ეკატერინე ტიკარაძე: როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას

ეკატერინე ტიკარაძე: როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას

როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროცესში იმ დროიდან, როგორც კი ეს ყველაფერი გამოცხადდა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვახორციელებთ დამატებით ყველა იმ ინფრასტრუქტურის მობილიზაციას, რაც საჭირო იქნება უკვე შესყიდული ვაქცინის ტრანსპორტიზაციისთვის და შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით გადანაწილებისთვის. იმ თარიღში, როგორც კი ეს ხელმისაწვდომი იქნება, საქართველო ერთ-ერთი პირველი მიიღებს ვაქცინას“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, თუ რომელი ჯგუფები აიცრებიან საწყის ეტაპზე.

„ჯგუფებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საერთაშორისო მოლაპარაკებები და მსჯელობა, თუ ვინ უნდა იყვნენ პირველ რიგში აცრილი. აქ არის გარკვეულწილად აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით სამედიცინო სამყარო ამაზე არ შეჯერებულა. თუმცა, როგორ გასაკვირადაც ეს არ უნდა ჟღერდეს, შესაძლებელია, რომ პირველ რიგში, აიცრან ის ჯგუფები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად გამავრცელებლები, ვინაიდან მეცნიერები ყველაზე დიდ რისკს აქ ხედავენ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.