„ნაციონალები „ოცებას“ თავად ეხმარებიან დანაპირების შესრულებაში, რომ ისინი პარლამენტში ვეღარ შევიდოდნენ“

„ნაციონალები „ოცებას“ თავად ეხმარებიან დანაპირების შესრულებაში, რომ ისინი პარლამენტში ვეღარ შევიდოდნენ“

რას იზამს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია, რომელსაც დასავლელი პარტნიორები დაჟინებით მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ, უცნობია. როგორც ჩანს, ხელისუფლებაც დათმობაზე წასვლას არ აპირებს და სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს ოპოზიციის ზოგიერთ პარტიასთან და პოლიტიკოსებთან აწარმოებს. უფრო მეტიც, „ოცნების“ მხადამჭერები აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლაზე „ლელოს“ და „გირჩის“ იმედი აქვთ. საიდან გაჩნდა ეს მოლოდინი უცნობია, თუმცა ორივე პარტიის წარმომადგენლები for.ge-სთან ხელისუფლებასთან რაიმე სახის მოლაპარაკებას უარყოფენ.

ანალიტიკსოები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ „ოცნება“ აქტიურ ქმედებებზე პარლამენტის შეკრების და მისი დამტკიცების შემდეგ გადავა. მათი აზრით, ახლა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ინდივიდუალურად მანდატების დატოვებაზე რომელი დეპუტატები არ დაწერენ განცხადებას. ანალიტიკსოები ვარაუდოენ, რომ ხელისუფლებას გარკვეული ნიადაგი უკვე მოსინჯული აქვს და დიდი ალბათობით ჰყავს კიდევაც მონიშნული კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც შესაძლოა, პარლამნტში შესვლაზე დაითანხმონ. მათი აზრით, ეს კრიზისი რაც უფრო დროში გაიწელება, ოპოზიციის ერთობას საფრხე მით უფრო დაემუქრება და არსებული ბზარი საბოლოოდ გასკდება, ხოლო საზოგადოებაში ამ პარტიების მარგინალიზება მოხდება.

ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სჭირდება ქმედითი პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს.

დიპლომატები იმედს გამოთქვამენ, რომ პოლიტიკური პარტიები მათ შორის არსებულ განსხვავებებს გადალახავენ, რათა ყველა არჩეულმა წევრმა საკუთარი ადგილი დაიკავოს პარლამენტში.

„საქართველოს სჭირდება ეფექტური პარლამენტი, როგორც ცენტრალური ფორუმი პოლიტიკური დებატებისთვის, სადაც, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად, ყველა პარტია რეფორმების გასატარებლად ერთად იმუშავებს“, - ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

გარდა ამისა, დიპლომატები უკმაყოფილო არიან იმ უნდობლობით, რამაც იმოქმედა საარჩევნო პროცესზე, ასევე იმით, რომ ოპოზიციის კანდიდატებმა მონაწილეობა არ მიიღეს არჩევნების მეორე ტურში.

„იმედი გვაქვს და მოველით, რომ ყველა პოლიტიკური პარტია შეძლებს მათ შორის არსებული განსხვავებების გადალახვას, რათა პარლამენტის ყველა არჩეულმა წევრმა, მიუხედავად მათი მხრიდან საარჩევნო პროცესის განსხვავებულად შეფასებისა, პარლამენტში თავისი ადგილი დაიკავოს. მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიყენონ საქართველოს მოქალაქეების მიერ მათთვის მინიჭებული მანდატები, რათა განიხილონ მოუგვარებელი პოლიტიკური საკითხები და შექმნან უკეთესი საფუძველი მომავალი არჩევნებისთვის – ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმების გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური „მრავალეროვანმა საქართველომაც“ შეაფასა. დოკუმენტში აღინიშნება, რომ პარლამენტმა ასევე სრულად უნდა შეასრულოს თავისი როლი ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებში არსებული საგანგებო გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშე ქვეყანა პანდემიის გამო აღმოჩნდა.

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი. იგი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს. ამის შესახებ ყოფილი ელჩი Twitter-ის გვერდზე წერს.

„დასავლეთმა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული არჩევნები იმდენად კანონთან შეუსაბამოდ ჩათვალა, განაცხადა, რომ ახალი არჩევნების გამართვაა საჭირო. თუმცა საქართველოში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები არ იყო იმდენად გაყალბებული, რომ ხმები გაუქმებულად გამოაცხადო. ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს დასავლეთის მხარდაჭერა არ აქვს“, – წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი for.ge-სთან აცხადებს, რომ მათ პარტიასთან ხელისუფლების მხრიდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მისთვის გაუგებარია ეს მოლოდინი საიდან გაჩნდა. ხვიჩია ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ, ინდივიდუალური დამოკიდებულებაა, რომელიც „ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილშია გაჩენილი.

