"ქართულ ოცნებაში" არანაირი განხეთქილება არ დაწყებულა. ეს ინფორმაცია არასწორია და ამას "ნაციონალები" ავრცელებენ. პირიქით, "ქართული ოცნება" ხსნის ოფისებს რაიონებში, ტარდება კონფერენციები და ემზადება პარტიული ყრილობისათვის, სადაც შეიქმნება პარტიის ხელმძღვანელი ორგანოები, არჩევნების შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით. ამ ჭორს "ნაციონალები" ავრცელებენ, მათთვის სასურველი უნდათ, რომ წარმოაჩინონ რეალობად", - აცხადებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, ჩემთვის აღარ არსებობს!".
"ალასანია არ არის "ქართული ოცნება", ის სხვა პარტიის წევრია, ხოლო თუ ზოგადად კოალიციაზე ვსაუბრობთ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ჩვეულებრივი მოვლენაა. ამასთან დაკავშირებით ბატონმა ბიძინამ გამოთქვა თავისი აზრი, თუ რა იყო მიზეზი, ალასანიამაც თავისი პოზიცია ჩამოაყალიბა. ეს კაცი მუშაობს თავდაცვის მინისტრად, უმნიშვნელოვანესი პოსტი უკავია, გარდა ამისა, ალასანიას გუნდის წევრებს უკავიათ უმნიშვნელოვანესი თანამდებობები, მინისტრები არიან. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური რეჟიმი. უბრალოდ ჩვენ მიჩვეულები ვიყავით წლების განმავლობაში, როდესაც იმალებოდა ყველაფერი, სააშკარაოზე არ გამოდიოდა და ამ ყველაფერს მიჩვეულები ვიყავით. ბიძინა ივანიშვილს კი სხვა მუშაობის სტილი აქვს. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამას უნდა შევეჩვიოთ, თუ გვინდა, რომ დამთავრდეს ის პოლიტიკა, სადაც ამბობდნენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. პოლიტიკა რომ ბინძური საქმე არ არის, ამის ნათელი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი. რაც სათქმელი აქვს, გამოდის ეს კაცი და პირდაპირ ამბობს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ხაჭაპურიძე.
"საკუთარ თავზე მორგებული კონსტიტუცია ახლა უნდა გამოსტაცონ ხელებიდან მიშა სააკაშვილს იმისთვის, რომ არ შექმნას ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქვეყანაში იყოს კონსტიტუცია, რომელიც აბალანსებს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის მდგომარეობას და არა პირიქით, ერთ შტოს აძლევს განსაკუთრებით დიდ ძალაუფლებას, რომელიც შეიძლება ბოროტად იქნეს გამოყენებული. ახლა სააკაშვილი რომ ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას, მისი საზღვარგარეთის ნებისმიერი ვიზიტი შეგვიძლია ვიხილოთ არჩევნების შემდეგ, გავაანალიზოთ მისი გამოსვლები, ეს კაცი არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე და მოქმედი ადამიანი. ახლა დადის გაბოროტებული, გაბრაზებული და უნდა ყველაფერი თავის ხალხს და თავის ქვეყანას გადაატეხოს", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მერაბიშვილი როდესაც გამოდის და ამბობს, ბიზნესს აყაჩაღებენ და ატერორებენო, ამის კონკრეტული მაგალითები უნდა დაასახელოს. მე როდესაც გამოვდიოდი და ვაცხადებდი ხელისუფლება ბიზნესს ატერორებდა, ამის კონკრეტული მაგალითები მქონდა, ვდებდი საგამოძიებო მასალებს, ზეწოლის ფაქტებს და ასე შემდეგ. მე უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა ჩემი საადვოკატო საქმიანობიდან გამომდინარე და არცერთ ასეთ ფაქტს ჯერჯერობით არ წავწყდომივარ. თუ მერაბიშვილს აქვს ასეთი ფაქტი, იგივე სააკაშვილს თუ აქვს ფაქტი, რომ პატრულმა ფული აიღო და კიდევ ის, რასაც აცხადებენ, ამის კონკრეტული მაგალითები უნდა დადონ. გამოვიდნენ და დაასახელონ ეგეთი ფაქტები და გარწმუნებთ, რომ ყველა იქნება გამოძიებული და დაუყონებლივ აღკვეთილი. თუ აქვთ ასეთი ინფორმაცია, დაასახელონ, ჩვენ მზად ვართ, მყისიერი რეაგირება მოვახდინოთ ამ საკითხზე. არც ერთი ბიზნესმენი საქართველოში აღარ დაიჩაგრება. ეს არის წარმოუდგენელი რამ", - დასძენს შალვა ხაჭაპურიძე და შეკითხვას - "პიარის კუთხით უნდა გააქტიურდეს ახალი ხელისუფლებაო…" - პასუხობს:
"რატომ უნდა გააქტიურდეს, რა გვაქვს საპიარო? ამაში ფული რატომ უნდა გადაიყაროს? ხალხი მუშაობს და მინისტრთა კაბინეტი თავის საქმეს ასრულებს, რატომ უნდა ვაპიაროთ, რა გვაქვს საპიარო?! თუნდაც ძალიან ბევრი გავაკეთოთ, ათი თეთრი არაა პაირს დასახარჯი. ის ათი თეთრი ვიღაც გაჭირვებულს გამოადგება. ჩვენ გვინდა ხელებდაკაპიწებული მუშაობა, ვინც დაინახავს, დაინახავს და ვინც ვერ დაინახავს, იგრძნობს მაინც და რომ იგრძნობს, მერე გაჩერდება".