„რუსული სცენარი ბოლომდე არ არის დასრულებული – დარჩა ფაშინიანის გადაყენება“

„რუსული სცენარი ბოლომდე არ არის დასრულებული – დარჩა ფაშინიანის გადაყენება“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, უწმინდესის აშშ–ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა იმ დიდი ავტორიტეტის, როლის და ფუნქციის აღიარებაა, რაც ქართულ ეკლესიას საქართველოში და მსოფლიოში გააჩნია. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ბოლო წლებში ეკლესიის გარდა ყველა დანარჩენი პასიურია, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პირდაპირი კონტაქტის დამყარება აშშ–ის პოლიტიკურ ლიდერებსა და ჩვენს ეკლესიას შორის.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას სასამართლო პროცესი ახლოვდება. დაკავებულები ამტკიცებენ, რომ უდანაშაულო არიან, ოპოზიცია კი, ამტკიცებს, რომ დავით გარეჯის საქმე სახელმწიფომ წინსაარჩევნოდ გამოიყენა. მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარს არ აკეთებს პროკურატურა. ბატონო ირაკლი, რა გარემოებებით შეიძლება აიხსნას პროკურატურის დუმილი?

ირაკლი გოგავა: ეს ის საკითხია, სადაც ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოებას პასუხები გასცეს. პირადად მე ვენდობი გარეჯის ბერებს არქიმანდრიტ ილარიონს და მამა კირიონს, ისინი პატრიოტები არიან. თუმცა ისიც მესმის, რომ სასამართლოს გარეშე ვერავის ვერაფერს დააბრალებ. ფაქტია, რომ საეჭვო გარემოებების გამო ქართული სახელმწიფო ზარალდებოდა და საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი ელის პასუხებს.

ისიც გამოჩნდება, იყო თუ არა ეს წინასაარჩევნო თემა, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენდა. აზერბაიჯანთან კი დელიმიტაცია/დემარკაციის სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. ასევე უნდა დაიწყოს აზერბაიჯანულ–სომხური კონფლიქტის გამო ადრე დანაღმული ქართული სასაზღვრო ტერიტორიების განაღმვის პროცესი. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ცხელი ფაზა ამ ეტაპზე დასრულდა, ამიტომ ეს საქმე საშურია, რადგან ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას ეხება.

დღეს თუ შეიძლება ვთქვათ, რეალური მოტივი რატომაც ქვეყანაში ჩამოვიდა აშშ–ის სახელმწიფო მდივანი?

აშშ–ს სახელმწიფო მდივანს ჰქონდა დაგეგმილი ტურნე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში: ისრაელი, საუდის არაბეთი, ყატარი, ემირატები. ვფიქრობ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო მარშრუტს დაამატა საფრანგეთი, როგორც სომხეთის ბედით განსაკუთრებულად დაინტერესებული ქვეყანა და საქართველო, როგორც რეგიონის ქვეყანა. საფრანგეთსა და საქართველოს შორის გზად კი, თურქეთშიც ჩავიდა, კერძოდ კონსტანტინეპოლში ანუ სტამბოლში. გარედან ისე ჩანდა, რომ ყარაბაღის თემა აზერბაიჯანმა, რუსეთმა და თურქეთმა ერთმანეთში გაითამაშეს და შეთანხმებულად დაასრულეს.

აშშ და საფრანგეთი კი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მინსკის ჯგუფის თანათავმდჯომარეები არიან და აუცილებელი იყო მათი როლის დემონსტრირება კრიტიკოსებისთვის. ამიტომაც ეწვია მაიკ პომპეო სამხრეთ კავკასიის რეგიონს. ამ ვიზიტით აჩვენეს ყველას და მათ შორის მილიონამდე სომხური წარმოშობის ამერიკის მოქალაქეს, რომ აშშ არის რეგიონში და აქვს ინტერესი.

სახელმწიფო მდივანი თურქეთში მსოფლიო პატრიაქრს შეხვდა, საქართველოში კი საქართველოს პატრიარქს. ამერიკელი მაღალჩინოსანის შეხვედრა რელიგიურ ლიდერებთან იყო ამ ვიზიტის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, ამით რას გაესვა ხაზი აშშ–ის ადმინისტრაციის მხრიდან?

– ტრამპი და პომპეო ეკლესიებს პატივს სცემენ და აღმსარებლობის თავისუფლება კი საგარეო პოლიტიკის ნაწილია. მათი ლოზუნგია „ღმერთი, ოჯახი, სახელმწიფო“ – ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ერთ–ერთ ინტერვიუში პომპეომ აღნიშნა, რომ ბიბლია მისი სამაგიდო წიგნია და ყოველდღე ჩაიხედავს ხოლმე მასში. მაიკ პომპეო თავად ევანგელისტი ქრისტიანია, ხოლო მისი მეუღლე სუზანი კი მართლმადიდებელი.