„მთავარი პროლემა ისაა, რომ ხელისუფლება რეალურად არავის ელაპარაკება. ამიტომაც ჩვენს პარტიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა და მიკვირს ასეთი მოლოდინი საიდან გაჩნდა. თუმცა პრობლემა ის კი არაა ხელისუფლება ვინმეს რომ დაელაპარაკოს, არა, პირიქით, პრობლემაა რომ არავის ესაუბრება. ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთი და ორი ადამიანის გადაბირების რესურსიც არ გააჩნია. ეს რომ შეეძლოს, აქამდე იზამდა და არ გაუჭირდებოდა. მე აგერ საქართველოს პარალმენტის წევრს, რომელსაც მინდა შესვლა, ვერ შევდივარ იმის გამო, რომ უხერხულია. ეს უხერხულობა აქვს ხელისუფლებას მოსაგვარებელი. თუ ეს პარლამენტი ნორმალური იქნება, მასში შესვლაზე უარს არავინ ამბობს. უარი ნათქვამია მოპარულ პარლამენტში შესვლაზე. როგორც მურუსიძის სასამართლოში მოსამართლედ არ შეიძლება წახვიდე, ისე არ შეიძლება ამ პარლამენტში შეხვიდე. ტეხავს და მარტო შენ ვერ შეხვალ“,-ამბობს იაგო ხვიჩია for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე ხომ არ შეიტანა გარკვეული კორექტირება ოპოზიციის ერთობასა და გადაწყვეტილებაში ევროკავშირის ელჩის, გერმანისი ელჩის და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებამ, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ, ხვიჩია გვპასუხობს, რომ ელჩების პოზიცია ახლა გასაგებია და ეს მხოლოდ მათ არ ეხებათ. მისი აზრით, მათ ორივე მხარეს კომპრომისისკენ მოუწოდეს და იმედოვნებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ტონი, თუკი ხელისუფლება რამე დათმობაზე არ წავა, მათ მიმართაც შეიცვლება.

„ელჩებს უნდათ, რომ ამ ქვეყანაში პროცესები არა ქუჩაში იყოს გადასული, არამედ პოლიტიკოსები ერთმანეთს პარალმენტში ესაუბრებოდნენ. ამ მიმართულებით ელჩებთან ყველა მიმართულებით შემოთავაზებებია განსახილველი. მადლობა არის ამ ხალხისთვის სათქმელი, რდგანაც ასე გულმოდგინედ გვეხმარებიან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ განცახდებებს, ისინი ჯერჯერობით ამას ოპოზიციის მისამართით აკეთებენ. თუმცა ნელ-ნელა „ოცნების“ ბოსტანში კენჭების სროლაც დაიწყეს. როცა რეალობა და ფაქტი დადგება, რომ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი ეყოლება, მათი რიტორიკა კიდევ უფრო შეიცვლება. ხელისუფლების მიმართ კიდევ უფრო მეტი კრიტიკა იქნება“,-ამბობს იაგო ხვიჩია for.ge-სთან.

„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია for.ge-სთან ამბობს, რომ „ოცნების“ მხადამჭერებიდან მსგავსი მოლოდინი არარეალურია და ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გეგელიას თქმით, გამორიცხულია, რომ მათ პარტიიდან რომელიმე დეპუტატის გადაბირება მოხდეს და „ოცნებამ“ ისინი პარლამენტში შეყვანაზე დაითანხმოს.

„ოცნების“ მხარდაჭერებს უცნაური ფანტაზიები აქვთ და ძალიან რთულია რამე ვთქვა. ეს მათ უნდა კითხოთ, რატომ არ დაასახელეს სხვები და დაგვასახელეს ჩვენ და „გირჩი“. ეს არის აბსოლუტურად ტყუილი და არაფერი საფუძველი ამ მოლოდინს წინ არ უძღვის. ჩვენი მიზანია ამ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს და ამ მიზანს არ შევცვლით. წარმოუდგენელია, რომ პარტიიდან ვინმე ინდივიდუალურად გადაიბირონ. მსგავსი რამ ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან გამორიცხულია. ვერანაირ წინაპირობას ოპოზიციური ერთიანობის რღვევისა ვერ ვხედავ. არნახული ერთიანობა გვაქვს და ეს პროცესი ასეც გაგრძელდება. ესაა სამართლიანობისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა“, - ამბობს გეგელია for.ge-სთან.

კითხვაზე ხომ არ შეიტანა გარკვეული დისბალანსი ოპოზიციის ერთიანობაში საერთაშორისო ორგანიზაციების და ელჩების დაჟინებულმა მოთხოვნამ, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ, გეგლია პასუხობს, რომ დასავლელი პარტნიორებისგან ეს მხოლოდ რჩევაა. მათ აქვთ სურვილი, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგეს და რაღაცა შეთანხმებამდე მივიდნენ.

