დაწესებული ტარიფების გამო ამერიკიდან მანქანების შემოყვანა უკვე გაძვირდა

დაწესებული ტარიფების გამო ამერიკიდან მანქანების შემოყვანა უკვე გაძვირდა

ქართველ ავტოიმპორტიორებს ამერიკის ბაზრიდან მეორადი ავტომობილების შემოყვანა უძვირდებათ. დაწესებული ტარიფების ეფექტი უკვე იგრძნობა. შტატებიდან საქართველოში მეორადი ავტომობილის ჩამოყვანა 10-15%-ით უკვე გაძვირდა. როგორ განვითარდება მოვლები, ეს ჯერ არავინ იცის, მაგრამ ნეგატიურ ფაქტორებზე არა მხოლოდ იმპორტიორები, არამედ ეროვნული ბანკიც კი ამახვილებს ყურადღებას.

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამერიკის ბაზარზე მეორადი ავტომობილების შეძენა თავად ამერიკის მოქალაქეებმა დაიწყეს, რამაც დეფიციტი შექმნა და ფასი გაზარდა. ალექსი ნონიაძის განცხადებით, იმ კომპანიების ბრუნვა, რომლებიც მეორადი ავტომობილებით ვაჭრობენ შტატებში, 46%-ით გაიზარდა.

ამერიკის ავტომობილების მეორად ბაზარზე ამერიკის მოქალაქეების მიერ შეძენილი ავტომობილების რაოდენობა იზრდება. ეს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ჩვენზეც, გამოიწვევს დეფიციტს და ფასის ზრდას, რაც უკვე შეინიშნება. დაახლოებით 10-15%-იანი მატებაა და თუ პროცესი ასე გაგრძელდა, შესაძლებელია მომავალში კიდევ გაიზარდოს, - აღნიშნა ნონიაძემ.

მისი ვარაუდით, მეორად ავტომობილებზე ფასის მატება უარყოფითი მოლოდინის შედეგია, რომელიც ამერიკის მოსახლეობას ამ ეტაპზე აქვს. შესაძლოა, მომავალში ვითარება დასტაბილურდეს.

გაგვიჭირდება თქმა იმისი, თუ რამდენი პროცენტით შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ფასი. ეს დამოკიდებული იქნება ბაზრის რეაქციაზე, ამერიკელი მოქალაქის მსყიდველობით უნარზე. ძალიან ნეგატიურად იმოქმედა ამან მოლოდინებზე და აღქმებზე. ამ უარყოფითმა აღქმამ ეს ეფექტი მოგვცა. ეს იყო მწვავე რეაქცია მომხმარებლის, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. თეთრის სახლის რიტორიკა გვესმის, რომ სატარიფო ომები თავის კალაპოტში უნდა ჩადგეს. შეიძლება უარესად გაგრძელდეს პროცესი. გამიჭირდება პროგნოზირება, - განაცხადა კომერსანტთან ნონიაძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აშშ-ში ავტო იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც აშშ-დან იმპორტზეც აისახება და მას შეამცირებს. ამასთან, სებ- მიუთითებს, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ კვლავ მნიშვნელოვანი გაურკვევლობა ნარჩუნდება და ეს შეფასება მომავალში, შესაძლოა, შეიცვალოს.

პირდაპირი სავაჭრო არხით სატარიფო პოლიტიკას, შესაძლოა, ყველაზე დიდი გავლენა მსუბუქი ავტომობილების ბაზრიდან ჰქონდეს. 2025 წლის მაისიდან აშშ-ში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ძირითად საავტომობილო ნაწილებზე 25%-იანი ტარიფი ძალაში შევიდა. საქართველოსათვის ავტომობილების იმპორტის 50% აშშ-ის ბაზარზე მოდის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ამ იმპორტის დიდი ნაწილი რეექსპორტისთვის არის განკუთვნილი და ქვეყნის ეკონომიკაში დამატებულ ღირებულებას ქმნის. შესაბამისად დაანონსებული სატარიფო პოლიტიკის აღსრულება, ერთი მხრივ, მაღალი ფასის გამო იმპორტს შეამცირებს, რაც რეექსპორტიდან მიღებულ დამატებულ ღირებულებაზეც და ეკონომიკურ აქტივობაზეც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