კონსტანტინეპოლში ის შეხვდა კონსტანტინეპოლის (მსოფლიოს) მართლმადიდებელ პატრიარქს ბართოლომეოს. გალიის მიტროპოლიტმა ემანუილმა ამ შეხევდრას „ისტორიული“ უწოდა. საქართველოს საპატრიარქოსთან შეხვედრაც თავად მოითხოვა და უწმინდესთან მისი შეხვედრაც შედგა. ვფიქრობ, რომ რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრა იმ გენერალური პოლიტიკის ხაზგასმაა, რაც ტრამპის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და რასაც ტრადიციული ქრისტიანული ღირებულებების მხარდაჭერა შეგვიძლია ვუწოდოთ.

საქართველოს პატრიარქთან შეხვედრა რა მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ უწმინდესის მაღალი ავტორიტეტით შეიძლება აიხსნას ეს შეხვედრა?

– მისასალმებელია, რომ მის უწმინდესობა ილია მეორესთან აშშ–ს სახელმწიფო მდივნის შეხევდრა შედგა. ეს იმ დიდი ავტორიტეტის, როლის და ფუნქციის აღიარებაა, რაც ქართულ ეკლესიას საქართველოში და მსოფლიოში გააჩნია. ქართული ეკლესია „ეროვნული გონის“ შემადგენელი ნაწილია და მისი ავანგარდია. ტრადიციულად ეროვნული გონის შემადგენელი ნაწილებია უნივერსიტეტები, სამეცნიერო კავშირები თუ აკადემიები, ეკლესია, არმიის ოფიცრობა, მწერალთა ალიანსები... ჩვენ გვახსოვს, რომ უმაღლესი რანგის უცხოელი ლიდერები სწორედ ამ ინსტიტუციებს სტუმრობდნენ ხოლმე.

ბოლო წლებში კი ასე აღარ ხდება, ეკლესიის გარდა ყველა დანარჩენი პასიურია, სამწუხაროდ. ძალიან კარგია, რომ პირდაპირი კონტაქტია დამყარებული აშშ–ს პოლიტიკურ ლიდერებს და ჩვენს ეკლესიას შორის, ეს ბევრ გაუგებრობას აგვარიდებს თავიდან. საქართველოს პატრიარქს კი ათწლეულებია ყველაზე მეტი ქართველის ნდობა აქვს და ვფიქრობ, ხალხის ინტერესებს ყველაზე კარგად მიიტანენ ჩვენ პარტნიორებთან, მით უფრო, როცა ქართული ოფიციალური დიპლომატია ინერტულია ხშირ შემთხვევაში.

რაც შეეხება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს, როგორ ფიქრობთ, კონფლიქტის სე დასრულება, რაც ვიხილეთ, მისაღებია თუ არა?

– კარგია, რომ გაიმარჯვა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპმა. ჩვენ და აზერბაიჯანელები ამ პრინციპს ვიცავდით ყოველთვის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უდავოდ ლეგიტიმურია. სამწუხაროდ, სამხედრო მოქმედებები დასჭირდა, ჯობდა მშვიდობიანად მოგვარებულიყო. ბაქოს პოზიცია, როდესაც მათ არ მოინდომეს სტეპანაკერტის აღებაც, რაც ეთნიკურ წმენდას ნიშნავდა, ასევე მიუთითებს პასუხისმგებლობის გრძნობაზე და ვინც რა არ უნდა თქვას, სწორი გადაწყვეტილება იყო.

როგორ ფიქრობთ, ვინ იხეირა ამ კონფლიქტის შედეგებით?

– გამარჯვებული უდავოდ აზერბაიჯანია. მათ აღადგინეს ტერიტორიული მთლიანობა. გაანთავისუფლეს 10 000 კვ/კმ. ამაში შედის ყარაბაღს გარეთ 7 აზერბაიჯანული რაიონის და საკუთრივ ყარაბაღის ტერიტორია ქალაქ შუშით. სომხებს დარჩათ სტეპანაკერტი და 2 500 კვ/კმ. რუსეთმა კი თავისთვის იდეალური თამაში ითამაშა: დასაჯა მათთვის მიუღებელი ფაშინიანი და გაიფორმა სამხედრო ბაზა აზერბაიჯანში, რომელიც მანამდე არ ჰქონდა.

თურქეთიც რეგიონალურ ზესახელმწიფოდ გამოჩნდა რუსეთის თანხმობით, თუმცა რეალურად, რუსულ პროექტს შეუწყო ხელი. ამ ვალს, რუსეთი თურქეთს, ალბათ, სადმე, ახლო აღმოსავლეთში ან კიდევ მაღრიბის ქვეყნებში დაუბრუნებს ან უკვე ავანსად მისცა. რუსული სცენარი ბოლომდე არ არის დასრულებული – დარჩა ფაშინიანის გადაყენება.