„საერთაშორისო თანამეგობრობა დიალოგისკენ მოგვიწოდებს. „ქართული ოცნებისგან“ კი მსგავსი მზადყოფნა არაა. „ოცნებას“ აქვს შანსი, რომ შემხვედრი წინადადებებით გამოვიდეს. მოლოდინი ხელისუფლების მიმართ მცირეა და არაადეკვატურები არიან. უბრალოდ, იმედს ვიტოვებთ რომ ასეთი კრიზისიდან გამოვალთ და ამის გონიერება მაინც ეყოფათ“,-ამბობს for.ge-სთან გეგელია.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ თუკი ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილთან მოლაპარაკებას შეეცდება და ქვეყანას ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში დააბრუნებენ, ამაში გასაკვირი და მით უმეტეს დანაშაული არაფერია. საყვარელიძე ამბობს, რომ „ოცნების“ ამომრჩევლისთვის ახლა სულაც არა აქვს მნიშვნელობა ნაციოანლები პარლამენეტში შევლენ თუ არა, ამიტომაც დათმობაზე ხელისუფლება თუ წავიდა, დასაკარგი ბევრი ექნება, ის საკუთარი ამომრჩევლის გაბრაზებას გამოიწვევს და აქედან მას რა მოგება ექნება გაუგებარია.

ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაზე, დასავლეთის სახით, არანაირი ზეწოლის ბერკეტი არ აქვს, ხოლო მათი ნაწილი, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, ადრე თუ გვიან, მაინც მიიღებს. საყვარელიძე ვარაუდობს, რომ დროის გასვლასთან ერთად, მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება და არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატების ნაწილმა მანდატებზე უარი არ თქვას და პარტიისგან დამოუკიდბელადაც კი შევიდნენ.

„ოცნების“ მხადამჭერების მხრიდან არც არის იმის მოწოდება, რომ გინდა თუ არა ნაციონალები პარლამენტში შეიყვანეთო. უფრო მეტიც, თავად ნაციონალები ეხმარებიან „ოცებას“ იმ დაპირების შესრულებაში, რომ ისინი პარლამენტში ვეღარ შევიდოდნენ. მიექანებიან მარგინალიზაციისკენ. პირიქით, „ოცნების“ ამომრჩეველს ის ადარდებს, რასაც ნაციონალების პარლამენტში შესვლით მიიღებს. უბრალოდ, ეს არის ქვეყნის ნორმალურად განვითარების პირობა. სათქმელი რომ არ იყოს ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობაა და სხვა პარტიები ამ მართვაში აუცილებლად უნად მონაწილეობდნენ, მცდელობა არის, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს. იმაში გასაკვირი და საგანგაშო არაფერია თუკი ხელისუფლება ამას ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეეცდება. რა არის იმაში ცუდი, რომ ვიღაცეებთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს შეეცდებიან? დარწმუნებული ვარ, რომ სიტუაცია რაც უფრო დროში გაიწელება და დასავლეთის გარეშე დარჩენილი ოპოზიცია სრულიად მარტო ქუჩაში დარჩება, განხეთქილება თავად შიგნით კიდევ უფრო გაღრმავდება“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეც for.ge-სთან აცხადებს, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერებთან თუ წევრებთან ინდივიდუალური მოლაპარაკება აქამდეც უნდა განეხორციელებინა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან პირიქით, ძალიან დიდი შეცდომა იქნება, თუ მას ეს მოლაპარაკებები აქამდე არ დაუწყია. ძაბირაძე ამბობს, დღეს პოლიტიკური რეალობა ამას მოითხოვს და „ოცნებას“ ამის ვალდებულებაც კი აქვს.

„ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ თუ მთლიანი პარტიები არა, დეპუტატების ნაწილი მაინც დაარწმუნოს, რომ პარლამენტში შეიყვანოს. ეს ხომ პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. მოწინააღმდეგის ბანაკიდან შენთვის სასურველი და მისაღები ფიგურების წამოყვანა მოახერხო, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება ამაზე ფიქრობს. ნიადაგიც ექნებათ მოსინჯული და არ გამოვრიცხავ, რამდენიმე ცალკეული დეპუტატი მონიშნულიც კი ჰყავდეთ. ამის აჩქარება ჯერ საჭირო არ არის. მით უმეტეს აფიშირება არაა სწორი ტაქტიკა. როდესაც პარლამენტი შეიკრიბება და მისი უფლებამოსილების ცნობა მოხდება, აი, პროცესი შემდეგ დაიწყება. მანდატზე უარის თქმის განცხადებას ვინ დაწერს და ვინ არა, მაშინ გამოჩნდება „ოცნებამ“ ვისთან მოახერხა მოლაპარაკება და ვისთან არა. იმაზე რასაც ოპოზიცია ამბობს, რომ კოლექტიურად პარლამენტში არ შევალთო, მხოლოდ ზედაპირული საუბარია, იმიტომ, რომ ამაზე განცხადება ყველამ ინდივიდუალურად უნდა დაწეროს. სიების მოხსნა მანამდე ვერ მოხდება, ვიდრე ცესკოს მხრიდან მათი მანდატები არ დამტკიცდება. სიებს კი მოხსნიან, მაგრამ ვინც დეპუტატია, იმან უარი პირადად უნდა თქვას მანდატზე“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.