იმ დაშვებით, თუ 25%-იანი ტარიფები სამომხმარებლო ფასებს სრულად გადაეცემა, ხოლო იმპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.79- უდრის (მსოფლიო ბანკის შეფასება), აშშ-დან საქართველოში ავტომობილების იმპორტი დაახლოებით 10.7%-ით შემცირდება. იმავდროულად თუკი დავუშვებთ, რომ ექსპორტის ფასის მიმართ ელასტიურობა 0.45-ია, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 10.8%-ით შემცირდება. გასათვალისწინებელია, რომ სატარიფო პოლიტიკის ირგვლივ არსებული მაღალი გაურკვევლობის გამო, ეს პირველადი შეფასება ახალი მონაცემების გამოქვეყნებისას შესაძლოა, შეიცვალოს.

ასევე, მეორადი და ახალი მანქანები სამომხმარებლო კალათის შემადგენელი ნაწილიცაა და მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების გაძვირების შემთხვევაში მთლიან ინფლაციას ეს ფაქტორი დაახლოებით 0.1 პპ-ით გაზრდის. დამატებითი სცენარით, საქართველოს ავტომობილების ბაზრის სტრუქტურული შემადგენლობა შესაძლოა, შეიცვალოს და აშშ-დან ავტომობილების იმპორტი სხვა ალტერნატიული წყაროებით ჩანაცვლდეს. თუმცა თუ ალტერნატიული წყაროები სრულად ვერ ჩაანაცვლებს აშშ-დან მიწოდებას, ამან შეიძლება რეგიონში საქართველოდან ავტომობილების ვაჭრობის შემცირება გამოიწვიოს, - ნათქვამია სებ-ის შეფასებაში.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელ კი ამბობს, თუ აშშ-ის სატარიფო პოლიტიკა საქართველოზეც იმოქმედებს, შესაძლოა, ამერიკული ბაზრის ალტერნატივად ჩინეთი იყოს განხილული, თუმცა ამ შემთხვევაში ქვეყნის ჰაბის ფუნქცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. შესაბამისად, მესამე რაუნდის შეხვედრებზე, ჩინურ მხარესთან სწორედ მსგავს საკითხებზე შედგება საუბარი, თუ რა ექსკლუზიურ პირობებს შესთავაზებს ის ქვეყანას.

ახალი ამბავია ის, რომ ჩინეთიდან მივიღეთ მოწვევა. გვთხოვენ ჩასვლას და დასწრებას მეორადი ავტომობილების გამოფენა-გაყიდვაზე. ეს იქნება მაისის ბოლოსკენ 27-28 რიცხვების ჩათვლით. ვაპირებთ გამგზავრებას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩინელების მხრიდან ინტერესი არ განელებულა, პირიქით, ისინი ეძებენ ჩვენთან კონტაქტებს.

ამერიკული ბაზრის ერთ-ერთი ალტერნატივა არის ჩინეთი. ისინი ცდილობენ, ბაზარი აითვისონ, თუმცა, როგორც ადრე გითხარით, ჩინური ავტომობილების შემოყვანის შემთხვევაში, აქ ჰაბის ფუნქციის ყოფნა/არყოფნის საკითხი დგება. ჩვენ ეს გვაღელვებს, რადგან აქ იმიტომ არის ამდენი ადამიანი დასაქმებული, რომ ჰაბის ფუნქცია გვაქვს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სამუშაო ადგილებს დავკარგავთ. შესაბამისად, ბევრი საკითხია შესათანხმებელი. აქ რომ ჩამოვიდნენ, ჩვენ ავუხსენით, რომ არ გვინდა ჩინური ავტომობილების მხოლოდ გასაღების ბაზარი ვიყოთ. იმედია, ჩვენი ვიზიტის დროს ამ კითხვებზე პასუხს მივიღებთ“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.