ ქვეყნის ხელმძღვანელებს კრიტიკის ქარ-ცეცხლში მორიგი წარუმატებლობის კვალობაზე (მაგალითად, კეკონენისა და ბრეჟნევის მოლაპარაკების შემდეგ). ამას შეიძლება საერთო-ეროვნული კონსენსუსი ეწოდოს: არის საკითხები, რომელთან დაკავშირებით შეიძლება ერთმანეთს თმები დავაპუტოთ, მაგრამ არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საკითხიც, რომელთან მიმართებაში ყველანი, ხელისუფლება-ოპოზიციანად, უპირველეს ყოვლისა, ვართ ფინელები; მივცეთ შესაძლებლობა მთავრობას, იმოქმედოს, მანევრისთვის აუცილებელი სივრცე არ შევუზღუდოთ, ხოლო თუ მისი ნამოქმედარი არ მოგვეწონება, ახალი ავირჩიოთ და შემდეგ იმ ახალსაც ვაცალოთ. რომელია უფრო პატრიოტული და კონსტრუქციული მიდგომა _ ეს თუ ისტერიული კივილი «რატომ უწოდა ძმა ან ხელი რატომ ჩამოართვა?»
ფინურ გამოცდილებაში კიდევ ერთი საყურადღებო შემადგენელი არის, რომელიც შეიძლება გავიზიაროთ (ან პირიქით, არ გავიზიაროთ), თუნდაც იგივე აფხაზეთზე გამავალ რკინიგზასთან დაკავშირებით; ეს მთავარი და მეორეხარისხოვანი, პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ერთმანეთისგან მკვეთრი გამიჯვნაა. არის ასეთი საიმას არხი, ფინეთის ყურესა და საიმას ტბას შორის, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია ფინური ეკონომიკისთვის. ომის შემდეგ მისი ნაწილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა; ნაოსნობა შეწყდა. ფინეთის ხელისუფლებამ დაიწყო მოლაპარაკება არხის სამხრეთ ნაწილის იჯარის შესახებ; მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ამით ირიბად ომის შემდეგ შექმნილი სტატუსკვოს და ახალ საზღვარს აღიარებდა. 1958-ში ფინელებმა მიიღეს თავისუფალი ტრანზიტი საიმას არხზე, ხოლო 1962-ში არხის «საბჭოთა ნაწილი» და მიმდებარე ტერიტორია 50-წლიანი იჯარით აიღეს (2011-ში ხელშეკრულება 2063 წლამდე გაახანგრძლივეს). მხარეებმა მოახდინეს არხის რეკონსტრუქცია და ის ფინური ეკონომიკისთვის მკვებავი არტერია გახდა (წელიწადში იქ 3000-მდე გემი გადის). ამ ტერიტორიაზე განსხვავებული სამართლებრივი, სასაზღვრო და გამარტივებული სავიზო რეჟიმი მოქმედებს.
იმოქმედა თუ არა რამენაირად ამ არხის ამოქმედებამ კარელიის საკითხზე? არც არანაირად, ყველა, ვინც ითხოვდა ტერიტორიების დაბრუნებას, თავის პოზიციაზე დარჩა, ხოლო ფინეთის ხელისუფლება სსრკ-ის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართვას კვლავინდებურად ცდილობდა. სამაგიეროდ, ამ და უამრავი სხვა ერთობლივი პროექტის განხორციელების შედეგად, ფინეთის ეკონომიკა გაცილებით ძლიერი გახდა. რომელი ქვეყანა დგას უფრო ახლოს ტერიტორიული პრობლემის მოგვარებასთან _ ძლიერი თუ სუსტი?
დასასრულს, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინელები ჩვენთან შედარებით გაცილებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან. თუ მათ პრობლემასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი ამბობს: «ტერიტორიული საკითხი ჩვენთვის საბოლოოდ გადაწყვეტილია და მოხსნილია დღის წესრიგიდან», საქართველოზე საუბრისას მან არაერთგზის მიანიშნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაძლებლობაზე (ცნობილი გამოსვლები სადისკუსიო კლუბ «ვალდაიში» და ევგენი პრიმაკოვის იუბილეზე), თუმცა მთავარი ამ კონტექსტში სულ სხვა რამ არის: ქვეყნის გამთლიანების პრობლემის გადაწყვეტა გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს, ვიდრე ქართული საზოგადოება (ყოველ შემთხვევაში, მისი ნაწილი) დღეს ავლენს.